planetanews Posted September 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 2, 2010 2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა. ჯერ კიდევ ორი თვის წინათ, პროფესორის აკადემიური ხარისხის არქონის გამო, ყოფილ შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოვალეობის შემსრულებლად ვერ აირჩევდნენ. 2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ კანონში აკადემიურ ხარისხთან დაკავშირებით ყოველგვარი შეზღუდვა მოხსნა. 2010 წლის 16 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება. ცვლილების მიხედვით, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორის თანამდებობის დაკავებისას, აღარ არის სავალდებულო, რექტორის კანდიდატურაზე წარდგენილ პირი პროფესორი იყოს, რაც ცვლილებებამდე 22–ე მუხლის მე–2 პუნქტით იყო გათვალისწინებული. ცვლილების შედეგად, მხოლოდ მაგისტრის ხარისხის მქონე მინისტრი (მასკის პროგრამაში გამარჯვების შედეგად, ჩაირიცხა ნიუ იორკის უნივერსიტეტში http://moh.gov.ge/page.php?51) თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. 16 ივლისს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 22–ე მუხლის მე–3 პუნქტს დაემატა 31 პუნქტი; „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შეიძლება განისაზღვროს რექტორობის კანდიდატისათვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.“ ამ პუნქტის ჩამატებით, რექტორის კანდიდატურაზე არჩევნებისას, შესაძლებელია, ბაკალავრის ხარისხის მქონე პირმაც წარადგინოს საკუთარი თავი. 31 აგვისტოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. იმავე დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, საბჭოს 8 წევრის თანხმობით, აირჩია. კვიტაშვილის უალტერნატივო კანდიდატურა საბჭოს წევრებს ყოფილმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნუგზარ სურგულაძემ წარუდგინა. მიუხედავდ იმისა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა მინისტრის პოსტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის გამო დატოვა, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, იყრის თუ არა კენჭს რექტორის არჩევნებზე. 31 აგვისტოს, საღამოს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. სააკაშვილმა კვიტაშვილის დროებით რექტორის თანამდებობაზე არჩევა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა: ,, განათლებაში უმაღლესი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ვლაპარკობთ კომპიუტერებზე, უცხო ენის სწავლებაზე, პირველ რიგში, ინგლისურის. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის დიპლომი არ უნდა გაიცემოდეს საქართველოში, თუ ადამიანმა ერთი უცხო ენა მაინც არ იცის. რა ფაკულტეტზეც არ უნდა იყოს სტუდენტი, თუ მან ენები არ იცის, ეს არ არის საუნივერსიტეტო განათლება. ამის დანერგვას დრო დასჭირდება, მე არ ვლაპარაკობ, რომ ეს დღეს უნდა მოხდეს. თანამედროვე მსოფლიოში საგზურს ვერ მისცემ მას, ვინც ენა არ იცის. ვერც ენა და ვერც კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს ფუნდამენტურ განათლებას. ენა და კომპიუტერი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ის შეიძლება გამოიყენო ცუდი მიზნებითაც, სიბნელე გაავრცელოს ვიღაცამ ინტერნეტით და გაავრცელოს განათლებაც. რამდენად გამოიყენებ ამას სწორი მიზნით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაქვს ფუნდამენტური განათლების სტანდარტი მაღალი. ამიტომ, რაც პოტენციალი არსებობს, უნდა გადავარჩინოთ. ჩვენ ბევრი რაღაცა დავკარგეთ გარკვეული თვალსაზრისით, მაგრამ რაც არსებობს, ის უნდა გადარჩეს და განვითარდეს და უნდა დაინერგოს ახალი სტანდარტები, – ბოლოსკენ სააკაშვილმა კვიტაშვილი შეაქო და დახმარებასაც დაჰპირდა, – მმართველობის ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ასევე მიღებული გაქვთ ფუნდამენტური განათლება და იმედია, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის საკეთილდღეოთ გამოიყენებთ. ჩვენ მაქსიმალურად დაგეხმარებით, მოგცემთ დამატებით ფინანსებს, მატერიალური წახალისება უნდა გაიზარდოს. განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქართულ სახელმწიფოს არ აქვს, ამიტომ ყველაფერს, რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, გააკეთებს’’. რატომ შეხვდა პრეზიდენტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რექტორის არჩევნებში? რატომ ესაუბრა მას უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე? და თუ არ აქვს გადაწყვეტილი კვიტაშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რატომ გაცვალა მან მინისტრის თანამდებობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე? სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დეკემბერში გაიმართება. ექსპრეტი განათლების საკითხებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის ინსტიტუტის პროექტის დირექტორი, სიმონ ჯანაშია ფიქრობს, რომ საკუთარი მთავრობის წევრის მიმართ გამოთქმული ღია მხარდაჭერა უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს ყოფილ მინისტრს რექტორობის სხვა კანდიდატებს შორის, თუ ის მონაწილეობას მიიღებს რექტორის არჩევნებში. ასეთი მხარდაჭერა ასევე გავლენას იქონიებს საბჭოს წევრებზეც. ,,მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური ელიტის მხრიდან განიხილება დანიშვნად და არა არჩევად, რაც უნივერსიტეტის დამოუკიდებლობის იდეას ანგრევს. ასეთი დამოკიდებულება ამცირებს იმ აკადემიური საბჭოს ძალაუფლებას, რომელსაც რეალურად უნდა ჰქონდეს უფლება, ეს ადამიანი აირჩიოს, ან არ აირჩიოს, – ამბობს ჯანაშია, თუმცა ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივესიტეტზე კონტროლის მექანიზმების გამკაცრება თსუ–დან ხუბუას წასვლით უფრო კარგად გამოჩნდა, – რეალურად, სახელმწიფო ზეწოლის გამო წავიდა წინა რექტორი. ის უფრო ნიშანდობლივია, რომ სახელწიფოს უნდა მეტი კონტროლი ჰქონდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, ვიდრე ის, თუ ვინ გახდება შემდეგი რექტორი’’. ახალაგზარდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ლალი პეტრიაშვილის განმარტებით, ,,განათლების შესახებ კანონში’’ არ არის ჩადებული ცალკე პუნქტი, რომელიც ხელისუფლებლებას პირდაპირ აუკრძალავს ჩარევას უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობაში, თუმცა დამოუკიდებლობის პრინციპები კანონში გათვალისწინებულია. საიას იურისტი, ლალი პეტრიაშვილი ამბობს, რომ კანონის მიხედვით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით მეცნიერების დარგების თავისუფალ, სამართლიან და სოციალური სამართლიანობის გარემოში განვითარებას (,,განათლების შესახებ კანონი’’ მე–03 მუხლის პირველი ნაწილის ,,ჩ“ ქვეპუნქტი). გარდა ამისა, აკადემიური საბჭო, რომელიც უნივერსიტეტს მართავს, აირჩევა თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე. უნივერსიტეტის რექტორი კი, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებებს ასრულებს, ასევე აირჩევა ფარული კენჭისყრით საბჭოს მიერ. ,,ნეტგაზეთი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებსაც ესაუბრა. ქეთევან მარშავა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენელი, ამბობს, რომ კანონში შეტანილ ცვლილებაზე საბჭომ უკვე იმსჯელა. ,,ეს საკითხი მეც მაღელვებს, თუმცა კანონი კანონია, ამიტომ საბჭო აცილებას ვერ მისცემდა ამ ადამიანს იმის გამო, რომ მას პროფესორის ხარისხი არ აქვს. ეს შეზღუდვა კანონში მოიხსნა“. ზურაბ დავითაშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელი საბჭოში, ფიქრობს, რომ პროფესორის ხარისხის აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქციები ექნება უნივესიტეტის რექტორს. თუ რექტორი მხოლოდ მეცნიერებისა და სწავლის პროცესს გაუძღვება უნივერსიტეტში, მაშინ პროფესორობის ხარისხის ქონას დავითაშვილი აუცილებლად მიიჩნევს. ,,თუ რექტორმა პასუხი უნდა აგოს იმაზეც , ვთქვათ, ტენდერი როგორ ჩატარდება, თანხები როგორ დაიხარჯება უნივერსიტეტში, უნივესიტეტის სასადილოდან ჭიქები და თეფშები არ დაიკარგოს, მაშინ აღარ არის საჭირო, რომ იგი პროფესორი იყოს. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად, საჭიროება მეტია, იყოს კარგი მმართველი’’, – გამარტავს დავითაშვილი. იმისათვის, რომ პირს ასისტენტ– პროფესორის ხარისხი მიენიჭოს, აუცილებელია იყოს დოქტორანტი ან დოქტორის ხარისხის მფლობელი; ასოცირებული პროფესორს, დოქტორის ხარისხთან ერთად, უნდა ჰქონდეს სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება და ასევე – გამოქვეყნებული შრომები; სრული პროფესორი კი უკვე კონკრეტული დარგის სპეციალისტია - ამ დარგში უკვე ცნობილი, წამყვანი სპეციალისტი. სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც წესი, ფაკულტეტზე ერთი სრული პროფესორია, კათედრის ხელმძღვანელი. 29 სექტემბერს აკადემიური საბჭოს 12 წევრიდან რვას საბჭოში ყოფნის ვადა ეწურება. უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებამდე თსუ–ს საბჭო ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება. დეკემბერში კი თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორს საბჭოს ახალი წევრები ძველებთან ერთად აირჩევენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts