planetanews Posted September 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მაღლა კავკასიის მთებში, თოვლიანი მწვერვალებით მოფენილი ველური პეიზაჟი, ტყიანი ველებითა და შუა საუკუნეების კოშკების ირგვლივ თავმოყრილი სოფლები, საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო მაგრამ საქართველოს ზემო სვანეთის რეგიონი (ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და შორეული პუნქტი) გარე სამყაროსთვის საბოლოოდ გაიხსნა. ზემო სვანეთი, სადაც მხოლოდ 14 000 ადამიანი ცხოვრობს, საქართველოს ანტიკური კულტურის რელიქტია, ცოცხალი მუზეუმი, სადაც ადგილობრივები იმ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ქართულს 3 000 წლის წინ გამოეყო. რეგიონალურ ცენტრ მესტიამდე მისაღწევად (აქ 2500 ადამიანი ცხოვრობს, დასახლება ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზეა) ავტომანქანით ნახევარი დღის განმავლობაში, უხეშ გზაზე, ციცაბო კლდეების გასწვრივ გიწევთ სიარული. დღეს საქართველოს მთავრობა, რომელიც ტურისტების მოზიდვითა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებითაა დაინტერესებული, სვანეთში სატრანსპორტო გზის გაუმჯობესების პროგრამას ახორციელებს და გზების რეაბილიტაციაზე მილიონობით დოლარს (ევროს) ხარჯავს. მან ამ ზაფხულს მესტიაში ახალი აეროპორტის გახსნის გეგმებზეც განაცხადა. მესტიის მმართველის გოჩა ჭელიძის თქმით, წლის ბოლოსთვის მესტიაში მოხვედრა ხანმოკლე ფრენისა და მთებში გაყვანილი კარგი გზების საშუალებით გახდება შესაძლებელი. „მსოფლიო მოვლილი მაქვს და არასდროს მინახავს სვანეთის მსგავსი ადგილი“ – სთქვა ჭელიძემ – „ეს უნიკალური ადგილია, ლამაზი ბუნებით და მდიდარი მემკვიდრეობით. ჩვენ გვინდა, რომ ეს დანარჩენმა მსოფლიომაც ნახოს“. 40 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ზემო სვანეთში ამოსასვლელად დანგრეულიც გზაც კი არ არსებობდა – მხოლოდ მთის ბილიკები, რომლებიც ზამთარში ხშირად იკეტებოდა. რეგიონი ისეთი იზოლირებული იყო, რომ ქვეყნის კულტურული და რელიგიური საგანძური შესანახად აქ ამოჰქონდათ, იმ მრავალრიცხოვანი შემოსევების დროს, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა. ზოგიერთი ეს საგანძური, მათ შორის 897 წლით დათარიღებული ბიბლია, ადგილობრივ მუზეუმში ინახება. სვანეთის იზოლირებულობა დაუმორჩილებელ მთიან კულტურას აყალიბებდა და მთელი მისი ისტორიის განმავლობაში დიდწლად ნახევრად ავტონომიური სტატუსით სარგებლობდა. შიდა დაპირისპირებით გამორჩეული რეგიონის ცნობილი სამარკო ნიშანი ქვის კოშკებია, რომელთაგან ზოგიერთი მე-9 საუკუნითაც კი თარიღდება. 250 კოშკზე მეტი შემორჩენილია და რეგიონი გაერო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებში შედის. საქართველოში გამეფებული ქაოსის დროს, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, სვანეთი კრიმინალების თავშესაფრად იქცა. აქ ადამიანის გატაცება და ბანდიტიზმი იყო გამეფებული. 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში მთავრობის ძალები გააგზავნა და მასზე თბილისის კონტროლი განამტკიცა. მარტო წელს, მთავრობა 70 მილიონ ქართულ ლარს (38 მილიონი დოლარი/30 მილიონი ევრო) ხარჯავს რეგიონის სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის – სთქვა ჭელიძემ. მესტიის მიდამოებში, მუშები ახალ ასაფრენ ბილიკს და აეროპორტს აშენებენ, რომელიც მზად სავარაუდოდ 1 დეკემბრისთვის იქნება. დაგეგმილია რეგულარული რეისების დანიშვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის დედაქალაქ თბილისიდან. წელს ასევე გათვალისწინებულია სვანეთისკენ მიმავალი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება. გზის ნაწილი უკვე დაფარულია ბეტონის ფილებით და მუშები მარშრუტების გაყვანაზე აქტიურად მუშაობენ. ჭელიძის თქმით, მთავრობის ძალისხმევა საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. „ამას მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები მოაქვს“ – სთქვა მან. მაგრამ მთავრობის პროექტებს გარკვეული წინააღმდეგობა და პროტესტიც მოჰყვა და რამდენჯერმე ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა შეტაკებასაც. მესტიის ზოგიერთი მოსახლე აცხადებს, რომ მთავრობა ცვლილებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე ახორციელებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადგილობრივ კომპანიებს და მუშებს არ ასაქმებს. მიწის საკუთრების საკითხებმა ასევე წარმოშვა პრობლემები, რომელიც წარსულში რეგიონის ოჯახებს შორის არაოფიციალურად მოგვარებული იყო. ივლისში მცირე შეტაკების შედეგად რამდენიმე მოსახლე და პოლიციელი დაშავდა გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ოთხი ადამიანის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს. ეს ოთხი ადამიანი შეეცადა უცხოელი ინვესტორისთვის იმ მიწის მიყიდვას, რომელიც თაობების განმავლობაში მათ ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა კანონით მათი საკუთრება რეგისტრირებული არ იყო. „სვანეთის განვითარება კარგია, მაგრამ უამრავი რამ, რასაც ისინი აკეთებენ არასწორია“ – ამბობს 61 წლის მესტიელი პენსიონერი თემურ ნაკანი. „ისინი ტკივილს აყენებენ ფერმერებს, როდესაც მათ მიწებს ართმევენ და ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაქმებენ, კომპანიები მუშებს სვანეთის გარეთ ქირაობენ“. „არავის უკითხავს ჩვენთვის, ეს არის კი ის, რაც ჩვენ გვინდა“ – ამბობს იგი. ჭელიძე მათ წუხილს უარყოფს და ამბობს, რომ უკმაყოფილო „ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელია“. ზოგიერთები იმასაც შიშობენ, რომ სვანეთის იზოლაციის დასასრულმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონის უნიკალურ კულტურას, მაგრამ მოსახლეები და ჩინოვნიკები ამბობენ, რომ სვანეთის იდენტურობა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასიმილაციას გაუმკლავდეს. ჭელიძის თქმით, რეგიონის განვითარება სინამდვილეში სრულად შეცვლის ბოლო წლების ემიგრაციულ ტენდენციას, როდესაც სვანეთის მცხოვრებლები უკეთესი პირობების საძებნელად დანარჩენ საქართველოში მიემგზავრებოდნენ. „ეს ბევრ ადამიანს გადააფიქრებინებს რეგიონის დატოვებას და ხალხს სვანეთში დააბრუნებს“ – სთქვა მან – „ჩვენ არ ვანგრევთ სვანეთის კულტურას, არამედ ვინარჩუნებთ მას“. AFP ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts