planetanews Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მერი დეჟევსკი მოსკოვში Starbucks–ის გაჩენა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნის მოქალაქეები ნამდვილი პოლიტიკური თავისუფლებებით სარგებლობენ. მაგრამ დღეს ისინი მზად არიან ამ მხრივ რამე იღონონ. რუსეთში რაღაც მწიფდება, მაგრამ კონკრეტულად რა იქნება ეს – რთული სათქმელია. ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, რუსეთის საკითხებში დასავლელ სპეციალისტებთან და რუს ინტელექტუალებთან, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად ჯგუფ „ვალდაის“ შეხვედრის ფარგლებში, რომლის კულმინაციაც გახდა ყოველწლიური კითხვა–პასუხის კონფერენცია ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით, მე მივხვდი, რომ რუსეთი საკუთარ წარსულს და მომავალს შორის არის მომწყვდეული და არ იცის საით წავიდეს. აკრძალული დემონსტრაციების დასაშლელად მუდმივად იყენებენ სპეცდანაყოფებს, თანაც მათი რიცხვი აშკარად არაპროპორციულია იმ საფრთხის, რაც კანონსა და წესრიგს შეკრების თავისუფლების დამცველთა მხრიდან ემუქრება. დღევანდელი დღის მოდური სიტყვაა „მოდერნიზაცია“, რომელიც პოსტ–საბჭოთა ლექსიკონში პრეზიდენტის პოსტზე პუტინის მემკვიდრე დიმიტრი მედვედევმა შემოიტანა. მას შემდეგ, ყველა რუსი ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, მთელი ძალით ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა არის ის. ინტელექტუალთა რიგებში იმედგაცრუებამ დაისადგურა. მაგრამ, ეს ყველაფერი, თითქოს ბოლომდე გამართლებული არ არის. მატერიალური თვალსაზრისით, ბოლო 20 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 10 წელიწადში რუსეთმა მოდერნიზაციის ნამდვილი ბუმი განიცადა. და დასავლეთის ეკონომიკური კრიზისის გავლენის მიუხედავად, ის სწრაფად მიიწევს წინ. ახალი სახლები, საოფისე შენობები და კომერციული ცენტრები არამხოლოდ მოსკოვსა და სანქტ–პეტერბურგში, არამედ სხვა ქალაქებშიც ჩნდება, რაც ზოგადად კარგის ნიშანია, თუმცა ეკოლოგიის თვალსაზრისით – ცუდის. რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა დღეს ცხოვრობს იმაზე უკეთ, ვიდრე ოდესმე. მაგრამ იმედგაცრუებული რუსი ინტელექტუალებისთვის და პროფესიონალთა მზარდი კლასისთვის მოდერნიზაცია მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის ზრდას არ უკავშირდება. ამ საკითხზე ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა: „საუბარია არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ცხოვრების ყველა ასპექტის, მათ შორის პოლიტიკის მოდერნიზებაზეც“. მან დასძინა: „რუსეთის პრობლემა ის არის, რომ მთელი მოსახლეობა ფიქრობს, რომ კანონის დაცვა თავისებურად შეუძლია. მოდერნიზაცია კი იმას გულისხმობს, რომ ასეთი ქმედება უნდა შეწყდეს, თანაც გამონაკლისების გარეშე. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც გერმანია ან საფრანგეთი იქცევა, სადაც ჩამოყალიბებული პოლიტიკური და იურიდიული სისტემა მოქმედებს“. ასეთი სხვაობა რუსეთს და მაგალითად, საფრანგეთს და გერმანიას შორის ბევრ რუსს აწუხებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები ამ სხვაობის დაძლევის აუცილებლობას ვერ გრძნობენ ან არ აქვთ საკმარისი ნება ცვლილებების განხორციელებისთვის. თუმცა, ამ თვის დასწყისში მედვედევი სიტყვით გამოვიდა იმ საერთაშორისო ფორუმზე, რომლის გადაქცევასაც ის რუსულ დავოსად იმედოვნებს. ის სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთის ენერგიულ ქალაქ იაროსლავლში. გამოსვლის თემა დემოკრატია გახლდათ, და ამ სფეროში რუსეთის ყველაზე სასტიკმა კრიტიკოსებმაც კი ვერ შეძლეს, გაფაციცებით არ ესმინათ პრეზიდენტის გამოსვლისთვის, მათ ის უჩვეულო თავშეკავებული ტონიც შენიშნეს, რომელშიც ეს სიტყვა ითქვა. აი, ამ გამოსვლის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი: „მე არამხოლოდ მწამს დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური რეჟიმის ფორმის, არამედ მჯერა, რომ დემორკატიას ასევე შეუძლია დამცირებისა და სიღარიბისგან იხსნას მილიონობით ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, და მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში“. რუსეთთან დაკავშირებით მან განაცხადა: „მე ვიცი ამ სისტემის ხარვეზები, შესაძლოა ყველაზე უკეთ… მაგრამ კატეგორიულად არ ვეთანხმები მათ, ვინც ამტკიცებს, რომ რუსეთში დემოკრატია არ არის, რომ აქ ავტორიტარული ტრადიციებია გაბატონებული. ეს ასე არ არის… რუსეთში დემოკრატია არსებობს. დაიხ, ის ახალგაზრდაა, უმწიფარი, არასრულყოფილი, გამოუცდელი, მაგრამ ეს მაინც დემოკრატიაა. ჩვენ გზის დასაწყისში ვართ. და ამ მხრივ წინ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვართ“. შემდეგ მან რამდენიმე პირობა ჩამოაყალიბა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთი უფრო დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. ერთ–ერთი მათგანია სასამართლოების და ციხეების მუშაობის გაუმჯობესება. და ბოლოს, მედვედევმა თქვა, რომ დემოკრატიის ერთ–ერთი ნამდვილი სტანდარტი თავად მოქალაქეების რწმენაშია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრობენ. „რადგან, როგორი განმარტებაც არ უნდა მივცეთ დემოკრატიას, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ დემოკრატიაა, მათ შორის რუსეთშიც, რა თქმა უნდა, დემოკრატია თითოეულმა მოქალაქემ თავად უნდა შეაფასოს“. გზა მართლაც ძალიან ხანგრძლივია. თუმცა, მას შემდეგ რაც ორი წლის წინ მედვედევი პრეზიდენტი გახდა, რუსეთმა ორი დიდი შოკი გადაიტანა და ეს შოკი შეიძლება ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდეს, როგორიც იყო ჩერნობილის ბირთვული კატასტროფა და სომხეთის მიწისძვრა – ორი მოვლენა, რომელმაც საბჭოთა კავშირში ცვლილებები დააჩქარა. პირველი შოკი სულ რაღაც ორ თვეში იყო მას შემდეგ, რაც მედვედევმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაიწყო. საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზე საქართველოსთან. საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულების თანახმად, რუსეთმა ამ ომში გაიმარჯვა. მაგრამ „გამარჯვებამ“ კრემლს მთელ რიგ უსიამოვნო რეალობებზე აუხილა თვალი. რუსეთს მსოფლიოში არ ჰყავს მეგობრები, რომელთა აღნიშვნაც ღირს. მისი, როგორც აგრესიული სახელმწიფოს იმიჯი, რომელსაც წარსული იმპერიის ნოსტალგია აქვს, მხოლოდ განმტკიცდა. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მისი შეიარაღებული ძალები ვადაგასული და დეზორგანიზებულია. ამის ერთ–ერთი შედეგი სახელმწიფოს საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის სრული გადაფასება გახდა, რასაც ხელი შეუწყო პრეზიდენტ ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკამ რუსეთთან. მოსკოვმა მსოფლიოს უფრო კეთლგანწყობილი სახე დაანახა. მისი ლიდერები თანამშრომლობაზე და გუნდურ მუშაობაზე ალაპარაკდნენ; რუსეტის დიპლომატიურ ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი „რბილი ძალა“. სოჭში ქართულ კონფლიქტზე საუბრისას პუტინი მთელი ძალით ერიდებოდა ლანძღვას და ქირქილს, რაც მას ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე და განაცხადა, რომ საქართველოს თვითგამოცხადებულმა ტერიტორიებმა თავად უნდა მიაღწიონ პრობლემების მოგვარებას (ანუ რუსეთის გარეშე), და დაეთანხმა იმას, რომ საქართველო ამ რეგიონში „დომინანტური ძალაა“. რუსეთი ახალი სტარტისთვის ემზადება, თანაც არამხოლოდ აშშ–სთან ურთიერთობებში, არამედ ევროკავშირთანაც. როგორც წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტიდან გახდა ცნობილი, რომელმაც პრესაში გაჟონა, რუსეთი უფრო მტკიცედ ცდილობს მისი პოლიტიკის ორიენტირებას დასავლეთისკენ. ამის კიდევ ერთი დადასტურება გახდა მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეთა მიწვევა გამარჯვების დღეს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობისთვის, ასევე მოულოდნელი მზადყოფნა დახმარებისთვის და ძალიან ადამიანური რეაქცია კატინთან პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფაზე, რასაც პოლონეთის პირველი პირის სიცოცხლე შეეწირა. ტყის ხანძრები, რომელმაც ამ ზაფხულში რუსეთის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონები მოიცვა, ქვეყნისთვის მეორე მასშტაბური შოკი იყო. ამ ფაქტმა ცხადყო, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების ტექნიკას და აღჭურვილობას, ასევე მათ მომზადებას, საბჭოთა პერიოდის შემდეგ საკმარიისი ყურადღება არ ეთმობა. რუსებმა დაინახეს, თუ რა ცუდადაა ორგანიზებული ამ სამსახურების მუშაობა კანადის, კორეის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების მაღალტექნოლოგირუი ჯგუფების მუშაობასთან შედარებით. ამგვარად, ხანძრები „მედერნიზაციის“ აუცილებლობის სასარგებლოდ პროპაგანდის დამაჯერებელი იარაღი გახდა. მაგრამ მათ კიდევ ერთ რაღაცას შეუწყვეს ხელი: სახალხო აქტივობის აფეთქებას, ძირითადად ადგილობრივ დონეზე. ხალხი ხანძრებთან საბრძოლველად მოხალისეთა ჯგუფებს ქმნიდა, აგროვებდა დახმარებებს სტიქიით დაზარალებულთათვის, ავსებდა რა ამით ვაკუუმს იმ რეგიონებში, სადაც სახელმწიფოს შეეძლო და უნდა ემოქმედა. და ეს ქვედა დონეზე მოსახლეობის საზაფხულო აქტიურობის ერთადერთი მაგალითი არ არის. „მწვანეთა“ მოძრაობამ, რომელიც ძალას იკრეფს, წარმატებით გააპროტესტა ახალი, უკიდურესად აუცილებელი მოსკოვი–სანკტ–პეტერბურგის ავტომაგისტრალის მშენებლობა. გზის ნაწილი ჰიმინსკის ტყეზე უნდა გაეყვანათ; მაგრამ მას შემდეგ რაც მედვედევი პროექტის ოპონენტების მხარეს დადგა, მშენებლობის გეგმებს გადახედეს. ადგილობრივ დონეზე გააქტიურდა ასევე ინდივიდუალური და კოლექტიური ძალისმხევა მიმართული უახლეს რუსულ ისტორიაში „თეთრი ლაქების“ ამოვსებისკენ. პუტინს აქტიურად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის ოფიციალურად არ აღიარებდა სტალინის რეპრესიების მსხვერპლთ მისი პრეზიდენტობის ბოლო თვეებამდეც კი. დიახ, არც მედვედევი არ ჩქარობს მათთვის ბოდიშის მოხდას სახელმწიფოს სახელით, როგორც ამას რეპრესირებულთა ოჯახები ელოდნენ. მაგრამ ინტერნეტის და ალექსანდრე სოლჟენიცინის ინიციატივის წყალობით, ქვეყანაში სულ უფრო ძალას იკრეფს მცდელობები, მიმართული იმის დადგენისკენ, თუ კონკრეტულად რა, ვის, როსდის და სად შეემთხვა იმ წლებში. ანატოლი რაზუმოვი – მოკრძალებული ისტორიკოსი და ბიბლიოგრაფია რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან ქალაქ სანქტ–პეტერბურგში. საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ის წმენდების მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს უთმობს. იგი რუსეთის ჩრდილო–დასავლეთის რეგიონებში მოგზაურობს და ადგილობრივი მოსახლეობისგან აგროვებს ინფორმაციას სამარხებზე, ეგსგუმაციას უტარებს ნეშტებს, ინფორმაციას აწვდის ნათესავებს და ნათელს ფენს რუსეთის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცლებს. მის სამუშაოს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს, ნაწილობრივ კი სოლჟენიცინის საქველმოქმედო ფონდი. ბევრი დაიწერა იმაზეც, თუ როგორ ხდება თანამედროვე რუსეთში სტალინის მიმართ მოწიწების აღორძინება. ის, რასაც სტალინზე ისტორიის სახელმძღვანელოებში წერენ, თანაც არც თუ ნეგატიურ კონტექსტში, დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საბაბი გახდა. მაგრამ იგივე კრიტიკოსებს ხშირად ავიწყდებათ, რომ სოლჟენიცინის წიგნი „არქიპელაგი გულაგი“ ყველა რუსულ სკოლაში სავალდებულოდ წასაკითხი ლიტერატურის სიაში შედის, ასევე ის, რომ ბევრი მოხალისე და საქველმოქმედო ორგანიზაცია ძალას არ იშურებს იმისთვის, რომ რეპრესიების მსხვერპლთა სახელები უკვდავყოს. ერთი მოსკოვური გაზეთი ადამიანებს სთავაზობს დეტალურად აღწერონ მათი დაკარგული ნათესავები, მათი სახელით სწავლობს არქივებს, შემდეგ აქვეყნებს ამ დაპატიმრებული ადამიანების სახელებს, მათი დაპატიმრების ან დაკარგვის თარიღებს, ასევე მათი საქმეების ნომრებს, თუკი თანამშრომლები მათ გარკვევას ახერხებენ. ამგვარად, ნათესავებს და მეგობრებს სიმართლის გაგება შეუძლიათ. რაზუმოვი იმაზეც მიანიშნებს, თუ რამდენად რთულია სტალინის იმ კვარცხლბეკიდან ჩამოგდება, რომელზეც ის ბევრი რუსის გონებაში დგას. მისი თქმით, მისი ყოველი გამოსვლის შემდეგ მასთან ადამიანები მიდიან და ეკითხებიან: „როგორ ფიქრობთ, იქნებ სტალინმა ამის შესახებ უბრალოდ არაფერი იცოდა?“ ერთმა პოლიტიკოსმა, რომელმაც მისი კარიერა გორბაჩოვის პერესტროიკის დროს დაიწყო, იმის შესახებ გვიამბო, თუ როგორ გლოვობდმა მისი ამომრჩეველი ელცინის, „ნამდვილი რუსი ლიდერის, სტალინის მსგავსი ერის მამის“ სიკვდილს. ნებისმიერ უცხოელი მიიჩნევს, რომ ასეთი შედარება ამაზრზენია და სულელური. მაგრამ უფროსი თაობის ბევრ რუსს სტალინისადმი თრთოლვა აქვს და ისინი მას არ აღიქვამენ როგორც განდიდების მანიით შეპყრობილ ადამიანს, რომელიც მთელი ამ წმენდების და მასობრივი რეპრესიების უკან იდგა. რუსეთი დღეს პრეზიდენტების პუტინის და მედვედევის გზით რთულ გარდამავალ ეტაპს გადის – უკანასკნელი საბჭოთა თაობიდან ახალ თაობამდე და ამ დროს წარმოქმნილი კონფლიქტები ბევრს კალაპოტიდან აგდებს. სამწუხაროდ, კრემლთმცოდნეობის ბნელი ხელოვნება საბჭოთა კავშირთან ერთად არ მომკვდარა. მისი საიდუმლო მეთოდები უბრალოდ გადავიდა დასავლეთის ჟურნალისტებისა და პოლიტოლოგებისგან მათ რუს კოლეგებზე. რუსეთის მედიის ცნობებს სატყეო ხანძრებზე თან ახლდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებდა, თუ როგორ კარგავდა პუტინი ან მედვედევი (ან ორივე ერთად) საკუთარ პოზიციებს რუსი ამომრჩევლების თვალში (ან არ კარგავდა, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე). მედიაში ფართოდ რეკლამირებული მამაცი პუტინის საქმენი საგმირონი – ნადირობა ვეშაპებზე და ციმბირის გზებზე მონავარდე ბოლო მარკის „ლადას“ საჭესთან მოკალათებული პუტინი (ამ ფაქტის წყალობით „ლადას“ მწარმოებლის „ავტო ვაზის“ აქციები არსებითად გაიზარდა) – აღქმულ იქნა ისე, რომ იგი 2012 წელს პრეზიდენტად კენჭისყრისთვის ემზადება. მედიამ იგივე ელფერი შესძინა პუტინის ინტერვიუსაც, სადაც მან განაცხადა, რომ მედვედევთან ერთად გადაწყვეტს, მათგან რომელი დააყენებს კანდიდატურას (ბლერი–ბრაუნის პაქტს გავს). ჩვენი შეხვედრისას, კითხვა–პასუხის დროს პუტინმა განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნება უშუალოდ ამ არჩევნების წინ. საკმაოდ მიკიბ–მოკიბული პასუხია, რაც მკვეთრად განსხვავდება მისი მტკიცე განცხადებებისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ის კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებდა იმისთვის, რომ ზედიზედ მესამე ვადით დარჩენილიყო პრეზიდენტად. ბევრს მიაჩნია, რომ პუტინი 2012 წელს სულმოუთქმელად ელის. ასევე ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა ის რომ, მედვედევის ვარსკვლავი ჩაესვენა. მისი გადაწყვეტილება არ შეხვედროდა წელს ჩვენი ჯგუფის წევრებს კლუბ „ვალდაიდან“, ზოგიერთებისთის ამ მოსაზრების დადასტურება გახდა. სხვები კი ამბობენ, რომ ეს პუტინთან მისი ურთიერთობების გაციებაზე მიუთითებს, ასევე მედვედევის მისწრაფებაზე იმოქმედოს დამოუკიდებლად – თუმცა პუტინი მასზე და მის საქმიანობაზე პრეზიდენტის პოსტზე, ძალიან თბილად საუბრობდა. თუკი უახლოეს წარსულს თვალს გადაავლებ, ხვდები თუ რა იყო იმის რეალური მიზეზი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგა: მედვედევს არ სურდა, რომ მისი სიტყვა დემოკრატიაზე სხვა მოვლენებს გადაეფარა. მის სიტყვაში არაფერი იმაზე არ მიუთითებს, რომ ის უკან დახევას და პოლიტიკის წინა ხაზიდან წასვლას გეგმავს. თუმცა, მისმა სიტყვამ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ცხადყო „თაობების კონფლიქტი“ – 1952 წელს დაბადებულ პუტინს და მედვედევს შორის, რომელიც 1965 წელს დაიბადა. ცამეტი წელი ოც წელზე ნაკლებია – ვადა, რომლითაც ჩვეულებრივ თაობებს ითვლიან ხოლმე. მაგრამ ეს წლები ხაზს უსვამს სხვაობას კომუნისტურ პარტიას დაქვემდებარებასა და გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს ცხოვრებას შორის; შიშსა და მოძალებულ თავისუფლებას შორის. პუტინის პრიორიტეტია (და მან ჩვენთან შეხვედრისას ეს მკაფიოდ გვაგრძნობინა), რომ სახელმწიფო გემის რყევა არ დაუშვას. მას არ სურს ისეთის არაფრის გაკეთება – არც ეკონომიკაში, არც პოლიტიკასა და არცერთ სხვა სფეროში – რაც რაიმენაირად მაინც შეარყევს დიდი ძალისხმევით მიღწეულ სტაბილურობას. 2008 წლაის არჩევნების წინ, მან დაინახა, რომ სერგეი ივანოვის თავზე, რომელსაც იმ დროს პრემიერ–მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა ჭორების კორიანტელი დატრიალდა. ბევრი ელოდა იმას, რომ პუტინს ივანოვი შეცვლიდა და მისი აპარატის საკვანძო ფიგურებმა ივანოვის მხარეს გადასვლა დაიწყეს. შედეგად, შეიქმნა საფრთხე რომ პუტინის საპრეზიდენტო ხელისუფლება და ავტორიტეტი შესუსტდებოდა. ამას სახელისუფლებო სტრუქტურის გამოხშირვა მოჰყვა და ივანოვი დამარცხდა. მედვედევი კი „პუტინის პარტიიდან“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს. პუტინს მისი ცხოვრებისეული გამოცდილება (რაც ისეთივეა, როგორიც რუსების უმრავლეობის) აიძულებს თავი აარიდოს ნებისმიერი ტიპის შოკს, რომელიც მას ცხოვრების განმავლობაში არ აკლდა. „ჩვენ არ გვჭირდება ხტუნვა არც ზევით არც ქვევით, არც გვერდით, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. თავის დროზე, რამდენიმე ათწლეულის წინ, ჩვენ სხვადასხვა მხარეს „საკმარისად ვიხტუნავეთ“, – გვითხრა პრემიერ–მინისტრმა. გარდაქმნის, „გლასნოსტის“ და როკის რევოლუციის შვილს მედვედევს სხვა შეხედულება აქვს. შემიძლია ვივარაუდო, რომ პუტინი მისი მეგობრის ხასიათის ამ თვისებას აფასებს და შეგუებულია იმ ფაქტს, რომ თავად აღთქმული მიწის ნახვა არ უწერია. რუსეთი დღეს გარდამტეხ ფაზაში იმყოფება. ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს დღეს უკვე აღარ გააჩნია „პერესტროიკამდელი“ ცხოვრებისეული გამოცდილება და აღარ ახსოვს ის თუ რა იყო მანამდე. თუკი დღეს მედვედევის თანატოლების რაოდენობა ქვეყანაში პუტინის თანატოლების რიცხვზე ნაკლებია, მალე ისინი მეტნი იქნებიან, და ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა კვლავ იმატებს. ხოლო დემოგრაფიაში გარდამტეხი მომენტი აისახება ყველაფერზე: პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ფსიქოლოგიაზე. ჩვენი „ვალდაის“ ჯგუფის ლექტორები და პროფესორები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მათი სტუდენტები დღეს აბსოლუტურად განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, ვისაც ადრე ასწავლიდნენ. ერთ–ერთმა გვიამბო, როგორ კითხულობდა ის ლექციას უცხოეთში სწავლის განაცხადის შეტანასა და განხილვის საბჭოთა პროცედურაზე. სტუდენტებს არანაირი თანაგრძნობა არ გამოუთქვამთ, მათ ლექტორს უბრალოდ არ დაუჯერეს. შემდეგ კი ჰკითხეს, რატომ ეგუებოდა ის ასეთ შეზღუდვებს. შესაძლოა 2012 წელს არა, მაგრამ მაინც მალე, ეს თაობა, გაზრდილი მოდერნიზაციასა და სასკოლო პროგრამებზე, რომლებიც მოიცავს სტალინსაც და სოლჟენიცინსაც¸რუსეთს სრულყოფილად შეიყვანს 21–ე საუკუნეში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts