planetanews Posted July 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg გორდონ ბარდოსი იმის გასაგებად, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ჩვენ, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური გზებით ერაყსა და ავღანეთში, დასაწყისისთვის ყურადღება იმას უნდა მივაპყროთ, თუ რა გავაკეთეთ ბოლო 10–15 წლის განმავლობაში ბოსნიასა და კოსოვოში. ეს შედარება კი განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. აი რას უნდა ჩავუფიქრდეთ. ბოსნია და ჰერცოგოვინამ (რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 4.6 მილიონი ადამიანია) ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი საერთაშორისო დახმარება მიიღო, ვიდრე ევროპის ნებისმიერმა ქვეყანამ მარშალის გეგმის ფარგლებში. კოსოვოს მხარემ (2 მილიონიანი მოსახლეობით) ამ მაჩვენებელსაც გადააჭარბა. ერთ–ერთი შეფასებით, 2005 წელს კოსოვომ ერთ სულ მოსახლეზე 25–ჯერ მეტი დახმარება მიიღო, ვიდრე ავღანეთმა. 1996 წელს ომის შემდგომი პერიოდის ბოსნია და 1999 წელს ომის შემდგომი პერიოდის კოსოვო სამხედრო თვალსაზირისით სრულად დაცულები იყვნენ, ამ ტერიტორიებზე, შესაბამისად 60 და 30 ათასი უცხოელი სამხედროს ყოფნით. სამხედროების გარდა, მარტო ბოსნიაში 1996 წელს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 ათასზე მეტი სამოქალაქო მოსამსახურე გაიგზავნა. თუკი ამ რიცხვების გავაშალაშინებთ ისე, როგორც ამას Rand Corporation–ის ჯეიმს დობინსი აკეთებს, გამოვა, რომ ერაყში, კოსოვოს პროპორციულად დაახლოებით 526 ათასი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე უნდა იყოს. და რას მივაღწიეთ ამდენი რესურსისა და დროის ხარჯვით და ამხელა პერსონალის გაგზავნით ბალკანეთის ამ პატარა ქვეყნებში? რაც შეეხება პოლიტიკას და კონსტიტუციას, ბოსნიაში ეთნკური ჯგუფები დღემდე დაობენ იგივე საკითხებზე, რაზეც 20 წლის წინ კამათობდნენ – ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე. ესენია: ერთმანეთში ძალაუფლების გაყოფის საკითხი, რა დოზით უნდა იქცეს ბოსნია უნიტარულ ან ფედერაციულ სახელმწიფოდ. ბოსნიელი სერბების უმრავლესობა კვლავ სერბეთთან გაერთიანების ან სრული დამოუკიდებლობის მომხრეა. ახლახანს ჰერცოგოვინაში, ქალაქ სტოლაჩში, სამხედრო ცერემონიალის დროს ჰიმნს ასრულებდნენ, მაგრამ ეს მეზობელი ხორვატიის ჰიმნი იყო და არა ბოსნია–ჰერცოგოვინის. აპრილში სარაევოში დიდი სამხედრო პატივით დაკრძალეს გენერალი, რომელიც იუგოსლავიის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალმა ხორვატებისა და სერბების წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისთვის გაასამართლა. ხოლო ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად არღვევს საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცედურებსა და წესებს, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. ამას ის ფაქტიც დაუმატეთ, რომ ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრი მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეა, და გასაგები გახდება, თუ რა მცირეა პროგრესი, რომელსაც ბოშნიაკების, ხორვატებისა და სერბების დაახლოებასა და მათ ერთიან სახელმწიფოებრივ მომავალზე წარმოდგენის ჩამოყალიბებაში მივაღწიეთ. ასეთ პრობლემებთან შეტაკებისას, ზოგიერთი მიმომხილველი ამტკიცებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ამ ქვეყანაში პოზიციები უნდა განიმტკიცოს, აღადგინოს რა, მაგალითად უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი. არსებობს კიდევ ერთი იდეაც – ბალკანეთში აშშ–ს ან ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. ამ წინადადებების უგუნურობის გასაგებად, წარმოიდგინეთ, რომ ბაღდადში პოლ ბრემერს აბრუნებენ, სადაც ის ხელახლა ხსნის ბაღდადის დროებით ადმინისტრაციას, მაგალითად 2018 წელს, უფრო ზუსტად კი თხუთმეტ წელიწადში მას შემდეგ, რაც გაისმა ფრაზა „ამოცანა შესრულებულია“. ხოლო ბოლოდროინდელი აურზაური ავღანეთში იმაზე მიუთითებს, რომ დამატებითი ჩინოვნიკური პოსტების შექმნა ჩვეულებრივ მხოლოდ ართულებს შეთანხმებული და თანმიმდევრული პოლიტიკის გამომუშავებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ანალოგიურია კოსოვოში სახელმწიფოს მშენებლობის ისტორია. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატომ და გაერომ კოსოვო საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს, და ახლა მსოფლიო ბანკის მონაცემებით უმუშევრობის დონე იქ 47%–ს აღწევს და რომ კოსოვო ევროპის ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. შარშან, უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch–ი იუწყებოდა, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იქ ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. ხოლო უმცირესობების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია Minority Rights Group International–ი ამტიკცებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში პირიქით, უარესდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში კოსოვოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადი შემცირდა. ხოლო საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ „ორგანიზებული დანაშაული და კორუფცია საყოველთაოდ გავრცელებულია და იზრდება კიდეც“. კოსოვოს „გაყინული“ კონფლიქტი კვლავ დაურეგულირებელია, მეზობელ მაკედონიაში კი ალბანელი პოლიტიკოსები ღიად მოუწოდებენ ქვეყნის ახალი ეთნო–ტერიტორიული ფედერალური მოწყობისკენ (ბალკანეთში ჩვეულებრივ ეს გამოყოფისკენ მიმართული პირველი ნაბიჯია). გელაპის ინსტიტუტში ბალკანეთის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ახლახანს კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ალბანეთის და კოსოვოს მოსახლეობის უმრავლესობას ორი სახელმწიფოს გაერთიანების იმედი აქვს. თუკი ასეთი პოლიტიკური მოლოდინები გაძლიერდება, შედეგად მივიღებთ იმას, რომ სამხრეთ ბალკანეთის სტაბილიზაციისკენ მიმართული მრავალწლიანი ძალისხმევა, მარცხით დასრულდება. რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთი სიტუაცია ავღანეთსა და ერაყში ჩვენი ქმედებებისთვის? სამწუხაროდ, კარგს არაფერს. ათ წელზე მეტხანს ინტენსიური საერთაშორისო ძალისხმევის შემდეგ, ჩვენმა სამხედრო და პოლიტიკურმა ქმედებებმა ამ პატარა ბალკანურ ქვეყნებში ძალიან მოკრძალებული შედეგები მოგვცა. სამხედრო თვალსაზრისით, კონფლიქტის შემდეგ ჩვენ შევძელით ამ მრავალნაციონალურ სახელმწიფოებში ცხოვრების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. თუმცა, ამ წარმატებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ის, რომ ბოსნია და კოსოვო – პატარა ქვეყნებია, რომლებიც ევროპის ცენტრში მდებარეობენ, და მათი მოსახლოება დიდწილად პროამერიკული განწყობისაა. ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ჩვენ ასეთი უპირატესობა ცხადია არ გაგვაჩნია. პოლიტიკური თვალსაზრისით, ბალკანეთში სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში ჩვენი წარმატებები ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. საქმე ის არის, რომ დღეს სულ უფრო რთულია იმის მტკიცება, თითქოს ჩვენ გაგვაჩნია აუცილებელი ინტელექტუალური, პოლიტიკური და ფინანსური რესურსები სხვა ქვეყნებში პოლიტიკური კულტურის ტრანსფორმაციისთვის – დროის იმ ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ამერიკულ საარჩევნო ციკლს და ვაშინგტონელი პოლიტიკოსების გაზრდილი ყურადღების პერიოდს მოიცავს. ეს კი კარგს არაფერს უქადის ავღანეთსა და ერაყში ჩვენს არანორმალურად რთულ სამხედრო და პოლიტიკურ ძალისმევას. ერაყში ომის დაწყებაზე გადაწყვეტილება დიდწილად ეფუძნებოდა ვაშინგტონში საყოველთაოდ გაბატონებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აშშ–ს ძალისხმევა ბალკანეთში შედეგიანი იყო. 2002 წელს, ბევრი საპირისპირო მტკიცებულების მიუხედავად, სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწე ჯეიმს რუბინმა განაცხადა, რომ „კოსოვო წარმატებად იქცა“. ამას ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარი პროკურორიც ადასტურებს, რომელმაც განაცხადა, რომ კოსოვოში ნატოს ჯარების ყოფნის პირობებში ეთნიკური დევნა ისეთივე სერიოზულია, როგორც სლობოდან მილოშევიჩის დროს ეთნიკური დევნა კოსოვოში. ერაყში შეჭრის წინ რუბინმა მოითხოვა სახელმწიფოს მშენებლობის საკითხებში მაღალი რანგის წარმომადგენლის პოსტის შემქნა („შესაბამისი ბიუჯეტით“). დაიღუპა ათასობით ავღანელი, ამერიკელი და ერაყელი (და დაიხარჯა ასობით მილიარდი დოლარი) – და ახლა გამოჩნდა, რომ ენთუზიაზმი ავღანეთსა და ერაყში სახელმწიფოს მშენებლობის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგრამ ეს ენთუზიაზმი საერთოდ არ გაჩნდებოდა, ჩვენ რომ უფრო სერიოზული (და უფრო გულწრფელი) დამოკიდებულება გამოგვეჩინა ბალკანეთში მიმდინარე პროცესების მიმართ. გორდონ ბარდოსი – კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts