Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მედია გარიგება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში მთავრობის ჩარევაზე ეჭვებს აჩენს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png

 

მოლი კორსო

 

მედია გარიგება, რომლის მიზანიც საქართველოში სახელმწიფოს მიერ მართული რუსულენოვანი ტელევიზიის მაუწყებლობის გაუმჯობესებაა, არხის ირგვლივ კამათის საფუძველი გახდა.

 

ტელეკომპანია „პირველი კავკასიური“ 2009 წლის ოქტომბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ძალისხმევით შეიქმნა, რათა  წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე საქართველოს არასასურველი გაშუქებისთვის. 

 

თუმცა, ამოქმედების დღიდან, „პირველ კავკასიურს“ პრობლემები ექმნება. მაგალითად, იანვრის ბოლოს ფრანგულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat–მა, „პირველი კავკასიური“ თანამგზავრიდან გათიშა. ქართული მედიის წარმომადგენლებმა ამ ნაბიჯში კრემლის ხელი  დაინახეს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (იურიდიული პირი, რომლიც პასუხისმგებელია „პირველი კავკასიურის“ მაუწყებლობაზე) ხელმძღვანელობამ და სამეურვეო საბჭოს წევრებმა 14 ივლისს, რუსულენოვანი ტელემაუწყებლის მართვის უფლების გადაცემის შესახებ განაცხადეს. მეორე დღესვე ითქვა, რომ „პირველ კავკასიურს“ კომპანია K1 და მისი მმართველი ბრიტანელი ჟურნალისტი და კავკასიის საკითხების ექსპერტი რობერტ პარსონსი უხელმძღვანელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ)  სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც კანონის თანახმად მთავრობისგან დამოუკიდებლად უნდა მოქმედებდეს.                           

 

ამ ცნობის გამოქვეყნების დრომ სააკაშვილის ოპონენტებს გაუჩინა ეჭვი, რომ მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ერევა. ეჭვებს ხელი შეუწყო მედიის მიერ გავრცელებულმა ცნობებმა იმის შესახებ, რომ კომპანია K1 სააკაშვილის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა შეარჩიეს. არსებული ინფომაციით K1–თან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 4.7 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 2.55 მილიონი დოლარია.

 

სსმ–ს გენერალური დირექტორის მოადგილის მაია ბიჭიკაშვილის თქმით, K1 ერთადერთი კომპანია იყო, რომელთანაც  კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავდნენ. „როდესაც დაფინანსება გათვალისწინებულია სპეციალური სარეზერვო ფონდიდან, არანაირი ტენდერი აუცილებელი არ არის“, – გვიხსნის იგი და დასძენს, რომ პარსონსი ამ სამუშაოსთვის ბუნებრივად შეირჩა, რადგან მას აქვს „მკაფიო ხედვა“ საქართველოში მედიის განვითარებასთან დაკავშირებით.    

 

ბიჭიკაშვილის თქმით, K1–მა სსმ–ს არხის მართვა შესთავაზა. სსმ–მ პარსონსთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყო და მას შემდეგ რაც კომპანიისგან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც ის „პირველი კავკასიურის“ მართვის წინადადებით გამოდიოდა, საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ გარიგებაზე თანხმობის მისაღებად წინადადება სამეურვეო საბჭოს წარუდგინა. პარსონსმა, გამოცდილმა ჟურნალისტმა, რომელიც ცნობილია კავკასიაში მისი მუშაობით ისეთი სადგურებისთვის, როგორებიცაა BBC და France 24, EurasiaNet –ს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ „პირველი კავკასიურის“ მუშაობაში მის შესაძლო მონაწილეობაზე „გაზაფხულის დასაწყისში“ მიმართა. „დასაწყისისთვის ისინი იდეას ჩემს გარეშე განიხილავდნენ – მე ვუთხარი, რომ ეს ძალიან საინტერესო იდეა იყო, მაგრამ მომენტალურად ამ წინადადებას ვერ დავთანხმდებოდი“, – თქვა მან. „ჩემთვის ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, თუმცა მათ ყველაფერი საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინეს. ეს მართლაც ძალიან მიმზიდველი პროექტია… მათ მითხრეს „შენ გაქვს კარტ–ბლანში. თუ გსურს რომ გვაკრიტიკო, გვაკრიტიკე““.          

 

მართალია პარსონსი არ ასახელებს მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც მას ეს წინადადება შესთავაზეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ჩამოყვანისთვის მოლაპარაკებებში „მთავრობის რამდენიმე წევრი“ (მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი) მონაწილეობდა.     

 

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოლაპარაკებები ივნისის ბოლოს დაიწყო, როდესაც ის თბილისში ჩამოვიდა. ადმინისტრაციის ჩინოვნიკები კომენტარს არ აკეთებენ.  

 

სსმ–ს სამეურვეო საბჭოს წევრები – შორენა შავერდაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი და ნინო დანელია – საბჭოს დანარჩენ წევრებს იმაში ადანაშაულებენ, რომ მათ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ დისკუსიისთვის საკმარისი დრო არ დატოვეს. საბჭომ გადაწყვეტილება ცხრა ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო.

 

შავერდაშვილის თქმით, „პირველი კავკასიურის“ გასხვისება რეალური პრობლემაა, განსაკუთრებით იმ მედია გარემოში, როდესაც მოსახლეობის 80%–ის ინფორმირება სამ ნაციონალურ არხზეა დამოკიდებული. „როგორც ბორდის წევრები, ერთ–ერთი რაზეც ჩვენ პასუხისმგებლები ვართ არის    საზოგადოების წინაშე სრული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარანტიების შექმნა… ჩვენ რეალურად უნდა ვუზრუნველყოთ ფინანსური შესაძლებლობები, და მე ვერ ვხედავ, რომ ეს კეთდებოდეს“, – თქვა მან.           

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე აცხადებს, რომ არხის მმართველობის გადაცემა, ისევე როგორც ხელშეკრულების გაფორმება K1–თან ძალიან გამჭვირვალედ განხორციელდა. „ამაზე მეტი გამჭვირვალობა როგორ უნდა ვუზრუნველყოთ? მთელი დოკუმენტაცია აქ (ინტერნეტში) დევს“, – თქვა მან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ დავა უცხო არ არის. 2008–2009 წლებში ტელევიზია ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც სააკაშვილის ოპონენტებმა მთავრობა არხის საკუთარი პოლიტიკისა და  პროპაგანდისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსის მათიას ჰუტერის თქმით, თუკი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ პარსონსი აღნიშნული გარიგებისთვის საგანგებოდ შეარჩია, ნამდვილია, ამან შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას საფრთხე შეუქმნას.   

 

„თუკი მთავრობა ერევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ასეთ საკვანძო გადაწყვეტილებებში, რაც არხის მომავალს უკავშირდება, ეს ამ ტელევიზიის დისკრედიტაციას ახდენს და ლახავს მის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, – თქვა მან და დასძინა, რომ არხმა, როგორც დამოუკიდებელმა მაუწყებელმა საკუთარი პოზიციის განმტკიცების საქმეში „ბოლო თვეებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...