Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge სუპერგაკოტრებული, სუპერეკონომიური, სუპერსახელმწიფო?


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif

 

თომას ფრიდმანი

 

ბოლო წლებში ჩემი ევროპელი მეგობრებისთვის ხშირად მითქვამს: არ მოგწონთ, რომ ამერიკა ზედმეტად ძლიერია? ნახავთ რა მოხდება თუკი ის ძალიან დასუსტდება: თქვენი რეგიონის გეოპოლიტიკურ თეატრში სწორედ ასეთი სპექტაკლი მიმდინარეობს. დიახ, ამერიკამ ეს გზა განვლო: მეორე მსოფლიო ომის მთავარი გამარჯვებული; ორიდან ერთ-ერთი იმ ზესახელმწიფოდან რომელიც ცივ ომში მონაწილეობდა;  შეუცვლელი სახელმწიფო, რომელმაც ეს ომი მოიგო და დღევანდელი დღის „ეკონომიური ზესახელმწიფო“. შეეგუეთ. დღეს ეს ჩვენი მეტსახელია. ამერიკელ პაციფისტებს შეუძლიათ „არჩევანის ომებზე“ აღარ ინერვიულონ. მორჩა, მეტს აღარ ვიზამთ. გრენადაზე თავდასხმის ფუფუნებას თავს ვეღარ მივცემთ

 

2008 წლის დიდი რეცესიის დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ამერიკაში ლიდერობის არსი (პოლიტიკურის თუ კორპორატიულის) იცვლებოდა. თუკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში ლიდერობა (ზოგადად) ხალხისთვის გაღებას  ნიშნავდა, დღეს და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში ლიდერობა (ზოგადად) ხალხისთვის წართმევას ნიშნავს.

 

რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამერიკის ლიდერები რომლებიც იძულებულები არიან საკუთარ ამომრჩევლებს წაართვან, საგარეო პოლიტიკასა და ომებზე ფული არ დაზოგონ. საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა  დაგვიანებული ინდიკატორია. ბევრ სხვა ხარჯზე ეკონომია უფრო ადრე იწყება, მაგრამ ეკონომია გველის – თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი უკვე გვაფრთხილებს, ხოლო ეკონომიური ზესახელმწიფო ამერიკა,  რა თქმა უნდა მთელს მსოფლიოში ტალღის ეფექტს გამოიწვევს.

 

„ეკონომიური ზესახელმწიფო: ამერიკის გლობალური ლიდერობა ფულის დეფიციტის ეპოქაში“ – ეს არის ახალი წიგნის სათაური, რომლის ავტორიც ჩემი მასწავლებელი და მეგობარი მაიკლ მანდელბაუმია. ის ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტში საგარეო პოლიტიკის საკითხების სპეციალისტია. მანდელბაუმი აღნიშნავს: „2008 წელს, სახელმწიფოს დახმარების (პენსიები და ჯანდაცვა (მათ შორის Medicaid) ყველა ფორმა მთლიანი ამერიკული წარმოების 4%-ს შეადგენდა“. არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში (ხოლო დემოგრაფიული ბუმის თაობა მალე მიიღებს სახსრებს პროგრამებიდან Social Security და Medicare) 2050 წელს „მათი წილი ამერიკული წარმოების 18%-ს შეადგენს“.

 

ეს, ყველა იმ ხარჯთან ერთად, რომელიც რეცესიიდან თავის დაღწევისთვის უნდა გავიღოთ, „ფუნდამენტურად შეცვლის აშშ-ს საზოგადოებრივ ცხოვრებას და შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას“. მანდელბაუმის აზრით, ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკურ ფრონტზე ყველაზე ხშირად ისმოდა  სიტყვა „მეტი“. „21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის საგარეო პოლიტიკაში და მომავალშიც მას შეცვლის სიტყვა „ნაკლები“ – წერს მანდელბაუმი.

 

როდესაც მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო სუსტდება, დამძიმებული როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალებით, ამას ყველა იგრძნობს. როგორ? რთული სათქმელია, თუმცა მე ერთი რამ ვიცი, რომ ბოლო საუკუნის განმავლობაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის უნიკალური და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო ის, თუ რა დოზით უზრუნველყოფდა ამერიკული დიპლომატია, ამერიკული ფლოტი, ავიაცია და არმია გლობალურ კეთილდღეობას (გახსნილი ზღვებით დაწყებული გახსნილი ვაჭრობით და ტერორიზმთან ბრძოლით დასრულებული), რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ სხვასაც სჭირდებოდა. აშშ-ს ძალა ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს სტაბილურობის მთავარი ფაქტორი და მსოფლიოს მართვის მთავარი გარანტი იყო. ეს როლი არ გაქრება, თუმცა ცხადია შემცირდება.

 

დიდი სახელმწიფოები ადრეც გადიოდნენ პენსიაში:  მაგალითად დიდი ბრიტანეთი, მაგრამ როგორც მანდელბაუმი აღნიშნავს – „როდესაც დიდმა ბრიტანეთმა შეწყვიტა მსოფლიო მმართველობასთან გამკლავება, აშშ-მ მისი ადგილი დაიკავა. დღეს აშშ-ს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის, ასე რომ საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში  ამერიკის წასვლით დანაკარგი პოტენციურად მეტი იქნება, ვიდრე ეს დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში იყო“.

 

ევროპელები მდიდრები არიან, მაგრამ სუსტები. ჩინეთი როგორც სახელმწიფო მდიდარია, მაგრამ თუკი ამ სიმდიდრეს ერთ სულ მოსახლეზე გავყოფთ გაღლეტილია, რაც იმას ნიშნავს რომ მას შიდა და რეგიონალურ განვითარებაზე მოუწევს კონცენტრაცია. ნავთობისგან გაბრუებულმა რუსეთმა შეიძლება კუნთები ათამაშოს, მაგრამ რეალური ძალის ჩვენება არ შეუძლია. „შესაბამისად მსოფლიო უფრო არეული და სახიფათო გახდება“ – წინასწარმეტყველებს მანდელბაუმი.

 

როგორ შეიძლება ამ ტენდენციის შესუსტება? მანდელბაუმს სამი მოსაზება მოჰყავს. პირველ რიგში, ჩვენ მდგრადი ეკონომიკური განვითარების და რეინდუსტრიალიზაციის გზას უნდა დავუბრუნდეთ, გავიღოთ ყველანაირი მსხვერპლი, დავხარჯოთ მთელი ძალისხმევა და წავიდეთ ყველა პოლიტიკურ კომპრომისზე, რაც ამისთვის საჭირო გახდება. მეორეც, უნდა გავერკვეთ პრიორიტეტებში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ჩვენ მთელი ასი წლის განმავლობაში გვქონდა ისიც რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ისიც, რაც უბრალოდ გვსურდა. მაგალითად ჩემი აზრით, ჩვენს განკარგულებაში რომ ადამიანების და ფულის უსაზღვრო რესურსი ყოფილიყო, ჩვენ ავღანეთში გავიმარჯვებდით, მაგრამ არის კი ეს ის, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, ეს სასურველია, მაგრამ არის კი უკიდურესად აუცილებელი? და ბოლოს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ბიუჯეტი და შევასუსტოდ ჩვენი მტრების ბიუჯეტი, ამის გაკეთების საუკეთესო გზა კი საწვავზე გადასახადის გაზრდაა.

 

ამერიკამ ერთი მძიმე გაკვეთილი უნდა აითვისოს: მოკლევადიან პერიოდში კეთილდღეობის სესხება შესაძლებელია, მაგრამ გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ძლიერების მოპოვება შეუძლებელი. ამისთვის საჭიროა რეალურად მუშა და მზარდი ეკონომიკური ძრავა, ხოლო მოკლევადიანი პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი ხნის წინ დასრულდა. იყო დრო, როდესაც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე სერიოზულ ფიქრს ეკონომიკურ პოლიტიკაზე სერიოზული ფიქრი არ სჭირდებოდა. ეს დროც  დასრულდა.

 

ასე რომ ამერიკას რეზერვში არანაირი „ქორები“ აღარ ეყოლება, ყოველ შემთხვევაში მათ სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...