Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს მაფია: გადარჩენის პოლიტიკა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg

 

გევინ სლეიდი

 

ქართული ყოფის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც, ის განსაკუთრებული გავლენა იყო, რომელსაც მასზე ძლიერი დანაშაულებრივი ქსელი ახდენდა – ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი, რომლის აღმასვლა და თავად არსებობაც კი, მჭიდროდაა დააკავშირებული საქართველოს სახელმწიფოს ცვალებად ხასიათთან, ამბობს გევინ სლეიდი.   

 

გავლენიანი დანაშაულებრივი ქსელის განსაკუთრებული ბუნება, რომელსაც ქართულად „კანონიერი ქურდები“ ჰქვია, კვლევისთვის ძალიან საინტერესო საგანია, თუმცა პოსტსაბჭოთა საქართველოს მკვლევარები მას დიდწილად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. რით აიხსნება მისი სიმტკიცე და როგორ ახასიათებს ის უკვე ორი ათწლეულის  დამოუკიდებელი „მეორე რესპუბლიკის“ პოლიტიკის და საზოგადოების ბუნებას?

 

ამ კითხვაზე შესაძლო პასუხი ცნობილ სტატიაშია, რომელიც 1980–იანი წლების დასაწყისში, გვიან საბჭოურ, „პერესტროიკამდელ“ პერიოდში გამოქვეყნდა და რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის აყვავება „კულტურის ფუნდამენტური მახასიათებლების“ შედეგი გახდა. ეს მახასიათებლები თავის მხრივ ქართველებისთვის დამახასიათებელმა კულტურულმა ღირებულებებმა გააჩინა, ისეთებმა, როგორიცაა მაგალითად კონკურენციისკენ მიდრეკილება (განსაკუთრებით მომხმარებლური ჩვევების სფეროში), რისკისკენ ლტოლვა, ღირსება და მოყვრობა (იხ. მარს გ., ალტმან ი. „საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის საფუძვლები“ [G Mars & Y Altman, The Cultural Bases of the Georgian Second Economy, Soviet Studies, 35/4, 1983]).      

 

ათი წლის შემდეგ, ქაოსის და ქართული დამოუკიდებლობის პირველი წლების მარცხის შემდეგ, ეგრედწოდებული „კანონიერი ქურდების“ განზოგადოებული ჯგუფის წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკასა და სახელისუფლო სტრუქტურებში წამყვანი მოთამაშეები გახდნენ. შეიძლება თუ არა ამ სპეციფიკურად ქართულ ფენომენს ასევე გააჩნდეს კულტურული საფუძვლები? 

 

„კანონიერი ქურდების“ ფესვები საბჭოთა ბანაკების სისტემიდან (არქიპელაგი „გულაგი“) მოდის, სადაც პატიმრები ურთიერთდაცვისთვის ციხეში საძმოებს ქმნიდნენ, რომლებიც ღირსების საკუთარი კოდექსით ხელმძღვანელობდნენ. 1980–იანი წლების შემდეგ, საბჭოთა სისტემის ნგრევამ       გორბაჩოვის „გლასნოსტთან“ და გარდაქმნასთან ერთად, საქართველოს (ისევე როგორც სსრკ–ს სხვა რესპუბლიკებს) დამოუკიდებლობის დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. ქვეყანა სამოქალაქო ომსა და სამხრეთ ოსეთსა (1991–92 წლები) და აფხაზეთზე (1992–93 წლები) კონტროლის შენარჩუნების უშედეგო მცდელობებში ჩაეფლო. ამ არეულობის და ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი ეკონომიკის ფონზე საზოგადოებაში „კანონიერი ქურდების“ ახალმა თაობამ გამორჩეული ადგილი დაიკავა. 2003 წელს, საქართველოს პრეზიდენტმა და საბჭოთა კავშირის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემ, აღიარა: „კანონიერმა ქურდებმა ქვეყანა შეჭამეს“.

 

2003 წლის ნოემბრის რევოლუციამ, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ სახელითაა ცნობილი, შევარდნაძე დაამხო და ხელისუფლებაში ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, რომლის მთავრობამაც მაფიასთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. მათ მიერ გატარებული ზომები მოიცავდა: საკუთრების კონფისკაციას, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღებას, ციხეების, პოლიციის და სამოქალაქო განათლების რეფორმას. 2005 წლიდან, „ქურდული სამყაროსადმი“ კუთვნილება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. თავად „კანონიერი ქურდის“ წოდება კი დანაშაულის ნიშნად ითვლება.

 

მარტივი კითხვა

 

2007 წლის მარტში, დაპატიმრებების ტალღის შემდეგ, სააკაშვილმა, თბილისში, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას გამოცხადა, რომ „დანაშაულებრივი სამყაროს თავკაცთა სისტემის ხერხემალი გატეხილია, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ზოგიერთი ადამიანი ეჭვობდა, რომ პატარა დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი შეძლებდა იმის გაკეთებას, რასაც თავად სტალინიც ვერ მოერია“.

 

თუმცა, პრეზიდენტმა ყველაფერი არ თქვა: „ქურდული სამყარო“ მკვდარი სულაც არ არის. საქართველოს მთავრობის ქმედებებზე საპასუხოდ, კანონიერმა ქურდებმა მაფიის გადარჩენის საყვარელ გზას – ემიგრაციას – მიმართეს. ბევრი რუსეთში გადასახლდა, რომლის პრესაც დღეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის კანონიერი ქურდების 33 პროცენტი – ქართული წარმომავლობისაა (ამ პარამეტრით ქართველებმა ყველას, მათ შორის რუსებსაც გაუსწრეს). სხვები ევროპაში გაიფანტნენ, რასაც ბოლოდროინდელი სამი ამბავი მოწმობს:              

 

– 2010 წლის მარტში ევროპაში „ქართულ მაფიასთან“ დაკავშირებული 69 ადამიანი დააკავეს.

 

– ორი ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფების კონფლიქტს, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ, ათენის, მარსელისა და მოსკოვის ქუჩებში მკვლეობები მოჰყვა.

 

– 2010 წლის ივლისში, ავსტრიის პოლიციამ დასავლეთ ევროპაში იმ ქართული დანაშაულებრივი ქსელის გამოძიება დაიწყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდა თბილისში 2009 წლის გაზაფხულზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციებს. (ამ აქციების დროს გარკვეულწილად გამოყენებული იყო დანაშაულებრივი სუბკულტურის სიმბლოზმი და რიტორიკაც. კერძოდ, დემონსტრანტებმა ათობით იმპროვიზირებული ციხის საკნები დაიკავეს, რომლებიც მთელ თბილისში იყო განთავსებული).        

 

ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ გააჩინა საქართველომ ამ რაოდენობის კანონიერი ქურდი? როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში პოპულარულია ზედაპირული განმარტება, რომლის თანახმად, თითქოს ქართული ღირებულებები, კულტურა და მენტალიტეტი რაღაც ფორმით ჰარმონიაშია ქურდული სამყაროს ღირებულებებთან, კულტურასთან და მენტალიტეტთან. მეცნიერთა ფორმულირებით: „ქართველები კანონს, მის ნებისმიერ ფორმას ავტომატურად უარყოფენ… შეიძლება ითქვას, რომ ქურდების საზოგადოებამ საქართველოს, ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე, მისცა მართლმსაჯულების ერთადერთი არაკორუმპირებული და ქმედუნარიანი სისტემა“ (იხ. ვ.დ. ნორდინი, გ. ღლონტი, „კანონიერი ქურდები და კანონიერება საქართველოში [VD Nordin & G Glonti, Thieves of theLaw and the Rule of Law in Georgia]). ამ თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, საქართველო განწირულია კანონიერ ქურდებთან კავშირისთვის – ეს ისტორიულად ფესვგადგმული უნარ–ჩვევებიდან და ამ ხალხის  კულტურული მიდრეკილებიდან გამომდინარეობს.   

 

ამგვარი „კულტუროლოგიის“ უბედურება ის არის, რომ ზოგადი სიტყვები, როგორებიცაა „ქართული კულტურა“ ან „ქართული მენტალიტეტი“ კონკრეტულად არ ხსნის იმას, თუ რატომ იქცა საქართველო იმ ქვეყანად, სადაც ქურდული სამყარო უფრო კომფორტულად საზრდოობდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადგილას საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა სივრცეში. შესაძლოა, უფრო ნაყოფიერია კანონიერი ქურდების განხილვა მათთან დაკავშირებულ აქტუალური სოციალური და ეკონომიკური პრაქტიკების პრიზმაში: როგორც მაფიის, რომელიც დაცვის მომსახურების ბაზარზე მოქმედებს, არეგულირებს დავებს, კრეფს ხარკს და აკონტოროლებს როგორც საქმიან ოპერაციებს, ასევე ტერიტორიას. ამ თვალსაზრისით, კანონიერი ქურდები (კულტურული ტენდენციებისგან და პრაქტიკებისგან დამოუკიდებლად) კონკურენციას უწევენ დაცვის მომსახურების სხვა სტრუქტურებს, და მათი ძლიერება პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათი მომსახურების მოთხოვნაზე.             

 

კონკურენტული უპირატესობა

 

ამგვარი მიდგომის ფარგლებში, შეიძლება დავასკვნათ, რომ გავლენა, რომელიც საქართველოში კანონიერმა ქურდებმა მოიპოვეს, ამ რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი ორი სოციოეკონომიკური პირობიდან გამომდინარეობს. პირველ რიგში, „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ ქართული სექტორი (რამდენადაც შეიძლება დღეს მასზე მსჯელობა) საბჭოთა კავშირში პროპორციულად ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური იყო. საბჭოთა პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარეობდა ის, რომ სახელმწიფოს არ შეეძლო ამ არალეგალური კაპიტალისტური ურთიერთობების რეგულირება ან დაცვა. ამგვარად, ერთდროულად ჩნდებოდა, როგორც დავების გადაწყვეტისთვის ალტერნატიული მექანიზმების აუცილებლობა, ასევე მათი წარმოქმნის შესაძლებლობა. და მართლაც, საქართველოს საარქივო დოკუმენტები მოწმობს, რომ ჯერ კიდევ 1980–იან წლებში, კანონიერი ქურდები შავ ბაზარზე სწორედ ამ ფუნქციას ასრულებდნენ.     

 

მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ ხნის იმ მნიშვნელობას, რაც საქართველოში კანონიერმა ქურდებმა შეიძინეს, მაგრამ ამომწურავ განმარტებად არ გამოდგება. ბოლოს და ბოლოს, ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ძალზედ დიდი იყო სხვა რესპუბლიკებშიც, კერძოდ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. ამიტომ, აუცილებელია მეორე ფაქტორის გათვალისწინება – სახელმწიფოს კოლაფსის დონე, რომელიც საქართველომ 1990–იან წლებში გადაიტანა და რომელიც შესაძლოა ყველაზე მაღალი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ათწლეულში კაპიტალისტური ურთიერთობები ლეგალიზებულია, რამაც მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა დაცვის მომსახურებაზე, თუმცა  ოპერაციების უსაფრთოხების უზრუნველყოფა არ ხდებოდა – ამჯერად, უკვე არა იდეოლოგიური სიხისტის (როგორც საბჭოთა დროში), არამედ სახელმწიფოს სისუსტის გამო. ამგვარად, ქართული სახელმწიფოს კოლაფსმა საშუალება მისცა სხვა მოთამაშეებს სახელმწიფოს ფუნქციები საკუთარ თავზე აეღოთ იმ დონეზე, როგორც ეს შეუძლებელი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში.

 

ქართველი კანონიერი ქურდებისთვის ამის გაკეთება ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. მათ უკვე გააჩნდათ დანაშაულებრივი თანამეგობრობა შესაბამისი „აქტივებით“: ცნობადი სახელწოდებით, ღირსების კოდექსით, ბანაკების სუბკულტურიდან ციხეების მიღმა გატანილი რიტუალებით. ამგვარი მყარი რეპუტაცია ყოველთვის აძლევს მაფიას კონკურენტულ უპირატესობას, რადგან სტატუსი და რეპუტაცია იმის საშუალებას იძლევა, რომ დიდწილად სარისკო და ძვირადღირებული ძალადობა არ გამოიყენო. თუმცა, გარდამავალი პერიოდის სისხლიანი ბუნების წყალობით, საქართველოში კონკურენცია მაინც სასტიკ ფორმებს იღებდა – კანონიერ ქურდებს ხომ კონკურენციას უწევდნენ, როგორც   არარეგულარული გასამხედროებული ფორმირებები, მაგალითად „მხედრიონი“ (ორგანიზაცია, რომელიც კანონიერმა ქურდმა შექმნა, მაგრამ ქუდულ ავტორიტეტს პატივს არ სცემდა), ასევე პოლიციის კორუმპირებული აპარატი.              

 

სხვა მაფიების, მათ შორის 1970–იანი წლების სიცილიური „კოზა ნოსტრას“ გამოცდილება, ცხადყოფს, რომ სასტიკ კონკურენციას მსგავსი თანამეგობრობები ჩვეულებრივ, წევრობაზე ბარიერის დაწევით პასუხობენ. საქართველოს პოლიციის მონაცემები ადასტურებს, რომ ქართველი ქურდები ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ. საბჭოთა პერიოდში ისინი თავიანთ რიგებში არ იღებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც პატიმრის გამოცდილება არ ჰქონდათ და „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ფულზე არ ყიდდნენ; თუმცა ახლა მსგავსმა პრაქტიკებმა სერიოზულად გაზარდა ამ სტატუსის მატარებელ ქართველთა რიცხვი. შედეგად, სტატუსებით მოვაჭრეთა გამდიდრებისკენ ლტოლვამ და თანამეგობრობის ახალი წევრების დაუოკებელმა ქმედებებმა, სერიოზულად შეარყია ქურდებზე, როგორც ასკეტურ და ღირსების მატარებელ ადამიანებზე მითი. ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესში, ბრენდის კაპიტალიზაციიდან სარგებლის მიღება მასში დამატებითი რესურსების დაბანდების გარეშე, ძალიან მოკლევადიანი სტრატეგია აღმოჩნდა.

 

რეფორმები და უკან დაბრუნება

 

ეს მოსაზრებები უფრო ზუსტად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის კანონიერ ქურდებში ამდენი ქართველი. „კულტურის ფუნდამენტური მახასიათებლების“ იდეა, შეიძლება არქივს ჩაბარდეს: საკვანძო ფაქტორი არის არა ის, არამედ საბჭოთა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის დავების გადაწვეტის მექანიზმზე მოთხოვნილება და 1991 წელს სახელმწიფოს კოლაფსის არანორმალური დონე, რომელსაც ნადავლისთვის სასტიკი კონკურენცია და მოულოდნელი შედეგები მოჰყვა.          

 

2004 წლიდან სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს, მათ შორის პოლიციის წარმატებულ რეფორმას მოჰყვა ის, რომ ბოლო გამოკითხვებით, ქართველები „კანონიერი ქურდების“ მიმართ უფრო მტრულად არიან განწყობილნი, იმავდროულად, იგივე გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საზოგადოებაში გაიზარდა უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება სასამართლოების მიმართ, რომლებსაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რეფორმები ფაქტობრივად არ შეხებია.

 

მიხეილ სააკაშვილმა, სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა შეასრულოს დაპირება და შექმნას დამოუკიდებელი იუსტიცია. მის გარეშე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა განვითარებული სტრუქტურების გარეშე, ის ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ სახელმწიფოს დავების გადაწყვეტის სამართლიანი და გამჭვირვალე მექანიზმების დაცვის უნარი გააჩნია. ციხეში, თუ დევნილობაში – კანონიერი ქურდები მაინც არსებობენ. საქართველოს ბედის შეცვლა ერთხელ მოხერხდა, მაგრამ ქვეყანა ჯერ კიდევ შეიძლება წარსულს დაუბრუნდეს.

 

გევინ სლეიდი ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ცენტრში წერს დისერტაციას თემაზე „გაუცხოებული სახელმწიფოებრიობა და კანონიერი ქურდების პრობლემა“ (Alienated Statehood and the Problem of Thieves-in-Law). იგი ასევე არის ავტორი სტატიის „ქურდის საფრთხე: ვის აქვს ნორმატიული გავლენა ქართულ საზოგადოებაში?“ (The Threat of the Thief: Who Has Normative Influence in Georgian Society?») [Global Crime, 8/2 May])

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...