Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რატომ არის რუსი აგენტების ისტორია მართლაც მნიშვნელოვანი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg

 

გრეგორი ფაიფერი

   

ინტერნეტის ვებ–გვერდებზე დაშიფრული ინსტრუქციები, ნოუთბუქი კაფეში, საიდანაც ინფორმაცია გვერდით მიმავალ ავტომობილს გადაეცემა… ყველა ეს მაღალტექნოლოგიური შპიონური მეთოდი, რომელსაც ივნისში დაპატიმრებული და დღეს უკვე აღიარებული 10 აგენტი იყენებდა, დამაინტრიგებელია, რადგან ძველ შპიონურ რომანს გვაგონებს. ხოლო ამ აგენტების გაცვლა ოთხ რუსზე, რომლებიც დასავლეთზე მუშაობის გამო გაასამართლეს, ამ განცდას კიდევ უფრო აძლიერებს. მაგრამ აქ დრამაზე მეტი ფარსია.

 

სუკის ყოფილი ოფიცერი, რომელიც 80–იან წლებში ვაშინგტონში ამ ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტებით – ოლდრიჩ ეიმსით და რობერტ ჰანსენით იყო დაკავებული, ამ საქმეს იმდენად აბსურდულს უწოდებს, რომ მისი დაჯერება ძალიან რთულია. „საბავშვო ბაღს გავს, რომელმაც უცბად გადაწყვიტა აგენტების საქმით დაკავდეს“, – ამბობს ვიქტორ ჩერკაშინი, „ეს ის სადაზვერვო სამსახური აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი“.  

 

მაგრამ ბოლოდროინდელი შპიონური სკანდალის უყურადღებოდ დატოვება და იმის თქმა, რომ ეს ადასტურებს იმას, რომ რუსები დღემდე უშედეგოდ აწარმოებენ ცივ ომს, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მასშტაბურ სურათს ვტოვებთ. სინამდვილეში მოსკოვი ძალიან ოსტატურად ცდილობს საკუთარი ინტერესების დამკვიდრებას დასავლეთში, მაგრამ არა დაზვერვის, არამედ ბიზნესის გზით, რომელსაც ოსტატურად უწყობს ხელს საწარმოო შპიონაჟი, გავლენის აგენტები და კულუარული გარიგებები.

 

როდესაც ათი წლის წინ ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, მსოფლიოში ენერგორესურსების უმსხვილესმა მიმწოდებელმა რუსეთმა, ევროპის ბაზარზე აქტიური მოქმედება დაიწყო, ცდილობდა რა ხელში ჩაეგდო კონტროლი მილსადენურ ქსელებზე, საცავებსა და გამანაწილებელ კომპანიებზე, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ევროპელ მომხმარებლებს აწვდიდნენ. ამას ის დიდწილად, ცივი ომის შემდეგ ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში მისი დაკარგული გავლენის ხარჯზე აკეთებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც დღეს ნატოს და ევროკავშირის წევრები არიან.

 

„რუსეთის ენერგეტიკული კომპანიები საკუთარ ძველ, კომუნისტური ეპოქის კონტაქტებს იყენებენ“, – აცხადებს ჩეხეთის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი მარტინ ბურსიკი.           

 

ასეთი კონტაქტების რიცხვში შედის ლობისტი და ჩეხი კომკავშირლების ყოფილი ლიდერი მიროსლავ შლოუფი. მისმა კონსალტინგურმა ფირმა Slavia–მ შარშან ხელი შეუწყო რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ შეთანხმების გაფორმებას პრაღის საერთაშორისო აეროპორტისთვის, მის მიერ მოხმარებული მთელი საავიაციო საწვავის 20%–ის მიწოდებაზე. სხვა კომპანიები ტენდერში არ მონაწილეობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა პირობა დადო, რომ ენერგორესურსებით მომარაგების სფეროში დივერსიფიკაციას მოახდენდა. ჩეხეთში „ლუკოილის“ მთავარი ლობისტი შლოუფი (ასე მოხდა) წარსულში პოპულარული ექს–პრემიერის, სოციალ–დემოკრატ მილოშ ზემანის მარჯვენა ხელია. ბევრს მიაჩნია, რომ ზემანმა შეიძლება პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებაც მოინდომოს.     

 

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბევრი ოფიციალური პირის აზრით, რუსული კომპანიები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც მათი დასავლელი კონკურენტები. „არ ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ინვესტიციები რუსეთიდან, შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება“, – აცხადებს კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ–მინისტრი, სოციალ–დემოკრატი ირჟი პაროუბეკი.

 

მაგრამ მას ბევრი არ ეთანხმება. დასავლური ფირმებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდწილად საკუთარ ინტერებს ლობირებენ, რუსული სახელმწიფო და კერძო კომპანიები კრემლის საგარეო პოლიტიკაში არსებით როლს თამაშობენ.

 

უდაოა, რომ არცერთი დასავლური კომპანია არ  დათანხმდებოდა მომხმარებლების მომარაგების შეწყვეტას და ამით მილიარდობით დოლარის დაკარგვას. მაგრამ სწორედ ასე მოქმედებდა რუსული „გაზპრომი“, როდესაც მოსკოვმა უკრაინაში გაზის მიწოდება ორჯერ შეწყვიტა. ეს ძალიან გავდა კიევის დასჯის ოპერაციას მისი პროდასავლური პოლიტიკის გამო.

 

საიდუმლო გავლენა

 

საკუთარი სქემებისა და ზრახვების დასაფარად, კრემლი უამრავ ცრუ–კომპანიას ეყრდნობა, რომლებსაც ნომინალურად ევროპელი მფლობელები ჰყავთ, მაგრამ სინამდვილეში მათ მოსკოვი მართავს. სწორედ ეს კომპანიები ახორციელებენ საიდუმლო თავდასხმებს. მათ შორისაა გაზის სავაჭრო კომპანია Vemex, რომელმაც 2001 წელს რუსული გაზით ვაჭრობისთვის შექმნის დღიდან, ჩეხეთის შიდა ბაზრის 12% ხელში ჩაიგდო. მართალია, Vemex–ის ვებ–გვერდის მიხედვით ამას ვერ იტყვი, მაგრამ კომპანიას ჩეხური, მხოლოდ სახელწოდება აქვს. სინამდვილეში მას „გაზპრომი“ მართავს, რომელიც მოქმედებს მთელი რიგი კომპანიების გზით, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან შვეიცარიაში, გერმანიასა და ავსტრიაში. ამ კომპანიებს შორისაა Centrex Europe Energy and Gas, რომელიც რუსეთს ევროპული ენერგეტიკული აქტივების შეძენაში ეხმარება.  

 

Centrex ავსტრიაშია დარეგისტრირებული, და „გაზპრომის“ საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ის მისმა საკუთარმა განყოფილებამ „გაზპრომბანკმა“ დააფუძნა. თუმცა, კომპანიის რეალური მესაკუთრეების დადგენა შეუძლებელია. ევროკომისიის მონაცემებით, კომპანია Centrex–ს კვიპროსზე რეგისტრირებული Centrex Group Holding Ltd ფლობს, რომლის მესაკუთრეც „გაზპრომის“ გემრანული ფილიალი და RN Privatsiftung–ია. ეს ვენის ფონდია და ამ ფონდის აქციონერთა ვინაობა გაურკვეველია. რა საჭიროა იმ კომპანიების მესაკუთრეთა ვინაობის დამალვა, რომელთა შესახებაც ან ცნობილია, ან არსებობს ვარაუდი, რომ ისინი „გაზპრომს“ ეკუთვნის? Vemex–ი – მხოლოდ ერთ–ერთია იმ მრავალ ფირმათაგან, რომელიც „გაზპრომმა“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ევროპულ ენერგეტიკულ საწარმოებში წილების შესაძენად შექმნა. ნამდვილი მფლობელების დამალვით, „გაზპრომის“ ქმედებები ევროპელებისთვის, რომლებსაც რუსული გავლენის გააფართოების ეშინიათ, უფრო მისაღები ხდება.

 

ცნობილი ჟურნალისტური გამოძიებების ავტორი, რეპორტიორი იაროსლავ პლესლი საკუთარ თანამემამულეებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ისინი მოსკოვს ეხმარებიან. ჩეხები „მზად არიან გაყიდონ ყველაფერი“, – ამბობს იგი მის ქვეყანაში არსებულ მასშტაბურ კორუფციაზე. რუსული კომპანიები ამ ფაქტორით, ასევე გაუმჭვირვალე ტენდერების უპირატესობით, ოსტატურად სარგებლობენ. ისინი ლობისტურ საქმიანობასაც ეწევიან, ხელს უშლიან რა ისეთი ნორმებისა და წესების ჩამოყალიბებას, რომლებიც მსგავსი ტიპის ქმედებებს კრძალავს, და რეალურად, რუსეთში გაბატონებული კორუფციის ექსპორტს ეწევიან.  

 

საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი კარელ რადეკი შიშობს, რომ ასეთი აქტიურობისთვის დასაპირისპირებელი არაფერია. „თუკი რუსები ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ ან სხვა სტრატეგიულ საწარმოებზე კონტროლის მოპოვებას შეეცდებიან, ამას ისინი შვეიცარიული ან სხვა დასავლეთ–ევროპული კომპანიების საშუალებით გააკეთებენ. და ვერავინ ვერ შეძლებს იმის თქმას, რომ მოსკოვი დგას ამ ან სხვა კომპანიის უკან“.

 

კომერცია როგორც პოლიტიკა

 

დასავლეთ ევროპაში მოსკოვი საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სარფიან გარიგებებს აფორმებს უცხოურ ენერგეტიკულ კომპანიებთან, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ფაქტიურად კრემლის ლობისტები ხდებიან.      

 

გერმანია, იტალია და ავსტრია იმ ქვეყნების რიგში არიან, რომლებიც ორ მსხვილ გაზსადენურ პროექტში მონაწილეობენ, რომლებიც რუსეთში აიღებს სათავეს. ეს გაზსადენები ევროპის მოსკოვზე დამოკიდებულებას გააძლიერებს. პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი“ გულისხმობს მილსადენის მშენებლობას პირდაპირ რუსეთიდან გერმანიისკენ და გვერდს უვლის ისეთ პრობლემურ სატრანზიტო ქვეყნებს, როგორიც მაგალითად უკრაინაა. მისი ხელმძღვანელი არც მეტი არც ნაკლები, გერმანიის ყოფილი კანლერი გერჰარდ შრიოდერია. გადადგომიდან რამდენიმე კვირაში ამ მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავებით შრდიოდერმა ბევრი შოკში ჩააგდო. მის საქმიანობას ბერლინში ხელს უწყობს ქსელი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიციის „შტაზის“ ყოფილი აგენტებისგან შედგება. მათ შორისაა, “გაზპრომის“ გერმანული განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც 80–იან წლებში პუტინთან ერთად მუშაობდა და დრეზდენში სუკის ოფიცერის რანგში მივლინების დროს, აგენტებს იბირებდა.

 

პლესლის თქმით, შრიოდერის დანიშვნა „ანგელა მერკელისთვის სახეში შეფურთხების“ ტოლფასი იყო, მისთვის გერმანულ ელიტაში უდაო რუსული გავლენის შეხსენება. იგი ასეთი ფაქტის იგნორირებას ვერაფრით ვერ მოახდენდა. ისეთ ქვეყანაზე გავლენით მიღებული სარგებელი, რომელიც მოხმარებული გაზის 30%–ს რუსეთისგან იღებს, ცხადია.

 

2005 წელს ხელისუფლებაში მოსული მერკელი, რუსეთის მისამართით მკაცრ განცხადებებს აკეთებდა და პრეტენზიული ევროკავშირისგან მოსკოვის მიმართ საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვდა. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებაში საერთო პოლიტიკაზე შეთანხმება ვერ შეძლეს, ხოლო გერმანიის ამ ქვეყანაზე დამოკიდებულება იზრდება. ნაწილობრივ ეს იმითაა გამოწვეული, რომ კრემლმა დაარწმუნა მომხმარებლები იმაში, რომ სხვა ქვეყნებში გაზის მოძიებას სერიოზული რისკი ახლავს.  

 

ხოლო, როდესაც 2008 წელს ვაშინგტონმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების კამპანია წამოიწყო, რითაც რუსეთის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია, მერკელი ამ გეგმის მოწინააღმდეგეთა ბანაკს ჩაუდგა სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ იმავე წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო ყველა აღშფოთებას გამოხატავდა. იმავდროულად, გერმანიამ დაბლოკა ევროკავშირის მთელი რიგი წინადადებები შეზღუდვების დაწესებაზე იმ უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ევროპულ ენერგეტიკულ საწარმოებს ყიდულობენ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ზომები „გაზპრომის“ დასავლეთ ევროპაზე შეტევის შეჩერებას შეძლებდა.

 

რუსეთისთვის, რომელიც მთლიანად საკუთარ გაზის და ნავთობის ექსპორტზეა დამოკიდებულია, კომერციული  ენერგეტიკული ინტერესები და პოლიტიკური ძალაუფლება განუყოფელია. 2008 წელს „გაზპრომი“ სერბეთის მთლიან ენერგეტიკულ დარგზე კონტროლის მოპოვებას დათანხმდა და ეს სწორედ იმ დროს გააკეთა, როდესაც პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ხელახალი საარჩევნო კამპანიის დროს, მოსკოვისგან მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. წელს, უკრაინამ, ახალი და მოსკოვის ენთუზიასტი მხარდამჭერი პრეზიდენტის დროს, ზურგი შეაქცია მის „ნარინჯისფერ რევოლუციას“ და რუსეთს შავი ზღვის ფლოტის იჯარის ვადა სევასტოპოლში, გაზზე 30%–იანი ფასდაკლების სანაცვლოდ გაუგრძელა. საბოლოო ჯამში, მოსკოვი აფართოვებს მის გავლენას და მის მიერ არჩეული ქვეყნების პოლიტიკურ ავტონომიას არყევს.

 

რუსეთი შეერთებულ შტატებში მსგავსი გავლენისგან შორსაა. მაგრამ მოსკოვი უკვე იყენებს ძალიან გავლენიანი ლობისტების მომსახურებას, როგორებიც არიან, ყოფილი სახელმწიფო მდივნები ჰენრი კისინჯერი და ჯეიმს ბეიკერი, რომელიც რუსულ მილსადენურ მონოპოლია „ტრანსნეფტში“ კონსულტანტად მუშაობდა. „ისინი შპიონები არ არიან. ისინი  ამერიკის საგარეო პოლიტიკას აბსოლუტურად ლეგალურად აყალიბებენ“, – ამბობს პოლიტოლოგი ანდრეი პიანტოვსკი, „ამიტომ, რატომ უნდა სჭირდებოდეს რუსეთს ათობით სუპერ–აგენტის მომზადება იმისთვის, რომ მათ მოაგროვონ ინფორმაცია, რომლის მოპოვებაც მოსკოვიდან გაუსვლელად ნებისმიერ კომპეტენტურ ჟურნალისტს შეუძლია?“

 

შესაძლოა, ეს ბევრად უფრო მასშტაბური პროექტის უზრუნველყოფის ქსელი გახლდათ, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. ერთი რამ ცხადია: ამ აგენტების მოუქნელმა ქმედებებმა, სხვა ფაქტი არ უნდა დაგვავიწყოს. შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები ჯერ კიდევ აწარმოებენ საკუთარ ცივ ომს. მაგრამ იმავდროულად მოსკოვი ძალიან აქტიურად მოქმედებს სხვა ფრონტზე და საკუთარი საზღვრებიდან მოშორებით გავლენის ეფექტურ ქსელს აყალიბებს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...