planetanews Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/die_welt2.jpg გერჰარდ გნაუკი შემოდგომამ ევროპის არქიტექტურას შესაძლოა გარკვეული სიურპრიზები მოუტანოს. „რუსეთს შეუძლია ნატო-ს ახალი იმპულსი შესძინოს“ – წერდა ახლახანს პატივსაცემი გერმანელი ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ის გულწრფელად მხარს უჭერს (და ამ მხრივ მარტო არ არის) იმას, რომ ალიანსმა მოსკოვს ნატო-ს წევრობა შესთავაზოს, თუმცა რამდენიმე წინადადების შემდეგ ის საღ დასკვნამდე მიდის, რომ რუსულ დიპლომატიას, სამწუხაროდ „ჯერ კიდევ არ უარყვია მისი ძველი ამოცანა, რომელიც დასავლური ალიანსის პარალიზებისკენაა მიმართული“ რეალური დიაგნოზი და თამამი თერაპია – როგორ შეესაბამება ერთმანეთს ეს ორი მიდგომა? გვაქვს თუ არა ჩვენ ადეკვატური წარმოდგენა რუსეთზე? სწორედ ეს იქნება მთავარი კითხვა ამ შემოდგომაზე. ნატო მის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, დღის წესრიგში დგას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხი და ევროკავშირი უნდა გაერკვეს, რამდენად სერიოზულად უდგება ის „მოდერნიზაციულ პარტნიორობას“ რუსეთთან, ასევე „აღმოსავლურ პარტნიორობას“ უკრაინასთან და უფრო პატარა მეზობლებთან. აქ ბევრი რამ სასწორზე დევს: ენერგეტიკული უსაფრთხოებიდან დაწყებული, უვიზო რეჟიმით აღმოსავლეთ-ევროპის 200 მილიონი მოქალაქისთვის დამთავრებული – ასეთია იმ თემების მოკლე მონახაზი, რომელიც ამ დღის წესრიგში შედის. იმავდროულად, გერმანიაში რუსული თემატიკის განხილვა კლებისკენ მიდის და როგორც სჩანს, დღეს ის უფრო მეტად ექვემდებარება პოლიტკორექტულობას, ვიდრე ეს ოდესმე იყო 1991 წლის შემდეგ. მაშინ ფედერალურმა კანცლერმა შმიდტმა რუსეთს ღიად უწოდა „მაღალი ვოლტა რაკეტებით“, ანუ დაახასიათა ის როგორც გავლენის არმქონე, მაგრამ კარგად შეიარაღებული მცირე სახელმწიფო. დღეს ამას ვეღარავინ იტყვის, მაგრამ მაინც რა შეიცვალა სინამდვილეში მას შემდეგ ამ სახელმწიფოში? თუკი რუსეთთან დაახლოების მომხრეებს ყურს დავუგდებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ ჩვენ საქმე გვაქვს მომავლის ეკონომიკურ ზესახელმწიფოსთან და გერმანიის თვალსაზრისით, თითქმის იდეალურ პარტნიორთან. მაგრამ უფრო ყურადღებით თუ დავაკვირდებით, ორ კომპლექსს აღმოვაჩენთ (იდეალიზებულ წარმოდგენას და დამახინჯებულ წარმოდგენას) რომლებიც ამ მოსაზრებას ხსნის. წარმოდგენათა ამ ორმა კომპლექსმა გერმანიაში ღრმად გაიდგა ფესვი: დანაშაულის განცდა და პასუხისმგებლობა მეორე მსოფლიო ომზე, ასევე „იმპერიის“ დაკარგვასთან დაკავშირებული თანაგრძნობა. დღემდე გაურკვევლია, რატომ რჩება ეს პასუხისმგებლობის განცდა პირველ რიგში რუსეთთან და არა ომისგან დიდწილად დაზარალებულ რესპუბლიკებთან, უკრაინასთან და ბელორუსთან მიმართებაში. პარადოქსია ისიც, თუ რატომ ესმით „რუსეთის სპეციალისტებს“ პოსტ-იმპერიული ტრამვა უკეთ ვიდრე იმ სახელმწიფოების ტკივილი, რომლებიც დღემდე განიცდიან საკუთარ თავზე საბჭოთა იმპერიის მემკვიდრეობას. ეკონომიკაში არსებითი ინტერესები ამის გაცნობიერებას ხელს უშლის. გამოცდილ ადამიანებსაც კი, რომლებიც საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწეობენ, უკვირთ როდესაც მათ იმაზე მიუთითებენ, რომ რუსეთი როგორც სავაჭრო პარტნიორი გერმანიისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის დონეზეა, ხოლო 2009 წელს მას ამ მხრივ ჩამორჩებოდა კიდეც. თუკი ნავთობის და გაზის მიწოდებებს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას ის რომ არ არსებობს არანაირი არსებითი გერმანულ-რუსული ვაჭრობა, თუმცა საკრედიტო რისკების სადაზღვევო კომპანია Euler Hermes-ი ფედერალური მთავრობის დავალებით 1991 წლის შემდეგ არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ დახმარებია საექსპორტო კრედიტებზე გარანტიებით ისე, როგორც რუსეთს. ამ პოლიტიკით განპირობებული მილიარდიანი დახმარების შედეგები მიზერულია. გერმანია აღმოსავლეთ-ევროპაში არ აწარმოებს პოლიტიკას „Russia first“ („რუსეთი პირველ რიგში“), არამედ მისი პოლიტიკაა „Russia only“ („მხოლოდ რუსეთი“). პოლიტიკის ზეწოლით ბალტიის ზღვაში რეალიზებული გაზსადენის პროექტი, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება გაოცების საგანი და მათ შორის იმის გამოც, რომ ის დიამეტრალურად ეწინააღმდეგება იმ დივერსიფიკაციას, რომელზეც ყველა სიამოვნებით საუბრობს, მხოლოდ ერთი მაგალითია. უკვე საკმაოდ თამამად გამოიყურება ის რომ ვლადიმერ პუტინი ტრიბუნას ძალიან სერიოზული გამომეტყველებით უახლოვდება (როგორც ეს სამი წლის წინ მიუნჰენში იყო) და აცხადებს, რომ რუსეთს ევროპა არ სჭირდება და მოსკოვს საკუთარი გზით შეუძლია სიარული. შესანიშნავი ბლეფია! სწორედაც რომ პირიქითაა. რუსეთს სჭირდება ევროპელები ევროკავშირიდან და არა პირიქით. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნების ხელშია საკუთარი გავლენის გაძლიერების ბერკეტი. რა თქმა უნდა, აქ რუსეთის შიდა განვითარებაზე გავლენა ნაკლებად იგულისხმება: დასავლეთის უნარი გავლენა მოახდინოს რუსულ ელიტაზე დღეს ისეთი უმნიშვნელოა, როგორიც ის 1991 წლის შემდეგ არ ყოფილა და სწორედ ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახლახანს რიგის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეები. პოლიტიკური კულტურის ღრმა დინებებში პოლუსების შეცვლა ქვეყანაში არც აეროპორტების დიპლომატიას შეუძლია და არც მილიარდიან კრედიტებს. თუმცა იქ სადაც რუსეთის ქმედებები სხვებს ეხება, მაგალითად საერთო მეზობლებს მოლდავეთში, სადაც მოსკოვს მთელი არმია დარჩა, ან საქართველოს აღიარებული საზღვრების შიგნით, სადაც ის აქტიურად აშენებს სამხედრო ბაზას – ევროპელებს შეუძლიათ აუხსნან მას თუ როგორი ქმედებაა დასაშვები საერთო სახლში და როგორი არა. ძალა საკმარისია, მაგრამ არსებობს კი ამისთვის პოლიტიკური ნება – ეს უახლოეს თვეებში უნდა გამოჩნდეს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts