Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge აღდგენისა და რუსეთთან გამკლავებისთვის საქართველოს აშშ–ს მხარდაჭერა სჭირდება


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg

 

ჯონ მაკკეინი

 

იმის მიუხედავად, რომ დღემდე არსებობს აზრთასხვადასხვაობა იმ საკითხის ირგვლივ, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, ერთი რამის უარყოფა შეუძლებელია: ორი წლის წინ, ამ შაბათ–კვირას, რუსეთის არმიამ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი გადაკვეთა და საქართველოში შეიჭრა. მათ ქვეყანას სტრატეგიული ბომბდამშენებით შეუტიეს, ღრმად შეიჭრნენ სუვერენულ ტერიტორიაზე, თითქმის 127 ათასი ქართველი უსახლკაროდ დატოვეს, აღიარეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და სამხედრო ოკუპაცია დაამყარეს, რაც დღემდე ძალაშია.    

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არა უკეთესობისკენ. რუსეთი არამხოლოდ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, არამედ იქ სამხედრო ბაზებსაც აშენებს, ტერიტორიაზე არ უშვებს ჰუმანიტარულ მისიებს და დამკვირვებლებს, სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ქართველების ეთნიკურ წმენდას არ ეწინააღმდეგება და გამოყოფილი რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს ამყარებს, რათა ისინი ნამდვილ სახელმწიფო საზღვრებად აქციოს. გაეროს შეფასებით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი, რომელიც რუსულ ინტერვენციას გამოექცა, დღემდე ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას. დღესაც კი რუსეთი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა.

 

მუდმივად რუსული საფრთხის პირობებში ცხოვრების მიუხედავად, საქართველო წინსვლას განაგრძობს. თითქმის 1 000 ქართველი ჯარისკაცი, უპირობოდ განაგრძობს ჩვენს გვერდით ბრძოლას ავღანეთის ყველაზე რთულ რაიონებში. საქართველოში კანონის დიქტატურა და კორუფციასთან ბრძოლა ძლიერდება, ხოლო მისი ეკონომიკა ისეთი ტემპით იზრდება, რომ მსოფლიო ბანკმა ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს–გარემოსთვის 11–ე ადგილი მიანიჭა. წელს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში გამართულ მერის არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავისუფალი და სამართლიანი უწოდეს. მართალია პოლიტიკური რეფორმები საქართველოში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა თბილისის არჩევნებს „ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი“ უწოდეს.           

 

მაგრამ რუსეთში უფლებადამცველებს კვლავ ემუქრებიან, ცუდად ექცევიან და კლავენ კიდეც. გასულ შაბათ–კვირას მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის ყოფილ ვიცე–პრემიერ ბორის ნემცოვს სცემეს და ისინი რუსეთის კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების განხორციელების მცდელობისთვის დააპატიმრეს. თუკი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაციის მაგალითს ეძებს, მან მზერა საქართველოს უნდა მიაპყროს. ხოლო, თუკი ობამას ადმინისტრაციას ისეთი ურთიერთობები სურს, რომელსაც „გადატვირთვა“ მართლაც სჭირდება, მანაც საქართველოსკენ უნდა გაიხედოს.       

 

ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს. თეთრი სახლი მედვედევს ხანგრძლივი სატელეფონო საუბრებით და ხშირი შეხვედრებით ანებივრებს, მაგრამ ამ ყველაფრის საგარეოპოლიტიკური უპირატესობები ძალიან მოკრძალებულია. იმავდროულად, ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის, ნატოში მისი გაწევრიანებისთვის პროგრესის ხელშეწყობისა და თავდაცვითი პოტენციალის აღდგენის საქმეში, განსაკუთრებული მზადყოფნა არ გამოუთქვამს. ბოლო დრომდე ადმინისტრაცია იმისთვისაც კი არ იყო მზად, რომ რუსული არმიის საქართველოში ყოფნისთვის მისი სახელი – ოკუპაცია – ეწოდებინა, რომ აღარაფერი ვთქვათ, ჯარების გაყვანისთვის რუსეთზე ზოწოლის განხორციელებაზე. ახლახანს თეთრმა სახლმა და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა რამდენიმე იმედისმომცემი განცხადება გააკეთეს საქართველოს მხარდასაჭერად; ახლა მათ ეს სიტყვები გაუმჯობესებულ სტრატეგიად უნდა აქციონ.        

 

თუკი მედვედევს მართლაც სურს, რომ რუსეთში კანონი ბატონობდეს, მან რუსეთის არმია ომამდელ პოზიციებზე, საქართველოს საზღვრებს მიღმა უნდა დააბრუნოს და საერთაშორისო შეთანხმება შეასრულოს. თავის მხრივ, ობამას ადმინისტრაციას შეუძლია ხელი შეუწყოს ეუთოს და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასრულებისთვის საგზაო რუკის ერთობლივი თანმიმდევრული მიდგომის შემუშავებას, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის არმიის გაყვანით, დევნილების დაბრუნებით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დასრულდება. თუკი რუსეთის მხრიდან პროგრესი არ იქნება, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს: მედვედევმა უნდა იცოდეს, რომ თანამშრომლობა საქართველოს საკითხზე – აშშ–ს პრიორიტეტია და რომ თუკი რუსეთი ჩვენს პრიორიტეტებს არ გაიზიარებს, არ უნდა ელოდოს იმას, რომ შეერთებული შტატები  დაეხმარება მას ისეთი პრიორიტეტების განხორციელებაში,  როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.         

 

აშშ–ს მხარდაჭერა სჭირდება საქართველოსაც, მისი თავდაცვითი პოტენციალის აღდგენაში. საქართველო ავღანეთში იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე იმ ალიანსის (ნატო) ბევრი წევრი, რომელთანაც თბილისს მიერთება სურს. თუმცა ძალიან რთულია ადმინისტრაციის დათანხმება იმაზე, რომ ამ  უკანასკნელმა ქართულ არმიას, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს, უბრალო შეიარაღება მაინც გადასცეს – ჯავშანტექნიკა და სათადარიგო ნაწილები. ამ მოკლევადიანი დახმარების გარდა, საქართველოს თავდაცვის სფეროში გრძელვადიანი მხარდაჭერაც სჭირდება. ეს როგორც ჩანს მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას, საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, შორ მანძილზე მოქმედ რადიოლოკაციურ სადგურს და თავდაცვის სხვა სისტემებს, რისი არასწორი ინტერპრეტაციაც, თითქოს ეს ამერიკელების მხრიდან სეპარატისტული რეგიონების წინააღმდეგ ქართული ძალის ნებისმიერ გამოყენებას უჭერს მხარს, არ შეიძლება. საქართველო ყოველთვის რუსეთზე სუსტი იქნება, მაგრამ არ არსებობს იმის არანაირი მიზეზი, რომ ორი წლის შემდეგაც ის რუსული ინტერვენციისთვის კვლავ მოწყვლადი იყოს.         

 

საქართველოსთვის მიყენებული ზარალისა და მუქარების მიუხედავად, რომ მეტის გაკეთებაც შეუძლია, რუსეთმა  სტრატეგიულ ამოცანებს ვერ მიაღწია: საქართველოს დემოკრატიული მთავრობა გადარჩა და ყვავის. აშშ–რუსეთის ურთიერთობებმა ეს წარმატება უნდა განამტკიცოს და არა პირიქით, ეჭქვეშ დააყენოს. ჩვენ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ საქართველოს გარდაქმნას ძლიერ, ერთიან და თავისუფალ ქვეყნად – მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გვემახსოვრება, ვინ არიან ჩვენი ნამდვილი მეგობრები.

 

ჯონ მაკკეინი – რესპუბლიკელი სენატორი (არიზონას შტატი) და 2008 წლის არჩევნებში აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატი

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...