Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/07/polytika.gif

 

იაცეკ ჟაკოვსკი

 

ინტერვიუ ზბიგნევ ბჟეზინსკისთან

დღევანდელი კრიზისი სამყაროს ცვლის?

რა თქმა უნდა. ჩვენ ვცხოვრობთ საუკუნეში, რომელშიც რაღაც პრინციპული იცვლება.

 

ამ საუკუნეში თუ ამ წელიწადში?

 

ერთ წელიწადში ეს ვერ მოხდება. მაგრამ ამ საუკუნეში – ნამდვილად. მნიშვნელოვანია, რომ სრულდება დასავლეთის 500–600 წლიანი დომინირება მსოფლიოში. ახლა სამყარომ  პოლიტიკური თვალსაზირისით გაიღვიძა. ადამიანების უმრავლესობა არ ინტერესდებოდა და არ იყო დაკავებული პოლიტიკით საფრანგეთის რევოლუციამდე, რომელმაც პოლიტიკურ ფიგურებს და ნაციონალურ გრძნობებს ევროპაში ბიძგი მისცა. შემდეგ ეს მთელ მსოფლიოს მოედო, რომელმაც ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში პოლიტიკური ცნობიერება შეიძინა. ეს ცნობიერება ძალიან არაერთგვაროვანია და სულ უფრო აქტიური ხდება, მას სულ უფრო მეტად ბადებს  იმედგაცრუება, დაუკმაყოფილებლობა, უსამართლობის განცდა. ეს ნეგატიური გრძნობები ძირითადად დასავლეთისკენაა მიმართული, განსაკუთრებით ამერიკისკენ, რომელიც უამრავი თვალსაზრისით მსოფლიოს სინდისი გახლდათ, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი მტრული დამოკიდებულების ობიექტად იქცა, რაც ძალიან სახიფათოა, რადგან დღეს რომ ამერიკამ მსოფლიოში წამყვანი როლი დაკარგოს, მის ადგილს ვერცერთი სახელმწიფო ვერ დაიკავებს.  

როდესაც მე თეთრ სახლში ვმუშაობდი, ყველაზე დიდი  საფრთხე ბირთვული ომის გაჩაღება იყო. ჩვენ ამას ყოველდღიურად ვითვალისწინებდით. კრიზისი შეიძლება 28 წუთის განმავლობაში განვითარებულიყო და 6 საათში მას 80–დან 120 მილიონამდე ადამიანის დაღუპვა მოჰყვებოდა.

 

დასაწყისისთვის?

 

ერთი დღეში! ახლა ასეთი საფრთხე არ არსებობს. მაგრამ არსებობს უნდობლობა პოლიტიკურ ძალთა ბალანსის და დასავლეთის როლის სტაბილურობის მიმართ. ამ პოლიტიკურად გამოღვიძებული მსოფლიოს დიდი ნაწილი დასავლეთის როლს ნეგატიურად აფასებს. კოლონიალიზმი, იმპერიალიზმი, ექსპლუატაცია – ეს მსოფლიოში დიდწილად დამკვირდებული ისტორიული ხატებია.

 

ეს პროცესი 60–იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. დეკოლონიზაცია ძირითადად იგებოდა კიპლინგური პოზიციისგან გამიჯვნაზე, „თეთრკანიანი ადამიანისადმი“ ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. მაგრამ ამ ნეგატიური დამოკიდებულების გავრცელება შეზღუდული იყო, რადგან ძალთა ბალანსი დასავლეთის სასარგებლოდ იხრებოდა. ახლა ეს იცვლება. დასავლეთის წილი მსოფლიოს მშპ–ში რადიკალურად მცირდება. იცვლება კულტურული და სამხედრო ბალანსი. მოვესწრებით კი ჩვენ იმ დროს, როდესაც ეს როლები შეიცვლება?

ყველაზე ნელა სამხედრო ბალანსი იცვლება. ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი იმაზე მეტია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი ერთად აღებული.

კიდევ რამდენ ხანს მისცემს ის თავს ამის უფლებას?

 

უპირატესობა უზარმაზარია, ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ამერიკას არ ემუქრება არცერთი სრულმასშტაბიანი შიდა ომი, თუმცა მას ემუქრება მცირე ომები, რომლებიც ძვირია, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად. ეს ასუსტებს ამერიკას და სიტუაციას ცვლის. ეს ევოლუციაა, ისტორიული პროცესი.

 

და როგორ განვითარდება ის?           

 

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ობამა მსოფლიოში ამერიკის როლის შეცვლას და განაგრძობს თუ არა ევროკავშირი გაერთიანებას მომავალშიც, თუ საპირისპირო მიმართულებით წავა. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, იგივე დინამიკით გაგრძელდება თუ არა ბუნებრივი აღფრთოვანება ჩინეთის განვითარებით. და შეძლებს თუ არა ინდოეთი, ინდონეზია და ბრაზილია ჩინური სასწაულის გამეორებას. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა უცნობია. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ ახალი ეპოქის დასაწყისთან ვიმყოფებით.

 

როგორი ეპოქის?

 

მე წინასწარმეტყველი არ ვარ. ჩემი საქმეა ვისაუბრო  სავარაუდო სცენარებზე და ვუპასუხო შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ირეაგიროს ამ ყველაფერზე ამერიკამ.

 

როგორ?

 

მე მომწონს ობამას პოლიტიკის პრინციპები. თუკი იგი შეძლებს ამერიკას ოდნავ განსხვავებული მიმართულებით უბიძგოს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში, მას ექნება პოტენციალი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეს ქვეყანა მსოფლიოში საკვანძო მოთამაშედ დარჩეს. მაგრამ თუკი ის ამას ვერ შეძლებს, ცვლილებები დაჩქარებული ტემპით განვითარდება და ისინი შესაძლოა მართლაც დრამატული აღმოჩნდეს.  

 

ჩვენ, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ევროპის ბედი გვაინტერესებს. აქ გადამწყვეტია რუსეთის საკითხი. ახლახანს, Rzeczpospolita–სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ ოპტმისტურად გამოეხმაურეთ იქ მიმდინარე ცვლილებებს. ჩარლზ კუპჩანი ღიად გამოდის რუსეთის ნატოში მიღების ინიციატივით. ამის წარმოდგენა შესაძლებელია?

 

რუსეთთან დაკავშირებით მე ოპტიმისტი ვარ, რადგან პესიმისტი ვარ თავად რუსეთთან მიმართებაში.

 

ანუ?

მე პესიმისტი ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შეძლებს ძველი იმპერიული მიზნების მიღწევას. რუსეთს ასეთი პოტენციალი აღარ გააჩნია. ეს ცხადი ხდება, როდესაც უცქერ ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, მეცნიერულ სტატისტიკას, რომ აღარაფერი ვთქვათ გეოპოლიტიკურ გარემოცვაზე: რუსეთის აღმოსავლეთით და სამხრეთით ჩნდება მძლავრი, ჭარბად დასახლებული აზიური სახელმწიფოები. რუსეთს არჩევანი არ აქვს. მან დასავლეთისკენ უნდა იაროს. და დასავლეთის ინტერესებში შედის, რომ მან ამ მიმართულებით დაიწყოს სვლა.  

იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანდეს?

 

აქ საკითხი ასე დგას: რა უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთის ნატოში ყოფნა, რაც ფაქტობრივად ალიანსის განადგურებას ნიშნავს, თუ რუსეთი–ნატოს ურთიერთობების თანმიმდევრული გაძლიერება, რაც ამ უკანასკნელს   დანაკარგების გარეშე გააძლიერებს.

 

რას გულისხმობთ ალიანსის განადგურებაში?

 

ნატო – ეს არის მასშტაბური სამხედრო თანამშრომლობის კავშირი. ყველა წევრ სახელმწიფოს თანაბრად სმიუწვდება ხელი ერთმანეთის სამხედრო გეგმებთან. დათანხმდება კი რუსეთი იმას, რომ ამერიკელი ოფიცრები ისხდნენ მოსკოვში და მის გეგმებს ეცნობოდნენ? ან დათანხმდება კი ამერიკა ანალოგიურ სიტუაციას, რომ რუსები ბრიუსელში ან ვაშინგტონში ისხდნენ? ეს არარაციონალური იდეებია.  

 

გერმანიის შემთხვევაში ეს გამოვიდა

 

გერმანელები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამაში ბრალი თავად მიუძღოდათ. რუსეთში კი სტალინიზმის მიმართ იგივე დამოკიდებულება არ არსებობს. მაგრამ ეს იცვლება. ახალგაზრდა თაობა ნელ–ნელა აცნობიერებს, რომ რუსეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს, და რომ ეს არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს. ისტორიული პროცესი ასეთია. მაგრამ შედეგებს ჯერ უნდა დაველოდოთ.  

 

და ჩვენგან ბევრი მოესწრება ამას?

 

ბევრნი. ვფიქრობ, 20–25 წლის განმავლობაში ეს პროცესი რუსეთის არსზე წარმოდგენებს შეცვლის.   

 

Foreign Affairs–ის ბოლო ნომერში, რომელიც რამდენიმე წლის წინ ზღაპრების წიგნად იყო აღქმული, რიჩარდ როუზკრანსი აღწერს ევროპულ–ამერიკული ეკონომიკური ალიანსის პროექტს ევროკავშირის მოდელის მსგავსად. ეს რეალურია?

 

ამ ეტაპზე არა. მაგრამ, არსებითად როგორი იქნება დასავლეთის მომავალი, თუკი ეს არ მოხდება?   

 

როგორი?

 

ჩვენი შესუსტებული უპირატესობის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ევროპა–ამერიკის უფრო ღრმა, ფართო და დინამიური თანამშრომლობით. ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.   

 

შეიძლება გაჩნდეს ევროამერიკა?

 

ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებებზე, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო: დემოკრატია, ბაზარი, ქრისტიანობა. მათი დაახლოება შეიძლება გარღმავდეს, თუკი პოლიტიკური ქმედებები აქეთ იქნება მიმართული. ის, რაც ევროპამ შეძლო – დიდი მიღწევაა, თუმცა არსებობს სინანულის საბაბიც, რომ ეს პროცესი აღარ განვითარდა, და რომ შესაძლოა ახლა უკუპროცესებსაც აქვს ადგილი.

 

ეს სადაო საკითხია. ერთნი მიიჩნევენ, რომ კრიზისი ჩვენს დეზინტეგრაციას იწვევს, მეორენი – პირიქით ფიქრობენ.    

 

მომდევნო 5–10 წელი, როგორც ჩანს დეზინტეგრაციის პერიოდი იქნება. მაგრამ ჩვენ ეს გვესმის და ევროპა შეეცდება ამ ვექტორის შეცვლას. ეს მოითხოვს ძალისხმევას და ხელმძღვანელობას. ამერიკაში ასეთი ხელმძღვანელობა არსებობს. პრეზიდენტის შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ მას შეუძლია გარკვეულწილად საკუთარი იდეების განხორციელება. ევროპაში უფრო რთული სიტუაციაა, იქ არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. მაგრამ როდესაც ევროპელები გაიგებენ, რომ დეზინტეგრაციისკენ მიდიან, ისინი მას შეეწინააღმდეგებიან.

 

ხედავთ თუ არა იმის საშიშროებას, რომ ევროპა დაიშლება, ევროს მარცხი ელის, და ჩვენ დავბრუნდებით იმ ევროპაში, სადაც უამრავი დიდი და მცირე სახელმწიფოა?

 

ვფიქრობ ეს არ მოხდება. მაგრამ კარგია, რომ ამ რისკის თაობაზე დღესვეა საუბარი, სხვა შემთხვევაში მსგავსი რამ გამორიცხული არ იქნებოდა. ეს კი სახიფათოა. განსაკუთრებით მაშინ, თუკი იმავდროულად ამერიკაც დასუსტდება, რადგან მომდევნო ისტორიული პერიოდის პერსპექტივაში, უფრო ზუსტად 20–40 წლის განმავლობაში, მე ვერ ვხედავ ქვეყანას, რომელიც შეძლებდა მსოფლიოს სტაბილიზაციას ისე, როგორც ამას ამერიკა აკეთებდა. ამერიკის კრიზისი მსოფლიოს კრიზისად გადაიქცევა.

 

ასეთი კრიზისი როგორი შეიძლება იყოს?

 

სრული ქაოსი, კონფლიქტები, ეკონომიკური კრიზისი, გაუთავებელი თამაშები პოლიტიკურ ან რელიგიურ ფონზე. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში ეს სხვადასხვა სახეს მიიღებდა.              

 

ზოგიერთების თქმით, ქაოსი უკვე ძალას იკრეფს. პალესტინაში მორიგი „თავისუფლების ფლოტის“ ხომალდები მიემართებიან, არსებობს ადამიანთა მსხვერპლი, ისრაელის ხელისუფლება ამ აქციას მკაცრად გმობს. თურქეთის ხელისუფლება ასევე მკაცრად გმობს ისრაელის რეაქციას. თურქეთი – ნატოს პირველი ქვეყანაა, რომელიც ისრაელს ასეთ მწვავე და ღია კონფლიქტში დაუპირისპირდა. ნატოს არქიტექტურაში რაღაც იშლება.

 

ეს დასავლეთის დაავადების სიმპტომია ახლო აღმოსავლეთის ხანგრძლივი კონფლიქტის მიმართ, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმდინარეობს. იზრდება წინააღმდეგობა დასავლურ სამყაროს და ისრაელს შორის, რაც ამ უკანასკნელისთვის აშკარად სახიფათოა. ამიტომ მან ფრთხილად უნდა იმოქმედოს. ადრე ღაზაში რამდენიმე ხომალდს ატარებდნენ. მაგრამ ამ ხომალდის დაკავება ისე შეიძლებოდა, რომ ეკიპაჟს საფრთხე არ შექმნოდა.

 

და რატომ იმოქმედა ასე ისრაელმა?

 

ვფიქრობ, ეს ცუდად გათვლილი ქმედება იყო. აქცია სამხედრო და არა პოლიტიკური თვალსაზირისით დაიგეგმა. შესაძლოა ეს კონფლიქტების ძალით გადაწყვეტის გადამეტებული ორიენტაციისგან გამომდინარეობს, რადგან ებრაულ საზოგადოებაში საფრთხის განცდა იზრდება. გასაგებია, მაგრამ ეს კომპრომისებს ხელს არ უწყობს.

 

თუკი, როგორც თქვენ ამბობთ ახლო აღმოსავლეთის გასაღები ობამას ხელშია, მაშინ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორია მისი მანევრების ველი. ოდესღაც თქვენ Foreign Affairs–ში ამერიკაში ებრაული ლობის სიძლიერეზე წერდით.

 

საუბარი მხოლოდ ლობის ძალაზე არ არის, არამედ მის სპეციფიკაზე. ამერიკაში ებრაული მოსახლეობის დიდი ნაწილი ლიბერალური და დემოკრატიულია. ბოლო არჩევნების დროს ამ ადამიანების 70%–მა ხმა ობამას მისცა. იმავდროულად, პოლიტიკური და ფინანსური თვალსაზირისით გავლენიანი ებრაული ელიტა უფრო კონსერვატიულია და დიდწილად საკუთარ იდენტიფიკაციას ისრაელელ მემარჯვენეებთან ახდენს, ვიდრე მემარცხენეებთან. ეს არსებითია. ებრაულ ლობის კონგრესზე დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს, რადგან ამერიკის პოლიტიკური ცხოვრება დიდწილად კერძო შემოწირულობებს ეფუძნება. მაგალითად, უმნიშვნელო სომხურმა ჯგუფმა ამის გამო შეიძლება დიდი პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. ოდესღაც დიდ გავლენას ფლობდა პოლონური ლობიც, რადგან ზოგიერთ შტატში საკმაოდ ძლიერი პოლონური დაჯგუფებები არსებობდა, რომლებიც პოლონეთის დამოუკიდებლობის საკითხით აქტიურად იყვნენ დაკავებულები. ახლა ეს პერიოდი წარსულს ჩაბარდა, პოლონური ლობი კი მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციებს აღარ ახორციელებს.

 

ობამა ჩიკაგოდანაა, სადაც პოლონელების ყველაზე დიდი ჯგუფია თავმოყრილი      

 

პოლიტიკური გავლენას დღეს ხმები არ ქმნის, არამედ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გაღებული ფული. პოლიტიკა ძვირადღირებულია. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, თუკი პრეზიდენტმა გადაწყვიტა გარკვეული მიმართულებით სვლა, მხოლოდ მისი აქტიურობაც კონგრესზე დიდ გავლენას ახდენს.

 

რისი გაკეთება შეუძლია ობამას ღაზას ბლოკადის კრიზისში?

ღაზას საკითხი ვერ მოგვარდება, თუკი არ გადაწყდა პალესტინის სახელმწიფოს საკითხი. აქ უბრალოდ აუცილებელია გარედან ჩარევა, უფრო ზუსტად კი ამერიკიდან. ეს კი ნიშნავს ერთგვარი ფორმულის შეთავაზებას, რომელიც მოლაპარაკებების პროცესის ერთგვარი საფუძველი გახდება. პრინციპში, საუბარია ოთხ ძირითად პუნქტზე. ჯერ ერთი, პალესტინელებმა დაბრუნების უფლებაზე უარი უნდა თქვან: ისევე, როგორც გერმანელები ვერ დაბრუნდნენ გდანსკში ან ვროცლავში.        

არსებობს დემოგრაფიული ასპექტიც: 25 წლის შემდეგ ისრაელში შეიძლება ებრაელებზე მეტი არაბები იყვნენ

 

შეიძლება ათი წლის შემდეგაც. მაგრამ ასე თუ ისე, პალესტინელებს არ შეუძლიათ გათვლა ჰქონდეთ დაბრუნების უფლებაზე, რადგან ისრაელელები ამაზე ვერ დათანხმდებიან. მეორე პუნქტი ისრაელელბისთვის რთულია: მათ უნდა გაიგონ, რომ მტკიცე მშვიდობა არ დამყარდება, თუკი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი არ იქნება აღმოსავლეთ იერუსალიმში. ეს სიმბოლური და ვიზუალური საკითხია: პალესტინის მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროს ნებისმიერი ადგილიდან  სკალას მეჩეთის ოქროს გუმბათი მოსჩანს. ეს იერუსალიმში არაბული ყოფნის მნიშვნელოვანი სიმბოლოა, სადაც დღემდე 300 ათასი არაბი ცხოვრობს. მესამეც, აუცილებელია ტერიტორიების გაცვლა, რათა საზღვარი დასახლებების შესაბამისად განისაზღვროს. მეოთხე, აუცილებელია პალესტინის ტერიტორიის დემილიტარიზაცია და იორდანიის სანაპიროზე აშშ ან ნატოს ჯარების განთავსება.       

 

ამ მიმართულებით ობამას რისი გაკეთება შეუძლია?

 

მას შეუძალია ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება, შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოზე იმ პირობების გამოცხადება, რომლებზეც მე ვსაუბრობდი. ეს პირობები ამერიკაში განიხილება. ევროკავშირი და მსოფლიოს ქვეყნების მინიმუმ 95% ამ პირობებს უპრობლემოდ დაუჭერს მხარს. ეს შერიგების პროცესის მიმართულებას განსაზღვრავდა. ორივე მხარეზე მოხდებოდა მორალური ზეწოლა, რომ მათ ეს პირობები გაიზიარონ.

 

და დღემდე რატომ არ გააკეთა ეს ობამამ?

იმიტომ, რომ ის ამერიკის სერიოზული შიდა კრიზისითაა დაკავებული. ეს არ არის მხოლოდ ნავთობის გაჟონვა მექსიკის ყურეში. ამერიკის მთელ ფინანსურ, ასევე საბიუჯეტო და განათლების სისტემებს რეფორმა სჭირდება. ობამა კარგად გრძნობს, რა უნდა გააკეთოს ამერიკამ მსოფლიოში და ამ კურსს განსაზღვრავს. მაგრამ, როგორც ჩანს თორმეტსაათიანი მუშაობიდან მსოფლიოს საკითხებს ის ორ საათზე მეტს არ უთმობს.   

 

მაგრამ მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად ეს საკმარისი დროა.

მაგრამ აქ მეტი რამაა საჭირო: მობილიზაცია, საერთაშორისო კოორდინაცია.

ამ ახალ სიტუაციაში როგორია პოლონეთის ინტერესები?

ისეთივე, როგორიც ადრე. პირველ რიგში ეს არის რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი ევროპასთან. ვარშავა დაინტერესებულია იმაში, რომ ევროპა ინტეგრირებული იყოს და რომ პოლონეთი მასში რაც შეიძლება მძლავრად ჩაებას. პირველ რიგში ეს მოითხოვს კარგ ურთიერთობებს გერმანიასთან, რადგან პოლონეთისთვის – ის არის კარიბჭე ევროპისკენ. ეს გეოგრაფიული ფაქტია, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. და საბედნიეროდ პოლონეთი ამის იგნორირებას არც ახდენს. მეორეც, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარება ამერიკასთან. ეს პოლონეთისთვის არსებითი საკითხია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ევროკავშირში, ცენტრალურ–ევროპული ლობის მსგავსი წარმონაქმნის შექმნა. ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებს ევროკავშირში იმდენივე წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც გერმანიას. ასეთი კოალიციის ორგანიზება, სადაც არ იქნება გამოკვეთილი პოლონეთის პირველობა და ვარშავა საკუთარ თავს მის თავმჯდომარედ არ დანიშნავს,  რუმინეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, უნგრეთთან და ჩეხეთთან თანამშრომლობით, ევროკავშირის შიგნით გავლენიან ჯგუფს შექმნიდა. ეს ჯერ ასე არ არის, თუმცა ასეთი ტენდენციები არსებობს.

 

ვინ გაიმარჯვებს პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში?

უკეთესი

 

30.06.10

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...