planetanews Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/07/economist.jpg ვარდების რევოლუციის შემდეგ 7 წელი გავიდა და საქართველომ გრძელი გზა გაიარა. ბათუმის ხუთმილიან ზღვისპირა ბულვარზე, ჰამაკები და სათამაშო მოედნები ჩამწკრივებულა, აქვეა მოცეკვავე შადრევნები, თამაშობენ ბავშვები და ოჯახები დასეირნობენ. ათი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც აჭარა, საქართველოს სამხრე-დასავლეთით მდებარე მწვანე კუთხე, რომლის რეგიონალური დედაქალაქიც ბათუმია, ასლან აბაშიძის, ძალაუფლებისმოყვარე კაცის, პირადი მამული იყო. ის ამ ადგილის მფლობელი უფრო იყო, ვიდრე მმართველი და არასდროს ჩნდებოდა თავზეხელაღებული დაქირავებული მცველების არმიის გარეშე; ქალაქის ქუჩებს კეტავდნენ მაშინ, როდესაც მის ვაჟს ლამბორჯინიზე რბოლა მოუნდებოდა. დანარჩენი საქართველოსგან საკონტროლო პუნქტებით მოწყვეტილი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდიდა დღეს ეს სათუთი, მიმზიდველი საკურორტო ადგილი საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების ექსპოზიციაა, გადასვლის მოდელი და რეკლამა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთი, ჩრდილოეთით მდებარე სეპარატისტული რეგიონი, იმ შემთხვევაში, თუ ორი წლის წინ, რუსულ-ქართული ომის შემდეგ რუსეთი მის ანექსირებას არ მოახდენდა. ისევე, როგორც ნებისმიერი რეკლამა, ბათუმი სრულ სურათს არ წარმოაჩენს. სანაპიროსგან მოშორებით, საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრების დამთრგუნველ ნიშნებს წააწყდებით. მაგრამ ცვლილებები აქ მართლაც მოხდა და არა მხოლოდ ბათუმის ქუჩებში წამოჭიმულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რესტორნებსა და კაზინოებში, რომლებიც თურქი მოთამაშეებითაა სავსე. ცვლილება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იმართება აჭარა. ისე, რომ, ფაქტიურად ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი სწუხს კიდეც იმ არასახრბიელო უფსკრულის გამო, რომელიც აჭარასა და მოუწესრიგებელ აფხაზეთს შორის წარმოიქმნა. აჭარის გუბერნატორმა 38 წლის ლევან ვარშალომიძემ აჭარას უფრო ბევრი გაუკეთა, ვიდრე საკუთარ თავს. ის ძველ ბათუმში მოაბიჯებს, ჯინსებში, მცველები არსად ჩანან, ადგილობრივები მასთან მადლობის სათქმელად მიდიან და ამ ჟესტში არაფერია იძულებითი. ვარშალომიძე ქართველთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს 200 3 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიაღწიეს. პრაქტიკულად, საქართველო, ყველა თავისი პრობლემით, ახალგაზრდების ხელშია, პრაგმატული თაობის ხელში, რომელმაც უკუაგდო საბჭოური პიროვნების კულტები, პრივილეგიები და პარანოია. მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფასი, წერდა: ”საბჭოთა ადამიანი უხილავი ცვლილებების პროდუქტია, დეგენერაციისა და პროგრესირებადი დეფორმაციის. ამ ცვლილებათა ჯაჭვის მოცილება ძნელია. შესაძლოა ისინი უკვე შეუქცევადია კიდეც”. არც ერთი პოსტ-საბჭოტა ქვეყანა არ გათავისუფლებულა მთლიანად თავისი მემკვიდრეობისგან, მაგრამ საქართველომ ამ ჯაჭვის გადაგდებაში ბევრს გაუსწრო. გია ყანჩელი, 75 წლის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ამბობს: ”წინათ ჩემი თაობის ღირსეული ადამიანები ცდილობნენ არ ყოფილიყვნენ საბჭოელები. დღესაც ისევ ვცდილობთ არ ვიყოთ საბჭოელები, მაგამ ახალი თაობა სხვანაირია. მათ არ სჭირდებათ ძალისხმევა – ისინი უბრალოდ თავისუფალნი არიან იმ ზეწოლისა და სიცრუისგან”. საქართველომ სტალინისტური რეპრესიების გამო ძალიან ბევრი გადაიტანა, მაგრამ საბჭოთა ეპოქაში მან თამაშის წესების დაცვა და სისტემისგან სარგებლის მიღება ისწავლა. ის საბჭოთა იმპერიის სათამაშო მოედნად იქცა, ღვინის, კულტურისა და გართობის წყაროდ. მაგრამ როდესაც იმპერია დაინგრა, საქართველო თითქმის გაკოტრებულ ქვეყნად იქცა: ბანდიტიზმისა და ეთნიკური კონფლიქტების გამო დისფუნქციური და დასახიჩრებული. 2003 წლისთვის ძალადობა თითქმის შეჩერდა, მაგრამ სახელმწიფო მაინც სუსტი და კორუმპირებული რჩებოდა. დღეს საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი და ის კავკასიის ვარსკვლავად მოგვევლინა. ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ნაკლებადაა კორუმპირებული და მსოფლიო ბანკის შეფასებით, აქ ბიზნესის წარმოება ყველაზე ადვილია. ქვეყნის ლიბერალიზებულმა ეკონომიკამ გაუძლო რუსულ ემბარგოს, ხოლო რუსეთთან ომის პირისპირ სახელმწიფო კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახდა. პოლიცია არ იღებს ქრთამს და სინათლე ფუფუნება აღარაა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხალხს ასეთი წარმატება აღარ აკვირვებს. ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც მოხდა, ცნობიერების ტრანსფორმაციაა. სათამაშო მოედანი – სხვა არაფერი საქართველოს გარდაქმნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან არა-საბჭოთა ქვეყნად 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციით დაიწყო. მაშინ 36 წლის მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა თავიდან მოიცილეს 75 წლის ედუარდ შევარდნაძე. ეს არ იყო სვლა დიქტატურიდან თავისუფლებისკენ, როგორც ამას ზოგჯერ დასავლეთში ხატავენ. შევარდნაძე დიქტატორი არ ყოფილა და ზოგიერთი რეფორმატორი მისი პროტეჟეც კი იყო. ეს უფრო საზოგადოებრივი და თაობათა ცვლა იყო, ანუ როგორც ამას ლევან რამიშვილი, თავისუფლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი უწოდებს, თითქმის კულტურული რევოლუცია. რაღა თქმა უნდა, ელიტები შეიცვალა. ახალი გვარდიის ზოგიერთი წევრი, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, დასავლეთში იყო ნასწავლი და ნამუშევარი. სხვები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიდნენ. უმეტესობა 40 წლისაც არ იყო. არც ერთს არ ჰქონდა საბჭოთა ბიუროკრატიული ბაგაჟი და ყველა იყო დამუხტული თავისი ქვეყნის აღდგენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნის იდეით. ამ რევოლუციის მთავარი მხარდამჭერი დედაქალაქი არ ყოფილა. თბილისი, ტრადიციულად ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ სოფლებსა და პატარა ქალაქებში, სადაც ოჯახური სტრუქტურები და ინდვიდუალიზმი უფრო ძლიერია, საბჭოთა წესებს უფრო სუსტად ჰქონდა მოკიდებული ფეხი. ახალი მმართველი კლასი თბილისის ინტელიგენციასთან, რომელმაც გვიანი პერიოდის საბჭოეთში უკიდეგანო ძლევამოსილება შეიძინა, თანხმობას არ ეძებდა. იმით გაღიზიანებული, რომ სააკაშვილმა პატივისცემა დააკლო, ბევრი მის მმართველობას დაუპირისპირდა. ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იგონებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მას თეატრის ცნობილმა დირექტორმა დაურეკა და ციხიდან თავისი იმ მსახიობების გამოშვება სთხოვა, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბის გამო დაიჭირეს. მერაბიშვილმა უარი უთხრა და ამით სახელმწიფოსა და მის კულტურულ ელიტას შორის დამკვიდრებული განსაკუთრებული ურთიერთობები დაარღვია. რეფორმატორებს თავი შორს ეჭირათ პოპულარული ლეგენდისაგანაც ქართული ექსცეპციონალიზმის შესახებ. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ინტელიგენცია და მათი ნაციონალისტი ოპონენტები ამ მითის მორგებისათვის იბრძოდნენ (დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი მის გამოცოცხლებას ცდილობს). ახალგაზრდა, დასავლური განათლების მქონე ელიტას აღიზიანებდა სადღეგრძელოებითა და სიმღერებით გაჟღენთილი გაუთავებელი ქეიფები, მოცალეობის ეს დღესასწაულები. მათ ალტერნატიული ნაციონალური ნარატივის გავრცელება დაიწყეს – შრომისმოყვარე, დინამიკური და ევროპული ქვეყანა: ”სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარია” – როგორც ერთხელ განაცხადა სააკაშვილმა. საქართველოს მოდერნიზაციის პროცესი ენერგიული იყო, სასტიკიც კი. გია სულხანიშვილი, ბიზნესმენი და მამარდაშვილი ყოფილი სტუდენტი ამბობს: ”მთავრობამ საბჭოთა პრაქტიკების ნგრევა დაიწყო და გაანადგურა გარემო, რომელიც წარმოშობდა ნეპოტიზმს, თვალთმაქცობასა და მოცალეობას.” ცვლილება მით უფრო გამაოგნებელი ხდება, როდესაც საქართველოს სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შევადარებთ, მათ შორის რუსეთსაც. ”ისევე, როგორც რუსეთში, საქართველოშიც იყო კანონი, მაგამ იყო არაფორმალური წესებიც, რომლებიც კანონს ახშობდა” – ამბობს სულხანიშვილი. ”ეს წესები ძირითადად წარსულს ჩაბარდა”. ერთ ღამეში რეფორმატორებმა გააუქმეს საგზაო პოლიცია, რომელშიც 1500 კაცი მსახურობდა და ის ამერიკული ყაიდის საგზაო პატრულით (2300 მოსამსახურე) შეცვალეს. ახალი თანამშრომლები არა მხოლოდ იმით იყვნენ მოტივირებულნი, რომ ღირსეულ ანაზღაურებას იღებდნენ და ახალ მანქაანებს მართავდნენ, არამედ იმითაც, რომ მათი ახალი ბოსები არ იღებენ ქრთამს. ყველა სამინისტრო და 30,000 ბიუროკრატი გადახალისდა. მთავრობამ შეამცირა ბიუროკრატული პროცედურები, პრივატიზება გაუკეთა ყველაფერს დაწყებული სასტუმროებიდან საავადმყოფოებით დამთავრებული და ფული ახალი გზების ასაშენებლად გამოიყენა. ლიბერალიზაციის დიდი წილი კახა ბენდუქიძის, ლიბეტარიანული ტიპის მაგნატის ინიციატივით განხორციელდა. მან თავისი ქონება რუსეთში შეიძინა მანამდე, სანამ ვლადიმერ პუტინი ბიზნესზე ზეწოლას დაიწყებდა. საქართველო, ამტკიცებს ბენდუქიძე, ისეთი ღარიბი იყო, რომ მხოლოდ რადიკალური რეფორმები უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ ის იმასაც აცნობიერებს, რომ ეკონომიკური რეფორმებს ჰუმანურობა და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა უმაგრებდეს ზურგს, რათა ახალი ნაციონალური ელიტა დაიბადოს. 2007 წელს მან თბილისში დააფუძნა თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც კანონი, ბიზნესი და ენები ისწავლება. ყოველი კურსდამთავრებული ახალი სტუდენტის დაფინანსების ვალდებულებას იღებს, რაც ქართულ საზოგადოებაში ერთიანობის განცდას ქმნის. ვირტუალური დემოკრატია? 2003-ში ახალგაზრდა, ენერგეიული, ინგლისურენოვანი სააკაშვილი საბჭოთა სტილის ნომანკლატურული ჩინოვკინისგან ხილულად განსხვავდებოდ. დღეს უკვე კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა წამოიზარდა. ისინი ისეთივე ლიბერალურნი, ისეთივე პრო-დასავლელები არიან როგორც პრეზიდენტი. ამ თაობის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ძალაუფლებითაა შეპყრობილი, აპროტესტებენ ცენტრალიზაციას და პოპულიზმს. მათთვის სახელმწიფო წმინდა ძროხა როდია, ის საბაზისო მომსახურებისა და უსაფრთხოების პროვაიდერია. ზოგიერთი მათგანის თქმით, გადამწყვეტი ეტაპი 2007 წლის ნოემბერში დადგა, როდესაც სააკაშვილი ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივის პირისპირ აღმოჩნდა, პოლიციის სპეცშენაერთები დემონსტრაციისა და სატელევიზიო კომპანიის დასარბევად გააგზავნა. მთავრობა აცხადებდა, რომ ის ასე მოქმედებდა, რათა გადატრიალება აეცილებინა თავიდან. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო საქართველო და გარე სამყარო. შორენა შავერდაშვილი, ყოველკვირეული ჟურნალის ”ლიბერალის” რედაქტორი, რომლესაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, ამბობს, რომ ამ მომენტიდან სააკაშვილი უფრო ხელისუფლების შენარჩუნებითაა დაინტერესებული ვიდრე რეფორმებით. ”ის გაუცხოვდა და შემდეგ კი დაუპირისპირდა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ტრანსფორმაციის კატალიზირება” – ამბობს ის. სააკაშვილი რამდენიმე ყოფილი მოკავშირე ახლა მის ოპონენტებად იქცნენ. ქაღალდზე საქართველოს ყველა ის ინსტიტუტი აქვს, რომელიც დემოკრატიას შეესაბამება. სინამდვილეში მათგან მხოლოდ რამდენიმე ფლობს რეალურ ძალაუფლებას. პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას სააკაშვილის პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეადგენს, ნომინალურ ინსტიტუციად იქცა. პოლიცია და სასამართლო პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. საკვანძო გადაწყვეტილებებს ახლო გარემოცვის წრეში იღებენ ისინი, ვისი გავლენაც დიდად სცილდება მათ სამსახურეობრივ სტატუსებს. დემოკრატიული ინსტიტუტები ხშირად ეწირება მიზანშეწონილებას – საუბედუროდ სააკაშვილის იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც მან ორი წლის წინ მიიღო და სამხრეთ ოსეთს მძიმე არტილერიით შეუტია , რუსეთს შემოჭრის საბაბი მისცა. სიტუაციას არც ოპოზიციის სიჭრელე უწყობს ხელს და არც სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე. ოპოზიცია ხშირად საკუთარი თავის დიკრედიტირებას უკეთ ახერხებს, ვიდრე მთავრობა. როგორც შორენა შავერდაშვილი ამბობს: „მთავრობა რწმუნდება, რომ ჩვენ მალე ვერ მოვმაგრდებით“. ბიზნესმენები უფრთხიან ოპოზიციის დაფინანსებას და რეკლამის განთავსებას კრიტიკულად განწყობილ ქართულ მედიაში, რადგან მთავრობის განაწყენების ეშინია. სააკაშვილი უფრო მოდერნიზატორია, ვიდრე დემოკრატი. მაგრამ იმისთვის,რომ მის მიერ ჩატარებული რეფორმები შეუქცევადი გახდეს, საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები სჭირდება, უპირველესად ყოვლისა დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამას უბრალო დირექტით ვერ მიაღწევ, ეს ყველაფერი ფესვგადგმულ ტრადიციად უნდა იქცეს, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს, ასე რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მისი რწმენით,მთავრობა იმისთვის, რომ სამართალი მართოს, საუკეთესოდაა აღჭურვილი. ეს არგუმენტი მით უფრო სახიფათოა, რაც უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული სააკაშვილისა და მერაბიშვილის, მისი საშიში შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში. ეს ძალიან ავისმომასაწავებელია ქვეყნისთვის, რომელშიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლება მშვიდობიანად არ გადაცემულა. ახლად შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მეტ ძალაუფლებას პარლამენტსა და მის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრს გადასცემს. მაგრამ სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ შემოთავაზებული რეფორმები ლიმიტირებულია. ისინი შიშობენ, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მაგალითს გაყვება და როდესაც 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა გაივლის, ის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება. თუ ის ამას გააკეთებს, თავისსავე მემკვიდრეობის განადგურების რისკს შექმნის. კოლაფსის შემდეგ მიუხედავად პროგრესისა, საქართველო მომავალი მყიფეა. ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსეთთან ურთიერთობანი ნორმალიზებული არაა. ის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის დიდი სამხედრო ძალა დგას, საქართველოს უსაფრთხოებისთვის კვლავაც სახიფათოა. არსებობს იმის რისკიც, რომ სააკაშვილი ამ საფრთხეს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენებს. ამ წლის დასაწყისში სატელევიზო არხმა, რომელსაც პრეზიდენტის მეგობარი აკონტროლებს ეთერში კიდევ ერთი რუსული შემოჭრის შესახებ ინსცენირებული დოკუმენტური ფილმი გადასცა. ქართველები პანიკამ აიტანა. მიზანი ფილმის, რომელიც თითქოს სააკაშვილის დასტურით მომზადდა (თუმცა არხმა ეს უარყო), მოსახლეობის მობილიზება იყო. მაგრამ სანაცვლოდ მოსახლეობა აღშფოთდა. და მიუხედავად ამისა მენტალური ცვლილება, რომელიც საქართველოში მოხდა, გაართულებს ქვეყნის უკან დაბრუნებას. 25 ივნისს პოლიციამ სტალინის მშობლიური ქალაქის გორის ცენტრალურ მოედანს ალყა შემოარტყა და უკუნ ღამეში დაშალა დიქტატორის ძეგლი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასაც გადაურჩა და 2008 წლის რუსულ დაბომბვებსაც. ეს ფაქტი არც არავის უზეიმია, არც გაუპროტესტებია. ქართველები წინ მიიწევენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts