planetanews Posted September 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/spiegel1.jpg ბენჟამინ ბიდერი ეს რევოლუციური გარღვევაა და როგორც ჩანს მას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის კურთხევა აქვს: კრემლთან დაახლოებული ექსპერტების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტში რუსეთს ნატოში გაწევრიანებას ურჩევენ. თუმცა ამ წინადადებას დაბრკოლება თავად მმართველი ელიტის შიგნით ხვდება. ანგელა მერკელმა დიპლომატიური პასუხი შეარჩია, როდესაც რამდენიმე თვის წინ ერთმა ჟურნალისტმა მას იმის შესახებ ჰკითხა, თუ რას ფიქრობს იგი რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე – ორგანიზაციაში, რომელიც ცივი ომის ეპოქის მტერი იყო. (გერმანიის) ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ფოლკერ რუემ (ქრისტიან დემოკრატიული პარტია) ამ წლის მარტში ჟურნალ Der Spiegel–ში განაცხადა, რომ ალიანსმა მოსკოვს კარი უნდა გაუღოს. ამ წინადადებას რუსეთში განსაკუთრებული აღფრთოვანება არ მოჰყოლია. საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის წამყვანმა ექსპერტმა თეოდორე ლუკიანოვმა აღიარა, რომ მას არ წარმოუდგენია, რომ მოსკოვი შეიძლება ისეთ კავშირს დაემორჩილოს, რომელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს. მაშინ ფედერალური კანცლერი მერკელი იმაზე მინიშნებით დაკმაყოფილდა, რომ რუსების დაპატიჟებამდე მათ უნდა ვკითხოთ, სურთ კი მათ საერთოდ ნატოში გაწევრიანება? თუმცა დღეს კრემლი თავად უგზავნის დასავლეთს სიგნალებს, ატყობინებს რა მას, რომ ნატოსთან დაახლოებასა და ამ ალიანსში გაწევრიანებაშიც კი დაინტერესებულია. მოსკოვში არსებული „თანამედროვე განვითარების ინსტიტუტი“, რომლის სამეურვეო საბჭოს პრეზიდენტი მედვედევი უდგას სათავეში, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ დოკუემნტში რუსეთის ნატოში ინტეგრაციის სამი ვარიანტის ინიციატივით გამოდის: – ალიანსში ინსტიტუციური ინტეგრაცია, ანუ რუსეთის ნატოში წევრობა;– ნატო–რუსეთის საერთო თავდაცვითი კავშირი, განმტკიცებული უსაფრთხოების ახალი პაქტით;– ნატო–რუსეთის საერთო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. „თანამედროვე განვითარების ინსტიტუტში“ ამბობენ, რომ ეს დოკუმენტი უკვე პრეზიდენტ მედვედევის სამუშაო მაგიდაზეა. ოფიციალურად, აღნიშნული ინიციატივა კვირის ბოლოს იაროსლავლში დაგეგმილ „მსოფლიო პოლიტიკურ ფორუმზე“ შეიძლება წარადგინონ, რა თქმა უნდა სახელმწიფოს მეთაურის თანდასწრებით. დოკუმენტის ერთ–ერთი ავტორი ალექსანდრე ნიკიტინი ამბობს, რომ მათ იმედი აქვთ, რომ მედვედევი დოკუმენტიდან რამდენიმე აბზაცს აიღებს. „ეს საკმარისია იმისთვის, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოებმა ერთი წლის განმავლობაში შეიცვალონ მათი დამოკიდებულება ნატოსადმი, როგორც ერთგვარი საფრთხობელასადმი“. დასავლეთთან დაახლოების მომხრეთა რიცხვი იზრდება ჯერ კიდევ ორი წლის წინ რუსეთსა და ნატოში გაწევრიანების კანდიდატ საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემდეგ შეუძლებელი იყო, ამ გიგანტური სახელმწიფოს ნატოში წევრობის თემაზე ფართო დისკუსიის გამართვის წარმოდგენა. თუმცა დღეს, ინსტიტუტის ხელმძღვანელი იგორ იურგენსი დაახლოების სცენარებს აღწერს, როგორც „საკმაოდ რეალისტურს“. და მართლაც, ბოლო დროს დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვმა იმატა. 2009 წელს, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 23%–ს სურდა ალიანსთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, ხოლო ამ წლის მაისში, ცნობილი „ლევადას ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ასეთი ადამიანების რიცხვი უკვე 33%–მდე გაიზარდა. გამოკითხულთა უმნიშვნელო უმრავლესობა, ან 34%, მიიჩნევს, რომ ნატოსთან დაახლოება რუსეთის ინტერესებს დააზიანებს. თუმცა, ერთი წლის წინ ამ მოსაზრებას 49% იზიარებდა. „უახლოეს წლებში, რუსეთის არმიის შეიარაღება მომარაგდება ისრაელიდან ან ნატოს წევრი–სახელმწიფოებისგან“, – მიაჩნია მოსკოვის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის დირექტორს ლეონიდ ივაშოვს. „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ბრიგადულ სისტემაზე გადასვლა, უცხოური ტექნიკის შეძენა, რეგულარული ერთობლივი მანევრები – ეს ყველაფერი ნატოს სტრუქტურებთან ადაპტაციისთვის კეთდება“. კრემლთან დაახლოებული ინსტიტუტის ეს ბოლო ინიციტივა მხოლოდ მორიგი დადასტურებაა იმის, რომ პოლიტიკური ელიტის ნაწილი საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს მოითხოვს. ასე მაგალითად, ჟურნალ Newsweek–ის რუსულმა გამოცემამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფიდენციალური მემორანდუმიდან ნაწყვეტები გამოაქვეყნა, რომელიც დასავლეთთან დაახლოების რეკომენდაციებს მოიცავდა. „ქორები“ თუმცა ჯერ–ჯერობით გაურკვეველია, შეძლებს კი პრეზიდენტ მედვედევის ლიბერალური ფრთა წარმატების მოპოვებას ნატოში შესაძლო გაწევრიანების საკითხში. მოსკოვის „ქორები“ ძლიერები არიან და ისინი დიდი გავლენით სარგებლობენ. „თუკი რუსეთი დასავლეთის ნაწილი გახდება, მაშინ ის შეწყვეტს არსებობას როგორც რუსეთი, როგორც ისტორიული სუბიექტი“, – განაცხადა მაგალითად, ცნობილმა ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა მაქსიმ შევჩენკომ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ერთ–ერთ გადაცემაში. მისი აზრით, რუსეთის წარმოდგენები „სუვერენულ დემოკრატიაზე“ დასავლეთის იდეალებთან შეუთავსებელია. „ძალიან ბევრი უთანხმოება არსებობს“, – აღნიშნავს ვლადიმერ ევსეევი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან. „ევროპა ჩვენ ვერ გვპატიობს ომს სამხრეთ ოსეთში, ჩვენ კი ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე შეკითხვები გვაქვს“. ნატოში გაწევრიანება „ჩემი ცხოვრების განმავლობაში“ არ მოხდება, – ამტკიცებს ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, 47 წლის დიმიტრი როგოზინი. მისი აზრით, ეს იმის გამოც არ მოხდება, რომ ამას ნატოს ბევრი სახელმწიფო შეეწინააღმდეგება. „აბსოლუტურად არარეალისტურია ფიქრი იმის თაობაზე, რომ რუსეთი ხვალ შეიძლება ნატოს წევრი გახდეს“, – ამას გაწევრიანების მხარდამჭერი იგორ იურგენსიც კი აღიარებს. მისი აზრით, თავდაპირველად, თავად ალიანსიც უნდა შეიცვალოს. „ეს ბლოკი საბჭოთა საფრთხის საპასუხოდ შეიქმნა. ის უკვე აღარ არსებობს. არ არსებობს ასევე, არანაირი კონკრეტული ჩინური ან არაბული საფრთხე. მაგრამ არსებობს იმ სხვა საფრთხეების სერიოზული რიცხვი, რომლებსაც ბლოკი მარტო ვერ გაუმკლავდება: ტერორიზმი, კიბერ–თავდასხმები, კლიმატის ცვლილება, რადიკალური ისლამი“. იურგენსი ფიქრობს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა კოსოვოს და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე, აღმოსავლეთი და დასავლეთი დაახლოვდება. „რას წარმოადგენს ასეთი უმნიშვნელო ტერიტორიული პრობლემები, იმ გლობალურ საფრთხეებთან შედარებით, რომლებიც ცივილიზაციას ემუქრება?“ ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts