planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg დაგ ბენდოუ ნატოს შექმნის დღიდან სამოც წელზე მეტი გავიდა და ევროპელები თავდაცვაზე სულ უფრო მეტ ეკონომიას აკეთებენ. რადგან გაკოტრებული კონტინენტი სასოწარკვეთილი ამცირებს სახელმწიფო ხარჯებს, ევროპის ასიგნებები სამხედრო საჭიროებებზე სულ უფრო მეტად შემცირდება. ვაშინგტონის ფინანასური მდგომარეობა უკეთესი არ არის: სამხედრო ასიგნებები შეერთებულმა შტატებმაც უნდა შეამციროს, განსაკუთრებით ევროპაზე. ტრანსატლანტიკური ალიანსი 1949 წელს შეიქმნა, როდესაც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გაუარესდა. სასტიკი წითელი არმიის ხატი დასავლეთისთვის კოშმარად იქცა. და მიუხედავად ამისა, ნატო ყოველთვის ჩრდილოეთ ამერიკის და სხვების მხარდამჭერი იყო. ალიანსის არსებობის პირველ წლებში მისი ევროპელი წევრები, აბსოლუტურად გასაგები მიზეზების გამო, ეკონომიკის აღდგენაზე იყვნენ კონცენტრირებულები. მაგრამ სამხედრო ხარჯების მძიმე ტვირთი ყოველთვის შეეთებული შტატებისთვის ჰქონდათ გადაბარებული. ვაშინგტონი რეგულარულად ემუდარებოდა თავის მოკავშირეებს სამხედრო ასიგნებები გაეზარდათ, და ისინიც რეგულარულად თანხმდებოდნენ. თუმცა მოგვიანებით, იმავე რეგულარობით სიტყვას არ ასრულებდნენ და თავს საშინაო საჭიროებებითა და პოლიტიკური პრობლემებით იმართლებდნენ. გასული საუკუნის 80–იანი წლებისთვის ევროპელები უკვე აქტიურად აპროტესტებდნენ ამერიკულ ინიციატივებს ცენტრალურ ამერიკასა და სხვა ადგილებში. მაგრამ ამერიკა მისი უძღები მოკავშირეების დაცვას განაგრძობდა. შემდეგ კომუნიზმის კრახიც დადგა. რისთვის არის საჭირო ნატო, რომელიც თავისი არსით ანტისაბჭოთა ალიანსი გახლდათ? დღეს ევროპას არავისგან დაცვა აღარ სჭირდება. სასტიკი წითელი არმია აღარ არსებობს. მოსკოვს მხოლოდ შეზღუდული არაბირთვული ძალები გააჩნია და ვარშავისა და ბუდაპეშტის, რომ აღარაფერი ვთქვათ ბერლინსა და პარიზზე, აღებას აღარ გეგმავს. ევროკავშირს ერთიანად ამერიკაზე მეტი მოსახლეობა და მასზე ძლიერი ეკონომიკა აქვს. თავდაპირველად ნატოს მხარდამჭერები გამოდიოდნენ წინადადებით, რომ ალიანსი ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და გარემოს დაცვის პრობლემებით დაკავებულიყო. შემდეგ ალიანსმა რეგიონალური ინტეგრაციის იდეის კულტივირება დაიწყო, ფართოვდებოდა რა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისკენ. ყველა ეს მისია უაზრო იყო. არასამხედრო ხასიათის ამოცანებს ევროკავშირი ყოველთვის უკეთ უმკლავდებოდა. შემდეგ ნატო გასცდა საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებს, როდესაც სერბეთის წინააღმდეგ, რომელიც ალიანსის არცერთ წევრს არ ემუქრებოდა, აგრესია წამოიწყო. მიზანი კოსოვოში ეთნიკური კონფლიქტის დარეგულირება გახლდათ. მაგრამ ბალკანეთი ევროპისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის. დღეს ავღანეთის მისია არსებობს. თუმცა, ავღანეთის ომი დიდწილად ამერიკის ომად რჩება. ყველაზე დიდ სამოკავშირეო დახმარებას სახელმწიფოების მხოლოდ პატარა ჯგუფი ახორციელებს, და ამ დახმარების ორგანიზება ორმხრივი ურთიერთოებების საფუძველზეც შეიძლებოდა. (ავსტრალია ამას უკვე აკეთებს ნატოს ფარგლებს მიღმა). ევროპის სახელმწიფოების უმრავლესობამ ავღანეთში მხოლოდ მცრირერიცხოვანი სამხედრო კონტიგენტები გაგზავნა, და მათ მონაწილობას სამხედრო მოქმედებებში მთელი რიგი პირობებით შეზღუდვები დაუწესა. ყველა მათგანი ბრძოლის ველიდან მოშორებულია. და ყველა იმას ფიქრობს, რაც შეიძლება მალე დატოვოს იქაურობა. იმავდროულად, ნატოს გაფართოვებას ის მოჰყვებოდა, რომ ამერიკა ნაკლებად დაცული გახდებოდა. ალიანსის შემადგენლობაში ბალკანეთის და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიღება მას უამრავ ახალ ვალდებულებას დაუმატებდა, ხოლო ახალ შესაძლებლობებს ფაქტობრივად ვერ შესძენდა. ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანება სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებდა, რადგან ალიანსის რიგებში შეიძლება უსაფრთხოების უზარმაზარი შავი ხვრელები გაჩენილიყო. არც ერთ და არც მეორე ქვეყანას ამერიკის უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. აშშ–ს ნატოში წევრობა ამერიკის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს და არა სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას ამერიკელებისთვის რისკების გაზრდის ხარჯზე. სამხედრო საქმიანობის ამერიკისთვის გადაბარებით, წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის მსოფლიო ზესახელმწიფოდ გარდაქმნის იდეის შექმნა წამოიწყეს. მათ აქეს და ადიდეს ლისაბონის შეთანხმება, რომელმაც ახალი პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობები შექმნა და „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი პოლიტიკის“ ლოზუნგები გამოცხადა. თუმცა ამ შეთანხმებამ სინამდვილეში მხოლოდ ბიუროკრატიული გაუგებრობები შექმნა, და არა კონტინენტის რწმენა საკუთარი თავისადმი. ახლა ევროკავშირში სამი სხვადასხვა ხელმძღვანელია (ორი მუდმივი და ერთი პერიოდული, რომელიც როტაციის პრინციპით იცვლება), რომლებიც ორგანიზაციულ ხელმძღვანელობაზე ერთმანეთს ღრღნიან. საგარეო საკითხებზე „უმაღლესი წარმომადგენელი“ უფრო მეტ დროს ევროკავშირის პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებში ატარებს, ვიდრე უცხო სახელმწიფოებთან. მნიშვნელოვანი სხვა რამაა. ევროპელები კვლავ უარს ამბობენ საკუთარი შეიარაღებული ძალების განვითარებაზე, რაც ევროპის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის რეალიზაციის გარანტიაა. ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი აღიარებს, რომ ასეთი სისტემა „ქაღალდის ვეფხვად დარჩება, თუკი ამას არ მოჰყვება კონკრეტული სამხედრო წვლილი იქ, სადაც ჩვენ ეს წვლილი გვჭირდება“. თუმცა იმის არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ასეთი წვლილი გამოჩნდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა უწყვეტად ამცირებს სამხედრო ხარჯებს. სულ ხუთი ქვეყანა ასრულებს ნატოს მოთხოვნას და ნაციონალური მშპ–ს 2%–ს თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოყოფს, ზოგიერთი სახელმწიფო – დაახლოებით 1%–ს და ზოგჯერ ნაკლებასაც. და ეს ასიგნებები შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს. აი რას იუწყება Wall Street Journal–ი: „საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთის და იტალიის მთავრობები, რომლებმაც ვალებზე ევროპული კრიზისის საპასუხოდ ეკონომიის მკაცრ ზომებს მიმართეს, განაცხადეს, რომ ხარჯების შემცირების პროცესში საკუთარ შეიარაღებულ ძალებს არ დაინდობენ“. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ლაიემ ფოქსმა შემცირების ვალდებულება „დაუნდობლად და სენტიმენტების გარეშე“ საკუთარ თავზე აიღო. ახლა ავღანეთში დაახლოებით ორმოცი ათასი ევროპელი სამხედრო მოსამსახურეა და ეს რიცხვი შემცირდება. ავღანეთში ჯარების გაგზავნა არსად პოპულარული არ არის. ახლახანს ნიდერლანდების მთავრობა გადაგა და ეს ჯარისთვის ვადის გაგრძელებაზე დავას მოჰყვა. ბრიტანელი პოლიტიკოსებიც კი საკუთარი სამხედროების სახლში დაბრუნებაზე საუბრობენ. ნატოს ახალი წევრები, რომლებსაც, ყველაზე მეტად უნდა აღელვებდეთ ჯერ კიდევ გაღიზიანებული „რუსი დათვი“, ანალოგიურად იქცევიან. სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტისთვის დაწერილ სტატიაში პოლკოვნიკი ჯოელ ჰილისონი აღნიშნავს: „მაშინ როცა რუსეთი 2001 წლის შემდეგ საკუთარ სამხედრო ხარჯებს ზრდიდა, ალიანსის ახალი წევრი სახელმწიფოების საშუალო სამხედრო ტვირთი ნელ–ნელა მცირდებოდა“. ზოგიერთი ამერიკელი ბრაზს ევროპელებზე ანთხევს, უწოდებს რა მათ მხდალებს, და ხანდახან უარესსაც. ასე მაგალითად, რობერტ კაპლანი ევროპულ „დაცემულობაზე„ საუბრობს. ის წერს: რადგან ევროპული პატრიოტიზმი გაიფანტა, იმ დროს როდესაც საქმე ომის და მშვიდობის საკითხებს ეხება, ევროპის ქვეყნების მთავრობები საკუთარი ხალხებისგან მსხვერპლს ვეღარ მოითხოვენ. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ცივ ომში გამარჯვებით, ჩვენ ევროპა დავკარგეთ. თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი უფრო კორექტული იყო, როდესაც ამ წლის თებერვალში აცხადებდა: ევროპის დემილიტარიზაცია (როდესაც მოსახლეობის და პოლიტიკოსთა კლასის მნიშვნელოვან ნაწილს წინასწარ აქვს უარყოფითი განცდა სამხედრო ძალის და მასთან დაკავშირებული რისკების მიმართ) 20–ე საუკუნის სიკეთიდან 21–ე საუკუნეში მყარი მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე დაბრკოლებად იქცა. ცხადია, სამხედრო ძალა ჩვენს არასტაბილურ სამყაროში უსარგებლო სულაც არ არის. მაგრამ ომისადმი ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ის საგარეოპოლიტიკური ქმედებების მორიგი ვარიანტი იყოს, შეიძლება იქცეს დიდ „დაბრკოლებად რეალური უსაფრთხოების და მყარი მშვიდობის უზრუნველყოფის გზაზე“. მრავალი წლის განმავლობაში აშშ–ს მთავრობა განურჩევლად ეწეოდა ომებს და არიგებდა საფრთხეებს, რითაც ამერიკას სულ უფრო დაუცველს ხდიდა. ასეთ შემთხვევებში მშვიდობის ევროპელი მხარდამჭერები ხშირად ამერიკელებზე მართლები იყვნენ. მაგრამ ტრანსატლანტიკური ალიანსის აღორძინების ოცნება კვლავ ცოცხალია. ეგრედწოდებულმა „ექსპერტთა ჯგუფმა“ ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით, მაისის შუა რიცხვებში ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ნატო 2020: გარანტირებული უსაფრთხოება, დინამიური ურთიერთქმედება“. ამ დოკუმენტში „ახალი სტრატეგიული კონცეფციის“ შექმნისკენ მოწოდებაა, რომელიც მოიცავს: ევროპის დაცვას, არატრადიციულ საფრთხეებთან ბრძოლას, ალიანსის საზღვრებს მიღმა მოქმედებას, ავღანეთში გამარჯვებას, კრიზისების პრევენციას, ახალი პარტნიორების შექმნას, „რთული პრობლემების გადაწყვეტისთვის ყოველმხრივ მიდგომებში მონაწილეობას“, რუსეთთან ურთიერთქმედებას, ნატოში ახალი წევრების მიღებას, სამხედრო პოტენციალის განმტკიცებას, ბირთვული იარაღის შენარჩუნებას და მხარდაჭერას, ანტისარაკეტო თავდაცვის შექმნას, კიბერ–შეტევებზე საპასუხო ქმედებებს, ნატოს გადაქეცევას „უფრო დინამიურ ალიანსად“, და ბოლოს, არანაკლები მნიშვნელობის – „ნატოს ისტორიის თხრობას“. ადრე ევროკავშირის უსაფრთხოების პრობლემების კვლევის ინსტიტუტისთვის უფრო მასშტაბური ანგარიში მომზადდა, რომელშიც ისმოდა მოწოდება „მშვიდობიანი მოსახლეობის“ თანაზომადი სამხედრო პოტენციალის შექმნისკენ. ანგარიშში გაისმა ასევე ევროპისადმი მოწოდება „იმოქმედოს ნატოსგან ავტონომიურად“, რისთვისაც საჭირო გახდება „სამხედრო მოქმედებების წარმოებისა და დაგეგმვისთვის სრულმასშტაბიანი ევროპული ხელმძღვანელობის“ ჩამოყალიბება. ეს ძალიან ამბიციური ამოცანებია ქვეყნებისთვის, რომლებსაც 2020 წლისთვის ჯარებიც აღარ ეყოლებათ, თუკი ასეთი ტემპით განაგრძობენ სამხედრო ხარჯების შემცირებას. სინამდვილეში, ცოტაა ისეთი საფრთხე, რომელთა წინააღმდეგაც ევროპელები უნდა შეიარაღდნენ. რუსეთმა შეიძლება ურტყას ნავსიან საქართველოს, მაგრამ უკრაინის და პოლონეთის გადაყლაპვის მცდელობა უკვე სულ სხვა რამაა. ხოლო რუსეთის დასავლეთზე თავდასხმის შესაძლებლობა, მარსიანელების თავდასხმის თანაზომადი საფრთხეა. რა თქმა უნდა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ევროპელებზე გავლენას ახდენს. მაგრამ რადგან სახელმწიფოების არსებობას საფრთხე არ ემუქრება, ყველა ომს, როგორც ჩანს არჩევანი და არა აუცილებლობა განსაზღვრავს. და აუცილებელია ყველა სარგებლის დანახარჯებთან შედარება. კონკრეტულად რა უჯდებათ ევროპელებს ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი კარზაის კლანის შენახვა? როდესაც საუბარი ავღანეთზეა, უკვე ახლავე ჩნდება განცდა, რომ ასეთი რამ არასდროს აღარ უნდა მოხდეს. ახლახანს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოთხი ახალი შემზღუდველი კრიტერიუმის ინიციატივით გამოვიდა, დაწყებული „ნატოს წევრისთვის სერიოზული და გარდაუვალი საფრთხით“. როგორც ჩანს, ავღანური მისია ოთხივე კრიტერიუმის თანახმად ჩავარდებოდა მისი განხორციელების ინიციტივით გამოსვლის მომენტში, დღევანდელ დღეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბოსტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ენდრიუ ბასევიჩის მტკიცებით ძირითადი პრობლემა კულტურული ხასიათისაა: ევროპელებმა სისხლის მოყვარულობა დაკარგეს. ამგვარად, ნატოს „თავდაცვითი ალიანსიდან ძალის პროექტირების ინსტრუმენტად“ გარდაქმნის ძალისხმევა „ევროპული მებრძოლი სულის აღორძინების“ მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობაა. ეს კი არ მოხდება. სამხედრო ხარჯების თემაზე ევროპის დატუქსვის ნაცვლად (განსაკუთრებით იმ უზარმაზარი ძალისხმევის შემდეგ, რომლებიც მიმართული იყო იქითკენ, რომ კონტინენტს დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი დაეკარგა) შეერთებულმა შტატებმა უნდა მისცეს ევროპელებს საშუალება საკუთარ ქმედებებზე პასუხი თავად აგონ. ეს კი ევროპიდან ამერიკული არმიის გაყვანას და ნატოს იქ დატოვებას ნიშნავს. კონტინენტური თავდაცვა ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა გახდეს, ხოლო ნატოს სახელწოდებიდან პირველი ორი ასო (North Atlantic – ჩრდილოატლანტიკური) უნდა გაქრეს (მიუხედავად იმისა, რომ ეს იმაზეც არის დამოკიდებული თუ რა არჩევანს გააკეთებს კანადა). ხოლო თუკი წევრი–ქვეყნები გადაწყვეტენ შეინარჩუნონ მათი ძვირადღირებული და საყოველთაო კეთილდღეობის გამაკოტრებელი სახელმწიფოები – დაე, ასეც იყოს. ორივე მხარე მაინც იქნება დაინტერესებული სამხედრო თანამშრომლობით – საკითხებით, რომლებიც მათ საერთო ინტერესებში შედის. ვაშინგტონს უბრალოდ არ აქვს არანაირი ინტერესი ბალკანეთში. იქ აშშ–სთვის არანაირი საფრთხეები აღარ არსებობს, არ არის ომები, არ არის ამერიკის ჯარი. ევროპელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ავღანეთის ომი ამერიკის ომია. შეერთებულმა შტატებმა მხარდაჭერა იმ ქვეყნებში უნდა ეძებოს, რომლებიც თავიანთ მონაწილეობას არა ალიანსის სოლიდარობის, არამედ გლობალური უსფართხოების საქმედ მიიჩნევენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ აშშ–მ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი უნდა შეამციროს. სამხედრო ასიგნებების საერთო მოცულობა 700 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს მსოფლიოს მთლიანი სამხედრო ხარჯების თითქმის ნახევარია. მაგრამ ამერიკას დღეს ცხადი და სერიოზული საფრთხეები არ ემუქრება – თუ არ ჩავთლით რუსეთის მხრიდან ბირთვული თავდასხმის ძალიან ნაკლებად სავარაუდო საფრთხეს. შეერთებულ შტატებს არანაირი საფუძველი არ აქვს მისი შეზღუდული სახსრები ხარჯოს წარმატებული და მჭიდროდ დასახლებული მოკავშირე–ქვეყნების დაცვაზე – პირველ რიგში ევროპაში, ასევე აზიაშიც. ცივი ომის ეპოქაში, ამერიკის ლიდერებს ეშინოდათ იმ შედეგების, რომლებიც შეიძლება მათი მოკავშირეების დაუდევრობისგან წარმოქმნილიყო. დღეს საკუთარი შეცდომების გამო თავად მოკავშირეები დაზარალდებიან და არა ამერიკა. ევროპა გაკოტრდა. ის თავდაცვაზე ნაკლებ ფულს ხარჯავს. ამერიკაც გაკოტრდა. მაგრამ თავდაცვაზე ის უფრო მეტ ფულს ხარჯავს, და გარდა ამისა, ევროპასაც იცავს. აფორიზმებით თუ ვისაუბრებთ, ცვლილებების დროა. თუკი ადმინისტრაცია ამ მოძრაობას სათავეში არ ჩაუდგება, მაშინ საქმეს ხელი უნდა მოკიდოს კონგრესმა და გამოიყენოს საბიუჯეტო ასიგნებების ბერკეტები. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts