Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge შიში და ზიზღი შუა აზიაში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg

 

ლილანდ მილერი

 

როგორ აპირებს რუსეთი მანამდე უღიმღამო ორგანიზაციის გამოყენებას „ახლო საზღვარგარეთში“ საკუთარი ძალაუფლების აღდგენისთვის

 

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ოცი წლის შემდეგ, მოსკოვი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს მისი  ნამსხვრევების შეგროვებისა და შეკოწიწებისთვის.

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ენერგორესურსებზე ფასების გაზრდითა და იმით გამხნევებული, რომ შეერთებული შტატები შორეულ ომებში იბრძვის, რუსეთმა მის ეგრედწოდებულ „ახლო საზღვარგარეთში“ ჰეგემონიის აღდგენის მცდელობა გააქტიურა. ამ მიზნის მიღწევის ინტრუმენტად მან თითქმის უუნარო რეგიონალური დაჯგუფება „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაცია“ აირჩია, რომელშიც გაერთიანებულები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. თუკი მანამდე ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან შემდგარი სუსტი ალიანსი იყო, ახლა რუსეთის ძალისხმევით თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრებს შორის უკანასკნელი წლის განმავლობაში მკვეთრად გააქტიურდა.   

 

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის შექმნის მომენტში 2002 წელს, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ თვალშისაცემ როლს შეძენდა. ბოლოს და ბოლოს, რეგიონში ხომ ეკონომიკური და სამხედრო საკითხების კოორდინაციისთვის ჯგუფი უკვე არსებობდა – შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელსაც უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს და რომელშიც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ბევრი წევრი შედის. თუმცა ჩინეთთან ენერგორესურსებისა და ვაჭრობის პრობლემების გამო კონკურენციის გაძლიერების ფონზე, მოსკოვი ალტერნატიული რეგიონალური მექანიზმის შექმნას შეეცადა, სადაც პეკინს ლიდერის როლი არ აქვს. შესაბამისად, „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე ხელშეკრულების ორგანიზაცია“, როგორც უპირატესად რუსული ფორუმი, ჩუმად დაიბადა.

 

ამ ორგანიზაციაში რუსეთის ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო. 2005 წლიდან ის ერთობლივ სამხედრო წრთვნებს მართავს, მაგრამ 2009 წელს მან ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, როდესაც „სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალები“ შექმნა. ოფიციალურად, ამ ძალების მისია – რეგიონის ქვეყნების კოორდინაციაა ისეთ საკითხებზე რეაგირებისთვის, როგორებიცაა სტიქიური უბედურებები, ნარკოტიკებთან და ტერორისტულ საფრთხეებთან ბრძოლა. მაგრამ რუსეთის ლიდერები ამ ორგანიზაციის როლს სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. თებერვალში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ძალები „ყველაზე თანამედროვე იარაღით“ უნდა აღიჭურვოს და ნატოს არ უნდა ჩამორჩებოდეს. გარდა ამისა, ეს შეთანხმება,  პირველად საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ (1991 წელი), რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, მეზობლების ტერიტორიაზე საკუთარი არმია კანონიერ საფუძველზე განათავსოს.

 

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა იანვარში სამმხრივი საბაჟო კავშირის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომლის მიზანიც ამ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკური ინტეგრაციაა. რუსეთისთვის ეს ყოფილ ვასალებზე გავლენის გაძლიერებისთვის და ასევე  უფრო მასშტაბური „საერთო ეკონომიკური სივრცისთვის“ საფუძვლების შესაქმნელად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ უკანასკნელის ფორმირებას რუსეთი 2012 წლისთვის იმედოვნებს.

 

ასეთმა ქმედებებმა ზოგიერთებს კითხვა გაუჩინა: საბჭოთა კავშირის აღდგენის მოწმეები ხომ არ ვართ? ეს შიშები ნაადრევია, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. მართალია, რუსეთმა შეძლო შუა აზიაში გავლენის არსებითად აღდგენა და განმტკიცება, მაგრამ საკუთარი ჰეგემონიის აღორძინების მცდელობისას რეგიონში ის მთელ რიგ დაბრკოლებებს აწყდება.

 

რუსული განზრახვებისთვის საკუთარ სუვერენიტეტზე უარის თქმის სურვილს და მზადყოფნას ყველა ქვეყანა არ გამოთქვამს. სინამდვილეში, „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის“ ფარგლებში ინტეგრაციის გაძლიერების მცდელობებს წევრ–ქვეყნებში საკმაოდ სერიოზული ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

 

ბოლო დრომდე უზბეკეთი ამ ორგანიზაციის ფარგლებში რუსეთის ყველაზე მკვეთრი კრიტიკოსი იყო. ორგანიზაციის 2009 წლის ივნისის სამიტზე, როდესაც სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გამოცხადდა, უზბეკეთმა (ასევე ბელორუსმა) შეთანხმების ხელმოწერაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც გაირკვა, რომ ამ ძალების კოლექტიური მართვა წევრი–ქვეყნების მხრიდან რუსეთის გეგმებში არ შედის. (რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ამ შემადგენლობაში რუსეთს მეტი სამხედრო ძალა ეყოლება, ის უხელმძღვანელებს ამ ჯგუფს და სამხედროებს განათავსებს იქ, სადაც მოისურვებს) უზბეკეთმა გააპროტესტა ასევე  ორგანიზაციის ახალი სამხედრო ბაზის შექმნის რუსული გეგმები, ყირგიზეთის სამხრეთით ქალაქ ოშში, რომელიც უზბეკეთის საზღვართან სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, რადგან იქ რუსეთის ჯარის განთავსება იგეგმებოდა. მოსკოვმა ეს გეგმა თაროზე შემოინახა, ყოველ შემთხვევაში დროებით, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ტაშკენტმა პროტესტის ნიშნად ორგანიზაციის რამდენიმე სხდომის ბოიკოტირება მოაწყო.

 

ძალადობის ბოლოდროინდელმა აფეთქებამ და ორგანიზაციის უარმა ჩარევაზე, შუა აზიის სახელმწიფოებს შორის და თავად რუსეთშიც, სერიოზული კამათი გამოიწვია. საბოლოო ჯამში, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ შიდა კონფლიქტში ჩარევას მას ორგანიზაციის წესდება უკრძალავს. მაგრამ ამას ყირგიზეთის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება მოჰყვა, რომელმაც  ორგანიზაციას (და რუსეთს) დახმარების და ჯარის გაგზავნის თხოვნით მიმართა, ეშინოდა რა, რომ ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაიძირებოდა.  

 

რუსული მედიის რეაქციაც ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე მკაცრი იყო. როგორც Moscow Times–მა საკუთარ სტატიაში აღნიშნა, ორგანიზაციის უმოქმედობამ იმის „დემონსტრირება მოახდინა, რომ რუსეთს რეგიონალური ლიდერობაც კი არ შეუძლია“. ხოლო ოპოზიციურმა ინტერნეტ–გამოცემა „ყოველდღიურმა ჟურნალმა“ „კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას“ მომაკვდავი უწოდა, რომლის თავშეკავებულობამაც, პოსტსაბჭოთა სივრცეში „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ შექმნის მცდელობების უაზრობა ცხადყო. 

 

მაგრამ ყველაზე მკვეთრი წინააღმდეგობა ახალი საბაჟო კავშირის შექმნის მცდელობას მოჰყვა, თანაც დიდწლად მოსკოვის ძველი მოკავშირის ბელორუსის მხრიდან. სავაჭრო დავები რუსეთ–ბელორუსის ურთიერთობების განუყოფელი მახასიათებელი გახდა, იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ქვეყანა 1995 წლიდან ფორმალურად „მოკავშირე სახელმწიფოდ“ ითვლება. მაგრამ იანვარში მოსკოვმა ოპონენტებს დაუდასტურა ის, რომ ეს კავშირი არაფერია, თუ არა რუსეთის მხრიდან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა. სავაჭრო პაქტის შექმნაზე განცხადების პარალელურად, მოსკოვმა ბელორუსის ნავთობპროდუქტების ექსპორტზე მთელი რიგი გადასახადები დააწესა. ასეთმა გადაწყვეტილებამ, რომელსაც წინ უძღოდა გადასახადების შემოღება ნედლი ნავთობის ექსპორტზე, ისედაც დაძაბული სიტუაცია აფეთქების ზღვრამდე მიიყვანა.

 

მინსკის აზრით, 200 მილიონი დოლარის მოცულობის ეს ახალი გადასახადები, რომლებიც მოსკოვმა ძველ მიწოდებებზე შემოიღო, არამხოლოდ საბაჟო კავშირის იდეას ეწინააღმდეგება, არამედ ბელორუსის იმ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების სიცოცხლისუნარიანობას ემუქრება, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიანია. მინსკი განრისხდა და გადასახადების გამო დსთ–ს ეკონომიკურ სასამართლოში იჩივლა და აპრილში ისიც განაცხადა, რომ „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციას“ დღევანდელი ფორმით „პერსპექტივა არ აქვს“. როდესაც ბელორუსია არ დანებდა, რუსეთს და ყაზახეთს სხვა გზა არ დარჩათ, თუ არა ის, რომ 1 ივლისს შეცბუნებულებმა საბაჟო კავშირის ორმხრივ საფუძველზე ამოქმედების შესახებ განაცხადეს. კატასტროფა თავიდან იქნა აცილებული მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო წუთში რუსეთი დათმობაზე წავიდა: 2012 წლის იანვარში, მოსკოვი დათანხმდა ექსპორტზე დაწესებული გადასახადების გაუქმებაზე და ხუთი დღის შემდეგ ბელორუსი საბაჟო კავშირს მაინც შეუერთდა.

 

იმავდროულად, სულაც არ არის დადასტურებული ის, რომ საბაჟო კავშირს ყაზახეთი მხარს დაუჭერს, ყოველ შემთხვევაში პერსპექტივაში. თუკი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი მუდმივად საბაჟო კავშირის მომხრეა, მისი გავლენიანი პრემიერ–მინისტრი კარიმ მასიმოვი, არსებული ინფორმაციით, ჩინეთთან დაახლოებას ანიჭებს უპირატესობას, რომელთანაც ის უკვე დიდი ხანია ურთიერთობებს აგვარებს. თუკი მოხუცი ნაზარბაევი ავად გახდება ან მოკვდება, მასიმოვის ფრაქციამ ხელისუფლებისთვის ბრძოლის შედეგად შეიძლება რუსეთისგან გამიჯვნაზე გავლენა იქონიოს, ან შეიძლება პრეზიდენტის პოსტიც კი მიიღოს.              

 

საბაჟო კავშირის და საბოლოო ჯამში „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის“ მომავლის გასაღები არის კითხვა იმის შესახებ, აქვს თუ არა ამ პაქტს უფრო მძლავრ ეკონომიკურ კავშირად, ან შეიძლება რუსული რუბლის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სავალუტო კავშირად გარდაქმნის აუცილებელი პოტენციალი. რუსული რუბლი ამით ყოფილი საბჭოთა შუა აზიის მთელ ტერიტორიაზე პოზიციებს განიმტკიცებდა. უდაოა, რომ გეგმა სწორედ ეს არის, მით უფრო მედვედევის ივლისის განცხადების ფონზე: რომ საერთო ეკონომიკური სივრცე შეიძლება გარდაიქმნას „საერთო ბაზრად… და საბოლოო ჯამში… საერთო სავალუტო ზონის საფუძველი შექმნას“.

 

თუკი ვივარაუდებთ, რომ საბაჟო კავშირი ამ მიმართულებით განვითარდება, მისი წევრობის ყველაზე რეალური კანდიდატი უახლოეს მომავალში უკრაინა გახდება. თუკი უზბეკეთი და ბელორუსი რუსეთისთვის მუდმივი თავისტკივილია, მოსკოვისთვის საბედნიეროდ, უკრაინა მის ორბიტას უბრუნდება. წელს, პრეზიდენტობის პრორუსმა კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრეზიდენტის სავარძლიდან გადასვა პროდასავლელი ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო. ახალ პრორუს პრემიერთან ნიკოლოზ აზაროვთან ერთად ის დაუღალავად იღწვის რუსულ–უკრაინული ურთიერთობების განმტკიცებისთვის. 

 

ამ ძალისხმევის შედეგი გახდა ორმხრივი შეთანხმებები გაზის მიწოდებაზე, რუსეთისთვის შავ ზღვაში სამხედრო–საზღვაო ობიექტებისთვის იჯარის ვადის გახანგრძლივებაზე, ასევე  უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ რუსულ „გაზპრომთან“ შესაძლო შერწყმაზე (ჩათვალეთ, გადაყლაპვაზე) მოლაპარაკებები.    

 

თუკი რუსეთი განაგრძობს უკრაინის ეკონომიკის საკვანძო დარგებზე კონტროლის მოპოვებას, საბაჟო კავშირში გაწევრიანება უბრალო ფორმალობა გახდება.

 

იმავდროულად, როგორც ჩანს, რუსეთი ამ კავშირში ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოების გაწევრიანებაშიც დაინტერესებულია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მოხდება „ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის“ მიერთების ხარჯზე, სადაც გაერთიანებულები არიან დღევანდელი საბაჟო კავშირის წევრები, ასევე ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ხოლო სომხეთი, მოლდავეთი და უკრაინა დამკვირვებლები არიან. რუსეთის მიერ აპრილის დასაწყისიდან ყირგზეთისა და ტაჯიკეთისთვის ნავთობპროდუქტებზე გადასახადების გაზრდა, ბევრმა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია: მოსკოვი თითქოს შეეცადა მათთვის ამ მიმართულებით სვლისკენ ებიძგა. ეს მოსაზრება, მაისის ბოლოს, ვლადიმერ პუტინის მიერ „ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის“ სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამაც დაადასტურა: „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ორგანიზაციას არ ყავს არცერთი ისეთი წევრი, რომელსაც მომავალში არ სურდეს მიერთება საბაჟო კავშირთან. ჩვენ  თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“.

 

ესეც ასე. „კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შთანხმების ორგანიზაცია“ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირი არ არის, მაგრამ მოსკოვმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა საბჭოთა მეთოდებით იმოქმედოს.   

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...