planetanews Posted August 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 13, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg მელიკ კაილანი რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოში რჩებიან, მაგრამ თბილისს ნათელი მომავალი აქვს ზუსტად ორი წლის წინ, მე ვაკვირდებოდი იმას, თუ როგორ შედიოდნენ რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე. რუსები ამტკიცებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთს არაპროვოცირებული თავდასხმისგან იცავდნენ, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ქართველები იცავდნენ თავს სეპარატიზმისგან, რომლის უკანაც რუსეთი იდგა. მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი სტალინის დროს გამოიგონა და მისგან კავკასიური ქედის ქართულ მხარეს ანკლავი და რუსული პლაცდარმი შექმნა, რაც საქართველოს კონტროლის საშუალებას აძლევდა. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ამ სტრატეგიაში იყვნენ და რჩებიან რუსულ მარიონეტებად. 2008 წლის ინტერვენციის დროს, მე რუსეთის სატანკო ეკიპაჟის მეთაურს ვესაუბრე, რომელსაც ქართველი ფერმერი გზაჯვარედინზე უფასო ლუდით და ბოსტნეულით უმასპინძლდებოდა. „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ“, – თქვა მან. ეს პროპაგანდისტული პოზა ისეთივე საბჭოთა და არქაულია, როგორიც მოსკოვის აზროვნება. ამ რაიონში რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი. რუსებს დღეს ოკუპირებული აქვთ არამხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარე ტერიტორიაც. მათ აქ ბარიკადების: ქვიშიანი ტომრების, მიწის ნაგებობების და სათვალთვალო სიმაღლეების აგება დაიწყეს. ამ ყველაფერთან ერთად მოსკოვი სამხედრო ბაზასაც აშენებს. აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსები აქ დარჩენას დიდი ხნით აპირებენ. მათი ინტერვენციის შედეგად 100 000–ზე მეტი ქართველი დევნილია. მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება დღემდე ვერ შეძლეს. იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ) 8 აგვისტოს, მეორე თვითგამოცხადებულ ანკლავს, აფხაზეთს, მისი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეწვია. მოსკოვმა აფხაზეთის სუვერენიტეტი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან ერთად ინტერვენციიდან მალევე „აღიარა“. ის ადგილობრივებს დაპირდა, რომ მათ ეკონომიკას 300 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს მინიატურული რკინის ფარდა, იმ ფარდის მსგავსი, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე დაეშვა, მასსავით დაინგრევა. დიახ, ამას დრო დასჭირდება. მაგრამ მოსკოვის დოტაციაზე დამოკიდებული ხელოვნური ზონები, შავი ხვრელებია. იქ არ არსებობს არანაირი კონკურენტუნარიანი, კანონიერი და განვითარებადი ბიზნესი – მხოლოდ კორუფცია, კონტრაბანდა, აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი და იარაღით საქმიანობა. ამ ფონზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ბიზნესის ყველაზე მარტივად წარმოების მხრივ მსოფლიოს ქვეყნებს შორის 11–ე ადგილი მიუჩინა. რაც შეეხება კორუფციას, მე ჩემი თვალით ვნახე, როგორც გააჩერა პოლიციელმა ქართველი ჩინოვნიკის ავტომანქანა და ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმა. მოსკოვში ამას ვერ ნახავთ. ორი წლის წინ, ქართველი ლიდერები ჩიოდნენ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების მიწოდებაზე, ასევე მოსკოვის მტრული გეგმების შესაკავებლად საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივლისს თბილისს ეწვია, იგი მკაცრად საუბრობდა რუსულ „ოკუპაციაზე“, მაგრამ ქართველებისთვის შეკავების არანაირი იარაღი არ შეუთავაზებია. მოსკოვი იყო და დღესაც რჩება ირანის იზოლაციისა და ავღანეთში ჯარების მომარაგებისთვის აშშ–ს შუააზიური მარშრუტების უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი ძალა. ასე რომ, ხომ არ გაუჩნდა საქართველოს 2008 წელთან შედარებით ახალი იმედი? დიახ, იმედი არსებობს. მაშინ რუსეთის ხელმძღვანელები ყველას ეუბნებოდნენ, ვინც მათ უსმენდა, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი თბილისში რეჟიმის შეცვლა იყო. ეს არ მოხდება. ქართველები ძველებურად მხარს უჭერენ საკუთარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, და არ აპირებენ მოსკოვის დაჯილდოვებას სისასტიკისთვის. აფხაზები და ოსები მიხვდებიან, რომ თბილისისგან გათავისუფლება და მოსკოვზე დამოკიდებულება, არანაირი თავისუფლება არ არის. ისინი აკვირდებიან იმას, რომ ამერიკელი, ევროპელი, თურქი, ყაზახი, ებრაელი და სხვა ინვესტორები მათ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ მეზობელს დასავლური სტილის სახელმწიფოდ გარდაქმნიან, აყვავებული ეკონომიკით, იმ დროს როდესაც მათი საკუთარი ტერიტორია მავთულ–ხლართების მიღმა ნადგურდება. ყველაფერი თავისთავად მოხდება. რუსული პასპორტები და მოსკოვის წყალობა, ასევე, მათი მითითებით ჩატარებული ფსევდო–არჩევნები რეალურ მომავალს ვერ შეცვლის. ახლახანს თბილისში მოგზაურობის დროს, მე რეინტეგრაციის მინისტრ თემურ იაკობაშვილთან ერთად ვისადილე. ის დათრგუნული სულაც არ ჩანდა. მან მაგრძნობინა, რომ ქართველები საიდუმლო არხებით სეპარატისტულ რეგიონებთან თანდათანობით დაახლოებასა და მორიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „ინტერვენციამ რუსეთის ძალაუფლების ზღვარი ცხადყო“, – თქვა მან, „მათ ვერ შეძლეს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობა და მთავრობის დამხობა, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი მოქცევა საკუთარი გაველნის სფეროში“. იაკობაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთს უპირატესობის მიღწევის ძალა არ აქვს. „ეს მათი უკანასკნელი ამოსუნთქვა იყო“, – განაცხადა მან, „დიახ, მათ დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონები და ჩვენი მოქალაქეეები გამოყარეს. მაგრამ მალე, სწორედ ის ხალხი, რომელიც რუსეთმა თითქოს გაათავისუფლა, იგრძნობს, რომ ისინი ოკუპირებულები არიან. ბევრმა ეს უკვე იგრძნო. რუსული დოტაციები მოსახლეობამდე ვერ აღწევს, ისევე როგორც რუსეთში“. მოსკოვის ნეო–საბჭოურობა ძველი სახეობისგან დიდად არ განსხვავდება, და ის იგივე მიზეზების გამო დამარცხდება. „სურათი ნათელია“, – მითხრა იაკობაშვილმა, „ვიდრე დასავლეთი დასავლეთია, რუსეთი კი რუსეთი, ამ ისტორიაში ჩვენ ბედნიერი დასასრული გველის“. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts