shamili Posted October 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 (edited) ახალი იერემიას გოდება ვტირით და ვტირით დედანი,ურჯულომ შეგვაშინაო,კარზე მოგვდიან ძალითა,მასპინძლად დიან შინაო.ნეტავ ჩვენს მეთოფეებსა,ძალით ვინმ დააძინაო,პირიც წყლით გაალბობინათოფებიც დაუგრილაო !? მეთოფეებს სძინავთსძინავს ყველას. თვით ბუნებაც კი გატრუნულია და დუმს. ეს არ არის ბუნების ჩვეულებრივი და დიდებული პოზა. წამიერი გარინდება, მოძრაობის, ქარიშხლის მოლოდინში. ეს დუმილი და უძრაობა სისხლისაგან დაცლას, სიკვდილს ნიშნავს. მდინნარე ტბასავით დამდგარა.ცოცხალ-მკვდარი თევზები წყლის ზედაპირზე ამოტივტივებულან და უაზრო ზეცას ევედრებიან, შველას ითხოვენ.თერგი აღარ რბის აღარ ღრიალებს,და არც კლდენი ეუბნებიან ბანს...მთის გამოფიტული წვერები, დაყვითლებული და დაბერებული ხე თუ ბალახი.დახეთქილი, დამზრალი მიწა.მძიმე, მოწამლული ჰაერი.დღე-ღამესავით შავი.დანგრეული სახლები და ნასახლარები, აჩეხილი ვენახები, დღეს ნავენახარი.წელში გადამტვრეული სიმინდის ტაროები.ნაგვითა და უწმინდურობით წაბილწული ბაღ-ბოსტანნი, ჯვარმომტვრეულნი ნატაძრალნი და გადამწვარ გადაბუგული ტფილისი და ქუთაისი,ბათუმი და ალმოკიდებული აფხაზეთი.ჩამონგრეულ-ჩამოშლილი შატილი... ცარიელი აკვანი, ჩამქრალი კერა, დამსკდარი კედლები და ჩამტვრეული შუშები.ოჰ, ღმერთო! აღა-მაჰმად-ხანი ხომ ადრე იყო აქ, დღეს კი რა მოხდა? მეთოფეებს სძინავთ, სძინავს თვით ბუნებასაც. თვალი სულ მცირე მოძრაობასაც კი ვერ ამჩნევს გარშემო. ადამიანის შვილი თითქოს გაწყვეტილა, მკვდარი კაციც კი არ მოიპოვება ამ უძრავ მიდამოში.დიდი უდაბნო... სავსე ლოდებით.ერთს აწერია: “მე გორგიჯანოვმა გამცა”.ვუახლოვდები მეორეს.” ვარსქენ პიტიახშმა უარმყო მეცა და შემოქმედიც”ვერაფერი გამიგია! ჩემი ანგელოზი ყურში ჩამჩურჩულებს:წინ!იქვე, გვერდით, შედარებით მომცრო ლოდია. წელში ვიხრები, რომ გავარჩიო.”გამცა ყორღანაშვილმა”_ ძლივს ამოვიკითხე.ლოდის ძირში პატარა ია ამოსულა. ესეც ასე,_გავიხარე მე, პირველი სულიერი, ე.ი. ყველაფერი არ დაკარგულა, ყველაფერი არ დაღუპულა._რჩინი! რჩინო!_მიმეორებს ია და ცდილობს დამენახოს, ვაი, თუ ვერ შემნიშნაო_იმის შიშშია. მეზობელ ქვის ძირში კი რომელსაც “ მონღოლთ ჩააბარეს ჩემი თავიო”, აწერია. წითელი ყაყაჩო ამოსულა /სიმღერა გამახსენდა ქართული:”ყაყაჩო აყვავებულა, ვარდი გაშლილა იაო”/ცოტნე, ცოტნე!... ვაგრძობინე, გხედავ თქო, ისიც დამშვიდდა.მადლობა ღმერთო, იმედისათვის! და ამ უცნაური სასაფლაოს მოხილვას ვაგრძელებ.“გამცეს”... აწერია ერთ ქვას დიდი ასოებით.ოდნავ ქვემოთ, მომცრო ზომის ციფრების ამოკითხვაც შევძელი, “1832”გასაგებია!თანდათან ყველაფერს ვხვდები.ბევრი ქვა, ბევრი ლოდი.ეს ხომ საქართველოს მთელი ისტორიაა.ჰერ_ლაშეზისა და არლინგტონის სასაფლაოები კომედიურ თეატრებად გამოიყურებიან ჩვენი ერის ამ საძმო საფლავთან შედარებით.გზას ვაგრძელებ.ერთ_ერთ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვკითხულობ“ჭეშმარიტებას ვუღალატე...ვინანიებ!”ნეტავ, რა იყო მისთვის ჭეშმარიტება?იქნებ განსაცდელს ვერ გაუძლო! _ გავიფიქრე მე, განსაცდელი ადამიანში შლის ყველაფერს ზედაპირულს და ნატანჯი კაცის სულშიც მხოლოდ ის რჩება , რასაც ღრმად აქვს მასში ფესვები გამჯდარი.ვაი მას, ვისთვისაც თავისუფლებისა და ერის სიყვარული მხოლოდ ნიღაბია პირველივე განსაცდელის ჟამს ცრუ ნიღაბი აეხდება და ერთგული ფინიასავით თვალებში შეაციცინდება მტერს შევცდი და მაპატიეო ეტყვისმხოლოდ კაცი რკინის გულით, ნამდვილი მამულიშვილი, რაინდი თავისუფლებისა, აიტანს ყოველივეს და ბოლომდე დარჩება იმად, რაც ადრე იყო.საკუთარი პრინციპების ღალატს არასვისთვის და არასოდეს მოუტანია კარგი.გავდივარ უდაბნოს ბოლოს და უკანასკნელ ლოდზე ამოტვიფრულ წარწერას ვეძებ, იქვე საფლავია ამოთხრილი, უცხედრო საფლავი?! მივიხედ-მოვიხედე, ოდნავ მოშორებით თეთრი მარმარილოს ქვას წავაწყდი. წარწერა ახალი უნდა იყოს. “პოლიტიკოსთა უგუნურების მსხვერპლი”. მარმარილოს “ცხელი” სისხლის ფართო ლაქები აჩნია. იქვე ოთხციფრიანი თარიღია. ყველა კუთხოვანია. ბოლო ციფრის გარჩევა გამიჭირდა. მისი ზედა და ქვედა ნაწილი ჩამომტვრეულია. ბოლო ციფრი უნდა იყოს 4 ან 9 /ე.ი. 1994 ან 1999/ნეტავი, ვინ კიდევ?იქნებ... “რაცა ღმერთსა არა სწადდეს არა საქმე არ იქნების”. უკან ვბრუნდები. თავს უკანასკნელად ვატრიალებ უდაბნოსაკენ და მხოლოდ ახლა-ღა ვანჩნევ პატარა, მრგვალ ქვას. ხელში ვიღებ, თბილია, თითქოს ფეთქავს კიდეც, ლათინურად აწერია ”შთABO”ცრემლმორეული ვტოვებ უდაბნოს და ჩემთვის ვამბობ:გმადლობ, უფალო იმედისათვის!მეთოფეთ კვლავ სძინავთ.ციხის ქონგურზე ქართული დროშის ნაცვლად მტრის დროშა ფრიალებს.ქარი ქრის. ბუნება იზმორება. გაღვიძება სურს, მაგრამ უჭირს.ერთ_ერთ მეთოფეს ვაღვიძებ. თვალებს ზარმაცად ახელს, ტუჩებზე თითს იდებს და “სსუ”, მანიშნებს._ გაიღვიძე! _ არ ვეშვები მე._ მეშინია! _ მპასუხობს._ რისი, ან ვისი? – მიკვირს._ მომკლავენ, სანამ მძინავს, არ ვარ საშიში._ რა დროს შიშია, ნუთუ დაგტოვა რწმენამ?_ ეეჰ, რის რწმენა, რა რწმენა! _ უიმედოდ ჩაიქნია ხელი._ ღვთის შემოქმედის რწმენამ! _ ვუპასუხე მე.ისეთი თვალებით შემომხედა ჭკუანაკლულს რომ შეხედავენ თანაგრძნობით და სიბრალულით. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ხვრინვა ამოუშვა.ახლა ციხისთავს ვაღვიძებ.იგივე ისტორია, როგორც იქნა გაახილა თვალები._ მე ციხისთავი ვარ მკვდარივით უნდა მეძინოს. თუ გავიღვიძე პირველს მომკლავენ. თქვა და ძილს ანახლებს. ცოცხალი, მღვიძარე კაცი გამოჩნდა. ერთი ჯებენოინის შთამომავლის ირანული ღიმილი და “მეგობარი” ჩრდილოელის ვერაგობა აღბეჭდოდა სახეზე, მოახლოებულმა ტყვიებივით მესროლა სიტყვები:_ არა კაცი არ გამოჩნდა ხომ ხედავ თქვენს შორის.ასეთია შიშის ძალა! ეშმაკის ნაშიერს ბრწყინვალედ შეესწავლა ქართული.სისხლი მომაწვა ყელში._ ეჰეი, ურჯულო! _ დვჭექე მე, შენც ისე გიპასუხებ, როგორც შენნაირს უპასუხა ჩემმა დიდმა წინაპარმა.“ ღმერთმა მოგვცნა ხელთა თქვენთა არა სიყვარულისა თქვენისათვის, არცა საქმეთა თქვენთათვის კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხნეთ ჩვენ მცნებანი მისნი”მტერი დამცინავ ღიმილს არ მაშორებს სახიდან, მათრახის წვერით კეფას იფხანს და მეუბნება:_ მე არ მოგკლავ შენ, თვითონ შენნი დაგკორტნიან, საზარელი სიკვდილი გელის! რომელი დავითი შენ მყავხარ ღლაპო, ხომ ხედავ, რა დიდი ვართ, თქვენ კი აი, ამოდენა და მიჩვენა მათრახის ის წვერი რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ კეფას იფხანდა._ დამკორტნიან._ დამკორტნიან ჩემნი _ ვიმეორებ გულში, რაღაც მენიშნა კიდეც.მგონი ერთადერთი სიმართლე იყო რაც მან თქვაბრაზმორეულმა მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ეს სიტყვები მივახალე პირში:_ თქვენ დიდი კი არა ბევრი ხართ, დიდი ჩვენა ვართ! ხელი ჩავიქნიე და სწრაფად გამოვბრუნდი. თუმცა გზად მისი სიტყვები ამეკვიატა: დამკორტნიან, ჩემნი დამკორტნიან._ რა ღრმად ჩაფლულან “ჩემნი” ცოდვებში, სულმთლად გახრწნილან, “დიდ” მეძავს საწმერთულგახდილ კახპად უქცევია ჩემი ქვეყანა. თუმცა მსგავსი მაგალითის ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით._ ფარისეველთა საუფლო.დიდი პაპის დატოვებული მამულის გამნიავებლ_განყიდველნი, უხერხემლო მამულიშვილნი!ენაგძელნი და საქმე მოკლენი.ორი წიგნის წამკითხველს თავი დავით აღმაშენებელი და რუსთველი რომ ჰგონია.როდესაც ერი ღმერთს სულს აძლევდა ღმერთი მას ძალას ანიჭებდა:“ თქვენ მომცენით გულნი თქვენნი და მე მოგეც ძალა ჩემიო”ვიმარჯვებდით კიდეც.ჭირშიც კი მტკიცედ მდგართ, უფალი ყოველთვის გვიცავდა. საამაყოც ბევრი გვქონდა მიტომაც.წმინდა კეთილმსახური დავით აღმაშენებელი ორმოცდათექვსმეტი ათასი კაცით ოთხასიათას ურჯულოს რომ შეება, მაშინაც დიდნი და ღვთისათვის საყვარელნი ვიყავით. დიდგორს რომ დავმარცხებულიყავით კიდევაც, მაინც გამარჯვებული ვიქნებოდით, რამეთუ დავითს უკანდასახევი გზა თვითვე ჩაეხერგა... ეს კი უკვე გამარჯვებამდელი გამარჯვება იყო.განა საამაყო არ არის, როცა ასიათასმა თბილისელმა ქრისტეზე უარის თქმას სიკვდილი ამჯობინა.მათი სისხლით წითლად შეიღებაო მტკვარი _ გვამცნობს მემატიანე. ქეთევანს რომ ურჯულონი ძუძუებს შანთით უწვავდნენ, მტერიც კი გააოგნა მისმა სიმშვიდემ, ფერფლად ქცევამდე ღვთის სადიდებელ სიტყვებს იმეორებდა დედოფალი.მაშინაც საამაყო გვქონდა.თამარის დროს, პირველად ჩვენს სახელმწიფოში რომ სიკვდილით დასჯა გაუქმდა მაშინაც საამაყო გქონდა. უპატიოსნესი და აღმატებით უზესთაესი დედაღვთისა თავის მხოლოდშობილ ძესთან ერთად ხარობდა სახიერებისა ჩვენისა გამო და გვმფარველობდა კიდეც.ეს ყველაფერი იყო.დღეს კი რანი ვართ? რად ვიქეცით, რით ვიწონებთ თავს! ფერისცვალება გასაოცარი:სიკეთეს ბოროტება დავარქვით, ბოროტება კი სიკეთეთ მოვნათლეთ. ქვეყნისა და ერის ღალატი მამულიშვილობადაა მიჩნეული. ყველა თავის ნაჭუჭში ჩაკეტილა. მთავარია დააგროვოს, შეიძინოს, მოიხვეჭოს. ეს ის ყველაფერია რასაც იქ ვერ წაიღებ.ის კი რაც მართლა იმ ქვეყნად წაჰყვება, რაც მარადიული სიცოცხლისათვის გამოადგება,_ არ ახსოვთ!_ არ უნდათ!_ არ სჯერათ!ასეთებს მაცხოვარი სამსჯავროზე ატყვით: მე არ გიცნობთ თქვენ, განვედით ჩემგან!ადამიანს ორი სახელი უნდა ჰქონდეს: დასტოვებელი და იქ წასატანი. თუ ერი ვართ _ უნდა ვიეროთ. თუ, ბრბო, მაშინ სწორი ყოფილა ჩვენი მარადიული მტერი, რომელიც ყოველ გაფაჩუნებაზე მწარე შოლტს გადაგვკრავს ზურგზე და ტკივილისაგან გულწასულთ წყალსაც არ გვაპკურებს გამოსაცოცხლებლად. თუ ასე გაგრძელდა, ოდესღაც დიდი საქართველოს /”ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო” – მ. ლებანიძე / დიდი მეზობელი დაეპატრონება.მე არ მინდა ბრბოს წარმომადგენელი ვიყო. მე ჩემი ერის კაცობა მსურს, მისთვის სამსახური, მისთვის სიკვდილი!ცალ ხელში ჯვარი, ცალში კი ხმალი._ ოო, ვგოდებ, უფალო, დაბრმავებულ ბრბოს დავტირი ერადყოფილს._ ვგლოვობ შეგინებულ ჩალისფერ დროშას!_ დავტირი მარად მძინარეთ და დედის საშოშივე მკვდრად ჩასახულ ნაყოფს!_ დავტირი ხუცესს, მტრის შიშით, მალვით რომ იძლევა ლოცვა _ კურთხევას!_ დავტირი ტაძარს, გამოკეტილს და გაუქმებულს, დარჩენილს უმღვდლოდ!_ დავტირი ქალწულს, რომელსაც ამირანის ნაცვლად მთვლემარე ჰერმოფროდიტი შეატყუეს!_ დავტირი ენას, გაუქმებამდე მისულს! _ დავტირი გონებას დარჩენილს აზრის გარეშე!_ დავტირი სინდისს, დარჩენილს ქეჯნის გარეშე!_ დავტირი გულს, სიკვდილივით ცივს, გრძნობადაკარგულს!_ დავტირი სულს, სადაც აღარ არის ალაგი ღვთისათვის!_ დავტირი პირუტყვად ქცეულ საბრალო ადამიანს, ფოთლის შრიალიც რომ აფრთხობს შიშშეპყრობილს!_ და დავტირი საკუთარ თავს, რამეთუ ხმა ჩემი ყოველ წინასწარმეტყველის მსგავსად რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!” ბოლოთქმის მაგიერახალი იერემია ჩაექოლათ ერის გაღვიძებული სინდისისათვის, დიდი შენობის კედელთან ეგდო მისი საზარლად დამახინჯებული და დასახიჩრებული გვამი.ამოდენა ქალაქში კაცი არ აღმოჩნდა მისი მშველელი. მაყურებელი კი რამდენიც გნებავთ _ ბევრზე ბევრი.უფრო მეტიც: არაფერი წამოგცდეთო, ერთმანეთს აფრთხილებდნენ. მიცვალებულს თვალები ღიად დარჩენოდა. მაყურებელთაგან ერთმა მადლიანმა ჩამოუსვა სახეზე ხელი და ჯერ ისევ თბილი თვალები ადვილად დაემორჩილა უცხო კაცის თითებს. ოდნავ დამცინავი ღიმილი კვლავინდებურად იხატებოდა მის გასისხლიანებულ სახეზე.ეს საზარელი კაც_კვლა იმ ერთადერთი მღვიძარე კაცის ნამოქმედარი იყო. აკი დაემუქრა კიდეც.“შენიანები მოგკლავენო შენ”. სწორედ მან გააღვიძა მძინარე მეთოფეები, ახალი იერემიასი და მისი მცირე მიმდევართა ამოჟლეტა უბრძანა.მსტოვრებს მოეტანათ ამბავი: მცხეთას ახალი იერემიას მოწაფენი გამოღვიძებულან და სვეტიცხოვლის ტაძართან იყრიანო თავს.სავლე სასწრაფოდ შემოახტა ულაყს და აბა ბიჭებო, მცხეთისაკენო -_ უბრძანა მეთოფეთა. იგი ჰარში ხმლის ენერგიული ქნევით წინ მიუძღოდა ძმათა სისხლმოწყურებულთ და სიუს ტომის ინდიელივით დასჭყივლებენ ხანი_ხან.ოფლში შეცურებულნი ცხენკაცნი ფლოქვების ხმას თავიანთ გულისცემას აყოლებდნენ, ნაძალადევი ღიმილი და უფრო მეტი სასოწარკვეთა აღბეჭდოდა თითოეულ მათგანს სახეზე._ და ჩამოწვა ბნელი მზე, კარგა ხანია ჩაიძირა, სიბნელემ მოიცვა სამყარო.მხედრები შედგნენ, ჩიტების ჭიკ_ჭიკიც ახლა გაიგეს, ხეთა ჩურჩულიც და ბალახთა შრიალიც. მცხეთა ახლოს იყო. სვეტიცხოვლის ზარების ხმებმა თითქოს გამოაფხიზლა, არა უფრო შეძრა მხედარნი.... და გაისმა ხმა ზეციდან:“ რაისთვის მდევნი, სავლე მე?”რაისთვის მდევნით, გზააბნეულნო? გიორგი ჭანტურია. 1985 წლის 4 აპრილი. “სუკის” იზოლატორი, საკანი # 21. Edited October 22, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.