Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ნაფიცი მსაჯულებისთვის განკუთვნილი პირველი 12 სკამი, შესაძლოა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ერგოს. სკამის დაკავებამდე კი მოლოდინია და ქვეყნისთვის უცხო ინსტიტუტთან მორგების პროცესი.

 

საქართველოში, პირველად, ერთი მოსამართლის ნაცვლად, განზრახ მკველელობაში ეჭვმიტანილი ადამიანის ბედს თორმეტი სხვა პროფესიის, ან პროფესიის არ მქონე ადამიანი გადაწყვეტს.

 

შერჩევის კრიტერიუმები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გამონაკლისები, ვინ არ შეიძლება გახდეს ნაფიცი მსაჯული.

 

კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ კრიტერიუმების დაწესება სუბიექტურ ხასიათს ატარებს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მთავარი იდეა კი ობიექტური სასამართლო პროცესია.

 

”მთავარი იდეის” განხორციელებისთვის დღეიდან კანონი ამოქმედდა – ახალი სისხლის სამართლის კოდექსი და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი.

 

ახალი ხილია – მანტია მოსხმული მოსამართლე, რომელიც აქამდე მთავარი არბიტრი იყო და განსასჯელთა ბედს წყვეტდა, დღეიდან მხოლოდ პროცესის მონაწილეა. მას არც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის და არც კითხვების დასმის უფლება აქვს. მისი ფუნქცია პროცედურული საკითხებია.

 

ხოლო, ისინი ვისაც მთავარი სიტყვა ეთქმის და ვისაც განსასჯელისთვის გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვთ, ქვეყნის ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც არ უნდა ჰქონდათ იურიდიული განათლება.

 

”ფაქტების შეფასებას არ სჭირდება ”განსაკუთრებული დამსახურება“ ქვეყნის წინაშე”, - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. მან ამ სიტყვებით პასუხი გასცა საზოგადოების ნაწილს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს 12 შემთხვევითობის პრინციპით არჩეული მსაჯულის კომპეტენტურობის საკითხს.

 

თუმცა, სანამ 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული პროცესისთვის შეიკრიბება, გრძელი გზაა გასავლელი. გზა, რომელსაც პროკურორი და დაცვის მხარე სავარაუდო მსაჯულებთან საუბრისა და ინტერვიუების გზით გადის.

 

ერთიანი საარჩევნო სიებიდან შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 50 ადამიანიდან, პროკურორი და დაცვის მხარე გასაუბრების შედეგად არჩევს 12 ძირითად და 2 სათადარიგო მსაჯულს.

 

თუკი საარჩევნო სიებიდან შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 50 ადამიანიდან რომელიმეს კანონი უკრძალავს მონაწილეობას (იურისტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, პოლიტიკოსი, თანამდებობის პირი, შეიარაღებულ ძალებში მყოფი ადამიანი, სასულიერო პირი, პოლიციელი და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირი), ის ავტომატურად გამოეთიშება არჩევის პროცესს. ხოლო დარჩენილ ნაწილზე კი პროკურორი და დაცვის მხარე იმსჯელებს.

 

”პროკურორსაც და ადვოკატსაც აქვს აცილების უფლება, რამდენჯერმე, თუ მას არ სურს რომელიმე მოქალაქის ნაფიც მსაჯულთა რიცხვში ყოფნა”, - ამბობს კუბლაშვილი.

 

მას შემდეგ, რაც პროკურორი და დაცვის მხარე კანდიდატებზე შეჯერდება, 12+2 ნაფიცი მსაჯული ფიცის დადებისთვის და პროცესში მონაწილეობისთვის მოემზადება.

 

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევითობის პრინციპი, კუბლაშვილის თქმით, ყველაზე ობიექტური პრინციპია, არ არის გამორიცხული, 12 ნაფიც მსაჯულში 12-ვე მამაკაცი აღმოჩნდეს, ან 12-ვე ქალი.

 

”მას შემდეგ, რაც გაუპატიურების საქმე დაემატება განხილვას, პროკურორი მოისურვებს, რომ ნაფიც მსაჯულებად ქალები აარჩიოს, ამიტომ არის აცილების უფლება საჭირო,” – განმარტავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

 

ნაფიცი მსაჯული პროცესის მსმენელია. მისი მოვალეობაა ბრალდებისა და დაცვის მხარეების მოსმენა და განაჩენის გამოტანა. ნაფიცი მსაჯული პროცესზე დუმს, ის მხოლოდ მაშინ საუბრობს, როცა ოთახის კარი იკეტება და დისკუსია იწყება – პროცესი, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღება, არის თუ არა დამნაშავე განსასჯელი. განაჩენი უნდა იყოს ერთსულოვანი. თუკი თორმეტივე მსაჯული ვერ შეჯერდა ერთ აზრზე, იწყება ხელახალი განსჯის პროცესი, სადაც უკვე 8 ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ პირი დამნაშავეა, ან პირიქით. თუ არ აღმოჩნდა 12-ს შორის 8, რომელიც განაჩენს გამოიტანს, ეს ავტომატურად გამამართლებელ განაჩენს ნიშნავს.

 

ვინ და საით გადაწონის ნაფიცი მსაჯულების განწყობას და დამოკიდებულებას, პროცესის მონაწილე ორ მხარეზეა დამოკიდებული – ბრალმდებელსა და დაცვის მხარეზე. იგებს ის, ვინც უკეთესი ორატორია, იგებს ის, ვინც უკეთ მოემზადა.

 

ორატორი პროკურორი და ორატორი ადვოკატი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ახალი ხილია, ისინი გამოდიან სიტყვით და მათ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას და დასმულ კითხვას, შესაძლოა, გადამწყვეტი როლიც ჰქონდეს განაჩენის გამოტანისთვის.

 

”კვალიფიკაციის პრობლემა არის ადვოკატებშიც და პროკურორებშიც”, - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით შესაძლოა საქმისთვის მნიშვნელოვანი და აუციელებლი კითხვები ვერ დასვან მხარეებმა. ”ცოტა რისკი არის, კვალიფიკაციის გამო, მაგრამ ეს აგვაცილებს მოსამართლეების მიმართ კრიტიკას”, - ამბობს კუბლაშვილი.

 

მისი თქმით, უნდა მოიგოს მან, ვინც პროცესისთვის უკეთ მოემზადა.

 

საკითხი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სავარაუდო სუბიექტურობაზე ბადებს ეჭვს, წინასაწარი განწყობებია, რომელიც შესაძლოა მედიამ შექმნას, ჩადენილი დანაშაულის გაშუქებით.

 

”თუ არსებობს საფრთხე, რომ ნაფიცი მსაჯულების ობიექტურობა, მედიის ფაქტორის გამო, ეჭვქვეშ დადგება, შეიძლება ნაფიცი მსაჯულები სხვაგან დასახლდნენ გარკვეული ვადით, სადაც გარანტირებული იქნება მათი საცხოვრებელი და კვების პირობები”, - ამბობს კოტე კუბლაშვილი.

 

ასეთ და სხვა შემთხევევებში ნაფიც მსაჯულთა ნაწილს შესაძლოა გაუჩნდეთ აღნიშნულ სამოქალაქო ვალდებულებაზე უარის თქმის სურვილი.

 

კანონის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში.

 

კოტე კუბლაშვილი ამბობს, რომ აცილების მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე: მაგალითად, ქირურგისთვის, რომელსაც ოპერაციები აქვს დაგეგმილი, პირისთვის, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრება და სხვა.

 

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, ჟურნალისტებსაც აქვს უფლება, აცილებასთან დაკავშირებული საკითხი დააყენონ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღნიშნულ დანაშაულს აშუქებდნენ. ხოლო თუკი ჟურნალისტი ნაფიც მსაჯულთა შორის აღმოჩნდება, მას შეეზღუდება უფლება, პროცესის თაობაზე სტატია მოამზადოს.

 

იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე დაუსაბუთებელი მოტივაციის გამო იტყვის უარს ნაფიც მსაჯულობაზე, იგი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესამისი მუხლის საფუძველზე, 1000–დან 1500 ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდება.

 

ფიცს: ”ვფიცავ, პატიოსნად და მიუკერძოებლად აღვასრულო ნაფიცი მსაჯულის მოვალეობა… გადაწყვეტილება მივიღო შინაგანი რწმენის საფუძველზე, როგორც შეეფერება სამართლიან ადამიანს!" – 12+2 ნაფიცი მსაჯული საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად რამდენიმე თვეში დაადასტურებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...