planetanews Posted August 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg არიელ კოენი ვიდრე ობამას ადმინისტრაცია „რბილ ძალას“ ანიჭებს უპირატესობას, მოსკოვი კვლავ იარაღის ენით საუბრობს ახლახანს, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრმი მედვედევმა, ევრაზია, რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების ზონად“ გამოაცხადა. მოსკოვმა საკუთარი სიტყვები დაადასტურა მის არსენალში არსებული ყველა საგარეოპოლიტიკური საშუალებით: დიპლომატიით (მათ შორის, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებით), იარაღის მიწოდებით, სამხედრო ხელშეკრულებებით, ბაზების მშენებლობით, და რეჟიმების შეცვლითაც კი. ამ თვეში, რუსეთ–საქართველოს ომს ორი წელი შეუსრულდა. ამ კონფლიქტმა შეაჩერა თბილისის სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასევე საბოლოოდ მოწყვიტა საქართველოს პრორუსული სეპარატისტული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რეგიონში გაბატონებული პოზიციის გაძლიერებით, რუსეთმა აქტიურად შეუწყო ხელი აპრილში ყირგიზეთის პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაკიევის დამხობას. ეს ბაკიევის ქმედებაზე საპასუხო ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც აეროპორტ მანასში ამერიკელების სამხედრო–საჰაერო ბაზის დახურვაზე უარი განაცხადა, ასევე გაკვეთილი მათთვის, ვინც რეგიონში რუსეთის დიქტატს არ დაემორჩილება. რუსეთი ზეწოლას ახდენს ბელორუსზეც, მოითხოვს რა მისგან ალექსანდრე ლუკაშენკოზე უარის თქმას და დიქტატორის შეცვლას უფრო დამყოლი, პრომოსკოვური, მაგრამ არა აუცილებლად დემოკრატიული ხელმძღვანელით. გასულ კვირაში, რუსეთმა ხელი მოუჭირა საქართველოს და მოლდავეთს, უბრძანა რა მის საბაჟო პარტნიორებს, ყაზახეთს და ბელორუსს, შეწყვიტონ ქართული მინერალური წყლის, ასევე ქართული და მოლდავური ღვინოების იმპორტი. ამ ყველაფერზე შეერთებული შტატების რეაქცია, საუკეთესო შემთხვევაში დაბნეულია. ახლახანს კავკასიაში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსი სამხედროების ყოფნას როგორც იქნა უწოდა ქართული ტერიტორიების „ოკუპაცია“. მაგრამ კლინტონმა დროის დიდი ნაწილი „რბილი ძალის“ მნიშვნელობასა და სამხედრო ძალასთან შედარებით მის უპირატესობებზე საუბარს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ძალა დღემდე საკვანძო როლს თამაშობს ამ რეგიონში. სამწუხაროდ, ობამას ადმინისტრაცია იშვიათად გადადის სიტყვებიდან საქმეზე. მან უარი თქვა თავისუფლების გავრცელების 20–წლიან, დიდწილად ძალისმიერი ორპარტიული პოლიტიკის პრაქტიკაზე, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის სამხედრო ყოფნასთან წინააღდეგობას, ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას, ასევე პოსტსაბჭოთა სახელწიფოებს შორის – უზბეკეთიდან უკრაიანასა და მოლდოვამდე – კავშირების განმტკიცებას გულისხმობდა. თუკი ოაბამას ადმინისტრაცია „რბილ ძალას“ ანიჭებს უპირატესობას, მოსკოვი კვლავ იარაღის ენით საუბობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მან ხუთი სამხედრო ბაზა ააშენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამ თვეში პრეზიდენტ მედვედევის ერევანში დაგეგმილი ვიზიტის დროს მოსკოვი სომხეთს სამხედრო გარანტიებს მისცემს და საკუთარ თავზე აიღებს აზრბაიჯანისგან და თურქეთისგან ამ ქვეყნის საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობას. პრემიერ–მინისტრმა პუტინმა მოამზადა და მედვედევს წარუდგინა შეთანხმების პროექტი, რომელიც ამ ქვეყნის დასაცავად სომხურ ქალაქ გიუმრისთან მდებარე სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული რუსული არმიის გამოყენებას, ასევე ერევნისთვის შეიარაღების მოწინავე სისტემების მიწოდებას გულისხმობს. ბაქო და ანკარა ძალიან გაბრაზებულები უნდა იყვნენ. თუკი წინა შეთანხმება გიუმრის ბაზის 2015 წელს გაუქმებას ითვალისწინებდა, ახალი დოკუმენტი რუსეთს იქ 2049 წლამდე დარჩენის საშუალებას აძლევს. ეს შეთანხმება უკრაინის სევასტოპოლში რუსული ფლოტის იჯარის 2042 წლამდე გაგრძელებას გავს, რადგან ორივე ხელშეკრულება ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანებას უშლის ხელს. რუსეთის ვალდებულება დაიცვას სომხეთი, აზერბაიჯანს არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს. ეს აშკარა გაფრთხილებაა, რომ აზერბაიჯანმა არ უნდა გაბედოს სეპარატისტული მთიანი–ყარაბახის ან სომხების მიერ ოკუპირებული მისი შვიდი რაიონის დაბრუნება. ასევე ცხადია ამ ყველაფრის ქვეტექსტიც: ან აზერბაიჯანი ამცირებს დასავლეთთან თანამშრომლობის ხარისხს, თუ არა თავის თავს დააბრალოს. რუსულ–სომხური შეთანხმება რუსეთს ამიერკავკასიაში დომინანტ ძალად აქცევს, რადგან აშშ და ნატო უარს ამბობენ ამ რეგიონში ხანგრძლივ სამხედრო ყოფნაზე. ბაქოს მოსკოვთან მოლაპარაკების მცდელობები გაზის და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შეძენაზე, ჯერ–ჯერობით უშედეგოა. იმავდროულად, რუსეთი ოსტატურადაა შეთამაშებული ორივე მხარესთან და მალე შეიძლება გამონახოს სომხეთთან თავდაცვითი პაქტის გაფორმებაზე ბაქოს გაჩუმების ხერხი. გასულ კვირაში, რუსული გაზეთი „ვედომოსტი“ იუწყებოდა, რომ მოსკოვმა აზერბაიჯანს ყველაზე თანამედროვე საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები С-300 მიჰყიდა. თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, აზერბაიჯანისამ – დაადასტურა. თუკი С-300–ზე გარიგება შედგა, ეს დიდწილად ახსნის ბაქოს მოულოდნელ დუმილს რუსულ–სომხურ თავდაცვით ხელშეკრულებაზე. საკუთარი სამხედრო ყოფნის გაფართოვებით, მოსკოვი იმავდროულად ცდილობს მთიანი–ყარაბახის ტერიტორიულ დავაში მთავარი შუამავლის როლი ითამაშოს. კრემლი იმედოვნებს კავშირების შენარჩუნებას მის ტრადიციულ მოკავშირე სომხეთთან, მაგრამ იმავდროულად ახალ პარტნიორ აზერბაიჯანსაც ეფლირტავება. ამასთანავე, ვერ იტყვი, რომ მოსკოვს კონფლიქტის დარეგულირება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. არა, ის მიისწრაფვის როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან თანამშრომლობისკენ, მათ შორის სამხედრო სფეროშიც, ორივე ქვეყანაზე მისი გავლენის გაზრდისა და მათთვის იარაღის მიყიდვის მიზნით. გიუმრიში, სამხედრო ბაზის იჯარის გაზრდაში თავისი როლი ითამაშა, როგორც ჩანს, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებულმა დაძაბულობამ. „ცხელი“ კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, რუსეთი შეძლებს წინ აღუდგეს კავკასიაში აშშ–ს და მისი მოკავშირეების ჯარების განთავსებას, ასევე იქ არსებული ავიაბაზების გამოყენებას. ამიერკავკასიის საჰაერო სივრცის კონტროლით სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საკუთარი ბაზებიდან, რუსეთს შეუძლია იქ მოსკოვის თანხმობის გარეშე აშშ–ს ავიაციის მოქმედების შესაძლებლობა წაართვას. იმავდროულად, ვაშინგტონი, როგორც ჩანს კმაყოფილია „რბილი ძალის“ მნიშვნელობაზე ქადაგებით. მისი ფსევდო–პრაგმატული მიდგომა „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“, მხოლოდ უბიძგებს მოსკოვს საკუთარი ჰეგემონიის გაძლიერებისკენ. რეგიონში, კრემლის მზარდი გავლენის შესუსტებისთვის, ვაშინგტონმა უნდა გააფართოვოს სამხედრო–პოლიტიკური თანამშრომლობა ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნებთან. მან უნდა გააუქმოს საქართველოში შეიარაღების მიწოდებაზე მოქმედი დე–ფაქტო ემბარგო, ასევე სერიოზული ძალისხმევა მიმართოს ისეთი სფეროებისკენ, როგორებიცაა ენერგეტიკა, უსაფრთხოება და პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მმართველობა. ვაშინგტონმა უნდა იფიქროს „პეტრიოტის“ რაკეტების და თანამედროვე სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე აზრბაიჯანისთვის; ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებთან ერთად გააძლიეროს პროექტ „ნაბუქოს“ მხარდაჭერა და ტრანსკასპიური გაზსადენების მშენებლობის იდეა; ასევე ხელი უნდა შეუწყოს ღიაობს, დემოკრატიის გაძლიერების და კანონის უზენაესობის განმტკიცებას ამ რეგიონში. მოკლედ, ევრაზიაში ამერიკული ინტერესების დაცვის მიზნით, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან მისი გადატვირთვის პოლიტიკა უნდა გადატვირთოს. არიელ კოენი – ფონდ Heritage Foundation–ის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, რუსული და ევრაზიული კვლევების და საერთაშორისო ენერგეტიკული საკითხების სპეციალისტი ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts