planetanews Posted September 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს ბათუმში შეხვდა და ორ ქვეყანას შორის კონფედერაციის შექმნის „იდეა“ ახსენა. ამ ფრაზამ მყისიერად გაუჩინა ხალხს კითხვა იმის შესახებ, თუ ზუსტად რას გულისხმობდა პრეზიდენტი. მას შემდეგ ანალიტიკოსები კითხვებს სვამენ და იდეებსაც გვთავაზობენ ჟურნალისტები და პოლიტიკური კომენტატორები სამხრეთ-კავკასიის ორივე ქვეყნიდან იდეას (მიუხედავად იმისა ეთანხმებიან, თუ არა) კონფრონტაციული გეოპოლიტიკის ტერმინებში განიხილავენ. აგვისტოში რუსეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებს სომხეთში 2044 წლამდე გაუგრძელებენ ვადას. ამავე დროს მათ გააფართოვეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა: ამიერიდან რუსეთი ვალდებულია ნებისმიერი სომეხი გარე საფრთხისგან დაიცვას, რასაც ერევანი პირველ რიგში აზერბაიჯანისგან მოელის. მოკლედ სომხეთი რუსეთის კიდევ უფრო ახლო მოკავშირე გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. დისკუსიები ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის გარშემო მყისიერად მოათავსეს ტრადიციული „ვერტიკალური“ ღერძის, რუსეთი-სომხეთის (და შესაძლოა ირანის) და საქართველო-აზერბაიჯანის (და შესაძლოა თურქეთის) „ჰორიზონტალური“ ღერძის კონტექსტში. არ დაავიწყდათ არც ოკეანის გაღმა მოკავშირეები და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ რაღა თქმა უნდა, კონფედერაციის იდეა ვაშინგტონიდან მოდის და რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად. მოკლედ, სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობის მარცხიანი მცდელობის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა: 1990-იან წლებში ჩვენ ამ თემებზე ლაპარაკი გვიყვარდა. მაგრამ მაინც რა კონკრეტული პოლიტიკური და იურიდიული ნაბიჯებია გადასადგმელი „კონფედერაციის“ ამ პროექტის განსახორციელებლად? არაფერი სპეციფიკური ჯერ-ჯერობით ამის შესახებ არ მსმენია. თავდაპირველად მოდი გავიხსენოთ, ამ ორი თვის წინ რა თქვა ზუსტად სააკაშვილიმა. „რამდენიმე წლის წინ მე ვთქვი, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონფედერაციული ურთიერთობები“ – განაცხადა სააკაშვილმა – „ფატქობრივად ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად სცილდება იმას, რაც ქვეყნებს ჩვეულებრივ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის გაგრძელებას წარმოვადგენთ“. მოკლედ, რომ ვთქვათ ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაცია მომავლის პროექტი კი არაა, არამედ აწმყოს აღწერაა. შესაბამისად ტერმინი პირდაპირი იურიდიული მნიშვნელობით არ უნდა განვიხილოთ, არამედ როგორც რიტორიკული გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება „განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის“. გარდა ამისა, ადამიანები პრეზიდენტის გარემოცვაში ამტკიცებენ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე: აქაც სიახლოვის ხარისხი ძალიან მაღალია. რაღა თქმა უნდა, სომხური მხარე ამ ტერმინის გამოყენებას (თუნდაც რიტორიკულად) ბევრად უფრო ნაკლებად მიესალმება. ცხადია, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ურთიებებს შორის ტოლობის დასმა თვალთმაქცობა იქნებოდა. რუსეთთან ცივი ომის პირობებში, საქართველო ვერ იქნება ნასიამოვნები რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით. მტრები და მეგობრები მაგრამ იმ ორი ცხადი ფაქტიდან, რომ საქართველო და რუსეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი მეგობრები, ხისტი გეოპოლიტიკური დასკვნების გამოტანა არც სომხეთისთვის და არც საქართველოსთვის არ იქნება მომგებიანი. ასევე რუსეთს და აზერბაიჯანს არ სურთ მტრებად გადაქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი – მოკავშირეები. გეოპოლიტიკური ფორმულა, რომლის თანახმადაც „ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია“ დღეს კავკასიას არ მიესადაგება და მადლობა ღმერთს. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო რეგიონალურ ურთიერთობებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და აქტიურად ცდილობს კავშირების ინტენსიფიცირებას იმისდა მიუხედავად თუ რა ურთიერთობა აქვთ სხვა სახელმწიფოებს ერთმანეთთან. ამაში რუსეთთან კონკურენციის ელემენტიც არის. რუსეთის პოლიტიკა სააკაშვილის მთავრობის არ ცნობისა, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას ისახავს მიზნად. მოსკოვს არა მხოლოდ ის სურს, რომ თბილისისადმი დასავლეთის მხარდაჭერას გამოუთხაროს ძირი, არამედ ისიც რომ საქართველო რეგიონალური კავშირებიდანაც გააძევოს. სააკაშვილი კონტრ-ზომებს მიმართავს და აქამდე ძირითადად წარმატებით. მართალია ყოველთვის შეიძლება იმაზე კამათი, თუ რას ნიშნავს „წარმატება“, მაგრამ შექმნილ გარემოებებში საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობათა ნებისმიერ დათბობას თავის წარმატებად და ამავე დროს რუსეთის მარცხად მიიჩნევს. რუსეთი სხვადასხვა ეკონომიკური პროექტით აქტიურად ცდილობს აზერბაიჯანი თავისი გავლენის სფეროში შემოიყვანოს. სანამ დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ თურქეთს და სომხეთს ფლირტი აქვთ, ხოლო აზერბაიჯანი თავისი უახლოესი მეგობრებისგან, ანკარასგან და ვაშინგტონისგან თავს მიტოვებულად გრძნობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ გარკვეული სახით გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაჩქარება და ”ნაბუქოს” მილსადენის პროექტის რეალიზაციისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯები, იმის მაჩვენებელია რომ ალიანსი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ეს ის პროექტებია, რომლებიც ყველაზე მეტად ანიჭებს რეალურ მნიშვნელობას რიტორიკულ ტერმინს „კონფედერაცია“. მაგრამ მეორეს მხრივ, მარტში ზემო ლარსში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა სულაც არაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დათბობის ნიშანი, (როგორც ეს დასავლელ ექსპერტებს უნდათ რომ გაიგონ). ეს სომხურ-ქართული თანამშრომლობის გამოხატულებაა, რადგან გზა ყველაზე მეტად სომხეთს სჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ უწოდებენ თუ არა ასეთ მეგობრობას „კონფედერაციას“? ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts