planetanews Posted September 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2010 ამ ზაფხულს საქართველო ნამდვილი „კავკასიის ვარსკვლავი“ გახლდათ. უამრავი ტურისტი, რომელიც 2010 წლის ზაფულში გვეწვია, ალბათ გაოცებულიც დარჩა - სიცოცხლით სავსე საკურორტო ზონები სულაც არ მოგაგონებდათ ქვეყანას, რომლის ტრაგიკულმა აგვისტომ სულ რაღაც ორი წლის წინ მსოფლიო შეძრა. ყოველ შემთხვევაში, აჭარის სანაპიროზე გაშოტილი თუ მაღალმთიან რაიონებში ზურგჩანთებით დამძიმებული მოგზაურების გაბადრულ სახეებზე მსოფლიოს ცხელი წერტილებისადმი განსაკუთრებული ლტოლვა არ ამომიკითხავს – ისინი აქ მხიარული თავგადასავლების საძებნად ჩამოვიდნენ. ან კომფორტულ გარემოში გასართობად. ეს რეალობაა და სტატისტიკურ ციფრებში აისახება. თუმცა, პარალელური რეალობაც არსებობს, ასევე მარტივად დადასტურებადი: მანამ, სანამ დედაქალაქში მშვიდად გვძინავს, რამდენიმე ათეულ კილომეტრში მრისხანე მტრის ჯარია დაბანაკებული. შესაძლოა, ჯარისკაცები სულაც დამშეული, გასაცოდავებული ლოთები არიან, მაგრამ მრისხანე მტერი – მრისხანე მტერია. დისლოცირების ადგილის მახლობელ სოფლებში „გაყინული“ სიტუაცია ყოვლად არაგაყინულ და ყოველდღიურ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. რაც მთავარია, ჩვენი სახელმწიფო არაფრისგანაა დაზღვეული: მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ძალთა არსებული განლაგება განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ გვიწარნასწარმეტყველებს, მაგრამ სანამ ყველაფერი ისეა, როგორც არის, ჩვენ – მხიარულები და სტუმართმოყვარეები – ნაღმზე ვზივართ. ორი წლის შემდეგ – პროგნოზები და რჩევები საქართველო-რუსეთის ხუთ დღიანი ომიდან ორი წლის შემდეგ არსებული მდგომარეობის შეფასებისას ყველაზე ხშირად სიტყვა „ჩიხურს“ გადააწყდებით. მართლაც, სიტუაცია ჩიხშია შესული: გაყინული კონფლიქტის გონივრულ ვადაში მოგვარებაზე საუბარი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. დათმობა არც არავის სურს და არც სჭირდება. საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ომის ჭრილობები მოუშუშებელი, მომავალი კი არაპროგნოზირებადი. მეორეს მხრივ, თუ საკუთარ თავებში ოპტიმიზმის გაძლიერებას გადავწყვეტთ, შეგვიძლია კლასიკური არგუმენტი მოვიშველიოთ: ყველაფერი გაცილებით უარესადაც შეიძლება ყოფილიყო. ბევრი აღნიშნავს, რომ ზოგადი სიტუაცია საქართველოში იმაზე უკეთესია, ვიდრე ორი წლის წინ ამის წარმოდგენას გაბედავდა ვინმე: პუტინმა დანაპირები ვერ აასრულა და მსოფლიოს „კვერცხებით დაკიდებული“ სააკაშვილის ხილვის ბედნიერება არ ერგო წილად. მიშას რომ სამშობლოში საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, უკანასკნელმა არჩევნებაც დაადასტურა. ეკონომიკა კოლაფსს გადაურჩა. ინფრასტრუქტურა და ვაჭრობის პირობები ასე თუ ისე, ვითარდება. „საერთაშორისო იზოლაცია“ მითი აღმოჩნდა – მსოფილოს ლიდერები კვლავ სტუმრობენ თბილისს. ზაფხული მხიარულია, საკურორტო ზონები ტურისტებით სავსე… დასავლურ პრესაში წერენ, რომ „რუსულ-ქართული ომის შემდეგ, რომელიც 2008 წლის 8-12 აგვისტოს სამხრეთ-ოსეთის გამო მოხდა, ორი წელი გავიდა და სიტუაცია თბილისის თვალთახედვიდან ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ამას ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ისურვებდა“ (openDemocracy). მიზეზი, როგორც უკვე ითქვა, მრავალია: შტატების სოლიდური ფინანსური დახმარებიდან დაწყებული, დასრულებული სააკაშვილის მყარი პოზიციებით, რომლის აღდგენაც მან, ასე თუ ისე, მოახერხა - მიუხედავად სკანდალური მოდელირებული ომებისა და ზოგადად, ესოდენ „ნაჩქარევი და იმპულსური“ ქმედებების ნიჭისა. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ერთი მოკრძალებული, მაგრამ პოზიტიური შედეგი: ბოლოსდაბოლოს, შესაძლებელი გახდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დაბრუნების“ ნაციონალისტურ-პოპულისტური იდეის გვერდზე გადადება – ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ პროგნოზირებად მომავალში ეს არ მოხდება. შესაბამისად, თემის პედალირებაც აღარავის აწყობს. მივყვეთ პიზიტიურ პროგნოზებს. „რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოში რჩებიან, მაგრამ თბილისს ნათელი მომავალი აქვს“ - ოპტიმისტურადაა განწყობილი The Wall Street Journal-ი. „აფხაზები და ოსები მიხვდებიან, რომ თბილისისგან გათავისუფლება და მოსკოვზე დამოკიდებულება, არანაირი თავისუფლება არ არის. ისინი აკვირდებიან იმას რომ ამერიკელი, ევროპელი, თურქი, ყაზახი, ებრაელი და სხვა ინვესტორები მათ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ მეზობელს დასავლური სტილის სახელმწიფოდ გარდაქმნიან, აყვავებული ეკონომიკით, იმ დროს როდესაც მათი საკუთარი ტერიტორია მავთულხლართების მიღმა ნადგურდება. ყველაფერი თავისთავად მოხდება. რუსული პასპორტები და მოსკოვის წყალობა, ასევე მათი მითითებით ჩატარებული ფსევდო–არჩევნები რეალურ მომავალს ვერ შეცვლის“ . სხვათაშორის, ამასვე იმედოვნებენ თბილისში, რეინტეგრაციის სამინისტროში. რამდენიმე თვეა, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული რეგიონების რეინტეგრაციის ახალი პოლიტიკა სწორედ მსგავს გათვლებს ემყარება. საუბარია გეგმაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან სავაჭრო, კულტურული, სოციალური, საგანმანათლებლო თუ ბიზნეს ურთიერთობების წამოწყებას ისახავს მიზნად. „საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ის არის, რომ მთელი ძალისხმევა მიმართოს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეებთან კავშირების მხარდაჭერისა და განმტკიცებისკენ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუშვათ მათი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, არამედ იმისთვისაც, რომ დაჩქარდეს იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების სახლებში დაბრუნება” – წერს რეინტეგრაციის მინისტრი, თემურ იაკობაშვილი (Le Monde). დიახ, ეს ყველაფერი მიმზიდველად ჟღერს, თუმცა რეალობა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საბაბს არ იძლევა. სიმართლე, რომელიც მარტივად დასაჯერებილია, შემდეგნაირად ჟღერს: რუსები დაკავებული პოზიციებიდან ფეხს არ მოიცვლიან (ouestFrance), და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებული შეხსენება ამას ვერ შეცვლის, სარკოზის ავტორიტეტისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. რაც შეეხება საქართველოს, ის ნამდვილ საგონებელშია ჩავარდნილი: თან უძლურია, რამე შეცვალოს, თან იძულებულია, რიტორიკის დონეზე მაინც შეინარჩუნოს სითამამე და ოპტიმიზმი. ქვეყნის შიგნით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობაზე მინიშნებაც კი უპატიებელ ღალატად აღიქმება, მაშასადამე, მდგომარეობის განმუხტვის ეს ვერსია, შეგვიძლია, სათვალავიდან საერთოდ ამოვიღოთ. ვითარებას განსაკუთრებულ დრამატულობას ის მატებს, რომ სანამ სახელმწიფოების პოლიტიკურ ცენტრებში დიდ დილემებზე ბჭობენ, ამ ყველაფრის მიღმა მყოფი ადამიანები იტანჯებიან. ჩვენს დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში შესაძლოა სიცოცხლე დუღს, მაგრამ კონფლიქტურ ზონებთან მოსაზღვრე სოფლებში მოსახლეობას სულაც არ ულხინს (BBC), რომ აღარაფერი ვთქვათ დევნილებზე. მაშასადამე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩიხში. მივყვეთ ჰიპოთეზებს გამოსავალზე: „ამ პრობლემის მოკლევადიანი ან თუნდაც საშუალოვადიანი გადაწყვეტის პოვნაც კი, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებდა, ფაქტობრივად შეუძლებელია. მსგავსი გადაწყვეტა შეიძლება გაჩნდეს საერთაშორისო წესრიგში არსებითი ცვლილებების შემდეგ და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში“ (openDemocracy). მსგავსი ცვლილება, შესაძლოა, წარმოვიდგინოთ, როგორც რუსეთის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა, ან მოვიფიქროთ საერთაშორისო წესრიგის ცვლილების სხვა კრეატიული ვერსიები. „შეცდომის ღირსეულად აღიარების ხელოვნება, ოდესმე გადაარჩენს კაცობრიობას“ – შესაძლოა, პათეთიურად ჟღერს, მაგრამ მონანიებისკენ მართლაც მოგვიწოდებენ. მაგალითად, ნილ აშერსონს მიაჩნია, რომ საქართველომ აფხაზეთი საბოლოოდ დაკარგა, სამაგიეროდ დასავლეთს ჯერ კიდევ აქვს მისი შენარჩუნების შანსი და ეს უნდა გამოიყენოს (openDemocracy). ამისათვის საჭიროა, რომ „პოლიტიკა შეიცვალოს”, სანამ შესაძლებლობების სარკმელი საბოლოოდ და უიმედოდ მოხურულა – იგულისხმება საქართველო, რომელმაც საბოლოოდ უნდა თქვას უარი „აუხდენელ ტერიტორიულ ოცნებებზე“ , მოტივატორის როლი კი კვლავაც აშშ-მ უნდა იტვირთოს. ამრიგად, ვინ იცის, ეგებ აფხაზეთს ისტორიული მისია დაეკისროს და ის “გაყინული“ კავკასიის ლღვობის გასაღები აღმოჩნდეს. „და შედეგი? თბილი და ახალი ურთიერთობები სამხრეთ-კავკასიის ორ დამოუკიდებელ (დიდ და პატარა) სახელმწიფოს შორის. შესაძლოა განსაკუთრებული ურთიერთობებიც კი, რადგან რაც არ უნდა ითქვას, მათ ბევრი რამ აერთიანებთ. ამისთვის კი მხოლოდ ერთი რამაა საჭირო – შეცდომის ღირსეულად აღიარების ხელოვნება, მაგრამ კავკასიაში ამ ხელოვნებას არ ასწავლიან“. ალბათ მსაგვსი ხასიათის რჩევები მოსკოვსაც არ აწყენდა. ამასობაში თბილისი შტატებისგან სულ სხვა მიმართულებით ელის „მოტივირებას“. რუსეთის დიპლომატიური წარუმატებლობა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების „შეგროვების“ საკითხში და ჰილარი კლინტონის განცხადებები „ოკუპაციის“ თაობაზე აქ ოპტიმისტურ ჭრილში განიხილება, ოფიციალურად მაინც. კლინტონმა „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება დაერწმუნებინა – ამერიკას სურს ურთიერთობების „გადატვირთვა“ რუსეთთან, მაგრამ ამას არ მოჰყვება მათი ინტერესების მსხვერპლად შეწირვა“ – წერს ალექსანდრე რონდელი (openDemocracy) და სავარაუდოდ, საქართველოში ეს მართლაც ჯერათ. სხვათა შორის, მცდელობას არც სამხრეთ ოსეთის ახლად გამომცხვარი „რესპუბლიკა“ აკლებს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში. როგორც ჩანს, ოსურ მხარეს სურს, დაიკმაყოფილოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაკავშირებული მოკრძალებული ამბიციები, თუმცაღა, დიდ წილად, მცდელობა მცდელობად რჩება. ძალისხმევა, მიმართული იქითკენ, რომ ევროპამ მოვლენები „ექსკლუზიურად ქართული არგუმენტების“ პრიზმიდან არ განიხილოს არაღიარებული სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული დივიდენდების მომტანი არ არის: „ბრიუსელის პოზიცია საუბარს რეგიონის ევროპულ მომავალზე, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებაზე უაზროს ხდის, რადგან ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს საბჭოთა ეპოქის დროს არსებული მისი საზღვრები. საშუალოვადიან პერსპექტივაში, სიტუაცია სამხრეთ-ოსეთთან დაკავშირებით ნულოვანი თამაშით შემოიფარგლება, სადაც ერთი მხარის მოგება, მეორე მხარის დანაკარგების იქნება“ (global research). თავის მხრივ, ევროკავშირს, ჯიუტი რუსული მხარის გარდა, პრეტენზიები საქართველოს მთავრობის „შეურიგებელ“ პოზიციასთანაც აქვს, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ეს მათ მთავარ მისიას, „ნდობის აღდგენას“ ეწინააღმდეგება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საქართველოში, ჰანს იორგ ჰაბერი თბილისის „კონსტრუქციული უნილატერალიზმის“ წახალისებას ცდილობს და მოუწოდებს, ეს პრინციპი აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობასთან ურთიერთქმედების სტრატეგიაშიც გამოიყენოს (RadioLiberty). უმრავლესობა თანხმდება, რომ სამუდამოდ ასე ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან, კომპრომისი გარდაუვალია. ბუნდოვანი მხოლოდ კომპრომისის მიღწევის გზებია. „იმისთვის, რომ ეს (კომპრომისი) მოხდეს, პროცესის გლობალურმა მონაწილეებმა უნდა უკუაგდონ საკუთარი რიტორიკა და ეს კონფლიქტი აღარ განიხილონ ცივი ომის პრიზმიდან“ – მიაჩნია Financial Times-ის კომენტატორს. ახალმა პოლიტიკამ ოსები რუსეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობისგან უნდა გაათავისუფლოს – რაც არ უნდა იყოს, მიუხედავად მწვავე ანტაგონიზმისა, მათსა და ქართველებს შორის ნათესაური თუ სავაჭრო კავშორები ახლაც არსებობს. საქმე ბევრად რთულდება აფხაზეთის შემთხვევაში, რომელსაც, საყოველთაო მოსაზრებით, მიზერული, მაგრამ მაინც აქვს შანსი, დამოუკიდებელი იყოს, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით. ყოველივე ეს ვარაუდია და ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვით, მით უმეტეს, რომ ჩიხიდან გამოსვლის თითოეული ვერსია ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. დღეისათვის ცხადი მხოლოდ ერთი რამაა: აბსურდული კავკასიური წლის დალაგება შორეული მომავლის საქმეა. ვინ იცის, ეგებ ოდესმე რუსეთმა საქართველო „გადატვირთვის“ ნაწილადაც აქციოს. რა თქმა უნდა, მას მერე, რაც ორ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ, მთავრობები შეიცვლება. მანამდე, კრემლის განცხადებებს თუ დავეყრდნობით, მოსკოვში სააკაშვილთან საქმის დაჭერას კატეგორიულად არ აპირებს, საქართველოს პრეზიდენტი კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ რუსეთის მმართველები ახალ გეგმებს ამუშავებენ მისი მთავრობის დასამხობად (The Irish Times). ასეა თუ ისე, შესაძლოა, ბევრი ამას არ აღიარებს, მაგრამ შექმნილ ვითრებაში სტატუს-ქვოს შენარჩუნება მეტ-ნაკლებად ყველას აწყობს: ნატო, რომელსაც პრობლემები ისედაც არ აკლია, საქართველოს მოახლოებისგან „დაზღვეულია“, რუსეთი კუნთებს ათამაშებს, თბილისმა კი, როგორც გია ნოდია მიიჩნევს (Radio Liberty), კონფლიქტების გადაწყვეტის პრობლემა დღის წესრიგიდან მოხსნა. რაციონალური მსოფლიო ქართველოფილების წინააღმდეგ მომავალი კომპრომისების გარდაუვალობაზე ბევრი ვისაუბრეთ, ახლა აწმყო ეჭვებსა და პოლიტიკურ კომბინაციებს გადავხედოთ. მითუმეტეს, რომ სეპარატიზმის პრობლემა ანალიტიკოსებისა და ექსპერტების რეფლექსიის ერთ-ერთი უმთავრესი საგანია. ეს საუბრები განსაკუთრებით მას შემდეგ გაცხარდა, რაც ჰააგაში კოსოვოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმაცია შედგა და პრეცენდენტის შექმნა-არ შექმნის თემაც ხელახლა აგორდა (Radio Liberty). „გადატვირთვის“ ოპონენტები, როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გაუმჯებესების გზაზე მდგომი ურთიერთობები კარგს არაფერს მოუტანს. ჩვენთანაც ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა დათბობის პროცესს, მაგრამ, როგორც დღეს ოფიციალური თბილისი აცხადებს, საქართველო „გადატვირთვის“ შედეგებით კმაყოფილია. მავანთა აზრით, ის, რომ ზაფხულის თბილისში დაძაბულობა ან ომის შიში არ იგრძნობა, სწორედ ობამას პოლიტიკის შედეგია. არგუმენტი შემდეგია: თუ გვსურს, რუსეთთან ხელახალი კონფრონტაციისგან თავი დავიზღვიოთ, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ მოსკოვს კონფლიქტის განახლება იმ უპირატესობების დაკარგვად არ უღირს, რომელიც შტატებთან გამოსწორებული ურთიერთობით მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ: საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებამდე კრემლი, როგორც მინიმუმ, ოჯერ მეტს იფიქრებს, თუ სავაჭრო ორგანიზაცია და რუსული საწარმოო სექტორის მოდერნიზაციის ამბიციური გეგმა გაახსენდება. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთს უნდა გააჩნდეს რაღაც, რისი დაკარგვაც დაენანება. რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციას, ჩვენთვის სასურველი სცენარის შემთხვევაში, მან „სიფხიზლე უნდა შეინარჩუნოს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. მომავალშიც უნდა აგრძნობინოს რუსეთს ის, რომ მეზობლების პატივისცემით ის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს და ძალიან ბევრს დაკარგავს მათი დაშინებით“ (Foreign Policy). თუმცა, ოფიციალური პოზიციის მიუხედავად, ბევრს ეეჭვება, თბილისში ისევე იყვნენ დარწმუნებულნი ობამას სიყვარულში, როგორც ეს “ქართული სინდრომით“ შეპყრობილი ბუშის შემთხვევაში იყო. თუ საქართველო ბუშისთვის დემოკრატიისთვის მისი „ჯვაროსნული ომის“ წარმოების თილისმას წარმოადგენდა, ვერ ვიტყვით, რომ აშშ-ს ამჟამინდელ პრეზიდენტაც მსგავსი სენტიმენტები აკავშირებს ჩვენი ქვეყნისადმი. რა თქმა უნდა, ვაშინგტონის მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ცოტას არ ნიშნავს, მაგრამ რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობის პირობებში არსებობის სრული უფლება აქვს ვერსიას: უარი ხომ არ სთქვა ობამამ „ევროცენტრიზმის“ პრინციპზე, რაც „დასავლური ღირებულებების“ კოდექსად ითვლება, ან ხომ არ ემზადება იგი იმისთვის რომ საქართველო რუსეთთან გადატვირთვას შესწიროს? (Foreign Policy) მაინც რას იზამს თეთრი სახლის ადმინისტრაცია, თუ მარტივად პროგნოზირებადი რამ მოხდება: მოსკოვი უარს იტყვის, დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები? „როგორც სჩანს ადმინისტრაციას მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს“ – აშშ-ს საგარეო პოლიტიკით არც ისე კმაყოფილია საქართველოთი კიდევ ერთი ცნობილი „შეპყრობილი“, „ქართველოფილი“ სენატორი ჯონ მაკკეინი – „მედვედევმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საკითხზე თანამშრომლობა – აშშ-ს პრიორიტეტია და თუკი რუსეთი ჩვენს პრიორიტეტებს არ გაიზიარებს, არ უნდა ელოდოს იმას, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება მას ისეთი პრიორიტეტების განხორციელებაში, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება“ (the Washington Post). სენატორი თეთრ სახლს მოუწოდებს, თავდაცვითი შეიარაღებით თამამად მოამარაგონ ქართველები, სხვა მხრივ, ეს ნამდვილი უმადურობა იქნება, საქართველო ხომ იმაზე მეტს აკეთებს ავღანეთში, ვიდრე თვითონ „ნატოს“ წევრი ქვეყნები. შესაძლოა, ადმინისტრაცია ცდილობს, რაციონალური გათვლები გააკეთოს, მაგრამ „ამერიკას უნდა ახსოვდეს, ვინ არიან მისი ნამდვილი მეგობრები“. მაკკეინი ერთადერთი არ არის, ვინც ობამას აკრიტიკებს. „გადატვირთვის“ პარალელურად გამუდმებით გვესმის, როგორ აპირებს რუსეთი მასშტაბური მოდერნიზაციის დაწყებას, თუმცა, როგორც ფაქტები მეტყველებენ, ეს პოლიტიკის ლიბერალიზაციას სულაც არ გულისხმობს. რას აკეთებს აშშ, სანამ კავკასიაში რუსული სამხედრო ბაზები იხსნება და იარაღი ჩხარუნობს? „როგორც სჩანს ვაშინგტონი კმაყოფილია „რბილი ძალის“ მნიშვნელობაზე ქადაგებით. მისი ფსევდო-პრაგმატული მიდგომა „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“, მოსკოვს მხოლოდ უბიძგებს საკუთარი ჰეგემონიის გაძლიერებისკენ“ – თეთრ სახლს კავკასიაში უფრო აგრესიული მოქმედებისკენ მოუწოდებენ, თუნდაც რუსეთის გაბრაზების ხარჯზე. იგულისხმება დე-ფაქტო ემბარგოს ახსნა საქართველოს იარაღით მომარაგებაზე, ასევე მეტი ძალისხმევის მიმართვა ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ზოგადად კავკასიის ქვეყნებთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოება შესაძლოა მართლაც ერთადერთი გზაა რეგიონში რუსეთის მზარდი გავლენების შესაჩერებლად: „ევრაზიაში ამერიკული ინტერესების დაცვის მიზნით, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან მისი გადატვირთვის პოლიტიკა უნდა გადატვირთოს“(The Wall Street Journal). რა საკვირველია, „გადატვირთვას“ მეხოტბეებიც ყავს. მართალია, მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ ავტოკრატულ და აგრესიულ რუსეთთან ურთიერთობა არც ისე მარტივია, მაგრამ „ქართული სინდრომისგან“ თავისუფალთა აზრით, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს, ეს გადაუდებელი აუცილებლობაა (Foreign Policy). რეალობა ისაა, რომ აზრთა სხვადასხვაობის პარალელურად რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობები უმჯობესდება, ზედაპირულად მაინც – ერთობლივი გეგმები სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. შესაბამისად, ახალი ეტაპი დადგა რუსეთისა და „ნატო“-ს ურთიერთობაშიც: ქართულ-რუსული ომის შემდეგ შეწყვეტილი სამხედრო კავშირები აღდგა, შედგა შეთანხმება „21-ე საუკუნის საფრთხეების“ ერთობლივ განხილვაზეც. თუმცა იდილიისგან ჯერ კიდევ შორს ვართ: მანამ, სანამ მავანთა პროგნოზები გამართლდება და „რუსეთთან ალიანსი შეიქმნება, ამერიკა კი /ნატო-ს/ გარეთ აღმოჩნდება“ (the Trumpet), ბლოკსა და რუსეთს შორის ურთიერთნდობის დეფიციტი აშკარაა. პრინციპული უთანხმოების ერთ-ერთი საგანი სწორედ საქართველო და მისი ტერიტორიული პრობლემებია, გარდა ამისა, „ნატო“ ცდილობს, ზედმეტად გულუბრყვილოც არ გამოჩნდეს. „ენდე, მაგრამ თავი დაიზღვიე“-ს პრინციპით, ალიანსი აპირებს თავდაპირველი უმთავრესი ღირებულება – მოკავშირეთა დაცვა – უზრუნველყოს. ეს, პირველ რიგში, აღმოსავლეთ-ევროპელ წევრებს ეხება (The Economist). სწორედ ეს ქვეყნები ჩივიან აშშ-ს უყურადღებობაზე. ამ ფონზე ევროკავშირს, რომელსაც ისედაც ბევრი საყვედურობს პასიური პოლიტიკის გამო, გააქტიურებასა და რუსეთისა და აღმოსავლეთ-ევროპის მიმართ ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ურჩევენ: „აშშ-ს და ევროპას შორის კოორდინაციას აღმოსავლეთ პოლიტიკაში, ამ პოლიტიკის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ ერთმანეთი სჭირდებათ და ისინი დაზარალდებიან, თუკი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთმანეთს შეეჯიბრებიან, მაგრამ კოორდინაციის გაუმჯობესება თავად ევროპისთვისაც აუცილებელია, ბერლინი და პარიზი დამარცხდებიან, თუკი ევროკავშირის მართვას ისე შეეცდებიან, რომ საკუთარ სისწორეში სხვა ევროპელებს არ დაარწმუნებენ“ – წერენ Guardian-ში. სანამ ალიანსები შიდა პრობლემებში და პრიორიტეტებში გარკვევას ცდილობენ, რუსეთი დროს არ კარგავს და რეგიონში, რომელიც პრიორიტეტული ინტერესების სფეროდ გამოაცხადა, ფეხს მყარად იკიდებს. მოსკოვი, როგორც ჩანს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ სიტუაციის ბატონ-პატრონია – ყველა კოზირი მის ხელშია. გეშინოდეთ რუსების, რომლებსაც საჩუქრად იარაღი მოაქვთ ცოტა ხნის წინ მსოფლიოს შეფიქრიანების საბაბი მიეცა, საქართველოს კი – აღშფოთების. S-300 (a.k.a. SA-20) თანამედროვე რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, თანაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე. აფხაზეთის ტერიტორიაზე სწორედ ამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის განთავსება გაახმოვანა დე-ფაქტო მთავრობამ. მართალია, ეჭვობენ, რომ S-300 აფხაზეთში სრული ორი წელია, რაც განლაგებულია, მაგრამ აფხაზებმა ეს მხოლოდ ახლახანს განაცხადეს ოფიციალურად. მოსკოვმაც დაადასტურა. ოფიციალური ვერსიით, ყოველივე აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის საჰაერო სივრცის დასაცავად კეთდება. რთული დასაჯერებელია, პოტენციურ შემტევში საქართველოს განკარგულებაში მყოფი რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი იგულისხმებოდეს (იაკობაშვილმა მისთვის ჩვეული ენაკვიმატობით იხუმრა კიდეც, როგორც ჩანს, უცხოპლანეტელების ჩამოგდებას აპირებენო). როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ამბავმა ვარაუდების მთელი ნიაღვარი გამოიწვია. ექსპერტთა ნაწილი, მათ შორის – რუსეთში, მიიჩნევს, რომ მოსკოვი ცდილობს ნატოს გაფრთხილებას - გულშიც არ გაივლოს საქართველოს საჰაერო ძალების დახმარება. თბილისში კი დაჟინებით ამტკიცებენ, რომ დანადგარები არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს უქმნის საფრთხეს, არამედ მთელ ევროპას და დასავლეთმა ეს გამოწვევად უნდა აღიქვას. ევროპა ამ მოულოდნელი ცნობით განცვიფრებული დარჩა. თანაც, ეს ყველაფერი რუსეთ-გერმანიის ინიციატივის ფონზე, რომლის თანახმად მხარეები რუსეთ-ევროკავშირის ახალი, პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტის მისიით შთაგონებული უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე შეთანხმდნენ. „ეს იმის ნიშანია, რომ მიუხედავად რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ნორმალიზებისა 2008 წლის ომის შემდეგ, სიტყვებს და საქმეს შორის სერიოზული სხვაობაა. ამ (ახალი) კომისიის შესახებ განცხადებით ჯერ-ჯერობით არაფერი გამოდის“ – აცხადებს თბილისში არსებული საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანალიტიკოსი ლოურენს შიტსი(euobsrver). აფხაზეთი ცალკეული შემთხვევა არ გახლავთ. ჩვენ შეგვიძლია გული ნაწილობრივ იმით დავიმშვიდოთ, რომ, ექსპერტების თქმით, ხსენებული თავდაცვითი სისტემა საქართველოს უშუალო სამხედრო საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ ეს სიტუაციის დრამატულობას არ ამცირებს: ყოველივე არც ისე სახარბიელო ტენდენციებზე მიანიშნებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ანალოგიური სისტემა უკვე განთავსებულია სომხეთსა და სირიაში, ცხადი ხდება, მოსკოვს ზეწოლის წერტილების შექმნა სურს და მყარად აქვს გადაწყვეტილი გავლენის სფეროების შენარჩუნება-გამყარება. შეთანხმების თანახმად, S-300 ირანმაც უნდა მიიღოს – მართალია, ამ ეტაპზე მოლაპარაკება თითქოს შეჩერდა, მაგრამ ირანისადმი რუსეთის „ზიგზაგისებური“ პოლიტიკა ამის გარეშეც ბევრს აფიქრებს (National Intereset). დადის ხმები იმის თაობაზეც, რომ დანადგარების მიყიდვა აზერბაიჯანისთვისაც იგეგმება. როგორც ვარაუდობენ, საქმე გვაქვს მცდელობასთან, შეიქმნას საპირწონე მოსკოვი-სომხეთის მყარი სამხედრო კავშირებისთვის – აზერბაიჯანმა შედარებით მარტივად გადაიტანოს სომხეთში რუსების ბაზის იჯარის 2044 წლამდე გაგრძელება და მისიის განახლება (AFP). რეაქცია, რომელსაც პრესაში ვხვდებით, შესაბამისია: „რეგიონში რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ცხადად ადასტურებს იმას, რომ 2008 წლის ომში აშკარა გეოპოლიტიკური გამარჯვების წყალობით, ამ თამაშში ყველა კოზირი მოსკოვის ხელშია და დასავლეთს არა აქვს სერიოზული ბერკეტები, რომელიც მოსკოვს ამიერკავკასიის პოლიტიკის გადახედვას აიძულებდა“ (ISN). ასე რომ, იარაღის მოჟღარუნე რუსეთი გეგმას მიყვება. ირანისა და ისრაელის, სომხეთისა და აზერბაიჯანის, საქართველოსა და მისი სეპარატისტული რეგიონების კონფლიქტებში მოსკოვი მთავარი მოთამაშის როლს იმყარებს. დამოუკიდებლობისა და დევნილობის ორი წელი ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მართალია, მსოფლიოს მნიშვნელოვანმა და გადამწყვეტმა ნაწილმა მტკიცე უარი განაცხადა, მიებაძა მოსკოვისთვის, მაგრამ აფხაზები „დამოუკიდებლობას“ მაინც ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. მედვედევის ვიზიტიც გარკვეულ სტიმულს წარმოადგენს ადგილობრივი მთავრობისთვის, როგორც „დიდი კაცის“ მოწყალება. როგორც ხმები მოდის, სოხუმში ნელ-ნელა ვითარდება ტურიზმი და მცირე ბიზნესი, მაგრამ შორიდანაც ადვილი მისახვედრია, რომ იქ ვითარება იდეალურთან არც თუ ისე ახლოს იქნება. რა ხდება რეალურად დასავლეთისგან უარყოფილ აფხაზეთში, რომლის ბიუჯეტს მოსკოვი ასაზრდოებს? „მხოლოდ 30 კილომეტრის სანაპირო ზოლი აშორებს ერთმანეთისგან სოჭის და გაგრის კურორტებს, თუმცა მანძილი რომელიც მათ შორის იგრძნობა გაცილებით დიდია. რუსეთის შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭში, სასტუმროები და სანაპირო ბარები ტურისტებითაა გადატვირთული. გაგრაში კი საპირისპირო სურათია – ქალაქის სანაპიროზე რუსეთის ფლოტი პატრულირებს – აფხაზეთის საკურორტო ცენტრში ვარდნაა“ – იტყობინება Handelsblatt-ი. საპირისპიროს ილუზია, ალბათ, მხოლოდ გულუბრყვილოებს თუ ექნებოდათ. რიგითი აფხაზები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ დამოუკიდებლობა სურთ, მათ შორის – რუსეთისგან, „საკუთარ ფეხზე დგომის სწავლა“ – ეს სიტყვებიც არანაკლებ გულუბრყვილოდ ჟღერს. რეალურად საერთაშორისო იზოლაცია, არაკონკურენტუნარიანობა და მადაზე მოსული რუსეთი არც ისე ოპტიმისტურ სურათს ხატავს. ახლად აღდგენილ საკურორტო შენობების ბაღში კგბ-ს საუკეთესო ტრადიციების დაცვით დღესაც ფსბ-ს თანამშრომლები უჭახუნებენ არყის ჭიქებს, მთავარი „ინვესტორები“ კი ლუჟკოვი და პუტინი არიან. თუ დასავლურ პრესას დავუჯერებთ, ბევრმა აფხაზმა თითზე კბენაც დაიწყო, თავი კოლონიად იგრძნო, მიხვდა, რომ მის ნებაზე არასდროს არაფერი იქნება, მაგრამ, „რუსეთი მხოლოდ ახლა შემოდის და დასავლეთმა უნდა დაივიწყოს ილუზიები იმის თაობაზე, რომ ისინი, ვინც მათი თქმით რუსი ოკუპანტები არიან, აქაურობას მალე დატოვებენო“, განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და მართლაც: „ალბათ გვიანია იმისთვის რომ აფხაზებმა თავის ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან დადებულ პაქტს გადახედონ“ (Newsweek). სანამ რუსეთი ოლიმპიადისთვის სოჭის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად აფხაზეთის რესურსებს ეზიდება, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანური პირობებით უზრუნველყოფის პრობლემა აქვს. „საკუთარივე ქვეყანაში დევნილები“ კი ბევრი გვყავს – ორი წლის წინ მათ კიდევ მრავალი ათასი დაემატა. თანხები გამოიყოფა, დასახლებები შენდება, სხვადასხვა პროგრამები მუშავდება, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება. რეალურად პროგრამა მინიმუმზე ცოტა მეტის გაკეთება ბევრად დიდ რესურსსა და ძალებს მოითხოვს სახელმწიფოსგან. ბრიტანული უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიშში, რომელიც კონფლიქტიდან ორი წლის თავზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ „საქართველომ „მინიმუმზე“ მეტი უნდა გააკეთოს, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ომების გამო 200 000 იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებლით, სამუშოთი და ჯანდაცვით უზრუნველსაყოფად“. დევნილებს მეტი ჭირდებათ, ვიდრე ჭერით უზრუნველყოფა. მათ სურთ სამსახური, სწავლა და გარემო, სადაც თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნობენ. „საქართველოში არ არსებობს კომპლექსური სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყანაში უმუშევრობის ზოგადი პრობლემისა და ამ პრობლემის ისეთ სოციალურად დაუცველ ფენებში გადაწყვეტისთვის, როგორებიც დევნილები არიან“ – ნათქვამია ანგარიშში. 1990 წლიდან მოყოლებული დევნილთა თითქმის ნახევარი დღემდე საბავშვო ბაღებში, მიტოვებულ შენობებსა და ბარაკებში ცხოვრობს, გაუსაძლის პირობებში (REUTERS). მდგომარეობით შეშფოთებულია საკვები პროდუქტებით დახმარების მსოფლიო ორგანიზაციაც – მათი პროგნოზით, დევნილების უმრავლესობას ზამთარში შიმშილი ემუქრება. თუმცა საქართველოს ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. აფხაზეთიდან დევნილთა უფროს თაობას ჯერ კიდევ შემორჩა სენტიმენტები „მიწისადმი“, მათ ახსოვთ საკუთარი სახლ-კარი და ოცნებობენ, ოდესმე ისევ მიეცეთ საშუალება, თუნდაც სრულიად გადასხვაფერებული მშობლიური ალაგები იხილონ. ახალ, დევნილობაში გაზრდილ თაობას კი ალბათ პირველ რიგში ცხოვრების ნორმალური პირობები სურს. იზოლაციის დაძლევისთვის ბრძოლა ელის დევნილთა ახალ ტალღასაც, ყოველ შემთხვევაში, არსებული მდგომარეობა უკეთეს პერსპექტივებს არ გვიხატავს. რთული ცხოვრების კომპენსირებისთვის მთავარ მოედნებზე ზეცაში ატყორცნილი მემორიალები ალბათ ნაკლებად გამოდგება. არც „პატრიოტთა ბანაკებში“ დაკარგული ტერიტორიების თემაზე დადგმული სენტიმენტალურ-ნაციონალისტური კიჩებია გამოსავალი. ნინო მაჭარაშვილი სოციოლოგი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts