Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მითები, რომლებზეც იმპერია დგას


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif

 

ბრიუს ფინი

 

პრეზიდენტები ტრუმენი, ეიზენჰაუერი და ბუში გვარწმუნებდნენ, რომ ამერიკის თავისუფლება და კეთილდღეობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად გაიდგამდა ფესვებს დემოკრატია უცხო ქვეყნებში, მაგრამ ეს ასე არ არის.  

 

1940–ანი წლების ბოლოდან, „ცივი ომის“ დასრულებამდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტები დედამიწის ყველა კუთხის საქმეებში ერეოდნენ, ცდილობდნენ რა საბჭოთა კავშირის შეკავებას ან დანგრევას. არცერთი ქვეყანა არ იყო იმდენად პატარა, რომ აშშ–ს მისი კავშირი საბჭოთა კავშირთან, ამერიკისთვის, მისი თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის  უკიდურეს საფრთხედ არ აღექვა. პირველად, ამერიკამ ურთიერთობების სპეციალური კურსის შემუშავება დაიწყო მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებთან – მავრიტანიასთან, მალისთან, ფიჯისთან, ჩადთან. და ეს დამოკიდებულება წამყვანი იყო ეპოქაში, როდესაც აშშ–ზე თავდასხმას ვერცერთი ქვეყანა ვერ გაბედავდა, კარიბის კრიზისის დროსაც ხომ ძლიერების პიკზე მყოფი საბჭოთა კავშირიც კი შედრკა.

 

ეს ჰიპერტროფირებული ინტერვენციონიზმი ორ აქსიომაში რწმენის შედეგია. პირველ რიგში, მიჩნეული იყო, რომ აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოება დამოკიდებული იყო დემოკრატიული სისტემების სიცოცხლისუნარიანობაზე უცხო სახელმწიფოებში. მეორეც, რომ სამხედრო ყოფნა მსოფლიოს ყველა იმ ქვეყანაში, საიდანაც მომდინარებდა საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის და რესურსებთან ხელმისაწვდომობის საშუალება, უკიდურესად აუცილებელია ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებისთვის. ერთიც და მეორეც – აბსოლუტური სისულელეა, მაგრამ ამერიკაში ამის დღემდე სჯერათ.

 

ჰარი ტრუმენმა პირველი აქსიომის შესახებ, 1974 წლის 12 მარტს  კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, როდესაც გამოაცხადა დოქტრინა, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი შეარქვეს. მას კონგრესისგან სურდა თანხმობა 400 მილიონი დოლარის გამოყოფაზე თურქეთის და საბერძნეთის ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისთვის. ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ ამ ქვეყნებს კომუნისტების მხრიდან დაპყრობის საფრთხე ემუქრებოდა.

 

ტრუმენმა განგაშის ზარი შემოკრა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში მემარცხენეები აჯანყდებოდნენ, ან ევროპაში ტოტალიტარიზმი და იმედგაცრუება გამეფდებოდა და მთელ მსოფლიოს საფრთხე დაემუქრებოდა.

 

„მსოფლიოს თავისუფალ ხალხებს, მათი თავისუფლების შენარჩუნებისთვის ჩვენგან დახმარება სჭირდებათ. თუკი ჩვენ შევდრკებით, ვერ შევინარჩუნებთ ლიდერის პოზიციებს, საფრთხე დაემუქრება მთელს მსოფლიოს და თავისთავად საფრთხეში აღმოჩნდება ჩვენი ერის კეთილდღეობა“.

 

ამგვარად, აშშ–ს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა გამხდარიყო „ისეთი პირობების შექმნა, რომელშიც ჩვენ და დანარჩენი ერები შეძლებდნენ ისეთი ცხოვრების წესის ფორმირებას, რომელიც ძალადობისგან თავისუფალი იქნებოდა“, ხოლო შეერთებული შტატები მუდმივად „უნდა დახმარებოდნენ თავისუფალ ხალხებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ შეიარაღებული უმცირესოებების ან გარე ძალების მხრიდან მათი დამორჩილების მცდელობას“.                   

 

დოქტრინა რევოლუციური იყო, რადგან მანამდე არასდროს ითვლებოდა, რომ დემოკრატია სხვა ქვეყნებში ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იყო. როდესაც აშშ–მ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, აშშ–ს არცერთ სახელმწიფო მოღვაწეს არ უთქვამს, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იქნებოდა, თუკი მოხერხდებოდა ოსმანთა იმპერიის, ჩინეთის, რუსეთის ან საფრანგეთის ტირანიების გარდაქმნა დემოკრატიულ რეჟიმებად. აშშ პასიურად ადევნებდა თვალს ესპანელი და პორტუგალიელი კოლონისტების წინააღმდეგ წარმოებულ ომებს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

 

ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა იცოდნენ, რომ დემოკრატიული ქვეყნები აგრესიული ქმედებებისკენ, არანაკლებ იყვნენ მიდრეკილნი, ვიდრე ტირანთა მიერ მართული სახელმწიფოები. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აშშ–სთვის მთავარ საფრთხეს ბრიტანეთი წარმოადგენდა, რომელიც იმ დროს ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა იყო მსოფლიოში. სწორედ ბრიტანეთის პროვოცირებული იყო 1812 წლის ანგლო–ამერიკული ომი, რომელმაც ძალით უბიძგა მობილიზებისკენ ამერიკელ მეზღვაურებს და შემდეგ, ნაპოლეონის ომების დროს, ნეიტრალურ ამერიკულ გემებს თავს დაესხა. ხოლო მონარქისტული საფრანგეთი ამერიკას დამოუკიდებლობისთვის ომში ეხმარებოდა.

 

ტრუმენმა ვერ შეძლო იმის ახსნა, თუ კონკრეტულად რით დაეხმარებოდა აშშ–ს უსაფრთხოების, თავისუფლების ან კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე თავისუფალი ერის არათავისუფალი ერისგან გამორჩევას – თავისუფალი ხალხების მხარდაჭერა, რომლებიც შეიარაღებული უმცირესოებების ან გარე ძალების დაპყრობის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდნენ. მაგალითად, პირველი ქვეყნები, თურქეთი და საბერძნეთი, რომლებმაც დახმარება ტრუმენის დოქტრინის ფარგლებში მიიღეს, 1947 წელს დემოკრატიულები არ იყვნენ, იქ არ არსებობდა პოლიტიკური პარტიების კონკურენცია, სამართლიანი არჩევნები, თავისუფალი პრესა და კანონის უზენაესობა.   

 

საბერძნეთში იმ დროს, მონარქისტებს და კომუნისტებს შორის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ამერიკა მონარქისტებს დაეხმარა, თუმცა დემოკრატიის თვალსაზირისით მათი მიღწევები ძალიან საეჭვო გახლდათ. და რა მოხდებოდა იქ რომ კომუნისტებს გაემარჯვათ? საბჭოთა კავშირისთვის საბერძნეთი მაინც თავისტკივილი გახდებოდა, როგორიც იყო იუგოსლავია ტიტოს დროს, ან ეკონომიკური ტვირთი, როგორც სსრკს–ს სატელიტები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

საბერძნეთს არ აქვს მიმზიდველი ნაციონალური რესურსები, რომელთა დატაცებაც შეიძლება. ბერძნული არმია უინტერესოა. საბერძეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1952 წელს გაწევრიანდა, მაგრამ მას შემდეგ ვერც ძლიერი სამხედრო მოკავშირე ვერ გახდა და ვერც სანდო ეკონომიკური პარტნიორი.     

 

საბერძნეთის მსგავსად, 1947 წელს დემოკატიის ხიბლის არაფერი ესმოდა თურქეთს. ოპოზიციური პარტიების  აკრძალვა, მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაუქმნდა. სამხედრო მდგომარეობა 1947 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა. და ისევე როგორც საბერძნეთის შემთხვევაში, თურქეთში კომუნისტებს რომ გაემარჯვათ, აშშ მაინც ვერ გახდებოდა ვერც ნაკლებად მშვიდი, ვერც ნაკლებად თავისუფალი და ვერც ნაკლებად მდიდარი სახელმწიფო. თურქი მუსულმანები, სხვა ქვეყნების მუსულმანთა მსგავსად, მაინც გააპროტესტებდნენ საბჭოთა კავშირის „უღმერთო კომუნიზმს“ – როგორც ამერიკის დახმარებით, ასევე მის გარეშეც. ოსმანთა იმპერია რუსეთთან მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა, ვიდრე ის პირველი მსოფლიო ომის შედეგებით არ დაანაწევრეს. სსრკ სამუდამოდ გაებმებოდა ისლამის და თურქული ნაციონალიზმის ჩახშობის მცდელობებში. ის თურქეთს ვერ მოინელებდა.  

 

თურქეთისთვის დახმარებაზე უარის თქმით, აშშ შეძლებდა რესურსების დაზოგვას საკუთარი თავდაცვის გასაძლიერებლად ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე საზღვრების გასწვრივ. როგორც საბერძნეთის შემთხვევაში, ტრუმენმა ვერ ახსნა რატომ იყო აუცილებელი აშშ–ს სუვერენიტეტის და ამერიკის მოქალაქეთა თავისუფლების დაცვისთვის, თურქების გადარჩენა კომუნისტებისგან.  

 

მაგრამ ტრუმენის აფსურდულმა მოსაზრებებმა „ცივი ომზე“ დიდხანს იცოცხლა. ტრუმენის დოქტრინას და პრეზიდენტ ბუშის კიდევ უფრო უტოპიურ ამბიციებს ერთი ხაზი აკავშირებს, რაც ცხადად ჩანდა მის (ბუშის) მეორე საინაუგურაციო სიტყვაში. არ რას ამბობდა ის მაშინ: „მოვლენების განვითარებას და საღ აზრს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ჩვენს მიწაზე თავისუფლების შენარჩუნება სულ უფრო დამოკიდებული ხდება თავისუფლების წარმატებაზე სხვათა მიწებზე. მშვიდობის საუკეთესო გარანტია დედამიწაზე – მთელ მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებაა… ამგვარად, შეერთებული შტატების პოლიტიკა იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და ყველა კულტურაში დემოკრატიული მოძრაობებისა და ინსტიტუტებისკენ მისწრაფება და მათი მხარდაჭერა, რათა საბოლოოდ დასრულდეს ტირანია დედამიწაზე“.    

 

აშშ–ს არსებობის მესიანისტური კონცეფციები პრეზიდენტ ობამას ნობელის სიტყვაშიც აისახა, როდესაც მან განაცხადა, რომ ამერიკის მოქალაქეების თავისუფლება და ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ამერიკა მსოფლიოს ყველა ხალხებისთვის თავისუფლების და ბედნიერების მოტანას.

 

მაგრამ ტრუმენის დოქტრინაში გამოცხადებული მიზანი (თავისუფალი ხალხების დახმარება საგარეო დამპყრობლებისგან დაცვაში) შესრულებაზე მეტად ირღვეოდა. „ცივი ომის“ ეპოქაში სუფთა პოლიტიკურმა მოსაზრებებმა დაჩრდილა დემოკრატიისთვის ბრძოლის და ადამიანის უფლებების დაცვის საქმე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ხალხებს ტრუმენისგან არანაირი საგრძნობი დახმარება არ მიუღიათ. გერმანია და ბერლინი გაიყო. ჩეხოსლოვაკია კომუნისტების ორბიტაზე 1948 წელს აღმოჩნდა, უნგრეთი – ერთი წლით ადრე. ხოლო აზიაში, კომუნისტურმა ჩინეთმა 1950 წელს ავტონომია წაართვა ტიბეტს. არცერთ ამ სიტუაციაში, აშშ სამხედრო ძალით არ ჩარეულა, რათა თავისუფალ ხალხებზე ძალადობა აღეკვეთა.

 

აშშ–ს პრეზიდენტების მხრიდან „ცივი ომის“ დროსაც, გამოცხადებული იდეალისტური მოტივები არათანმიმდევრული გახლდათ, და იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკურ მოსაზრებებზეც, რომლითაც ისინი მსოფლიო ბატონობისთვის საკუთარ კამპანიას ამართლებდნენ. ის, რომ ამერიკის კეთილდღეობა უცხო ქვეყნებში სტაბილურობის და მშვიდობის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული (რათა უსაფრთხო იყოს სავაჭრო მარშრუტები და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა) – ეს „ცივი ომის“ პერიოდის კიდევ ერთი შეცდომაა, რომელიც ჩვენ დღემდე ვერ გავაცნობიერეთ. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ერთხელ პირდაპირ განაცხადა: „ჩემი აზრით, საგარეო პოლიტიკა ეფუძნება ან უნდა ეფუძნებოდეს ერთადერთ მოსაზრებას. ეს მოსაზრება არის აშშ–ს მოთხოვნილება მოიპოვოს ნედლეულის გარკვეული სახეობები, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ეკონომიკა და შესაძლებლობის შემთხვევაში – გასაღების სასარგებლო ბაზრები ჩვენი ნამატისთვის. ამ მოთხოვნილებიდან არა მხოლოდ იმის აუცილებლობა გამომდინარეობს, რომ ხელი მიგვიწვდებოდეს მნიშვნელოვანი სახეობის ნედლეულის წარმოების ადგილებზე, არამედ იმისაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება მზად იყოს ჩვენთან ვაჭრობისთვის მეგობრულ საწყისებზე“.      

 

ამ რწმენით, აშშ–მ უცხოეთში ასობით სამხედრო ბაზა შექმნა და ზღვების სამართავად უზარმაზარი ფლოტი ააგო.

 

მაგრამ ეს ყველაფერი მითებს ეფუძნება. არც შეერთებული შტატები და არცერთი სხვა ქვეყანა არცერთხელ არ დარჩენილა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის გარეშე და ეკონომიკურ ომში არ დამარცხებულა. კონტრაბანდა, ქრთამი და მუშაობა გამდიდრების სურვილის მქონე შუამავლების გზით – ყველა ეს საშუალება ნებისმიერ ემბარგოს აუვლის გვერდს. საბჭოთა კავშირმა მარტივად აუარა გვერდი 1979 წელს ავღანეთზე თავდასხმის შემდეგ, აშშ–ს ემბარგოს ხორბლის მიწოდებაზე იმით, რომ გაზარდა შესყიდვები ისეთი შუამავლებისგან, როგორებიც იყვნენ ესპანეთი და არგენტინა. გაღატაკებული ჩრდილოეთ კორეა, სადაც მილიონობით მოქალაქე შიმშილობს, მკაცრ საერთაშორისო სანქციებს მაინც უძლებს. ფიდელ კასტროს კუბა ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც აშშ–ს ემბარგოს უძლებს. ყოველწლიურად 44 მილიარდი დოლარის ხარჯვის და მსოფლიოში ყველაზე პროფესიონალი სამხედრო და სამართალდამცველი კადრების პირობებშიც კი, აშშ ვერ აჩერებს ნარკოტიკების ნაკადს, რომელიც მის  საზღვრებში შემოედინება და მილიონობით ამერიკელ მომხმარებელს აკმაყოფილებს.

 

1973 წლის ოქტომბერში ნავთობის ექსპორტიორი–ქვეყნების ორგანიზაციამ ემბარგო აამოქმედა, რომელიც ჩაიშალა. ნავთობის მიწოდება ჯერ კიდევ ემბარგოს შემოღებამდეც მწირი იყო: დეფიციტი პრეზიდენტ ნიქსონის ფასების დარეგულირების ზომებმა და ცალკეული სარემონტო–ნავთობგასამართი სადგურებისთვის მიწოდების პრობლემებმა, ასევე ნავთობის ნედლეულზე ფასების გაზრდამ გამოიწვია. 1973 წლის მაისისთვის, ემბარგოს შემოღებიდან ხუთ თვეში, ათასი ცალკეული საწარმო დაიხურა. ქვეყნებმა, რომლებზეც ემბარგო არ ვრცელდებოდა, ორგანიზაციის წევრი–ქვეყნებისგან ნავთობის შესყიდვების მოცულობა გაზარდა, მისი ამერიკისთვის გადაყიდვის მიზნით. საუდის არაბეთის ნავთობის მრეწველობის მინისტრმა შეიჰ იამანიმაც კი აღიარა, რომ ემბარგო „არ გულისხმობდა იმას, რომ აშშ–ში იმპორტს შევამცირებდით… მსოფლიო სინამდვილეში – ერთი დიდი ბაზარია. ასე რომ, პირველ რიგში ემბარგოს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა“.             

 

რეჟიმები, რომლებსაც რეაქციული ანტიამერიკანიზმი ახასიათებთ, აშშ–სთან სიამოვნებით ვაჭრობენ. ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესი ამერიკას მისი ქვეყნის მტერს უწოდებს, მაგრამ ვენესუელა დღესაც აშშ–ში ნავთობის ერთ–ერთი მთავარი უცხოელი მიმწოდებელია. 2007 წელს, ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 50 მილიარდ დოლარს მიაღწია. ირანმა – აშშ–ს მთავარმა მტერმა – უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს – ამერიკული საქონლის იმპორტი გაათმაგა. იურიდიული აკრძალვები რომ არ არსებობდეს, ისლამური რესპუბლიკა აშშ–ს ნავთობსაც მიაწვდიდა.     

 

ამერიკელების თავისუფლება არ არის დამოკიდებული იმაზე, დადგებიან თუ არა სხვა ქვეყნები დემოკრატიის დროშის ქვეშ, და ამაზე დამოკიდებული არც არასდროს ყოფილა, „ცივი ომის“ პერიოდშიც კი. ასევე არ მოითხოვს ამერიკის კეთილდღეობა მთელ მსოფლიოში მისი ბაზების არსებობას, ისევე როგორც ძალისმიერი ზეწოლის შესაძლებლობას მეგობრებსა და მტრებზე. მაგრამ ამ პოლიტიკური აქსიომების აშკარა სიყალბის მიუხედავად, ამერიკის იმპერია მათ გამოყენებას განაგრძობს იმისთვის, რომ გაამართლოს ძალის საყოველთაო დემონსტრირება, დაუსრულებელი ომები და სახელმწიფოს აგება ნაციონალური უსაფრთხოების საკითხის ირგვლივ.

 

რომის იმპერია იყენებდა იგივე სიცრუეს ან იგივე მითებს იგივე მიზნებისთვის. როგორც 1919 წლის სტატიაში „იმპერიალიზმის სოციოლოგია“ იოსებ შუმპეტერი წერს: „მსოფლიოს არცერთი კუთხე არ არსებობდა, სადაც არ უთქვამთ, რომ ამა თუ იმ ინტერესს საფრთხე ემუქრებოდა, ან პირდაპირი თავდასხმის საფრთხე. თუკი ეს არ იყო რომის ინტერესი, მაშინ რომის მოკავშირეთა ინტერესი გახლდათ, ხოლო თუ რომს მოკავშირეები არ ჰყავდა, მათ იგონებდნენ. ყველა ბრძოლა კანონიერების საფარველით იმოსებოდა. მთელი მსოფლიო მტრებით იყო სავსე, და მათ მიერ უდაოდ დამუშავებული აგრესიული გეგმებისგან თავდაცვა, რომის აშკარა მოვალეობა გახლდათ“. 

 

ბრიუს ფინი – იურისტი–კონსტიტუციონალისტი და სტატიების ავტორი საერთაშორისო ურთიერთობებზე Bruce Fein & Associates and The Lichfield Group–დან

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...