planetanews Posted October 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2010 პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენა დღეს გაიმართება. მანამდე კი კონსტულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე და პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გაიმართა. გამართულ შეხვედრებზე საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, უმცირესობა და უმრავლესობა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი დატოვებს თავის პარტიულ საქმიანობას. მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, კონსტიტუციის 21-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საკუთრების უფლებას შეეხება. შეთანხმების შედეგად, ამ მუხლში ჩაიწერება, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ,,წინასწარი და სამართლიანი ანაზღაურებით’’, ნაცვლად დღეს მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული ,,სათანადო ანაზღაურებისა’’. მხარეებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით. ასევე, შეთანხმების შედეგად, პარლამენტს სრული უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელსაც, რაც მანამდე პროექტში გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტს შეეძლო მხოლოდ მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისათვის: მთავრობისთვის , მთავრობის წევრებისთვის, სახელმწიფო დაწესებულებებისთვის მიემართა შეკითხვით. მხარეები ისევ ვერ შეთანხმდნენ კონსტიტუციის 81-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობისთვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებას ეხება. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით გატანას. საპარლამენტო განხილვა ცვლილებების პროექტზე პარლამენტში 12 საათზე დაიწყება. კონსტიტუციის ახალი პროექტი სახელმწიფო კომისიამ შეიმუშვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის გაზაფხულზე შეიქმნა. კომისიამ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა უკვე დაასრულა, დღეიდან კი მას უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts