Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მედვედევი ბაქოში მიემგზავრება იმ დროს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობა მატულობს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

ფერადი ფეიერვერკის ფონზე აზერბაიჯანმა 1 სექტემბერს თავისი ეროვნული დროშის ყველაზე მასშტაბური ვერსია აღმართა. ის ამტკიცებს, რომ ეს დროშა მსოფლიოში უდიდესია – 70 მეტრი 35-ზე და არნახულად მძიმე – 350 კილოგრამი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში $32 მილიონის ღირებულების ეროვნული დროშის სკვერის გახსნას უხელმძღვანელა და განაცხადა, რომ მოესწრება იმ დღეს, როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული დროშა, რომელიც ცისფერი, მწვანე და წითელი ფერებისგან შედგება, მთელი აზერბაიჯანის, მათ შორის სადავო ანკლავის მთიანი ყარაბახის თავზეც იფრიალებს.

 

”ჩვენი დროშა ჩვენი სიამაყე და სულია” – უთხრა ალიევმა შეკრებილ ხალხს. ”ის იფრიალებს ყარაბახის, ხანქენდისა და შუშას თავზე. ჩვენ ყველამ ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს დღე დავაჩქაროთ და ასეც ვიქცევით. გაუმარჯოს აზერბაიჯანს”.

 

აი ამ ატმოსფეროში ჩადის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს იმ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის  სამ ქვეყანას შორის, ყველაზე ძლიერ ქვეყნად განიხილება.

 

მისი ორდღიანი ვიზიტი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში მხოლოდ ხელის ჩამორთმევებითა და ღიმილით აღსავსე როდი იქნება. იმ დროს, როდესაც მედვედევის ვიზიტი, ფორმალურად სასაზღვრო შეთანხმებისა და წყლის რესურსების განაწილების პროექტების გარშემო ტრიალებს, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი ისეთ უხერხულ საკითხებზეც წარიმართება, როგორიც არის, ენერგეტიკული სტრატეგია და რეგიონში ფავორიტიზმად აღქმული რუსეთის პოზიციაც.

 

თავდაპირველად  შეხვედრა სექტემბრის ბოლოს იყო დანიშნული. შეხვედრა კრემლმა დააჩქარა და ახლა ის შეერთებულ შტატებში და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ალიევის ვიზიტის წინ ჩატარდება. იქ ის აშშ-ს ოფიციალურ პირებსაც უნდა შეხვდეს.

 

”მედვედევის ვიზიტი ერთგავარად პრევენციული ნაბიჯია, რათა აზერბაიჯანი დასავლეთთან უფრო ახლო გეოპოლიტიკური კავშირებისგან შეაკავოს”, – უთხრა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს რასიმ მუსაბეკოვმა, ბაქოელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა. ”რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანი დაპირებებითა და გარკვეული პრობლემების გადაჭრით დაარწმუნოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ბაქო არასდროს მოექცევა მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ”.

 

ღია ჭრილობა

 

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ბაქოს სურს, რომ მოსკოვმა გადაწყვიტოს, მეზობელ სომხეთთან ქრონიკული დავაა. ორი ქვეყანა მთიანი ყარაბახის გამო ისტორიულ ჩიხშია გამომწყვდეული. ეს ანკლავი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობს,  ძირითადად სომხებითაა დასახლებული.

 

სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ ტერიტორიის გამო სასტიკი ომი ჰქონდათ და ის საზავო შეთანხმებით მხოლოდ 1994 წელს დასრულდა. მაგრამ მთიანი ყარაბახის საბოლოო სტატუსი გაურკვეველია და სიტუაცია ანკლავსა და მის გარშემო სივრცეში არასტაბილური რჩება.

 

მედვედევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ გაიმართა ორმხრივი სროლები და ანკლავის კარგად დაცულ საზღვარზე სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ასეთივე შეტაკება მოხდა ივნისშიც, ზუსტად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში ალიევსა და მის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა.

 

კონსპიროლოგიური თეორიებისადმი მიდრეკილ რეგიონში, ცოტაა ისეთი ექსპერტი, ვინც შეტაკებებს უბრალო დამთხვევად მიიჩნევს. (მედვედევის ვიზიტის გარდა, დღეს აღინიშნება მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობის დღეც და რამდენიმე უმაღლესი რანგის სომეხი პოლიტიკოსი ანკლავის დედაქალაქში, სტეპანაკერტში გაემგზავრა.)

 

ვაფა გულუზადე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ამბობს, რომ მისი რწმენით, შეტევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო, რათა დაესუსტებინათ აზერბაიჯანის პოზიცია მედვედევის ვიზიტის დროს.

 

”მათ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ბრძოლის ინსპირირება მოახდინეს. შესაძლოა (ეს ბოლო შეტაკება) იმიტომ მოხდა აზერბაიჯანში მედვედევის ვიზიტის წინ, რომ ქვეყანაზე პოლიტიკური ან სამხედრო ზეწოლა განხორციელდეს და ის უფრო დამყოლი გახდეს. შესაძლოა ეს მინიშნებაა. (რუსეთს) ერთი რამის თქმა უნდა ”ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი აგრესია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია” – ამბობს გულუზადე. ”რუსები არიან ყველა სომეხი მეთაურის უფროსები. ამიტომაცაა, რომ ყველაფერზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ხდება, პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია და მისი ხელისუფლებაა”.

 

რუსეთის როლი

 

რუსეთს სომხეთთან დიდი ხნის რეგიონული მეგობრობა აკავშირებს და მედვედევის ვიზიტამდე ბაქოში, ზუსტად ორი კვირით ადრე, მან და სარქისიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც გაუგრძელა დისლოკაციის ვადა რუს სამხედროებს სომხეთში და ერევანს უსაფრთხოების გარანტიები მისცა.

 

ამ შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა აზერბაიჯანი, რომელიც დრო და დრო იმუქრება, რომ   მთიანი ყარაბახის ჩიხს ძალის გამოყენებით გადაჭრის. ოფიციალურ პირებს ბაქოში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა შეთანხმებით სომხეთს უსამართლო უპირატესობა მიანიჭა კონფლიქტში, რომელშიც კრემლი თავს მიუკერძოებელ შუამავლად ასაღებს. 

 

რუსეთმა არად ჩააგდო იდეა იმის თაობაზე, რომ განახლებული ხელშეკრულება რამენაირად შეცვლის ბალანსს მთიან ყარაბახთან დაკავშირებით. (მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს მძლავრი ანტისაზენიტო დანადგარი მიჰყიდა).

 

რეალურად მოსკოვი, ალიევის და მედვედევის მოლპარაკებების წინ ყველა კოზირს ვერ ფლობს. რუსეთის ლიცენზია აზერბაიჯანის ქაბალას სარადარო სადგურზე, რომელიც ფარავს მთელს ირანს და ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს, 2012 წელს იწურება.

 

ილხან შაჰინოღლუს, Atlas Research-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი არ ფიქრობს, რომ ლიცენზია აუცილებლად განახლდება.

 

”რუსმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას სომხეთთან და რეგიონში სიტუაცია შეცვალა”, – ამბობს შაჰინოღლუ. ”ამიტომ ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით, სანამ ქაბალას სარადარო სადგურის ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე თანხმობას ვიტყვით – უნდა გავაკეთოთ ეს ანტი-აზერბაიჯანული პაქტის დადების შემდეგ, თუ არა?”

 

დარტყმა ნახშირწყალბადით

 

აირისა და ნავთობის დიდი მარაგი აზერბაიჯანს რუსეთზე ზემოქმედების სერიოზულ ბერკეტს აძლევს. მოსკოვს ძალიან სურს, რომ დასავლეთის ენერგეტიკულ მომარაგებაზე თავისი მონოპოლია განიმტკიცოს და ცდილობს ისეთ პროექტებს, რომლებსაც ევროპა უჭერს მხარს, მაგალითად ნაბუქოს, ხელი შეუშალოს, რადგან ის გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და არა-რუს მიმწოდებლებზეა გათვლილი, მათ შორის აზერბაიჯანზეც.

 

მედვედევმა ბაქოში გასული წლის ვიზიტის დროს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომს“ აზერბაიჯანულ გაზზე თავდაპირველ უფლებას ანიჭებს და კრემლი აცხადებს, რომ ამ შეთანხმების დამატებით პროტოკოლს რუსეთის ლიდერის ამჟამინდელი ვიზიტის დროს მოეწრება ხელი.

 

შაჰინოღლუ აღიარებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით აზერბაიჯანს სურს კრემლის სასარგებლოდ ითამაშოს. ბაქოს, მეორე სამხრეთ კავკასიური ქვეყნისგან, საქართველოსგან განსხვავებით, არასდროს მიუცია მოსკოვისთვის განგაშის საბაბი იმით, რომ დასავლეთში ინტეგრაციის სერიოზული სურვილი გამოუთქვამს.

 

მაგრამ იმავდროულად, აზერბაიჯანს ნავთობის მდიდარი მარაგები ანიჭებს დამოუკიდებლობის ისეთ ხარიხსს, რომელსაც ვერც საქართველო და ვერც სომხეთი ვერ შეედრება. დღეისთვის ბაქო ოსტატურად ინარჩუნებს ბალანსს რუსეთს, მის ტრადიციულ მოკავშირეს თურქეთსა და ახალ დასავლელ მეგობრებს შორის.

 

მაგრამ შაჰინოღლუს აზრით, აზერბაიჯანი ძალიან ხშირად აძლევს მოსკოვს იმას, რაც მას სურს – ეს კი უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავის ურთიერთობებში უპირატესობას სომხეთს მიანიჭებს.

 

”აზერბაიჯანს არასდროს მიუნიჭებია უპირატესობა ნაბუქოს პროექტისათვის რუსეთის გამო. აზერბაიჯანს არასდროს გამოუთქვამს ღიად ნატოში გაწევრიანების სურვილი, რუსეთის გამო. ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებენ, რომ ქვეყანა არ ისწრაფვის ევროკავშირში ან ნატოში,” – ამბობს შაჰინოღლუ. ”ვფიქრობ, ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და რადგან რუსეთი აშკარად უჭერს მხარს სომხეთს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენც ჩვენს არჩევანს უნდა გადავხედოთ”.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...