Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველო გზაჯვარედინზე: პოსტ-ომის შემდგომი მდგომარეობა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg

 

ჯონათან უითლი

 

მოგონებები 2008 წლის აგვისტოს მწარე კონფლიქტზე თბილისში ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, მაგრამ ყველგან აშკარად სჩანს იმის ნიშნები, რომ ცვლილებათა ძალას საქართველო ახალი მიმართულებით მიჰყავს. ჯონათან უითლი ცვალებადი პოლიტიკური მომენტის შეფასებას გვთავაზობს

 

2008 წლის სექტემბერში რუსულმა ჯარმა ქართული ქალაქებიდან და სოფლებიდან თანდათანობით ჯარის გაყვანა იწყო. ერთი თვით ადრე, საქართველოსა და რუსეთს სამხრეთ-ოსეთის ქართული ანკლავის გამო ომი ჰქონდათ. აი სწორედ მაშინ, სექტემბერში ყველამ იმას მიაპყრო ყურადღება, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლდა ამ ომს საქართველოს არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კარიერისთვის. ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევდა, რომ იმის დასრულების შემდეგ, რაც როგორც აღმოჩნდა დამამცირებელი სამხედრო კონფლიქტი იყო, საქართველოს მოსახლეობა სააკაშვილს ზურგს შეაქცევდა და მას ხელისუფლებიდან წასვლას აიძულებდა.

 

თავიდან ისე ჩანდა, რომ ამ სცენარით მოვლენათა წარმართვა შესაძლებელი იყო. როგორც კი შეიარაღებული კონფლიქტი შეწყდა, ორი ძალიან გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ღიად გადავიდნენ ოპოზიციაში და სააკაშვილი იმის გამო, რომ ომის თავიდან აცილება ვერ შესძლო აბუჩად აიგდეს. სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც 2008 წლის ნოემბერის დასაწყისში New York Times-მა გამოაქვეყნა მტკიცებულება, რომელიც იმის ვარაუდს აჩენდა, რომ ქართულმა რაკეტებმა და არტილერიამ, რუსეთის ჯარის შეტევამდე და არა შეტევის შემდეგ, გაუხსნეს ცეცხლი სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქს ცხინვალს.

 

2008 წლის 7 ნოემბერს, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებით გაცეცხლებულმა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ (ეს არჩევნები მათი რწმენით, გაყალბებული იყო), სააკაშვილის მთავრობის დამხობოს კამპანია წამოიწყეს. 2009 წლის აპრილში კამპანიას საერთო ჯამში 13 პოლიტიკური პარტია შეუერთდა და დაიწყო ფაქტიურად უწყვეტი, ქუჩის სამთვიანი დემონსტრაციები, რომლებმაც რეალურად საქართველოს დედაქალაქ თბილისის პარალიზება მოახდინა. ისე ჩანდა რომ სააკაშვილის დრო იწურებოდა.

 

მაგრამ ომის შემდგომი დემონსტრაციებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და როგორც სჩანს, ხელისუფლების პოზიცია დღეს ისე მყარია, როგორც არასდროს. 2010 წლის მაისში სააკაშვილის “გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ” (UNM) მთელი ქვეყნის მასშტაბით  ხმების 66%-ით გაიმარჯვა და ყველა მუნიციპალიტეტზე კონტროლი შეინარჩუნა. თბილისში, სადაც მერის პირდაპირი არჩევნები პირველად ჩატარადა, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიგი უგულავამ ხმების 55% მიიღო, რაც ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე სააკაშვილის მოკრძალებული 33%, რომელიც მან დედაქალაქში 2008 წლის იანვრის არჩევნებზე მიიღო.

 

გარე და შიდა დამკვირვებლებიც ისევ აკრიტიკებდნენ იმ ფაქტს, რომ კამპანიის დროს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფინანსური რესურსების არაპროპორციული წილი გამოიყენა, მაგრამ ძირითადად ისინი არჩევნების ჩატარების პროცესს მიესალმნენ  და განაცხადეს, რომ ხმის მიცემის აშკარა გაყალბების ფაქტები იშვიათი იყო. ეს მოსაზრება ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმაც კი შეიძლება უხალისოდ,  მაგრამ მაინც აღიარა.

 

ნაკლებად შესაძლო გამარჯვება

 

მაშ რა მოხდა?  როგორ შესძლეს სააკაშვილმა და მისმა გუნდმა წარსული  პოპულარობის ასეთი ძალით დაბრუნება, განსაკუთრებით დამღუპველი სამხედრო მარცხისა და სასტიკი ეკონომიკური რეცესიის კონტექსტში?

 

ყველაზე ცხადი მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილმა საპროტესტო გამოსვლების დროს, 2009 წლის აპრილ-ივლისში და შემდგომაც ოპოზიცია დაამარცხა, ამ უკანასკნელის გათიშულობა და არაკომპეტენტურობა იყო. ცამეტი პარტიისგან შემდგარ ალიანსს არც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა და არც ცხადი სტრატეგია გააჩნდა. იმ დროს, როდესაც ზოგიერთი პარტია და ლიდერი, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პარტიები, მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის მზად იყვნენ, სხვებმა და მათ შორის ბურჯანაძემაც ბევრად უფრო უკომპრომისო პოზიცია დაიკავეს და მხოლოდ იმისთვის იყვნენ მზად, რომ სააკაშვილის უპირობო გადადგმომას დასთანხმებოდნენ.

 

როდესაც სააკაშვილმა წასვლაზე უარი განაცხადა, ხოლო საპროტესტო გამოსვლებმა მეორე და მესამე თვესაც ვერავითარ ხელშესახებ შედეგს ვერ მიაღწია, ოპოზიციის ერთიანობა და გაბედულება შესუსტდა. რადიკალები კამპანიის ინტენსიფიკაციას და  სამოქალაქო დაუმორჩილებლობას ითხოვდნენ იმ დროს, როდესაც ზომიერნი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას უჭერდნენ მხარს და საბოლოოდ ალიანსი დაიშალა.

 

ოპოზიციის მარცხის კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ ის არასდროს აღიქმებოდა სიცოცხლისუნარიან ალტერნატიულ ხელისუფლებად. მას არც ცხადი საერთო იდეოლოგია გააჩნდა და არც პოლიტიკური სისტემა. ალასანია და მისი მოკავშირეები ”რესპუბლიკური” და ”ახალი მემარჯვნეების” პარტიებიდან (მათ ალასანიასთან ერთად შექმნეს ახლა უკვე გაუქმებულიალიანსი საქართველოსთვის”)  პრო-დასავლურ ორიენტაციას აღიარებდნენ მაშინ, როდესაც ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა რუსეთთან დაახლოვებისკენ იწყეს სვლა. ნოღაიდელის პარტია – “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” – 2010 წლის თებერვალში მოსკოვსაც კი ესტუმრა, რათა რუსეთის მმართველ პარტიასთან, “ერთიან რუსეთთან” თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოეწერა ხელი. ეს ნაბიჯი იქცა მოსკოვში ჩატარებული შემდგომი კონსულტაციების მთელი სერიის ნაწილად.

 

საქართველოს საზოგადოება, ისევე როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის ნებისმიერი საზოგადოება ხშირად გამოდის პროტესტის გამოსახატად ქუჩაში, მაგრამ ფართო მასების თვითორგანიზების იმ დეფიციტს განიცდის, რომელიც შესაძლებელს ხდის საპროტესტო გამოსვლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდეს. საპროტესტო გამოსვლები ზევიდან იმართება, იმ ნაციონალური ოპოზიციური ლიდერების მიერ, რომლებიც ყოფილი რეჟიმის ტიპური წარმომადგენლები არიან და რომელთაც ხალხი ყოველთვის არ ენდობა. თუ საპროტესტო გამოსვლები ვერ აღწევენ სწრაფ წარმატებას, მაშინ ნდობა ასეთი ლიდერებისადმი კიდევ უფრო იკლებს და პროტესტი თავის იმპულსს კარგავს.

 

2009 წელს საქართველოს მოქალაქეებმა, მიუხედავად იმისა რომ სულაც არ იყვნენ შეყვარებულები სააკაშვილზე და მის მეგობრებზე, ვერ დაინახეს ის, თუ საით მიდის პროცესი, დაიღალნენ თავისი ყოველდღიური ცხოვრების მოშლით და შეჩვეული ჭირი, შეუჩვეველს არჩიეს. შესაძლოა ბევრ ქართველს ოპოზიციაზე გული ზოგიერთი ოპოზიციონერის, მაგალითად ნოღაიდელის აშკარად პრო-რუსულმა პოზიციამაც აუცრუა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მთავრობამ და მისი მედიის ძლევამოსილმა მანქანამ ასეთ ლიდერებს დედასამშობლოს მოღალატის იარლიყი მიაკერა.

 

საქართველოში იმას, დარჩება თუ არა მთავრობა ხელისუფლებაში, უპირველეს ყოვლისა ელიტა წყვეტს და არა საზოგადოება. 2003 წლის ”ვარდების რევოლუციამ”, რომელმაც იმჟამინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამარცხა და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, მხოლოდ იმიტომ მიაღწია წარმატებას, რომ ორი წლით ადრე მმართველი ელიტა გაიხლიჩა – პარლამენტის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიხელ სააკაშვილმა შევარდნაძის გარემოცვა დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი აღსანიშნავი ფიგურა, როგორებიც არიან ზურაბ ნოღაიდელი და ნინო ბურჯანაძე, სააკაშვილს განუდგნენ, მისი რეჟიმი ძლიერი რჩება, რადგან მას სააკაშვილისა და მისი ძლევამოსილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ერთის შეხედვით ურყევი ალიანსი უდგას სათავეში.

 

როგორც დონალდ რეიფილდი აღნიშნავს, მერაბიშვილი აკონტროლებს პოლიციას, რომელიც ბევრად უფრო დისციპლინირებულია და ბევრად უფრო უკეთეს ანაზღაურებას იღებს, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას იყო, მაშინ როდესაც ისინი განთქმულნი იყვნენ თავისი კორუმპირებულობით და საბოლოოდ ქვეყნის ხელისუფლებისადმი დიდი ლოიალობა არც გამოუმჟღავნებიათ. ამიტომ ის შესაძლოა ყველაზე ძლევამოსილი კაცია საქართველოში (დონალდ რეიფილდი, საქართველო ორი წლის შემდეგ: მომავალი ომის მიღმა 2010 წლის 5 აგვისტო). ამ ვითარებას ის ფაქტიც ასახავს, რომ იმ დროს, როდესაც კარგად ორგანიზებულმა ოპოზიციურმა საპროტესტო კამპანიამ 2003 წელს შესძლო შევარდნაძის სუსტი და გახლეჩილი მთავრობის დამარცხება, ექვსი წლის შემდეგ ოპოზიციური ძალების მრავალფეროვანმა ნაკრებმა, უკვე ვეღარ მოახერხა ძირი გამოეთხარა სააკაშვილის ბევრად უფრო მწყობრი რეჟიმისთვის.

 

მოსალოდნელი ბრძოლები

 

მაგრამ სწორედ აქ იმალება ხიფათი სააკაშვილის რეჟიმისთვის. საპარლამენტო (2012 წლის მაისი) და საპრეზიდენტო (რომელიც 2013 წლის იანვრისთვისაა დაგეგმილი) არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, პაექრობა იმის გამო, თუ ვინ უნდა შეცვალოს სააკაშვილი ალბათ გამძაფრდება და მართლაც 2003 წელს  ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომლის შედეგადაც ”ვარდების რევოლუცია” მოხდა, უპირველეს ყოვლისა, შევარდნაძის მემკვიდრის გარშემო მიმდინარეობდა: ვინ იქნებოდა ის – შევარდნაძის ”გარემოცვის” წარმომადგენელი ექს-საბჭოთა ნომენკლატურის რომელიმე ქსელიდან, თუ ახალგაზრდა დასავლეთზე ორიენტირებული ლიდერი, ისეთები როგორებიც იყვნენ ზურაბ ჟვანია ან მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი დილემა დღესაც არსებობს. სააკაშვილს კონსტიტუციით მესამე ვადით პრეზიდენტის პოსტის დაკავება ეკრძალება, მაგრამ არა ეტყობა რომ მას პოლიტიკიდან წასვლა მთლიანად უნდოდეს. 2009 წლის ივნისში სააკაშვილმა ახალი კონსტიტუციის შესადგენად, ვეტერანი იურისტის ავთანდილ დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისია შექმნა. ოპოზიციამ ეს ჟესტი ისე წაიკითხა, როგორც მათი დაშოშმინების სურვილი, ამიტომ ჯგუფების უმეტესობამ მას ბოიკოტი გამოუცხადა და პროტესტზე ფოკუსირდა, მაგრამ მას შემდეგ რაც დემონსტრაციებმა ძალა  დაკარგა, 2009 წლის მეორე ნახევარში,  კომისიის მუშაობა გამოცოცხლდა და 2010 წლის მაისში კონსტიტუციის პროექტის  პირველი ვარიანტიც დასრულდა.

 

თანახმად ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომელიც პარლამენტმა 2010 წლის 15 ოქტომბერს მიიღო, 2013 წელს როდესაც კონსტიტუცია ძალაში შევა, ძალაუფლების მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა. ამან გააჩინა სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი რუსეთში ვლადიმერ პუტინის მიერ განვლილი გზის გამეორებას იმედოვნებს და დიდი ძალისხმევის გარეშე, იმავე წელს როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება,  პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

 

ამგვარი სცენარი ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს იმ ყოფილი NGO აქტივისტების გავლენიან ქსელში, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ”ვარდების რევოლუციას” და რომლებიც მას შემდეგ სააკაშვილის ახლო გარემოცვაში რჩებიან. მათ შორის არიან გიგა ბოკერია (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), გივი თარგამაძე (პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე), ლევან რამიშვილი (გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, ”თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ საკვანძო როლი შეასრულა შევარდნაძის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზებაში, ხოლო ბოკერია და თარგამაძე ასევე მისი თანადამფუძნებლები იყვნენ) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გიგი  უგულავა.

 

არსებობდა ვარაუდი, რომ უგულავას პრეზიდენტობა სურს და ალბათ, პრემიერ-მინისტრ სააკაშვილის დაქვემდებარებაში ყოფნას არ მოინდომებს, მით უფრო მას შემდეგ, რაც 2010 წლის მაისში მან თბილისში ბევრად უფრო მეტი  ხმა მიიღო, ვიდრე სააკაშვილმა. საინტერესოა რომ რამიშვილი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის წევრია და დღემდე რეჟიმთან დაახლოებულ პირად განიხილებოდა, წინააღმდეგი იყო კონსტიტუციის პროექტისა და სანაცვლოდ საკუთარი ვერსია წარადგინა, რომელშიც შენარჩუნებული იყო ძლიერი აღმასრულებელი საპრეზიდენტო ხელისუფლების status quo.

 

ქართულ მედიაში იყო სპეკულაციები შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის განზრახვებზეც და მის მიერ ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრის იდეის  შესაძლო მხარდაჭერაზეც, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ის, თუ სააკაშვილსა და უგულავას შორის პაექრობა შედგება. მერაბიშვილი სააკაშვილის ახლო მეგობარია, მაგრამ ამავე დროს ზემოთ ნახსენებ  ყოფილ NGO აქტივისტთა  გავლენიან ქსელის წევრიცაა (ის ეხმარებოდა “თავისუფლების ინსტიტუტის” დაფუძნებას 1996 წელს და  1990-იანი წლების ბოლოს  საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაცია “მიწის მესაკუთრეთა  უფლებების დაცვის ასოციაციაც” ჰქონდა). მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტური უნარები ნაკლებად აქვს და ალბათ არ სურს უმაღლესი პოსტის დაკავება, მას შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროში  თავისი პოლიტიკური დასაყრდენის შენარჩუნება უნდოდეს. ამიტომ მისი პოზიცია გადამწყვეტი იქნება ძალაუფლებისთვის ბრძოლის შედეგისათვის.

 

ცვლილების პერსპექტივა

 

საქართველო ბევრ პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად ისეთი თვისებების მატარებელია, რომლებიც ხელს უშლის დემოკრატიის დამკვიდრებას. მათი უმეტესობა უკვე დასახელებულია სტატიაში “Georgia’s democratic stalemate” (2008 წლის 14 აპრილი), თუმცა ამ თვისებათაგან სამის გამეორება ნამდვილად ღირს.

 

უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლება  საპრეზიდენტო ხელისუფლების  ხელშია კონცენტრირებული, რაც ბევრი თვალსაზრისით იმეორებს ძველი ”კომუნისტური პარტიის” როლს იმით, რომ მთელი პოლიტიკური ძალაუფლების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს (და რაღაც თვალსაზრისით ეკონომიკური ძალაუფლებისაც).

 

მეორე: მიუხედავად დემოკრატიის ფორმალური ატრიბუტების არსებობისა (აქედან ყველაზე თვალსაჩინო არჩევნებია), საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველებს არც ცხადი პოლიტიკური კურსითა და არც იდეოლოგიური ალტერნატივებით არ ასაჩუქრებენ. ჩვეულებრივ კანდიდატები და პარტიები უფრო   იმ თვალსაზრისით განირჩევიან, თუ რამდენად უჭერენ ისინი მხარს ან ოპოზიციაში უდგანან ხელისუფლებას და არა იმით, თუ როგორ გეგმავენ ისინი ქვეყნის გაძღოლას.

 

მესამე: პოლიტიკური ცვლილებები ძირითადად ელიტაში მიმდინარე ინტრიგების შედეგია და ძალაუფლების შიგნით გაჩაღებული დავები პოლიტიკური სპექტრის ახალი კონფიგურაციის შექმნით მთავრდება. რიგითი მოქალაქეები ამ პროცესში უმნიშვნელო როლს ასრულებენ.

 

იდეოლოგიის ძალა

 

მაშ შეიცვლება თუ არა ეს ვითარება? არსებობს ოთხი ფაქტორი, რომელიც იმის ვარაუდს აჩენს რომ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

პირველი -   საკონსტიტუციო პროცესია. თუ 15 ოქტომბერს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები შესრულდა, ეს შედარებით დაასუსტებს საპრეზიდენტო ხელისუფლებას, რაც დემოკრატიისთვის სასარგებლო უნდა იყოს, რადგან გააჩენს  ბალანსისა და კონტროლის ერთგვარ სისტემას, რის დეფიციტსაც განიცდის ამჟამინდელი სუპერ-საპრეზიდენტო მოდელი (საქართველოს უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია აქვს, თუმცა პროცესი იდეალური არ არის, გია ნოდია).

 

თვითონ პროცესი, როგორც გია ნოდია ამბობს, შორსაა იდეალურისგან: ის (როგორც ყოველთვის) დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და შესაძლოა სააკაშვილისთვის, პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, წამყვანი პოლიტიკური როლის მინიჭებას ისახვდა მიზნად, მაგრამ კონსტიტუციები ხშირად   თავისთავად ცოცხლდებიან და ისე ცვლიან  პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორსაც მისი შემქმნელები ვერც კი წარმოიდგენდნენ,  თუმცა ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება ნაადრევი იყოს – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხელისუფლებამ თვითნებურად  ბევრჯერ შეცვალა კონსტიტუცია და ეს კიდევ შეიძლება განმეორდეს, მაგრამ ფრთხილი ოპტიმიზისთვის საფუძველი მაინც არსებობს.

 

მეორე – საქართველოს პოლიტიკა დღეს ბევრად უფრო იდეოლოგიზირებულია, ვიდრე ეს ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას იყო. დღეს ვიდრე ოდესმე, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას იდეოლოგია ამოძრავებს. მთავრობის პოლიტიკის შემქმნელები და დოქტრინის მატარებლები, ზემოთ ნახსენები  NGO აქტივისტთა ქსელის წარმომადგენლები არიან. ამ იდეოლოგიის საუკეთესო განსაზღვრება იქნებოდა ნეოლიბერალიზმი, რომელსაც ზედ ერთვის ორიენტაცია პრო-ამერიკულ საგარეო-პოლიტიკურ კურსზე და აშკარად გამოხატული სიმპათიები, მემარჯვენე  მიმართულების, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი ანალიტიკური ორგანიზაციებისადმი. აქვეა ასევე ძლიერი ნეო-კონსერვატიული ელემენტი, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბევრ იდეოლოგს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უყვარდა.

 

მესამე – ყოფილი NGO აქტვისტები ეჭვით უყრებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის უწყვეტ გავლენას პოლიტიკაზე, მაგრამ ის მხარდაჭერა, რომლითაც ეკლესია ძირითადად მოსახლეობაში სარგებლობს, პოლიტიკურ ხელმძღვანლობას იმისკენ უბიძგებს, რომ ღიად არ გამოხატოს თავისი ანტი-ეკლესიური განწყობილება.

 

საქართველოს პოლიტიკური პარტიები არ ჩქარობდნენ იმ  ცვალებადი პოლიტიკური ნაკადების ასახვას, რომლებიც თანაარსებობენ საქართველოში (მათ შორისაა ნეო-ლიბერალიზმი, ნეო-კონსერვატიზმიც კი, ლიბერტარიანიზმი, ორთოდოქსული ტრადიციონალიზმი და ანტი-საბაზრო). ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ნეო-ლიბერალური ტენდენციები დომინირებს, თუმცა იმ აშკარა განხეთქილების კონტექსტში, რომელიც ჰყოფს ლიბერტარიანელებს თავისუფლების ინსტიტუტიდან, მათი პოზიციით გავლენიანი ქართული ეკლესიისადმი და უფრო პრო-ორთოდოქსულ ტრადიციონალისტებს.

 

ახლად შექმნილი ”ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” (რომელმაც 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 8.7%  მიიღო), პირველი იყო რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა და როგორც სჩანს ტრადიციულ მართლმადიდებლობას წარმოადგენს. გარდა ამისა არასაპარლამენტო ”კონსერვატიული პარტია” აკეთებს მკვეთრ პრო-საეკლესიო განცხადებებს, გმობს ჰომოსექსუალიზმს და „სატანისტური“ ჰელოუინის აღნიშვნის აკრძალვას მოითხოვს.

 

”ლეიბორისტული პარტია” (7.4% 2008 წლის მაისის არჩევნებში) ასევე იცავს ეკლესიას და ამავე დროს თავს ესხმის მთავრობის თავისუფალი ბაზრის პოლიტიკას. მცირერიცხოვანი ”რესპუბლიკური პარტია” (3.8% არჩევნებში), ამაყობს თავისი ლიბერტარიანული (თუმცა არა კონსერვატიული) იდეოლოგიით და მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციაშია, იზიარებს ეკლესიისადმი ”თავისუფლების ინსტიტუტის” ეჭვებს.

 

ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ გამოხატული ეს პოზიციები მოცემულ მომენტში უფრო ინსტრუმენტია საზოგადოების მხარდაჭერისა და უცხოური ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად (იგივე ითქმის რუსეთისადმი განსხვავებულ პოზიციებზეც, მოძრაობაზე “სამართლიანი საქართველოსთვის”, რომელსაც ღიად პრო-რუსული პლატფორმა უკავია), თუმცა  იდეოლოგიური უთანხმოებები რეალურად მძაფრდება, კერძოდ კი უთანხმოება პრო-ორთოდოქს ტრადიციონალისტებსა და  სეკულარულ ლიბერტარიანელებს შორის, (რომლებსაც სწამთ, რომ ეკლესია და სახელმწიფო მკვეთრად უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს), სწრაფად იძენს ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე მთავარი განხეთქილების სახეს და შესაძლოა მომავალი ათწლეულის განმავლობაში სწორედ ეს პროცესი მოგვევლინოს ქართული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მახასიათებლად. ევროპული ტიპის იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიული სისტემის გამოჩენა კი ათ ან ოც წელიწადშია შესაძლებელი.

 

ახალი მედიის აღმასვლა

 

მეოთხე ფაქტორი ისაა, რომ ქართული საზოგადოება 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ  მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1995 წელს საქართველოს ეკონომიკა განადგურებული იყო. ბანდიტები ქუჩებში დათარეშობდნენ, სიღარიბეს ენდემური ხასიათი ჰქონდა და ელექტრომომარაგების სისტემა ფაქტიურად განადგურებული იყო. მოსახლეობა იყო მშიერი და გაყინული და არაა გასაკვირი, რომ დღიდან-დღემდე გადარჩენა მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე პოლიტიკური აქტივობა. დღეს, მიუხედავად იმისა რომ სიღარიბე პრობლემად რჩება და უმუშევრობას ისევ ენდემური ხასიათი აქვს, ცხოვრების საშუალო დონე აშკარად გაუმჯობესდა, თითქმის ყველა ქართველს 24 საათიანი ელექტრომომარაგება აქვს, ხოლო კრიმინალური მგდომარეობა სხვა ევროპულ ქვეყნებზე მნიშვნელოვნად უარესი არ არის.

 

ასეთ ვითარებაში უფროა შესაძლებელი მოქალაქეებმა  პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენების ფუფუნებით ისარგებლონ,  მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ცვლის სოციალურ კომუნიკაციას ინტერნეტი. მთავრობას სამართლიანად აკრიტიკებენ მედიის (განსაკუთრებით ტელევიზიის)  თავისუფლების შეზღუდვის მცდელობის გამო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბევრ ქართველს ახლა უკვე შეუძლია ინფორმაციის ფართო სპექტრს ინტერნეტით გაეცნოს, ხოლო მთავრობას ინტერნეტის გაკონტროლების არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა.

 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2010 წლის მაისში  ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა 22% აცხადებს, რომ ინტერნეტს სულ ცოტა კვირაში ერთხელ იყნებს. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ივნისში ანალოგიური კვლევის მონაცემებით 17%-ს შეადგენდა. მეორე კვლევაში, რომელიც 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში ჩატარდა, ნათქვამია რომ საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა 41% იყენებს ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც.

 

სოციალური ქსელების გამოყენება, განსაკუთრებით Facebook-ის ახალგაზრდებს შორის ძალიან გავრცელებულია და ბევრი (მათ შორის არც თუ ისე ახალგაზრდა) ქართველი Facebook-ის მეშვეობით თავის მეგობრებს ახალ ამბებს უზიარებს. 2010 წლის მაისში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა Facebook-ი დემონსტრაციის ორგანიზებისთვის გამოიყენეს. ამ დემონსტრაციაზე ისინი გამოხატვის თავისუფლებას ულტრა-ორთოდოქსული ეკლესიის თავდასხმებისგან იცავდნენ.  საქართველოში პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები რეგულარულად ჩნდება YouTube-ზე.  სამართლიანი იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ Facebook-ის, YouTube-ისა და ელექტრონული მედიის სხვა ფორმების გამოყენება მობილიზაციის ინსტრუმენტად მომავალ წლებში კიდევ უფრო ჩვეულებრივი რამ იქნება.

 

ოპოზიციის ლიდერები და ზოგიერთი კომენტატორი აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს ქვეყანა ბელორუსული ტიპის ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს, მაგრამ პოსტ-საბჭოთა დესპოტებს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და უზბეკეთის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს, ახალი, თავისუფალი და ცოცხალი მედიის გამოჩენამდე, საინფორმაციო ნაკადის შეზღუდვა შეეძლოთ. საქართველომ ეს პერიოდი დიდი ხანია უკან მოიტოვა. საბჭოთა  ტიპის ცენზურის დაწესება საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ Facebook-ი აღმოაჩინა და მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლებას, დემოკრატიას საქართველოში შემოსვლა ძალუძს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...