planetanews Posted September 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 3, 2010 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების განაწილება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 70-მდე ობიექტი გააჩუქა, ზოგჯერ სიმბოლურ და ხშირად მიზერულ თანხად. გაზიარება[ლანა ბერიძე. 23:46 03-09-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIFQ-m0NhZI/AAAAAAAAEAo/4652z6K-0OE/s200/2010-03-11.jpgაქედან 5 საქმე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ შეისწავლა. კერძოდ, როგორ გადასცა მიზერულ თანხად პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ს რამდენიმეათასიანი ქონება, ასევე, როგორ აჩუქა 1 აშშ დოლარად ტელეკომპანია "რეგიონ ტვ-ს" ("ალანიას") მთაწმინდაზე ქონება, საკრებულოს წევრ ინგა გრიგოლიას მამას რომან გრიგოლიას როგორ მისცა მიზერულ თანხად პეკინზე მიწა, ასევე როგორ დაასაჩუქრა საკონსტიტუციო სასამართლოს 10 მოსამართლე ძვირადღირებული სახლებით. ამას ეხებოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გუშინ "ფონდ ღია საზოგადოება საქართველო"-ს ოფისში გაიმართა.ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე მოთხრობილია ტელეკომპანია "რეალტივი"-ს ოფისის შესახებ. "რეალტივის" ოფისი გორგასლის ქუჩაზე 3-სართულიან სახლშია განთავსებული. "სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ეს სახლი "რეალტივის" არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, აწ გარდაცვლილი დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. "მონიტორის" ჟურნალისტმა ვერც სახლის რეალური მფლობელებიდან და ვერც ტელევიზიის ხელმძღვანელებიდან ვერ მიიღო პასუხი, თუ რის საფუძველზე გადაეცათ განკარგვის უფლებით ეს სახლი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს.ფილმის მიხედვით დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს.იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება ამ ფორმით განკარგოს და გაასაჩუქროს. თუ რის საფუძველზე ან რა მოტივაციით გააჩუქა პრეზიდენტმა ზემოთ ჩამოთვლილი ქონება, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს.ფილმში ნაჩვენები გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტმა მიზერულ თანხად ქონება გადასცა მუსიკოს დავით ფორჩხიძეს. კერძოდ, 137 კვ მეტრი ფართი პეკინზე ფორჩხიძეს 14 ათას ამერიკულ დოლარად გადაეცა. ექსპერტების შეფასებით, ეს ფართი ბევრად მეტი - დაახლოებით 100 ათასამდე დოლარი ღირს. თავად მუსიკოსი მიზერულ თანხად ქონების შეძენას მისი გამორჩეულობით ხსნის "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად ჟურნალისტს ინფორმაცია არ მიაწოდა, თუ რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტმა ფორჩხიძეს ქონება მიზერულ ფასად.მეტად საინტერესო შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის 10 მოსამართლეს, ბათუმში პრეზიდენტმა სახლები გადასცა ასევე სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, რეალურად ამ სახლების ღირებულება ბევრად მეტია. თავად მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ამ სახლების ღირებულება რამდენიმე ათასია, 120 ათასი, 250 ათასი და ასე შემდეგ. მთლიანობაში 10 მოსამართლისთვის 10 ათას ლარად გადაცემული 10 სახლის ღირებულება მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების საფუძველზე 700 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ბათუმელი უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, ამ სახლების ღირებულება კიდევ უფრო მეტია. საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მგელაძეს პასუხი ვერ გასცეს, თუ რის საფუძველზე აიღეს ეს ქონება მოსამართლეებმა. 1000 ლარად გადაცემული სახლები 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ მოსამართლეების საკუთრებაში გადადის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კი 10 წლიანი ვადით ირჩევენ, ანუ 10-ვე სახლი უკვე მათი საკუთრებაა.რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, პრეზიდენტმა ამ ტელეკომპანიას საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე 226 ათასი კვ მეტრი მიწა გადასცა. ეს ის ადგილია, სადაც პროექტ "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა და შენობაც ჩამოინგრა, რის ნიადაგზეც ორი ადამიანი დაიღუპა.აღნიშნულ ადგილზე მიწის ღირებულება ძალიან ძვირია, ამავე მიწაზე 19 შენობა დგას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენობები დაზიანებულია, მონიტორის ჟურნალისტმა მხოლოდ მიწის ღირებულება დაიანგარიშა და გამოვიდა, რომ "რუსთავი 2"-ს ერთ კვ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი მაშინ, როდესაც მერიას კანონის მიხედვით საბურთალოზე 1 კვ მიწის ნაკვეთის გაყიდვა 68 ლარზე ნაკლებად არ შეუძლია. აქაც კანონი დარღვეულია. აქაც რეალურად, ბიუჯეტმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა რა მოტივაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ამაზე გასცეს ჟურნალისტს პასუხი.რაც შეეხება ტელეკომპანია "ალანიას", აწ უკვე "რეგიონ ტვ", ამ არხს პრეზიდენტმა მთაწმინდაზე ზუბალაშვილების #34-ში 234 კვ მიწა სიმბლურ ფასად - 1 ევროდ აჩუქა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში "მონიტორის" ჟურნალისტს ვერც არხის ხელმძღვანელობამ და ვერც ადმინისტრაციამ პასუხი ვერ გასცა.ფილმში ასევე საუბარია რომან გრიგოლიას, საკრებულოს წევრის ინგა გრიგოლიას მამას, როგორ მიჰყიდეს მიზერულ თანხად მიწის ნაკვეთი პეკინზე. კერძოდ 1310 ლარად რომან გრიგოლიამ 30-დან 50 ათას დოლარამდე ღირებულების ქონება შეიძინა. თავად რომან გრიგოლიამ "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ მამის ბიზნესთან მას შეხება არ აქვს, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ეს ქონება დროებით ინგა გრიგოლიას სახელზეც კი იყო გაფორმებული. ამის მიუხედავად გრიგოლია ამბობს, რომ რომან გრიგოლია იმიტომ, რომ ინგა გრიგოლიას მამაა, ბიზნესსაქმიანობას ვერ აიკრძალავს. გრიგოლია ვერც იმაზე პასუხობს, თუ რა დამსახურებისთვის გადაეცა მამამისს მიზერულ თანხად ქონება.რაც შეეხება ტელეკომპანია "რეალტივის" ფაქტს, აქ უფრო ბუნდოვანი შემთხვევაა - სახლი, სადაც "რეალტივის ოფისია", რეალურად ყოფილი შსს მაღალჩინოსნის, დავით კეკუას სიმამრს იაშა ბოჭორიშვილს ეკუთვნის, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური ვერსიით, დავით კეკუამ 2008 წელს ციხეში თავი მოიკლა. "მონიტორის" ჟურნალისტი გარდაცვლილი კეკუას მეუღლესა და ოჯახის წევრებს ესაუბრა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჟურნალისტმა ასევე მიმართა "რეალტივის" კითხვით, თუ რის საფუძველზე არის მათი ოფისი განთავსებული ამ სახლში, ასევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს "რეალტივი"-ს, მაგრამ ტელეკომპანიიდან პასუხი ვერ მიიღეს. ჟურნალისტი ასევე ეცადა, მოეპოვებინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სახლის ან ქირავნობის ან გირავნობის შესახებ, მაგრამ ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არ არსებობს. კითხვის ნიშნებს გარდაცვლილი კეკუას ოჯახის წევრების დუმილი და "რეალტივის" მიერ პასუხის გაცემაზე უარი კიდევ უფრო ამძაფრებს.თავად სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ 26-წუთიანი ფილმი თავად სცემს ძალიან ბევრ კითხვას პასუხს."ფილმში ნაჩვენები ყველა შემთხვევიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა პირებს ჩუქნის ქონებას, ძირითადად მის მხარდამჭერებს, რისი უფლებაც, იურისტების განცხადებით, მას არ აქვს. გამოდის, რომ ფორმალურად პრეზიდენტი კანონს არ არღვევს, მაგრამ რეალურად კანონი დარღვეულია. 1000 ლარად რომ 120 ათასის ღირებულების ქონებას ყიდი, დანარჩენი 119 ათასი სად მიდის? გამოდის, რომ ნაჩუქარია და კანონი დარღვეულია",- განუცხადა "რეზონანსს" ნინო ზურიაშვილმა.მედია ექსპერტი ია ანთაძე აცხადებს, რომ აქ საქმე კორუფციის ნაირსახეობასთან გვაქვს."ფილმი ძალიან მომეწონა. პრაქტიკულად არ იყო ფილმში არაფერი, რამაც კითხვები დამიტოვა. რაც შეეხება ამ ფაქტების შეფასებას, ეს არის კორუფციის ნაირსახეობა და როდესაც პრეზიდენტი გადასცემს მიზერულ თანხად ამხელა ქონებას ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ამის მიღმა აუცილებლად იმალება პოლიტიკური ლოიალობა პრეზიდენტის და მისი გუნდის მიმართ.ძალიან საინტერესოა თავად ქონების მიმღები პირებისა და ორგანიზაციების ვინაობა. ერთი, ეს არიან მოსამართლეები. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობის საკითხი ამ ფილმის მერე კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, და მეორე, ეს არის მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვისთვის. აქაც მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, მესამე კი, არის პირდაპირი პრეზიდენტის და ხელისუფლების პიარი, ამ შემთხვევაში დათო ფორჩხიძის სახით. ასე რომ, ყველაფერი კეთდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის ადამიანებს ჩუქნიან რაღაცებს მიზერულ ფასად, რაშიც ცვლიან პოლიტიკურ ლოიალობას", - განუცხადა "რეზონანსს" ფილმის ჩვენების შემდეგ მედია ექსპერტმა ია ანთაძემ.ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომლის ფონდმაც ეს გამოძიება დააფინანსა, ამბობს, რომ ახლა მთავარია, ამ გამოძიების შედეგად დაიწყოს სასამართლო მოკვლევა. "ეს საქმე აქ არ უნდა დამთავრდეს და არ დაივიწყოს საზოგადოებამ, რადგან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გამოძიება კეთდება, აუცილებელია, მას ლოგიკური და სამართლიანი გაგრძელება მოჰყვეს".რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს, მიზერულ და სიმბოლურ თანხად ვინმეს სახელმწიფო ქონება მისცეს. ეს არც ერთ კანონში არ წერია."ყველა ქმედება, რომელიც ფილმში ვნახეთ, არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ როგორ შეიძლება კონსტიტუციურობაზე საუბარი, როდესაც სწორედ ის ადამიანები იღებენ პრეზიდენტისგან საჩუქრებს, რომლებიც კონსტიტუციის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ანუ მოსამართლეები. პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე ისინი ხმას ვერ ამოიღებენ, რადგან თავად არიან ამ უკანონობის მონაწილეები. პრეზიდენტის ყველა ეს განკარგულება არის ანტიკონსტიტუციური და მათი ბათილად ცნობა შეიძლება, მაგრამ სად უნდა დააყენო ეს საკითხი, როდესაც თავად მოსამართლეების მოსყიდვას ემსახურება ეს ჩუქება და ისინი თავად არიან ამ დანაშაულში ჩარეულნი?" - განუცხადა "რეზონანსს" სოფო ხორგუანმა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მედიაც არის გარეული, თან ძალიან ცუდად, და ამის მაგალითია ისიც, რომ ფილმის ჩვენებაზე არც ერთი ნაციონალური არხის ჟურნალისტი არ მივიდა გასაშუქებლად. "რეზონანსი"http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts