lasha_alo Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 “დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”... -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა მას მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება. „რეალ ტვ“-მ არსებობის ხანმოკლე პერიოდში არაერთხელ მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ყველაზე სკანდალური კი ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ოჯახთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელება იყო. მაშ ასე, როგორ აღმოცენდა „რეალტივი“? „რეალტივი საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია „მედიევალი“-მ გადასცა. ორივე კომპანიის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მფლობელი ია პაიჭაძეა. ია პაიჭაძე 2002 წლის 18 თებერვლიდან 2006 წლის 21 დეკემბრამდე იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.მან შპს „მედიევალი“ 2004 წლის 10 მაისს დააფუძნა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით კი, 2005 წლის იანვარში შპს „მედიევალზე“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცა (N1445). „მედიევალზე~ ამ ლიცენზიის გაცემის დროს ია პაიჭაძე, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი იყო. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით კი, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს: „ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი…“ „თუ ია პაიჭაძე იყო საჯარო მოხელე, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის (ამ შემთხვევაში „მედიევალის“ - ავტ.) მფლობელი. ამდენად, თუ დასტურდება ეს ფაქტი, კომისიის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე არის კანონდარღვევა“- აცხადებს იურისტი თამარ კორძაია. „ბათუმელებისთვის“ საჯარო რეესტრისეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით კი, ია პაიჭაძე ”მედიევალის” ერთადერთი დამფუძნებელია, ანუ ამ კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ლელა თალიური: „თუ სიტყვასიტყვით გავყვებით კანონის განმარტებას, მაშინ შეიძლება თქვან, რომ კანონი არ დარღვეულა, რადგან ლიცენზია მიიღო იურიდიულმა პირმა და არა თანამდებობის პირმა. მაგრამ, ამ შემთხვევაში ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 37-ე მუხლი დასახვეწია, რადგან მაუწყებლობის შესახებ კანონის მიზანი, რაც სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი მაუწყებლობის ფორმირებას, სიტყვისა და აზრის თავისუფლების, ლიცენზიის მფლობელთა თანასწორობის უზრუნველყოფას გულისხმობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უგულებელყოფილია“. ლელა თალიური აცხადებს, რომ 37-ე მუხლი ლავირების საშუალებას იძლევა, მაგრამ `თუ ვიმსჯელებთ იმ კუთხით, რომ ია პაიჭაძეს შპს „მედიევალი“-ში ეკუთვნის 100-ვე პროცენტი და ის არის მესაკუთრე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, გავლენა ხელისუფლებისა კომპანიაზე და შესაბამისად კავშირი ამ კომპანიისა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, ნათლად იკვეთება. ერთადერთი კომპეტენტური ორგანო, რომელსაც გადაჭრით შეუძლია თქვას, რომ კანონი დაირღვა, არის სასამართლო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე კანონის მიზანი დარღვეულია“. „მედიევალის“ კუთვნილი ლიცენზია (#1445), კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა (გადაკეთდა) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად (#B84). „მედიევალის“ მფლობელი ია პაიჭაძე ამ დროს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ია პაიჭაძემ ახალი სამაუწყებლო კომპანია „რეალტივი-საქართველო“ 2009 წლის 16 ივლისს დააფუძნა (100- პროცენტიანი წილის მფლობელი ამ შემთხვევაშიც ია პაიჭაძეა). აგვისტო- ში კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მედიევალს“, „რეალტივისაქართველო“- ზე ლიცენზიის გადაცემაზე წინასწარი თანხმობა მისცა. კომპანიის დაფუძნებიდან და მედიევალის“ კუთვნილი კერძო მაუწყებლის ლიცენზიის (#B84) მიღებიდან მეოთხე თვეში, 2009 წლის ოქტომბერში კი, „რეალტივი საქართველომ“ ფუნქციონირება დაიწყო. იმავე წლის 5 ნოემბერს „რეალტივი„ აუქციონის წესით (აუქციონში მხოლოდ `რეალტივი~ მონაწილეობდა), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ლიცენზიასაც იღებს. „რეალტივის“ დამფუძნებელი და მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის“ გასულ წელს მიწოდებული ინფორმაციით „რეალტივის„ დამფუძნებელი ია პაიჭაძეა. შპს „რეალტივი„ საქართველოს მესაკუთრეთა მონაცემებში, მიმდინარე წლის დასაწყისში ცვლილება შედის- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 24 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „რეალტივი საქართველოს„ ასპროცენტიანი წილის მფლობელად ვინმე არტემ ზაქარაიაა დასახელებული. 22 ივნისს კი არტემ ზაქარაიამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, ჩანაწერში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მოტივით. კომპანიის მიერ 2010 წლის 3 ივნისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის- თვის გაგზავნილი ანგარიშის მიხედვით კი (#1/60) „რეალტივის“ მესაკუთრედ და მმართველ დირექტორად ისევ ია პაიჭაძეა მითითებული. საჯარო რეესტრის 23 და 25 ივნისის ამონაწერებში კი არტემ ზაქარაიას კვალი ქრება და კომპანიის მფლობელი ისევ ია პაიჭაძეა. ია პაიჭაძე და პოლიცია დაუდასტურებელი ინფორმაციით, ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 4 მარტს მივმართეთ. შს სამინისტრომ საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა, რის შემდეგაც სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. შესაბამისი განხილვის შემდეგ, 14 ივნისს (მთლიანობაში ოთხი თვის დაგვიანებით) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ზვიად თავართქილაძემ მოგვწერა: „...გაცნობებთ, რომ შს სამინისტროს ორგანოებში ია პაიჭაძის მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა“. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თამარ კორძაია განმარტავს, რომ “შს სამინისტროს მიერ გაცემული პასუხი არ არის პირდაპირი უარყოფა იმისა, რომ ია პაიჭაძე არ მუშაობდა შს სამინისტროს რომელიმე ორგანოში. ამიტომ (მეტი ვარაუდით), ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ჩავთვალოთ, რომ ის იქ მუშაობდა“. „რეალტივი“, როგორც პროპაგანდისტული მანქანა ლიცენზიანტი, კანონით ვალდებულია თავის საქმიანობაში დაიცვას „პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები“, მიუხედავად ამისა, როგორც მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს,კომპანია „რეალტივის“ მიერ შექმნილ მედიაპროდუქტებში ხშირად ირღვევა ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკური ნორმები: „სიუჟეტებში ხშირია დაუსაბუთებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი კონკრეტული სუბიექტის მიმართ ავრცელებს. შეურაცხმყოფელი და არაეთიკურია ტელევიზიის მიერ შექმნილი მედიაპროდუქტი. ხელყოფილია პიროვნების კონსტიტუციური უფლება რელიგიის, აზრის თავისუფლების შესახებ. ამის მაგალითია თუნდაც ყოფილ სახალხო დამცველზე გაკეთებული სიუჟეტი - „სუბარის რელიგიური მრწამსი“, ან ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეზე -„მედია დანაშაული, კანონი”. როგორც ზვიად ქორიძე აცხადებს, „რეალტივის“ სახით ჩვენ ვაწყდებით ახალ მაუწყებლობას, რომელიც ჩანასახშივე უკეთებს იგნორირებას ჟურნალისტურ ეთიკას. „ჩვენ არ ვიცით ტელევიზიის დამფუძნებლის ფინანსური დეკლარაცია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოდესღაც იყო საჯარო პირი, რაც ყველაზე საინტერესოა, არ ვიცით მისი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა. რა ფულით აფინანსებს იგი ტელევიზიას“. ექსპერტის თქმით, „რეალტივი საქართველო“ პროპაგანდისტულ პროდუქტს ქმნის: „ჩემი აზრით, ეს არის წმინდა პროპაგანდისტული პროექტი. ეს არის ტელევიზია, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, იგი მთლიანად არის მიბმული სახელმწიფო მანქანას და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, რომელიც დიდი დოზით არის წარმოდგენილი ამ ტელევიზიაში“. იგივე აზრია გამოხატული ინტერნეტ გამოცემა „მედია გე“-ს ჟურნალისტის თამაზ კუპრეიშვილის მოსაზრებაშიც: „ეს არის თანამედროვე აუდიო-ვიდეო ტექნიკით აღჭურვილი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კანტორა, სადაც საბრალდებო დასკვნები სატელევიზიო სიუჟეტების სახით იწერება“. ერთადერთი ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია ია პაიჭაძე, 2004 წლის 22 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თბილისში, რაზმაძის 41-ში მდებარე სახლში, დედასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. სწორედ ამ მისამართზეა რეგისტრირებული ორივე სამაუწყებლო კომპანია - შპს „მედიევალი“ და შპს „რეალტივი საქართველო“. ია პაიჭაძის დედა, გულნარა ჯიმშერაძე, დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ადვოკატთა პრეზიდიუმის ადვოკატია. ია პაიჭაძის წლიური შემოსავალი იმ დროისთვის 1200 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, მის სახელზე ირიცხება 5500 ლარად შეფასებული მსუბუქი ავტომანქანა. ამჟამად ია პაიჭაძის სახელზე ავტომანქანა „VOLKSWAGEN PASSAT“-ია რეგისტრირებული (გაფორმების თარიღი: 29/08/2009). გულნარა ჯიმშერაძის შემოსავლები კი შვილის ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ არის: „არ ვიცი“ - წერია შესაბამის გრაფაში. ია პაიჭაძე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ია პაიჭაძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მხოლოდ 2004 წლისთვის აქვს შევსებული. ფინანსური გა(უ)მჭვირვალობა ლიცენზიის პირობების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გამოაქვეყნოს და მარეგულირებელ კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში, როგორც საქმიანობის გეგმის, ასევე დაფინანსების წყაროების შესახებ. თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიების ფინანსურ ანგარიშებს ასაიდუმლოებს. კონფიდენციალობის მიზეზად კომისიას კერძო ბიზნესებს შორის კონკურენცია მოჰყავს. იურისტი თამარ კორძაია: „ასეთ შემთხვევაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, უნდა არსებობდეს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, რომ ეს ინფორმაცია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცნობილ იქნა კომერციულ საიდუმლოებად. თუ ასეთი პროცედურა არ არის დაცული, მაშინ ინფორმაცია ღიაა და ის უნდა გასცენ“. „მედიევალისა“ და „რეალტივი საქართველოს“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშების გასაჯაროების მოტივით “ბათუმელებმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მიმდინარე წლის 17 ივლისს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების მფლობელ ია პაიჭაძეს, ფინანსური ანგარიშების გასაიდუმლოებაზე მოთხოვნა არ ჰქონია გაკეთებული, „მედიევალის“ ანგარიში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ მოგვაწოდა. „რეალტივი საქართველოს“ ანგარიშის (#1/60, 2009წ.) მიხედვით ამ კომპანიის სარეკლამო შემოსავალი 46 854 ლარია. დოკუმენტის მიხედვით, „რეალტივის“ გრანტიდან და რეტრანსლაციიდან შემოსავალი მიღებული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ია პაიჭაძესთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. პირველად ერთი თვის წინ, ბოლოს კი გუშინ. მაშინაც და ახლაც კომპანიის წარმომადგენლებისგან ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ. „ქალბატონი ია საქართველოში არ იმყოფება, უცხოეთშია. სამწუხაროდ, მასთან ვერ დაგაკავშირებთ“, - განაცხადა ქალბატონმა, რომელმაც „ბათუმელებს“ თავი დირექტორის თანაშემწედ წარუდგინა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ პერიოდში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ია პაიჭაძეს შემოწმება არ გაუვლია. მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების „NED“ და „B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს “გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 lasha_alo ეს თემა იქაც რომ დადო ჩაიძირება. წადი მაესტროს მიხედეო გეტყვიან. ამას შეგუებული ვარ. იმიტომაც გავხსენი წეღან ის თემა. აზრი აღარ აქვს ეგეთ თემებზე კამათს. ნატოში შესვლის მსურველი ხალხი ირანთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას დებენ და მაგაზე ამოიღებენ ხმას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted July 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2010 არა საოცარი ის კი არაა, ეს რომ ხდება.უკანონო ქვეყანაა და არაფერია გასაკვირი.უბრალოდ მათ ძალა აქვთ და არღვევენ, ჩვენ კი არა. მე სხვა რამეზე ვგიჟდები...ასეთი იდიოტები როგორ არიან,რომ უმარტივეს რაღაცეებსაც კი ისე ვერ აკეთებენ რომ კუდები დატოვონ...და ამათ იმედზეა მიხო? )რა სლე ხარ მიხოოოოოოო.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 20, 2010 იმავე წლის 5 ნოემბერს „რეალტივი„ აუქციონის წესით (აუქციონში მხოლოდ `რეალტივი~ მონაწილეობდა), რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ლიცენზიასაც იღებს. და მაინც ვერ იპოვნეს არა ვინ არის ის ია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.