Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პენსიაზე გაშვება რუსულად


Recommended Posts

28 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი თვრამეტწლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამ ფაქტს ანალიტიკოსთა უმრავლესობა სხვადასხვანაირად აფასებს, თუმცა სანამ დასკვნებს გავაკეთებთ, საინტერესოა თუ რა მოვლებენი უსწრებდა წინ ამ ყოველივეს.

 

იური ლუჟკოვი, რომელიც მოსკოვის მერის თანამდებობაზე 1992 წელს ელცინმა დანიშნა, 2010 წლის სექტემბრამდე მყარად ინარჩუნებდა თანამდებობას. სტატისტიკას თუ გადავხედავთ 3 ჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე, 2007 წელს კი მერის არჩევნების გაუქმების შემდეგ, პუტინმა ის კვლავ მერად დანიშნა. მან 3 პრეზიდენტის, 6 პარლამენტის და 10 პრემიერის მმართველობის განმავლობაში მოახერხა მერად დარჩენა. Mაი უკვე მედვედევთან სერიოზული დაპირისპირების გადალახვა კი ვეღარ შეძლო. ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისშივე კეთდებოდა პროგნოზები, რომ იგი თანამდებობის შენარჩუნებას ვეღარ მოახერხებდა.

 

რუსეთშიც და უცხოეთშიც ბევრი ლუჟკოვს პუტინის კადრად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ გავლენიანი პრემიერი მის გადარჩენას შეძლებდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში სწორედ პუტინი იყო დაინტერესებული მერის “თავიდან მოცილებით”.

 

ხელისუფლებაში მოსვლიდანვე პუტინმა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით ბრძოლა გამოუცხადა ელცინის პერიოდის ოლიგარქებსა და რეგიონების გუბერნატორებს, რომელთა დიდმა ნაწილმა თავის დროზე, კარგად ისარგებლა საბჭოთა კავშირის დაშლით და ათასგვარი მაქინაციით სერიოზული კაპიტალისა და გავლენის მოპოვება მოახერხა. რაც უფრო იზრდებოდა პუტინის ძალაუფლება, მით უფრო გავლენიანი ოლიგარქები ხვდებოდნენ “სახელმწიფოს მტრების” სიაში. ბევრი შეეწირა კრემლთან ბრძოლას, ბევრმა თავს საზღვარგარეთ გაქცევით უშველა, ისეთებმა კი ვისაც არც გავლენა აკლდა, არც მოხერხება და არც გამჭრიახობა, ახალი ხელისუფლების სამსახურში ჩადგომით შეძლო თავის გადარჩენაც და კაპიტალის გაზრდაც. ერთერთი მათგანი იყო იური ლუჯკოვიც, თუმცა მოგვიანებით პუტინმა კონფორმისტი ოლიგარქებიც შეავიწროვა და თანდათან ჩამოიცილა. ლუჟკოვის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ მან ყველაზე დიდხანს “გაქაჩა”. გარდა ამისა უნდა ითქვას, რომ ლუჟკოვის გადარჩენა არ იყო მხოლოდ ახალ მთავრობაზე “მორგებით” გამოწვეული. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე მან საკმაოდ სერიოზულად მოიკიდა ფეხი მოსკოვში და იგი საკუთარ სამფლობელოდ და აუღებელ ციტადელად აქცია.

 

როგორც კრემლის პოლიტიკურ საკითხებში კარგად ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, პუტინს თავიდანვე ძალიან აღიზიანებდა ლუჟკოვის უზომო და თანდათან კიდევ უფრო მზარდი გავლენა, მაგრამ მასთან პირდაპირ კონფრონტაციაში შესვლა არ აწყობდა რამდენიმე მიზეზის გამო:

 

1. ლუჟკოვი გავლენით მეორე ფიგურა იყო რუსეთში და კგბ-ყოფილმა აგენტმა კარგად იცოდა, რომ პირველსა და მეორეს შორის ბრძოლით ყოველთვის სარგებლობს მესამე. ზუსტად ამ “მესამეების” განადგურება დაიწყო პუტინმა, მოსკოვის მერი კი თავის ნებაზე მიუშვა, თუმცა ოლიგარქების განადგურება ავტომატურად ლუჟკოვთან ბრძოლისთვის პოზიციების გამყარებასაც ნიშნავდა;

 

2. ლუჟკოვი გახლდათ რუსეთის მმართველი და პუტინის დასაყრდენი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ერთერთი დამფუძნებელი და გავლენიანი ფიგურა, აქედან გამომდინარე, მას პარტიაშიც შეეძლო პუტინისთვის სერიოზული პრობლემების შექმა;

 

3. ლუჟკოვი ითვლება მოსკოვის დაჯგუფებად ცნობილ კრიმინალური სინდიკატის ლობად პოლიტიკაში და მათი ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს დაჯგუფება კი არამარტო რუსეთის, არამედ მსოფლიო მასშტაბით ერთერთ ყველაზე დაუნდობელ ძალად ითვლება;

 

4. ყოფილ მერს საკმაოდ დიდი კაპიტალი ჰქონდა დაბანდებული საბანკო და მედია სექტორში, ორივე ზემოხსენებული სისტემა კი სახელმწიფო კონტროლის საკმაოდ სერიოზულ იარაღს წარმოადგენს, გარდა ამისა ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა რუსეთის სამშენებლო ბიზნესის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ჟურნალ ფორბსის მონაცემებით მსოფლიოში სიმდიდრით მესამე ქალია;

 

5 “ხელი ხელს ბანს” პრინციპით პუტინი ხშირად სარგებლობდა ლუჟკოვის “სამსახურით”. სწორედ ამის გამო თვლის ბევრი ლუჟკოვს პუტინის კადრად და არგუმენტად 2007 წელს მისი კვლავ მერად დანიშვნა მოჰყავთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზემოდ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, ეს პუტინის იძულებითი ნაბიჯი იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლუჟკოვს უბრალო მოსახლეობის ნაწილიც უჭერს მხარს, მას თვლიან ადამიანად, რომელმაც საბჭოთა რუხი მოსკოვი მსოფლიო დონის კაშკაშა მეგაპოლისად აქცია.

 

2010 წელს კი დადგა ის დრო, როცა ლუჟკოვის საკმაოდ უმტკივნეულოდ ჩამოცილება შეიძლებოდა, თან ეს ყოველივე მედვედევის ხელით გაკეთდებოდა და Mმთავარი შემოქმედი ჩრდილში დატკბებოდა სასურველი შედეგით. Yყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. მაშინ როცა, კრემლის კონტროლირებადი მასმედიის საშუალებით ლუჟკოვზე სერიოზული “დარტყმები” მიდიოდა და მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტ-პრემიერის კონფრონტაციაზე საუბრობდა, პუტინი საკმაოდ ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა-ერთის მხრივ ის მედვედევის ქმედების ლეგიტიმურობაზე საუბრობდა, მეორეს მხრივ კი ხაზს უსვამდა ლუჟკოვის დიდ ღვაწლზე მოსკოვის განვითარებაში.

 

ასე რომ, პუტინი კიდევ ერთხელ გამოვიდა გამარჯვებული საკმაოდ სახიფათო თამაშიდან და არა ორი, არამედ რამდენიმე კურდღელი დაიჭირა ერთად: 1. თავიდან მოიცილა არასასურველი ფიგურა. 2. ეს ყველაფერი სხვისი ხელით გააკეთა. 3. ლუჟკოვის მხარდამჭერთა აგრესია მედვედევის მხარეს მიმართა. 4. რუსეთის მტრებს თითქოსდა მას და მედვედევს შორის არსებული დაპირისპირება დაანახა. 5. დასავლეთს და მოსახლეობის ნაწილს დააჯერა, რომ ქვეყენაში არა ვერტიკალური ავტორიტარული რეჟიმი, არამედ 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორი არსებობს, რომლებსაც განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება და რეალობაში გატარება შეუძლიათ.

 

რაც შეეხება ლუჟკოვს, სექტემბერში მასზე მიტანილი სატელევიზიო იერიშის შემდეგ პრეზიდენტმა მას ერთკვირიანი შვებულების აღება ურჩია, რაც მოსაფიქრებელი დრო იყო იმისთვის, რომ მერს თავად დაეტოვებინა თანამდებობა. მაგრამ მედვედევს იმედი გაუცრუვდა - ავსტრიის კურორტიდან დაბრუნებული ლუჟკოვი მოვალეობის შესრულებას ჩვეულად შეუდგა და პრეზიდენტს საყვედურის წერილიც კი მისწერა მედიით მისი დისკრედიტაციის მცდელობის გამო. აქ კი მედვედევს უკან დახევა აღარ შეეძლო და მერი გაათავისუფლა, ოფიციალურ მიზეზად კი ნდობის დაკარგვა დაასახელა. ამავდროულად ლუჟკოვს მეორე ბერკეტიც გამოაცალეს ხელიდან, ყოფილ მერს მმართველი პარტიის რიგების დატოვებაც მოუხდა. ამ ორ მოვლენას კი ის ფაქტი აკავშირებს, რომ მერის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევაში ლუჟკოვი პარტიის საშუალებით აპირებდა მერის არჩევითობის საკითხის გატანას, ეს კი მას თანამდებობაზე დაბრუნებაში დაეხმარებოდა.

 

ახლა საინტერესოა ლუჟკოვის პასუხი ამ ყველაფერზე - ანუ ქუდს დაიხურავს იგი და ჩამოცილდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ მედვედევისთვის სამაგიეროს გადახდას შეეცდება.

 

მას ერთი “კოზირი” კი ნამდვილად გააჩნია: სოჭში გასამართი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მთელი კომპლექსის მშენებლობა მისი მეუღლის ხელშია და არ არის გამორიცხული კრემლს სამაგიერო იმით გადაუხადოს, რომ მსოფლიო მასშტაბით სირცხვილი აჭამოს. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მშენებლობები სოჭში გაწერილ დროს საკმაოდ არის ჩამორჩენილი და მხოლოდ რაღაც სასწაული თუ მოახერხებს მის დათქმულ დროზე ჩაბარებას.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...