Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - 17 თუ 71? - ხელფასები და დისკრიმინაცია საქართველოში


Recommended Posts

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს.

 

ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს მთავრობის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, აწ გარდაცვლილმა, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ საკმაოდ პრაქტიკულად, ყველა მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე ახსნა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა და შედეგის გაზომვადობა. მან თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ყველა მოქალაქე იგრძნობდა მაშინ, როდესაც ის საკუთარი მაცივრის კარს გამოაღებდა და სიცარიელის ნაცვლად, იქ პროდუქტების ფართო ასორტიმენტი დახვდებოდა.

 

დასახელებული მეთოდი მართლაც საოცრად მოქნილი პრაქტიკაა ზედაპირული კვლევის ჩასატარებლად. მარტივად შეიძლება კითხვის დასმა მოქალაქეებისათვის, რომ მაგალითად, შეიცვალა თუ არა მათ მაცივარში პროდუქტების ოდენობა 2003 წლის შემდგომ? თუმცა, ამგვარად შეკითხვის დასმისას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში ქვეყნის მოქალაქეთა პასუხი საოცრად გულწრფელი იქნებოდა, ასევე, ბევრ შემთხვევაში კვლევა არასერიოზულად იქნებოდა მიჩნეული.

 

უფრო სერიოზულ ციფრებს კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო (საქსტატი) გვთავაზობს. მაგალითად, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2009 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა, გამოხატულმა მიმდინარე ფასებში, შეადგინა 17948.6 მილიონი ლარი, ამ მონაცემის მიხედვით, პრაქტიკულად გაორმაგდა 2004 წელს დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი. ეს კი, ბუნებრივია, ეკონომისტების ან თუნდაც პოლიტიკოსების ენაზე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო პოპულისტების ენაზე ცხოვრების პირობების 100 პროცენტით უკეთესობისკენ შეცვლას აღნიშნავს.

 

თუმცა, საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ციფრები საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის? შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერს, ვინაიდან მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას უბრალოდ არ ესმის რა არის მიმდინარე ფასებში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტი და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელმა პირადად მას. ქვეყნის რიგითი მოქალაქე სწორედ ზემოთნახსენებ მაცივარში პროდუქტების ზრდის დინამიკას აქცევს ყურადღებას და სტატისტიკოსების მიერ მოწოდებული ციფრები დიდად არ ადარდებს ან, უმრავლეს შემთხვევაში, საერთოდ არც არასოდეს ეცნობა მათ.

 

აღნიშნულ ფონზე, საინტერესოა რას უდრის ის თანხა, რომელიც ადამიანის საარსებო მინიმალურ პირობებს უზრუნველყოფს? ერთის მხრივ, ეს ის შეკითხვაა, რომელიც რამდენ ადამიანსაც არ უნდა დავუსვათ, იმდენ სხვადასხვაგვარ პასუხს მივიღებთ, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ეკონომიკაში საარსებო მინიმუმის ცნება, რომელიც დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალურ სასურსათო კალათში იგულისხმება განსაზღვრული კვების პროდუქტებისაგან შემდგარი სასურსათო კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას.

 

მარტივად რომ ვთქვათ, საარსებო მინიმიმუმი არის ცილების, ცხიმების, ნახშირწ####ბის და კალორიულობის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა იმისათვის, რომ ელემენტარული არსებობა შეძლოს. ბუნებრივია, ამ ლოგიკით საარსებო მინიმუმი არ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანს ესაჭიროება ჩაცმა, ტრანსპორტი თუნდაც დასახელებული საარსებო მინიმუმის მოსაპოვებულ სამუშაო ადგილამდე მისვლისათვის, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მაგალითად, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ თავდაპირველად ხდება მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა 5 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) საფუძველზე. შემდგომში უკვე დგინდება პროდუქტების საშუალო ფასი და მიჩნეულია, რომ მიღებული ფასი წარმოადგენს თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყნის დონეზე.

 

საქსტატის მიერ მოწოდებული მეთოდიკის მიხედვით ითვლება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საშუალოდ, 2009 წელს, დაახლოებით 129 ლარი იყო, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ამავე პერიოდში დაახლოებით 216 ლარი დაფიქსირდა, ხოლო ექვსსულიანი და მეტი შემადგენლობის ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 289 ლარს არ აღემატებოდა.

 

დასახელებული მონაცემების გაცნობისას უამრავი კითხვა იბადება. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ 2003 წლამდე ოპოზიციაში მყოფი ბატონი ზურაბ ჟვანია დაჟინებით ითხოვდა, რომ მიღებული ყოფილიყო კანონი მინიმალური ხელფასების შესახებ, რომელიც არსებულ ხელფასს იმ პერიოდისათვის დაფიქსირებულ საარსებო მინიმუმს, ანუ საშუალოდ 115 ლარს გაუტოლებდა. დღეს კი საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ 2009 წელს 2002-2003 წლებთან შედარებით საარსებო მინიმუმი საშუალოდ მხოლოდ 14 ლარით გაზრდილა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი ლოგიკა დაუჯერებელია. ამასთან, კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ დასახელებულ 2002-2003 წლებთან შედარებით, 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა დაიკლო 30 ლარით და საშუალოდ 85 ლარი შეადგინა.

 

გარდა წარმოდგენილი მშრალი სტატისტიკისა, რომელიც თავისთავად საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, სხვა ყველაფერთან ერთად საეჭვოა ასევე ის ფაქტი, თუ როგორ არის შესაძლებელი ექვსულიანმა ოჯახმა იარსებოს 289 ლარით? ან, ზოგადად, საშუალო ოჯახმა დაახლოებით 216 ლარით?

 

ამ ფონზე ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ საქართველოს მოქალაქეთა მიმდინარე შემოსავლების სტატისტიკას. კერძოდ, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2008 წელს შეადგენდა დაახლოებით 535 ლარს, რაც, მაგალითად, 2003 წელს დაფიქსირებულ დაახლოებით 126 ლართან შედარებით საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. 2010 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა კი დაახლოებით 565 ლარი შეადგინა. მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, დამაფიქრებელია, რომ საქართველოში ამჟამად ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში ფიქსირდება. ამასთან, საკმაოდ დისკრიმინაციულად გამოიყურება ის ფაქტიც, რომ საქართველოში ერთსა და იმავე სფეროში, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალების ანაზღაურება საგრძნობლად ჩამორჩება მამაკაცების ანაზღაურებას. მაღალანაზღაურებად სამსახურებში, მაგალითად საფინანსო სექტორში აღნიშნული ტიპის დიფერენციაცია 700 ლარსაც კი აღწევს.

 

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. საქმე იმაშია, რომ საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვითდასაქმებულია, მაგალითად, პიროვნებას აქვს მცირე მეურნეობა სოფლად, ან სულაც საკუთარი ავტომანქანით “ტაქსაობს”. ყველა ასეთი ტიპის სამუშაოს შემსრულებელი კი სტატისტიკურად დასაქმებულად ითვლება.

 

ზემოთ დასახელებული ფაქტი, რომელიც საოცარ სხვაობას გვაჩვენებს სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და მოსახლეობის გამოკითხვით დაფიქსირებულ შედეგებს შორის, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვერანაირი სტატისტიკა ვერ შეძლებს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, თუ ამის რეალური შესაძლებლობები და პირობები არ არსებობს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...