Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აქვს თუ არა გადატვირთვას მომავალი?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png

 

ალექსი პუშკოვი

 

სექტემბერი დადგა და ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: როგორია ასე საქვეყნოდ ცნობილი რუსულ-ამერიკული გადატვირთვის მომავალი? წინა პოლიტიკური სესია ორ ქვეყანას შორის დაბალ ნოტაზე დასრულდა, რაც იმ ჯაშუშური სკანდალის გამო მოხდა, რომელიც თითქოს შემთხვევით დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტს ვაშინგტონში, რომლის დროსაც მას  ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან თითქოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა. სკანდალი მედვედევის ვაშინგტონიდან გამომგზავრების შემდეგ, სამ დღეში მოხდა. ახალი სესია კი პუტინის იმ შენიშვნით დაიწყო, რომლის თანახმადაც ის ვერ ხედავს ვერანაირ ”გადატვირთვას” ორ ქვეყანას შორის და საპირისპირო განცხადებების მიუხედავად, სულაც  არ არის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პრობლემები მწიფდება

 

რაღა თქმა უნდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და პროგრესი მხოლოდ ურთიერთობათა სტილის შეცვლით არ შემოფარგლულა. მოხდა არსებითი ცვლილებებიც. ამერიკის პოლიტიკური კლასის ერთი ნაწილისა და აღმოსავლეთ-ევროპული დედაქალაქებისთვის სამწუხაროდ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა გადაეხედა ბუშის ადმინისტრაციის იმ გეგმისთვის, რომლის ფარგლებშიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში აშშ-ს ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემების საკვანძო ელემენტები უნდა განთავსებულიყო. ამით ობამამ ”გადატვირთვის” გზაზე ყველაზე დიდი ბარიერი მოიცილა. მეორე,  უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღების ამერიკული გეგმა უკანა პლანზე გადავიდა. რუსეთის თვალთახედვიდან ეს ნაბიჯი ობამას წინამორბედებისგან გამიჯვნის კეთილგანწყობილ ჟესტს წარმოადგენდა. მესამე, 2004 წლისგან განსხვავებით ამერიკა გონივრულად გადგა განზე  2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან უკრაინაში, მიუხედავად იმისა რომ მისი წამყვანი კანდიდატი, ვიქტორ იანუკოვიჩი აშკარად სარგებლობდა რუსეთის  სიმპათიით. მოსკოვში ეს ისე აღიქვეს, რომ ობამას ადმინისტრაცია ახალ ურთიერთობებს, პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის წინააღმდეგ თამაშით საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა.

 

რუსეთის მხრიდან აშშ-ს გლობალური ინტერესებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – ასე ვარაუდობს ზოგიერთი მოსკოვში. 2009 წელს მოსკოვში ობამას პირველი ვიზიტისას რუსეთმა თანხმობა განუცხადა შეერთებულ შტატებს იმაზე, რომ მისი საჰაერო სივრცე ავღანეთში სამხედრო ტვირთების და უფრო მეტიც, შესაძლოა ჯარის გადასაყვანად გამოიყენოს. ეს იყო ის, რის მიღებასაც ამერიკა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა და ის, რაც მან კვაზი-ცივი ომის დროს 2007-2008 წ.წ. ვერ შესძლო. მხოლოდ რიტორიკისა და ინტონაციის შეცვლით ობამამ სულ რამდენიმე თვეში მოახერხა ის, რაც ჯორჯ ბუშმა და კონდოლიზა რაისმა წლების მანძილზე ვერ შესძლეს. ობამას პატივსაცემად გამართულ მიღებას კრემლში თავად ვესწრებოდი და არასდროს მინახავს უფრო ბედნიერი ამერიკელი ჩინოვნიკები.

 

მეორე – იმისთვის რომ ვაშინგტონისთვის საკვანძო საკითხში, ირანთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღმოეჩინა, რუსეთმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია და იმდენად შორს წავიდა, რომ მიემხრო  აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ სანქციებს (პოზიცია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ სრულიად წარმოუდგენლად განიხილებოდა).  მოსკოვი იმაზეც  დასთანხმდა,  რომ არ გაებუქებინა ჯაშუშური სკანდალი და არ გადაეხადა სამაგიერო ამერიკისთვის ისე, როგორც ეს ცივი ომის დროს მოხდებოდა იმ დამცირებისთვის, რომელიც მან აშშ-ში ე.წ. აგენტების დაპატიმრების გამო გადაიტანა.

 

მაგრამ  რამდენად გასცდება ეს ”გადატვირთვა” უბრალო განმუხტვას, რომელსაც  ორი ქვეყნის ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში პერიოდულად ჰქონდა ადგილი. ურთიერთობათა ასეთი დათბობის მოწმენი ჩვენ ბრეჟნევისა და ნიქსონის, რეიგანისა და გორბაჩოვის, ელცინისა და კლინტონის და ბოლოს პუტინისა და ბუშის მმართველობების დროსაც მოვსწრებივართ და ყოველთვის ეს დათბობა ახალი ცივი ომის ტიპის დაძაბულობით სრულდებოდა. იქნება ”გადატვირთვა” ამ მოვლენებისგან განსხვავებული?

 

არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ  ობამას მიერ მოსკოვთან ურთიერთობათა გამოსწორებას შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ძალიან აკრიტიკებს. რუსეთში ასეთი საჯარო კრიტიკა ნაკლებად ისმის და კრემლი უფრო ჰგავს ენთუზიაზმით განმსჭვალულს. ივლისში საგარეო საქმეთა სამინისტროში რუს ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას, მედვედევმა ობამასთან და თეთრ სახლთან თავის ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა. მან ივარაუდა, რომ ეს ურთიერთობები რუსი დიპლომატებისთვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოდელად შეიძლება გამოდგეს. თავის ბოლო გამოსვლაში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე, პრეზიდენტმა შეარბილა  ურთიერთობათა ნეგატიური ასპექტები, ისეთები როგორიცაა საქართველოსადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკას რუსული ეკონომიკის მოდერნიზაციის მისეულ ამბიციურ გეგმაში საკვანძო როლი ენიჭება.

 

მაგრამ მოსკოვში მაინც ნადვილად და სამართლიანად იტოვებენ სკეპტიციზმის მაღალ ხარისხს. რუსებს ჯერ კიდევ ახსოვთ ”ბორისისა და ბილის” მეგობრობა 1990-იან წლებში. იმ დროს ელცინი შეერთებულ შტატებთან ახალი ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა და ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ მორგებოდა ამერიკელთა პრობლემებს, მაგრამ როგორც ამას სტრობ ტალბოტი, თავის წიგნში ”რუსეთის ძალა” აღწერს, კლინტონის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთისადმი ასეთი იყო – დაეტყუებინა ყველა სახის შესაძლო დათმობა, ხოლო თავად ელცინისთვის საპასუხოდ არაფერი მიეცა. თუ ამ წიგნს დავუჯერებთ, მოსკოვისგან  საწადელის მისაღწევად იმჟამინდელი პრეზიდენტი არა მხოლოდ თავის შარმს იყენებდა, არამედ ალკოჰოლის ძალასაც, რომლის მიმართაც სნეული  რუსი პრეზიდენტი  ძალიან მგრძნობიარე იყო.  იმ დროს, როდესაც ტალბოტი ადმინისტრაციას ელცინის სისუსტის ასე მარჯვედ გამოყენებისთვის აქებს, ურთიერთობათა საბოლოო შედეგი გამანადგურებელი გამოდგა. 2000 წლისათვის შეერთებულ შტატებთან  რუსეთის მეგობრობის  ცნებაც კი უკიდურესად წარუმატებლად განიხილებოდა, ისეთად რომელიც მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს ითვალისწინებდა და მხოლოდ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული.

 

მოგვიანებით, 9 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ასევე ჩაიშალა პუტინის მცდელობაც,  ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საფუძველზე, აშშ-სთან ახალი ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა. ბუშის ადმინისტრაციამ რუსეთის მხარდაჭერა ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში თავისთავად ცხადად მიიჩნია და არც უფიქრია საპასუხო ნაბიჯებზე. სანაცვლოდ ის გამოვიდა ABM-ის ხელშეკრულებიდან, მოითხოვდა მოსკოვის მოლაპარაკებებს ჩეჩენ სეპარატისტებთან და მხარს უჭერდა ნებისმიერ ანტი-რუსულ ტენდენციას დაწყებულს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან და უკრაინით დამთავრებულს.

 

მაგრამ ბევრი სხვა რამეცაა საყურადღებო. ვაშინგტონში მედვედევის ბოლო ვიზიტის შემდეგ, ვიზიტისა რომლის დროსაც ის ობამას სტუმართმოყვარეობით ტკბებოდა, რუსებს ერთი მეორეზე მიყოლებით სამჯერ  გადაასხეს ცივი წყალი. პირველი – აშშ-ს ადმინისტრაციამ ვაშინგტონში აღმოჩენილი  ე.წ. ”რუსული აგენტურული ქსელის” პრობლემის გადასაჭრელად ალბათ ყველაზე უფრო უარესი გზა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშური აქტივობების რაიმე სამხილი ძნელად მოიძებნებოდა, ეჭვმიტანილი ”აგენტები” საჯაროდ და სკანდალურად დააპატიმრეს. მაშინაც კი თუ ობამა ამას მედვედევისთვის სილის გარტყმად არ განიხილავდა, ეს მაინც ასე გამოიყურებოდა. გადატვირთვის ოპონენტები მოსკოვში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ დაპატიმრებები არ იყო უბრალო დამთხვევა და ზოგადი დასკვნაც ასეთი გაკეთდა – თუ ვაშინგტონი მოსკოვს სულ ცოტა  მნიშვნელოვან პარტნიორად მაინც  განიხილავს,  მოიძებნებოდა კრიზისის გადაწყვეტის უკეთესი საშუალებებიც.

 

”ცივი წყლის” მეორე ულუფა ჰილარი კლინტონის მიერ თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასახარად  წარმოთქმული სიტყვები იყო – მან რუსეთი საქართველოს ტერიტორიის  ”მიმდინარე ოკუპაციაში” დაადანაშაულა. რაღა თქმა უნდა ამ ენით  ”სტრატეგიულ პარტნიორს” არ  ელაპარაკებიან, მაგრამ ფორმულირებები განზრახ შერჩეულს ნამდვილად ჰგავდა.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მიხეილ სააკაშვილს ისიც უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს ”შეუძლია თან იაროს და თან საღეჭი რეზინიც ღეჭოს”. როგორც New York Times-ი იტყობინებოდა, კლინტონი  ხუთდღიანი მოგზაურობის დროს, როდესაც ის უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვია, მანტრასავით იმეორებდა ამ სიტყვებს – ”გადატვირთვა ვერ აიძულებს შეერთებულ შტატებს იმას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის გავლენას ან პოლიტიკას შეელიოს”.

 

ამ განცხადებების შემდეგ, თეთრმა სახლმა  დიპლომატიური არხების მეშვეობით მოსკოვს განუმარტა, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი არ გულისხმობდა იმას, რასაც რეალურად ამბობდა და მთელი ეს გამოსვლები მხოლოდ ერთ რამეს ისახავდა მიზნად – ნოემბრის არჩევნების მიჯნაზე განემტკიცებინა ობამას პოზიცია, რადგან სხვა შემთხვევაში ადმინისტრაცია სუსტის შათაბეჭდილებას დატოვებდა, ისეთისას რომელიც ყოფილ საბჭოტა კავშირში აშშ-ს მეგობრების ინტერესებს ჰყიდის. მოსკოვმა გაითამაშა, რომ მიიღო განმარტება და ”გადატვირთვის” სულისკვეთება ანალოგიური მწარე პასუხით არ აზარალა.

 

მაგრამ ცხადია, რომ სიტუაცია საქართველოში აშშ-ს ელექტორატისთვის ნამდვილად არაა პრიორიტეტი, განსაკუთრებით მიმდინარე ეკონომიკური რეცესიისა, ავღანეთის ომისა და იმ უზარმაზარი პრობლემების ფონზე, რომლის პირისპირაც ობამას ადმინისტრაცია ირანსა და ახლო-აღმოსავლეთში აღმოჩნდა. ამიტომაც ბევრმა მოსკოვში ჰილარი კლინტონის განცხადებები ოფიციალურ განცხადებად მიიღო, განსაკუთრებით იმიტომ რომ კლინტონის ”დავდივართ და ვღეჭავთ” გამოთქმა უცნაურად ახსენებდა რუსებს  კონდოლიზა რაისს. რაისიც იმ კონცეფციას ემხრობოდა, რომლის თანახმადაც აშშ ითანამშრომლებდა რუსეთთან იქ, სადაც ეს შესაძლებელი იყო და დაუპირისპირდებოდა იქ, სადაც საჭირო გახდებოდა, თუმცა შედეგები სავალალო გამოდგა – აშშ მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე მიაბიჯებდა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო თანამშრომლობა იშვიათი იყო. რეალურად ურთიერთობები კვაზი-ცივი ომის მდგომარეობამდე დავიდა.

 

მესამედ ”ცივი წყალი” აშშ-მ რუსეთს START-3-ის  ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადაასხა. მედვედევმა და რუსულმა დუმამ შეთანხმებასთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმი გამოხატეს და მას ”გადატვირთვის” ყველაზე პრაქტიკული შედეგი უწოდეს (რუსეთის პარლამენტი ფაქტობრივად ნებისმიერ მომენტში მზად იყო მისი რატიფიცირებისთვის), მაგრამ ხელშეკრულება სინქრონულად ითხოვს რატიფიცირებას აშშ-ს კონგრესშიც, ხოლო კონგრესმა მისი რატიფიცირება შემოდგომამდე გადადო. ახლა უკვე დანამდვილებით არავინ იცის, მოხდება თუ არა მისი რატიფიცირება ნოემბრის არჩევნებამდე, ამიტომ უკვე ზოგიერთი სინქრონიზაციაზე კი არა, რუსული და ამერიკული მიდგომების დე-სინქრონიზაციაზე ალაპარაკდა.

 

ეს დე-სინქრონიზაცია აშკარად გამოჩნდა სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც. თავის ბოლოდროინდელ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა სჯეროდეს  მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების ასე ნაქები ”გადატვირთვის”, მაგრამ მაინც სკეპტიკურ პოზიციაზე რჩება. პუტინმა განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს მიერ საქართველოს მიმდინარე გადაიარაღება და ძალიან  მწვავე საკითხი, რომელიც ევროპაში აშშ-ს ანტი-სარაკეტო სისტემებს უკავშირდება.  მიესალმა რა შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტი-სარაკეტო სისტემები არ დაიდგმება პოლონეთში, ხოლო რადარები ჩეხეთის რესპუბლიკაში, პუტინმა გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, რომელიც პრაქტიკულად მაშინვე გაკეთდა,  ის ზუსტად იმავეს ევროპის სხვა ქვეყნებში გეგმავს.  ”სადღაა ”გადატვირთვა? ჩვენ ამ თვალსაზრისით, მას ვერ ვხედავთ” – განაცხადა პუტინმა.

 

ნატო-ს მომავალი გაფართოვების საკითხი ასევე ტვირთად აწევს ურთიერთობებს. იმ დროს, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ღიად განაცხადა, რომ ეს  პრიორიტეტი აღარ არის,  უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ოფიციალური მიზანია. მედვედევმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი შეთანხმების წინადადებაც წამოაყენა, მაგრამ მოსკოვში ხედავენ, რომ თეთრი სახლი მტკიცედ უწევს წინააღმდეგობას ამ შეთანხმებას. ეს კონტრასტში მოდის გარკვეული რაოდენობის ევროპული ქვეყნის პოზიციასთან, რომლებიც მხარს უჭერენ იდეას. ეს და კიდევ სხვა საკითხები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მიუხედავად ყველა გაცხადებული კარგი განზრახვისა, ერთმანეთს აშორებს.

 

მაშ აქვს  კი გადატვირთვას მომავალი? აქვს, თუ ის კიდევ ერთ ახალ განმუხტვად არ იქცევა, სადაც ტაქტიკა იცვლება, მაგრამ ორივე ქვეყანა ძირეულად უპირისპირდება ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატები რუსეთს დროებით, ინსტრუმენტალურ პარტნიორად გამოიყენებდა, ისეთად რომელსაც ავღანეთში და ირანის ბირთვული ამბიციების ასალაგმად დაიხმარებდა. რუსეთში კი აშშ-ს   ეკონომიკაში ინვესტიციების წყაროდ განიხილავდნენ და ნაწილობრივ პარტნიორად ზოგიერთ სხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ასეთი ტაქტიკური ალიანსი, ადრე თუ გვიან  მარცხისთვისაა განწირული და სწორედ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია გაიზიარებს პოზიციას, რომლის თანახმადაც „გადატვირთვა“ მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა ”შეერთებულ შტატებს თავი უნდა წაუხაროს“.

 

თუ რამე სჭირდება მოსკოვსა და ვაშინგტონს ეს მათი ნაციონალური და საგარეო პოლიტიკური ინტერესების შერიგებაა იმ გლობალურ პრობლემათა ფონზე, რომლის პირისპირაც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა. „გადატვირთვა“ და ეს უნდა აღინიშნოს, თავის არსში რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ საგარეო-პოლიტიკური გათვლა და თუ ეს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონსა და მოსკოვში  ბოლომდე არ იცის, გლობალიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში, მულტიპოლარული სამყაროს კონტექსტში, სხვადასხვა ქვეყანა რეალურად დგება ერთობლივი ინტერესების მთელი წყების პირისპირ.  რეალურად ეს ობამას მესიჯმა განაცხადა (თუ რეალურმა პოლიტიკამ არა), რომელმაც ასე ხმამაღლა გაიჟღერა მსოფლიოს გარშემო. დღეს ორივე მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ მზადაა ნამდვილი შერიგებისთვის. თუ რუსეთი და შეერთებული შტატები ამ გზას გაჰყვებიან, მაშინ „გადატვირთვის“ პოლიტიკას ექნება მომავალი, რომელიც ორივე მხარეს მოგებას მოუტანდა.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...