Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- "კანონიერი ქურდი..."


Recommended Posts

სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ქვეყანაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი პირები და ქურდული სამყაროს წევრები.

 

გაზიარება

[17:50 31-07-2010]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFQqB6UaeLI/AAAAAAAAD9I/ZXxMvmWcwxg/s200/qurdi.gifმათი მოქმედება უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია დანაშაულებრივ საქმიანობასთან. ისინი დაშინებით, მუქარით, იძულებით, ქურდული გარჩევის გზით ცდილობენ მოქალაქეებისაგან ფულისა და სხვა ქონებრივი სარგებლის მიღებას. რეკეტირები და ქურდული სამყაროს წევრები ფულს აწერენ ინდ. მეწარმეებს, სხვადასხვა საწარმოების და სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელებს, რითაც ხელს უშლიან თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

ყოველივე ზემოთხსენებულის თავიდან აცილების მიზნით კანონმდებელმა 2005 წლის 20 დეკემბერს მიიღო „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია. ამ კანონის პირველი მუხლის შინაარსიდან ჩანს რომ კანონის მიზანია ორგანიზებული დანაშაულის, ქურდული სამყაროს და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლა.

როგორც ვნახეთ, კანონის მიზანი ნათლად არის ჩამოყალიბებული. ამ კანონის მიღების შემდეგ აუცილებელი გახდა რიგ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. შეტანილ დამატებათა შორის საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლი, რომლის დისპოზიცია ფაქტიურად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქურდული სამყაროს წევრობის ან კანონიერი ქურდობისათვის.

ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დისპოზიციები ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: „1. ქურდული სამყაროს წევრობა, _ და 2. კანონიერი ქურდობა “

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიცია თითქოს მარტივია, ისევე როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი „განზრახ მკვლელობა“, მაგრამ განზრახ მკვლელობისაგან განსხვავებით „კანონიერი ქურდის“ ცნების განმარტებას იძლევა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, სადაც „კანონიერი ქურდი“ განმარტებულია როგორც „ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.“

იმისათვის რომ ქმედების კვალიფიკაციის სუბიექტმა მოახერხოს ქმედების სწორად კვალიფიკაცია მან კარგად უნდა იცოდეს ამ დისპოზიციაში არსებული ტერმინების განმარტებაც. პირველი ტერმინი რომელიც აქ ყურადღებას იქცევს გახლავთ „ქურდული სამყარო“, რომელიც „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, თანახმად არის „პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლიც მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება.“

მართალია, ტერმინი „სამყარო“-ს მნიშვნელობა იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მაგალითად, მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება, როგორც ერთობლიობა ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკისა და სივრცის, რომელთა შორისაც ხდება ურთიერთმოქმედება, მაგრამ ამ სახის კანონში ასეთი ტერმინის გამოყენება და მისი მორგება რაღაც ქმედებებთან, რომელიც წმინდა იურიდიული თვალსაზრისით სრულად ჯდება თანამონაწილეობის სფეროში არასწორად მიგვაჩნია.

მეორე ტერმინი, რომელიც ასევე ჩვენს ყურადღება იპყრობს გახლავთ „სპეციალური წესები“, აქ ეს სიტყვათა წყობა გამოიყენება ქურდული სამყაროს მიერ დადგენილ ან აღიარებული წესების აღსანიშნავად, მაგრამ არსად არ არის განმარტებული თუ რას მოიცავს ეს „სპეციალური წესები“, რა ჩამონათვალია მასში და საერთოდ საიდან უნდა იცოდეს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკმა ეს წესები. ვფიქრობთ, რომ მან ეს ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია, რომ კანონი, რომელიც თითქოს უნდა გამოიყენებოდეს ორგანიზებულ დამნაშავეობასთან საბრძოლველად, თვითონ აიძულებს სამართალდამცავ ორგანოს მუშაკს შეისწავლოს ეს წესები, რომელიც, როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, ხშირად იცვლება არსებული დროისა და ვითარების შესაბამისად. მაგალითად, 40-იან წლებისათვის ქურდულმა მოძრაობამ იცვალა სახე. გამომუშავებულ იქნა დაუწერელი ქურდული კანონი. ის წარმოადგენდა კრიმინალური პრაქტიკით გამომუშავებულ ქცევის პრინციპებს, რომლებიც უნდა დაეცვა კანონიერ ქურდს. ითვლება, რომ მთავარი პრინციპი იყო პოლიტიკაში ჩაურევლობა, მაგარამ როგორც ჩანს ეს ასე არ იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაბა იოსელიანი (დამნაშავეთა სამყაროს ერთ-ერთი ავტორიტეტი) ამბობდა, რომ ქურდული ტრადიციების განმტკიცება „было единственной формой сопротивления советской власти“ ამდენად, ე. წ. „ახალი ქურდების“ გამოჩენა დაკავშირებულია გარდაქმნის დაწყებასთან და საბჭოთა კავშირის დაშლასთან, ამიტომ მათი კლასიფიკაცია ძნელად ექვემდებარება ანალიზს. ეს რეფორმატორები ძირითადად არიან კავკასიური წარმოშობის, რომლებიც იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა ძალადობა, რეკეტი, მოსყიდვა და სხვა. გარდა ამისა, ცნობილია რომ დამნაშავეთა სამყარო სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად ცვლის თავის წესებსაც, რათა თავი აარიდოს მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. ქურდული ტაქტიკის შეცვლის მაგალითს წარმოადგენს „მიმართვა სსრ კავშირის ყველა მსჯავრდებულისადმი“ (1988 წ), რომელიც გავრცელდა „ძმა თენგიზის“ სახელით (თენგიზ გურამის ძე ჭიჭინაძე, დაბადებული 1962 წ.), რომელიც თავისთავად არღვევს დანაშაულებრივ ტრადიციებს, რადგანაც სააშკარაოზე გამოაქვს კრიმინალური გარემოს ტაქტიკა და როლი. ეს მიმართვა ასეთია: „სანამ წითლები ერთმანეთს ეჩხუბებიან, საჭიროა ძალაუფლების ხელში აღება, უპირველეს ყოვლისა კი, სამართალდამცავი ორგანოები უნდა ვაიძულოთ, შეასრულონ დამნაშავეთა სამყაროს მოთხოვნები.“ ამ მიმართვის გამო მისი ავტორი ცემა ძველმა ავტორიტეტმა ამირანმა, რადგან არ იყო ქურდული ტრადიციით მიღებული ასეთი საქციელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ არ იქნა დადგენილი რომელ წესებზეა საუბარი, ბუნებრივია, ეს საკითხი ყოველთვის გაურკვევლი დარჩება.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონის მიღების მიზანი ე. წ. „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლაა, მაგრამ ეს მიზანი კანონმდებელმა დახვეწილად ვერ გადმოსცა. სანამ გადავიდოდეთ იმ ნიუანსების გარკვევაზე, რომელიც ამ კანონს თან ახლავს, მანამდე განვიხილავთ, თუ რას ნიშნავს ე. წ. „კანონიერი ქურდი“. „კანონიერი ქურდი“ ეს არის ავტორიტეტი სისხლის სამართლის დამნაშავეთა გარემოდან, რომელიც კოლეგიალურადაა აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი აქვს „კურთხევის“ ცერემონიალი – კანონიერ ქურდთა საზოგადოებაში მისთვის ქურდული უფლებამოსილების მინიჭების ფორმალური პროცესი. „კურთხევას“ ატარებს სულ მცირე ორი ქურდი მაინც, ისინი მსჯელობენ „კანდიდატის“ კრიმინალური გზის შესახებ, იხსენებენ, რით გამოიჩინა თავი, რწმუნდებიან, რომ ქურდული ტრადიციების ერთგულია, აქვს ქურდული ელემენტების შეკავშირების უნარი, სწორად და „სამართლიანად“ გადაწყვეტს კონფლიქტებს, სარგებლობს აბსოლუტური ავტორიტეტით თანამოაზრეთა შორის და შეუძლია „ობშიაკის“ ორგანიზაცია. აი ეს გახლავთ „კანონიერი ქურდის“ საზოგადოებასა და კრიმინალურ სამყაროში გავრცელებული განმარტება. რაც შეეხება „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, მან მოგვცა ე. წ. „კანონიერი ქურდის“ უფრო გაფართოებული განმარტება და მასში მოიცვა არა მარტო ის პირები, რომლებიც კოლეგიალურადაა აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი აქვს „კურთხევის“ ცერემონიალი, არამედ ისინიც ვინც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად თუ პირი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება გასამართლდეს და სასჯელი დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც ნიშნავს ამ დანაშაულის ჩადენაში მის დამნაშავედ ცნობას ანუ მის აღიარებას „კანონიერ ქურდად“ ამდენად, ამ კანონის მოქმედების შედეგად გვყავს ორი სახის „კანონიერი ქურდი“. ერთი, რომელიც კოლეგიალურადაა აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი აქვს „კურთხევის“ ცერემონიალი და მეორე, რომელიც შეიძლება არ იყოს კოლეგიალურად აღიარებული დამნაშავეთა სამყაროს სხვა ლიდერების მიერ და გავლილი არ ქონდეს „კურთხევის“ ცერემონიალი, მაგრამ სასამართლოს მიერ იყოს ცნობილი „კანონიერ ქურდად.“ ახლა ისმის კითხვა ეს კანონი ხელს უწყობს თუ არა „კანონიერი ქურდების“ შემცირებას საქართველოში? ვფიქრობთ, რომ არა.

ახლა კი დაუბრუნდეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კანონში არსებულ ერთსა და იმავე სიტყვას არ შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეძღვნება კანონის ენის დახვეწას მაინც არ ექცევა სათანადო ყურადღება კანონმდებლების მხრიდან ნორმის სრულყოფას.

ასეთ დაუხვეწავ ნორმად მიგვაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე. ი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აქედან გამომდინარე „კანონიერი ქურდობა“ გამოდის, როგორც კანონიერად სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მიზანი ე. წ. „კანონიერი ქურდების“ დასჯაა და შესაბამისად „კანონიერი ქურდობა“ ნიშნავს ქურდული სამყაროს ლიდერის ტიტულს, რაც თავისთავად არ არის ქმედება.

იმისათვის რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი იყოს დახვეწილი და უფრო გასაგები და არ დაგვჭირდეს მისი განმარტება სხვა საკანონმდებლო აქტების დახმარებით, ჩვენი აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქურდული ქმედება ე. ი. პირის (ქურდული სამყაროს წევრის) მიერ ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის ნებისმიერი ფორმით მართვა ან/და დანაშაულის ჩადენის მიზნით მათთვის ორგანიზების გაწევა“

ახლა მინდა ისევ დავუბრუნდე „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტს. ამ მუხლის პუნქტის მიხედვით ჩანს, რომ აქ საუბარია პირთა ნებისმიერ ერთობაზე, რომლის მიზანია დანაშაულებრივი გზით სარგებლის მიღება. მაგრამ აუცილებელია, რომ ამ სახის პირთა ერთობა მოქმედებდეს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად. თუ ამ პირთა ერთობა არ მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული წესების შესაბამისად, მაშინ ამ პირთა ერთობას არ მიეცემა ქურდული სამყაროს განმარტება. ამდენად, შეიძლება არსებობდეს პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს ყოველგვარი წესების გარეშე და რომლიც მიზანია დანაშაულებრივი გზით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. მაგრამ კანონის მიხედვით ის მაინც არ ჩაითვლება ქურდულ სამყაროდ, რადგან ასეთი ერთობის ქურდულ სამყაროდ აღიარებისათვის აუცილებელია ისინი მოქმედებდნენ მათ მიერ დადაგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად.

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით აუცილებელია დადგინდეს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების არსებობა და მათ მიერ ამ წესების შესაბამისად მოქმედება. თუ დადგინდა, რომ პირთა ერთობა მოქმედებდა მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების დარღვევით, მაშინ ასეთი კვალიფიკაცია მათ ქმედებას არ უნდა მიეცეს ამიტომ აბსოლიტურად უაზროა ამაზე მითითება კანონში. რა მნიშვნელობა აქვს პირთა ერთობა წესების შესაბამისად და მისი დაცვით მოქმედებს თუ არა, მთავარია, დანაშაულებრივი გზით იღებენ სარგებელს და ამისთვის ისინი უნდა იქნენ დასჯილნი.

გარდა ამისა, მუხლში მითითებული მუქარა, იძულება, არასრულწლოვნის ჩაბმა დანაშაულებრივ ქმედებებში არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულები და ისინი ისედაც დასჯადია.

ანალოგიურია პრობლემაა „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეოთხე პუნქტში. პუნქტის მიხედვით „კანონიერი ქურდია“ „ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.“ თუ პირი ქურდული სამყაროს სპეციალური წესების დარღვევით მართავს და ორგანიზებას უწევს პირთა ჯგუფს, მაშინ ის არ იქნება „კანონიერი ქურდი“. ამიტომ მიმაჩნია, რომ კანონმდებელს არ უნდა ჩაეწერა აქ სპეციალური წესები, რადგან როდესაც კანონი ითხოვს დადგინდეს პირის მიერ სპეციალური წესებით მოქმედებას, ის ამით ასევე ითხოვს ამ სპეციალური წესების დადგენას, რაც როგორც ზემოთ მოგახსენეთ მთლად მარტივი საქმე არაა.

[რამაზ კვარაცხელიასამართლის დოქტორი, პროფესორი]

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8690185874981669053?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...