planetanews Posted October 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif ანდრეს ფოგ რასმუსენი ევროპის ხალხთა უმრავლესობა იშვიათად ფიქრობს სარაკეტო თავდასხმის საფრთხეზე. ხოლო, მათ ვისაც ეს პრობლემა აღელვებს, აინტერესებს ფასი, ან ის, არსებობს თუ არა ასეთი საფრთხე რეალურად; ან ფუნქციონირებს თუ არა ზოგადად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. მომავალ თვეში ნატოს ლიდერები ლისაბონში შეიკრიბებიან და გადაწყვეტენ იმას, უნდა შექმნას თუ არა ალიანსმა ევროპისთვის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი ზოგიერთ ფუნდამენტურ კითხვებზე პასუხებით იხელმძღვანელებენ. არსებობს თუ არა საფრთხე? მოკლე პასუხია: დიახ. რაკეტები ჩვენი მოსახლეობის, ტერიტორიისა და ამ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ძალებისთვის სულ უფრო სერიოზული საფრთხეა. 30–ზე მეტს ქვეყანას აქვს ან იძენს რაკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ჩვეულებრივი ქობინების, არამედ მასობრივი განადგურების იარაღის გადაადგილებისთვის. ზოგიერთ ამ რაკეტას უკვე შეუძლია მიწვდეს ევროპულ ქალაქებს, და ეს პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება. ასეთი ტიპის შესაძლებლობის გავრცელება აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ არსებობს ჩვენზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თუმცა, სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე პასუხისმგებლები ვართ. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი ერთი ქალაქი მაინც თავდასხმის ობიექტი გახდეს, ისევე როგორც ვერ დავუშვებთ იმას, რომ თავდასხმის საფრთხის მძევლებად ვიქცეთ. იმუშავებს თუ არა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ეფექტური ანტკისარაკეტო თავდაცვის შექმნა – გამოწვევაა, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია. ამ მომენტისთვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შეიარაღებაში არსებული მზა სისტემები, რომლებმაც გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. მეტიც, ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემების გამოყენების და შემუშავების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნაზე ჩვენი არმიის დასაცავად, რომელიც ოპერაციებს ახორციელებს. ამ პროგრამის გაფართოვება და მისი შერწყმა შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან, ნატოს მისცემს საშუალებას დაიცვას ევროპის მოსახლეობა და ტერიტორია სარაკეტო თავდასხმისგან. ფასი? რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა იაფი არ იქნება, თუმცა ის ჩვენს შესაძლებლობებს არ აჭარბებს. ნატოს მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პროგრამა, რომელიც ადგილებზე დისლოცირებული ოპერატიული სამხედრო ნაწილებისთვისაა განკუთვნილი 800 მილიონი ევრო ჯდება. ეს თანხა 14 წელზეა გაწერილი და ამ ხარჯს ყველა მოკავშირე გაიღებს. თუკი ამას ჩვენი საერთო ბიუჯეტიდან არანაკლებ 200 მილიონი ევრო დაემატება (ათ წლიანი გრაფიკით) ეს პროგრამა შეიძლება გაფართოვდეს, რაც ალიანს ევროპის მოსახლეობისა და მისი ტერიტორიის დაცვის საშუალებას მისცემს. საბიუჯეტო შეზღუდვების პერიოდში ეს ნიშნავს სერიოზულ თავდაცვას ძალიან მისაღებ ფასად. საკმაოდ მოკრძალებული ინვესტიციების განხორციელებით, ყველა მოკავშირე შეძლებს შეერთებული შტატების მრავალმილიარდიან სისტემასთან მიერთებას, მეტი უსაფრთხოების უპირატესობით სარგებლობას და ჩვენი საერთო თავდაცვისადმი საერთო ერთგულების დემონსტრირებას. ეს ინვესტიციებიდან მიმზიდველი შემოსავალია. სარგებელი? სამხედრო ტერმინებს თუ გამოვიყენებთ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ინტეგრირებულ სისტემას საბოლოო ჯამში უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება, ვიდრე ინდივიდუალურ ნაციონალურ სისტემებს. მთლიანი სისტემის შიგნით მონაცემების გაცვლით, ჩვენ გვექნება იმის საერთო სურათი, თუ რა ხდება ჩვენს საჰაერო სივრცეში. ამ სისტემების დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ მრავალფეროვან კოორდინირებულ შესაძლებლობებს ჩვენსკენ მფრინავი რაკეტის გასანადგურებლად, და ქვეყნებს ამის გაკეთება ცალ–ცალკე არ მოუწევთ. მნიშვნელოვანია პოლიტიკური სარგებელიც. ეს იქნება სამოკავშირეო სოლიდარობის მკაფიო დემონსტრირება და საერთო საფრთხის წინაშე ტვირთის განაწილება. ის რუსეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ხსნის. ნატო–რუსეთის თანამშრომლობა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში იქნება საბოლოო და მტკიცე განაცხადი იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების ერთიანი ევროატლანტიკური სახურავის ქვეშ თანამშრომლობის ჭეშმარიტად ახალი ეპოქა იწყება. ჩემი დასკვნა მკაფიოა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და ტერიტორია იმ საფრთხისგან, რომელსაც სარაკეტო შეიარაღების გავრცელება წარმოადგენს. ნატოს შეუძლია ამის გაკეთება, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ლისაბონის სამიტი არის შანსი ნატოსთვის მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენი მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესაძლებლობების გაფართოვებაზე, და იმავდროულად ეს არის მოწოდება რუსეთისადმი ითანამშრომლოს ჩვენთან და მანაც ისარგებლოს ამ უპირატესობებით. ანდრეს ფოგ რასმუსენი – ნატოს გენერალური მდივანი ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts