planetanews Posted October 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg რონ სინოვიცი სტეფანწმინდა, საქართველო – ლალი ფიცხელაური და არც თუ ისე შორს ცხოვრობს, მაგრამ ქალებს ერთმანეთი ათ წელზე მეტი ხანია არ უნახავთ ფიცხელაურს, რუსეთის საზღვრიდან არც თუ მოშორებით მდებარე ქართულ ქალაქ სტეფანწმინდაში, სასტუმრო და გზისპირა კიოსკი აქვს. მისი და საზღვრის მეორე მხარეს რუსეთში, ჩრდილო-ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ცხოვრობს. მათ შორის ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი დგას (”ვერხნი ლარსი”, რუსულად) – ეს ერთადერთი სახმელეთო საზღვარია რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც საქართველოს პრო-რუსულ სეპარატისტულ რეგიონებს, სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს არ კვეთს. ფიცხელაური ამბობს, რომ უკვე 11 წელია დასთან სტუმრობის საშუალება არ მისცემია. ”როგორ ფიქრობთ, რას უნდა ვგრძნობდე? და ეს ყველაფერი პოლიტიკოსების გამო ხდება. პოლიტიკოსებმა დაკეტეს გზა და ერთმანეთს მოგვწყვიტეს”. ”რატომ არ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა?” – კითხულობს ის შეშფოთებით. ათწლიანი ბრძოლის მსხვერპლნი ფიცხელაური და მისი და უნებლიე მსხვერპლნი არიან იმ ძველი კონფლიქტისა, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარეობს და რომელიც ბოლო ატი წელია შესამჩნევად გამწვავდა, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს მისი ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროდან გამოიყვანოს და ნატო-სკენ წაიყვანოს. რუსეთმა ზემო ლარსის გადასასვლელი 2006 წელს დახურა. მაშინ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები, ქართული ხელისუფლების მიერ სავარაუდო ოთხი რუსი ჯაშუშის დაპატიმრების გამო გაუარესდა. დიპლომატიური ურთიერთობები კი საბოლოოდ 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ შეწყდა. ზემო ლარსის გახსნაზე ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მარტში მიაღწია, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის გამო, რუსებსა და ქართველებს ამ საზღვრის გადაკვეთა მაინც უჭირთ და ხშირად უკიდურესადაც. მაგრამ როგორც სჩანს, ეს შეიცვლება – ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვინც საზღვრის რუსულ მხარეს ცხოვრობს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა დეკრეტს და რუსეთის შვიდი ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკის მცხოვრებლებს ნება დართო საქართველოში 90 დღეზე მეტ ხანს უვიზოდ დაჰყონ. მანანა მანჯგალაძე, სააკაშვილის სპიკერი ამბობს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონა, ზემო ლარსიდან სულ ორი-სამი საათის სავალში მცხოვრებ რუსებს, ძალიან ურთულებს ქართული ვიზის მიღებას. ”ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ ადამიანებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში (ის წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთში) სჭირდებათ ჩასვლა” – ამბობს მანჯგალაძე. შეზღუდული ვიზები რაღა თქმა უნდა, ეს დეკრეტი თბილისსა და კრემლს შორის ურთიერთობათა დათბობაზე არ მიგვანიშნებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სავიზო მოთხოვნების მოხსნის შესახებ, ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას ასახავს. მასში ნათქვამია, რომ ჩრდილო-კავკასიის მცხოვრებლებს ახლა ”ბიზნეს-საქმიანობისთვის, განათლების მისაღებად, დასასვენებლად და იმ კარგი რაღაცეებით სარგებლობისთვის, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მოკლებულები არიან, სადაც რეპრესიული და კორუმპირებული ფედერალური რეჟიმი მართავს” საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ. ნუგზარ წიკლაური, საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დეკრეტი აუცილებელი იყო ჩრდილო-კავკასიურ რესპუბლიკებში, ისეთებში როგორც ჩრდილო- ოსეთი, ჩეჩნეთი და დაღესტანია, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო. ”აქ ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა და ჟურნალისტებს კლავენ (ჩრდილო-კავკასიაში)” – ამბობს წიკლაური. ”უფლებადაცვითი აქტივისტები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ან მათ კლავენ” – დასძენს წიკლაური – ”ამ ვითარებაში საქართველოს ისტორიული ვალდებულებაა ფოკუსირდეს ჩრდილო-კავკასიაზე და ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს ხალხს, რომელთა გვერდითაც საუკუნეების მანძილზე ვცხოვრობდით”. გაურკვეველი შეზღუდვები ორივე მხარეს კრემლის ოფიციალურმა პირებმა სააკაშვილის დეკრეტზე რისხვით მოახდინეს რეაგირება. მათ ამ ნაბიჯს ”პროვოკაციული” უწოდეს – ” ეს არის რუსეთის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფის მცდელობა”. ანდრეი ნესტერენკო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ დეკრეტი ”ჩვენს მოქალაქეებს შორის კონტაქტს” დაბრკოლებებს შეუქმნის. ”რუსეთი მოუდმივად უჭერს მხარს კავკასიაში მეზობლური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ნორმალური, მშვიდი ცხოვრების აღმშენებლობას. სააკაშვილი შეეცადა ამის განადგურებას, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა” – დასძენს ნესტერენკო. ნესტერენკოს თქმით, რუსეთს არა აქვს ურთიერთობის პრობლემა არც საქართველოსთან და არც ქართველ ხალხთან. ის ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ცუდი ურთიერთობა სააკაშვილის ”რეჟიმთან არსებული პრობლემების” შედეგია და დასძენს, რომ – ”სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებით, (მეზობლური ურთიერთობების) დანგრევა სცადა”. მან სააკაშვილის ქმედებებს იმპულსური უწოდა, ისეთი რომელთა ”მიზანი უფრო მეტი გამაღიზიანებლის” შექმნა იყო, რაც ”საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ პრობლემებს უჩენს”. საქართველოს ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსიც ამ ნაბიჯის სიბრძნესთან დაკავშირებით ეჭვს გამოსთქვამს. ლევან ვეფხვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ საზღვარზე ოსების თავისუფალმა გადაადგილებამ შეიძლება ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიის ”ნელ ანექსიას”, რაზეც პრეტენზიას ზოგი ჩრდილო- ოსური ჯგუფი აცხადებს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის თქმით, სავიზო მოთხოვნების გაუქმებამ საქართველოს შეიძლება დამღუპველი შედეგები მოუტანოს. ის ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეებმა შეიძლება რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს სათანადო ვიზის გარეშე, ზემო ლარსის საკონტროლო პუნქტის გავლით რუსეთის ფედერაციის დატოვების ნება არ დართონ. მას ასევე ასეთი კითხვა უჩნდება – ხომ არ მისცემს დეკრეტი მოსკოვს დამატებით საბაბს საქართველოს დასადანაშაულებლად იმაში, რომ საქართველო ჩრდილო-კავკასიურ ”ტერორისტულ ჯგუფებს” იფარავს. ზოგიერთი ჩრდილო-კავკასიელი პოლიტიკოსი ასევე ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის დეკრეტის პოლიტიკურ ქვეტექსტს და ვარაუდობს, რომ ის ჩრდილო-კავკასიაში ანტი-რუსული გრძნობების ექსპლუატაციას ისახავს მიზნად. ბორის ებზეევი ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტი 2008 წლიდან ამბობს, რომ სააკაშვილის დეკრეტი ასახავს ”რეჟიმის განწირულ მცდელობას, ნებისმიერი საშუალებით აღიდგინოს სამუდამოდ დაკარგული ელვარება”. გენერალ-პოლკოვნიკი არკადი იელდევი, ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე, ამბობს რომ სააკაშვილს სავიზო მოთხოვნების გაუქმებაზე მოსკოვთან უნდა ემსჯელა იმის ნაცვლად, რომ იმპულსურად გამოეცა დეკრეტი. უმნიშვნელო მოძრაობა მაგრამ საზღვართან მცხოვრები ქართველები ასე არ ფიქრობენ. დოდო გომიაშვილი, მოხუცებული ქართველი ქალი, რომელსაც ზემო ლარსის გადასასვლელის მახლობლად კიოსკი აქვს, ამბობს რომ მოსკოვმა ასევე უნდა მოხსნას სავიზო მოთხოვნები ქართველებისთვის და მათ ჩრდილო-ოსეთში თავისი ნათესავების ნახვის საშუალება მიეცეთ. ”აქ ბევრნი ვართ ისეთები, ვისაც მეორე მხარეს დები, ძმები და ბიძაშვილები ჰყავს” – განმარტავს გომიაშვილი. ”რადიო თავისუფლების” ჟურნალისტები დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ, ერთი კვირის წინ ეწვივნენ ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს. ისინი იტყობინებიან, რომ საზღვარი მანქანების უმნიშვნელო რაოდენობამ გადალახა. ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, რაც უმუშევარ ქართველებს სურთ. ”ამ ნაბიჯს ჩვენთვის კარგი არაფერი არ მოუტანია” – ამბობს 31 წლის გიორგი ხუციშვილი – ”მე ჩემს ბაღში ვმუშაობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ოჯახი გადავარჩინო და ამ ზამთარს არ ვიშიმშილებთ”. ხუციშვილი ამბობს, რომ ის ბედნიერი იქნებოდა თუ რუსეთი მოხსნიდა სავიზო მოთხოვნებს და ის შესძლებდა მეზობელ ოსეთში ბოსტნეულისა და სხვა ქართული პროდუქტის გაყიდვას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts