planetanews Posted October 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/09/zaman.jpg თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმეტ დავითოღლუ და თავდაცვის მინისტრი ვეჯი გენიული ამერიკელ კოლეგებს, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითს შეხვდნენ. შეხვედრა გაიმართა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის წევრებს რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის შემოთავაზებული სისტემის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელმაც ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა უნდა დაიცვას. ნატოს წინადადებით, უნდა გაფართოვდეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტაქტიკური რესურსების სისტემა, რომ მან ალიანსში შემავალი ყველა სახელმწიფოს ტერიტორია გადაფაროს და დაიცვას ის ისეთი ქვეყნების ბალისტიკური რაკეტებისგან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებით, პროექტს რუსეთიც უნდა შეუერთდეს, რაც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის უზარმაზარი ქსელის შექმნის შსაძლებლობას შექმნის „ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე“. „საფრთხეები ცხადია, შესაძლებლობები არსებობს, ხარჯები მისაღებია“, – განაცხადა რასმუსენმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების და თავდაცვის მინისტრების ერთობლივი შეხვედრის გახსნაზე. ასეთი შეხვედრები ძალიან იშვიათად იმართება. „დღეიდან ნატო იწყებს სამიტისთვის დაჩქარებულ მზადებას. ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მივიღებთ, განსაზღვრავს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ალიანსის მომავალს“. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნის წინადადებას. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას შემოთავაზებული გეგმის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მიაჩნია, რომ ის ძალიან ძვირადღირებულია და აცხადებს, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ბითვული შეკავების პროცესში სანდო რესურსის როლს ვერ შეასრულებს. თურქეთმა თავის მხრივ მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ გეგმას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიწონებს, თუკი დარწმუნდება იმაში, რომ ნატოს ყველა წევრ ქვეყანას კონკრეტული საფრთხე ემუქრება, ან უკიდურეს შემთხვევაში, პოტენციური საფრთხე მაინც. თუმცა, აშშ–ს თავდაცვის მინისტრი გეითსი ოპტიმისტურად საუბრობდა ჟურნალისტებთან თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიდან ბრიუსელში მიფრინავდა. გეითსის თქმით, მას მიაჩნია, რომ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ეტაპობრივი შექმნის გეგმას ფართო მხარდაჭერა აქვს; რომ ამ გეგმაში ცვლილებების შეტანაც შეიძლება და ის ანტისარაკეტო თავდაცვის უფრო სანდო ფარის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს ზღვაზე ბაზირებული რაკეტსაწინააღმდეგო და ამოცნობის სისტემებით, რომელთა მიზანიც ირანის მხრიდან სარაკეტო საფრთხისგან ნატოს ქვეყნების დაცვაა. თუმცა, თურქეთს არა ფართო მხარდაჭერის, არამედ ამგვარი გეგმების რეალიზაციაზე ყველა ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობის ხილვა სურს. „ერთი არანაკლებ ოცდაშვიდისა“, – ჩვეულებრივ ანკარა ამ ლოზუნგით გამოდის ნატოს პრობლემების განხილვისას. როგორც ჩანს, ის კენჭისყრის დროს კონსენსუსს გულისხმობს, რომელიც ამ 28 წევრი ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის მუშაობის წესების საფუძველია. „რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ეროვნულ სისტემებთან დაკავშირება იმისთვის, რომ სისტემამ წევრი ქვეყნების ტერიტორიები და მოსახლოება მოიცვას, ეს უფრო მეტია ვიდრე პროგრამული უზრუნველყოფის საკითხი – საუბარია ნაციონალური ძალების მმართვის სისტემების გაერთიანებაზე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რესურსებთან“, – განაცხადა გეითსმა. მისი თქმით, ამისთვის საკმაოდ მოკრძალებული ფინანსური ასიგნებები იქნება საჭირო დამატებით უკვე დამტკიცებულ 85–დან 150 მილიონ ევროზე ათი წლის განმავლობაში. კონსენსუსის გარდა, ანკარას სურს, რომ დაგეგმილმა ანტისარაკეტო სისტემამ მისი ტერიტორია სრულად მოიცვას და არა ნაწილობრივ. მას ასევე სურს, რომ სისტემებს „შემაკავებელი“ ფუნქციებიც ჰქონდეს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ალიანსის საფრთხედ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის დასახელებას. ანკარას წინააღმდეგობა, რომ შედგეს ევროპისთვის საფრთხის მატარებელი კონკრეტული ქვეყნების სია, სინამდვილეში, იმ ზიანს უკავშირდება, რომელიც ასეთ ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს მისი მეზობლებთან ურთიერთობებისთვის, კერძოდ, ირანთან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ანკარა ფრთხილ „ნულოვანი პრობლემების“ პოლიტიკას აწარმოებს მეზობლებთან, ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე სახელმწიფოებთან, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებთან. ბრიუსელის სამიტამადე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე, აშშ–ს სამხედრო უწყების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ნატოს ბრიუსელის შეხვედრაში, შემდეგ კი ალიანსის ნოემბრის სამიტში ლისაბონში, სადაც მას მინიმუმ ორი საკითხის გადაწყვეტა მოუწევს. პირველი საკითხია თურქეთის მონაწილეობა კენჭისყრაში, რომელიც ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტების მის ტერიტორიაზე განთავსებას ეხება, მეორე კი ის, თუ რა როლს ითამაშებს თურქეთი ამ პროცესში, განუცხადა სამშაბათს ჟურნალისტებს აშშ–ს თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს თაუნსენდმა. თაუნსენდის თქმით, თურქეთის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ბევრ ისეთ საკითხზე, რომელიც მის შიდა დღის წესრიგში დგას, და თურქები მას დიდი ყურადღებით განიხილავენ. „თურქეთთან ჩვენი მოლაპარაკების პროცესში ანკარა სულ უფრო კარგად აცნობიერებეს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის თავად კონცეფციის მნიშვნელობას, რომ ეს კონცეფცია ალიანსის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა თაუნსენდმა და იმავდროულად ხაზი გაუსვა იმას, რომ თურქები აცნობიერებენ ალიანსის უსაფრთხოების პრობლემების სერიოზულობას და ესმით, რომ ნატო ვალდებულია ეს პრობლემა გადაჭრას. ამერიკის წინა ადმინისტრაციამ 2007 წელს შეიმუშავა ანტისარაკეტო ფარის პოლონეთსა და ჩეხეთში განთავსების გეგმა, მაგრამ ობამას ამ გეგმაზე უარის თქმა მოუწია, რომ კრემლისთვის ესიმოვნებინა. ვაშინგტონი აცხადებდა, რომ ანტისარაკეტო სისტემა ირანის საფრთხის წინააღმდეგ იქმნებოდა, მაგრამ მოსკოვს მიაჩნია, რომ ის დაარღვევს სტრატეგიულ ბალანსს რუსეთის და დასავლეთის ბირთვულ ძალებს შორის. შარშან პრეზიდენტმა ობამამ დაამტკიცა გეგმა, რომელიც ევროპაში სულ უფრო მასშტაბური საზღვაო და ქვეითი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, ასევე მთელი რიგი რადიოლოკაციური სადგურების განთავსებას ითვალისწინებს, რათა დაიცვას კონტინენტი ირანის მხრიდან სულ უფრო მზარდი სარაკეტო თავდასხმის საფრთხისგან. ობამას ახალი გეგმით გათვალისწინებულია ისეთი სისტემების განთავსება, რომლებიც შეძლებენ ახლო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განადგურებას. ამ ობიექტების ეტაპობრივი მშენებლობა 2011 წელს უნდა დაიწყოს. უფრო შორ მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები დაახლოებით 2020 წელს შეიქმნება. „ამ საკითხზე საერთო მიდგომა უნდა შემუშავდეს, რომელსაც ნატოს ყველა წევრი დაუჭერს მხარს“, – განუცხადა ოთხშაბათს გაზეთ Today’s Zaman–ს თურქეთის დიპლომატიური წრეების წარმომადგენელმა. წყარომ, რომელმაც აღიარა, რომ ამერიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თურქულ მხარესთან იმაზე, თუ ვინ განათავსებს საკუთარ ტერიტორიაზე სისტემის ელემენტებს, ასევე დააზუსტა: „ჩვენ უარს ვიტყვით, თუკი საფრთხის არსებობაზე თანხმობა მიღწეული ვერ იქნება, ანუ თუკი აღმოჩნდება, რომ საფრთხეს ნატოს მხოლოდ ზოგიერთი წევრები, მაგალითად ჩეხეთი ან პოლონეთი გრძნობენ, და არა ალიანსის ყველა წევრი. ასეთ შემთხვევაში, თურქეთი მოიწონებს ნატოს წევრბის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებას მთლიანობაში, მაგრამ ალიანსის წევრებმა ასეთი საფრთხეების შეფასების და განსაზღვრის ყველასთვის მისაღები მექანიზმი უნდა შეათანხმონ“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts