Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge უკანასკნელი და მომდევნო არჩევნები


Recommended Posts

საქართველოს მუნიციპალური არჩევნები ის გამონაკლისი აღმოჩნდა, როცა პატარა ქვეყნის თვითმმართვეობის არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. თბილისის „პოლიტიკური ტემპერატურის გაზომვა“ საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენდა. საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რომ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა პოლიტიკური ციებ-ცხელების, ეს არჩევნების შემდგომმა პერიოდმა დაადასტურა. მსოფლიო პრესა ეხმიანება უკვე ჩავლილი პროცესს, თუმცა სენსაცია რომ არ შედგა, ნათელია.

 

„არა იდეალური, მაგრამ საქართველოსთვის ყველაზე სამართლიანი არჩევნები“ – ძირითადად მსგავს შეფასებებს შევხვდებით. „იმედის მომცემი არჩევნები“ „ვარდების რევოლუციის“ წარმატების ინდიკატორად ბევრმა აღიქვა, თუმცა, ისმის მძაფრი კრიტიკაც. მავანნი მიიჩნევენ, რომ შედეგი ფრიად მნიშვნელოვანია: პოლიტიკური კულტურის ამაღლება. მართლაც, ჩვენთან, სადაც, როგორც წესი, არჩევნების თანმდევი პროცესი ქუჩის აქციებია, დამარცხებულთა მხრიდან დამარცხების აღიარება ალბათ უკვე ნიშნავს „პოლიტიკური კულტურის ამაღლებას“. „ჩვენ იმის დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ მთავრობის გამოწვევა მხოლოდ არჩევნების გზით შეიძლება. ნებისმიერი სხვა რამ ქაოსის და ანარქიის მომტანია“ – ამბობს ირაკლი ალასანია არჩევნების დასრულების შემდგომ. „ქვეყანაში სადაც საპრეზიდენტო ხელისუფლება მშვიდობიანად არასდროს შეცვლილა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ, ამგვარი რეპლიკა რეალური პროგრესის მაჩვენებელია“  – მიაჩნია Economist-ის ჟურნალისტს (The Economist). ოპტიმისტური პროგნოზით, ამ გზით პრემანენტული რევოლუციის სინდრომისგან გათავისუფლება მოხდება. 2007, 2008, 2009 წლების მღელვარებები და მათი შედეგები (თუ უშედეგობა)  ამის გარანტად იქცა. „ქვეყანამ კიდევ ერთი აცრა გაიკეთა – ეს პოლიტიკური შიმშილობებია:  ამ ბლეფის აღარავის არ სჯერა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ ხანგრძლივი ალყით მთავრობას ვერ დაამხობ. ხელისუფლებამ შეიძლება თბილისის მთავარი ქუჩა დროებით დაგითმოს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩამოშლის მიზეზი ვერ გახდება“ – წერს გია ნოდია (RadioLiberty).

 

ლირიული გადახვევა არ იქნება, თუ აქვე ვიტყით, რომ, მართალია, ქვეყანა არ ჩამოიშალა, მაგრამ „არშემდგარი სახელმწიფოების“ 177 ქვეყნიან სიაში საპატიო 37-ე ადგილი კი  გვარგუნა Foreign Policy-მ.

 

 

მოკლედ, არჩევნები “საკმარისად სამართლიანი“ გამოდგა იმისთვის, რომ პროგრესად მიჩნეულიყო. ეს ეუთო-მაც დაადასტურა და მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებიც მოგვცა. მისიის ხელმძღვანელის ოდრი გლოვერი ამბობს, რომ „ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით  და ხელისუფლების მისწრაფებით პრობლემებისთვის მათი წარმოქმნისთანავე მიეხედათ“. დამკვირვებლებს არც ხარვეზები გამორჩენიათ და ამაზეც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა, დროებით თავი დავანებოთ პროცედურულ დეტალებს. რა პოლიტიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ეს ყველაფერი? „დღეს თბილისში ტრიუმფის აღნიშვნის დრო არ არის. შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი, რაც ბოლოდროინდელი არჩევნების დროს გამომჟღავნდა, ქვეყანაში ძლიერი და ერთიანი ოპოზიციის არ არსებობაა“ – წერს დენის მაკშეინი (Open Democracy). ოპოზიციამ (უხეში განზოგადებით) უნდა გააცნობიეროს, რომ „ქუჩის ბრძოლა“ წამგებიანი აღმოჩნდა და გეზი პარლამენტისკენ  აიღოს – რაღა თქმა უნდა, არჩევნების გზით – პროცესების პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას (ზედაპირულად მაინც), ბევრი აღტაცებით ხვდება.

 

თუმცა ნაკლებ აღფრთოვანებულებსაც შევხვდებით: „სააკაშვილის ტრიუმფი“ კი შედგა, მაგრამ ის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ ხსენებულმა „ხარვეზებმა“ დაჩრდილა. (ასეა, ვის „წინ გადადგმული ნაბიჯი“ ხვდება თვალში, ვის – „ხარვეზები“). მაგალითად, იაკობ პარუსინსკის (openDemocracy), რომელიც კახეთის რეგიონში არჩევნებს უშუალოდ აკვირდებოდა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ პოცედურული დარღვევები უფრო მნიშვნელოვანი და ორგანიზებული გაყალბებისკენ მიმართული იყო – მარკირების წესის უგულველყოფა, არასრულწლოვანთა პირადობის მოწმობების ხმის მიცემა, კაბინაში ჯგუფური არჩევანი, საჩივრების იგნორირება – მოკლედ, მისი დასკვნით, „ხარვეზები“ წესი გახლდათ და არა გამონაკლისი. გარკვეულ შემთხვევებში წესების დარღვევისადმი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (IEOM) მეთვალყურეთა ინდეფერენტულობა კი მათ მიერ დადებული პოზიტიური დასკვის სანდოობას აქვეითებს. არადა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების რეალური სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის, როგორც ერთი ფერადი რევოლუციის წარმატების ინდიკატორი. საქართველოს მთავრობა ნამდვილად იმსახურებს მილოცვას ყველა  მიღწევისთვის, მაგრამ მისი პრობლემების მიჩქმალვა  კონტრ-პროდუქტიულია. ძველი აფორიზმის თანახმად, ნამდვილი მეგობრები შენთან პატიოსნები უნდა იყვნენ მაშინაც კი, როდესაც ეს არ გსურს.  როგორც სჩანს, მოცემულ მომენტში საქართველოს ასეთი მეგობრები ნაკლებად ჰყავს.“

 

 

დასავლეთს საარჩევნო დარღვევებზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს დენიელ ლარისონიც (The American Conservative). ის, რასაც „ერთიან რუსეთს“ ან აჰმადინეჯადს  კრიტიკის ქარ-ცეცხლს მოუვლენდა, საქართველოს პრეზიდენტს დიდსულოვნად მიუტევეს. სტატიის ავტორი ეხმაურება მეთიუ კონტინენტს (the weekly Standard – “რუსეთის ჩრდილში”) და არჩევნების შეფასებების შერჩევით გამოყენებაში სდებს ბრალს. კონტინენტი თავის ვრცელ სტატიაში „ერთი ციდა, გზაჯვარედინზე მდგომი“ საქართველოს უახლეს წარსულსა და მის წინაშე აწმყოში მდგომ გამოწვევებზე საუბრობს. ამ „უძველეს ქვეყანაზე“, სადაც უკანასკნელმა არჩევნებმა დიდ წილად ცხადყო, რომ უკანასკნელ ხანებში რევოლუციით მოსული მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა „ფესვები გაიდგა“ -  რუსეთს ფერადი რევოლუციის უკანასკნელი ბასტიონის „გათელვა სურს“ – ნაწილობრივ პუტინმა, გათამამებულმა საქართველოსთვის მაპი-ს მინიჭებაზე უარის თქმით, ეს 2008 წლის ინტერვენციით მოახერხა, თუმცა  მთავრობა არ დაემხო და სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანმა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობებმაც უმნიშვნელო აღიარებები თუ მოიპოვეს მსოფლიო მასშტაბით.  მიუხედავად ამისა, პუტინის საქმე ცუდად სულაც არ არის. დღეს იგი ხედავს ამერიკას, „რომელიც დაფიქსირებულია  „ბირთვული ნულის“ მიღწევაში მაშინ, როდესაც ირანი ბირთვული იარაღის შექმნისკენ მიიჩქარის  და ჩრდილო-კორეის ბირთვული საფრთხე ხელუხლებელია.  ტრადიციული სტრატეგიული მიზნები, ისეთები როგორიცაა ალიანსის სტრუქტურის განმტკიცება და ახალი ქვეყნების შემოყვანა ლიბერალური დემოკრატიის გავლენის სფეროში, უკუგდებულია.“

 

 

საპირისპირო მოსაზრებები აქვს ზემოთ ხსენებულ დენიელ ლარისონს. მისი თვალთახედვით, ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ იმ პრეზიდენტის გუნდს, რომელმაც კატასტროფული შედეგების მქონე „ომი დაიწყო“, სულაც არ მიანიშნებს დემოკრატიის ჯანსაღ პროცესზე. პირიქით, ეს ერთპარტიული სახელმწიფოს დაბადების ნიშანია. სახელმწიფოსი, „რომელშიც ელექტორატი ნებისმიერ არაკომპეტენტურობას და ნებისმიერ მარცხს ეგუება.“  ხოლო პროპაგანდისტული რიტორიკის ნიაღვარი, რომელიც სააკაშვილის მთავრობას კვლავ დემოკრატიული რეფორმებისთვის თავდადებულად წარმოაჩენს, შეშფოთების საფუძველს იძლევა.

 

 

ინტერესს თვითმმართველობის არჩევნებისადმი, სააკაშვილის ძალის ტესტირების გარდა, ისიც ამძაფრებს, რომ ის მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თავისებურ რეპეტიციად განიხილება. ოპოზიციაში გადაჯგუფება უკვე დაწყებულია(RadioLiberty), საუბრობენ მმართველ ძალებში წარმოშობილ დაპირისპირებებზეც. ქვეყნის დამოუკიდებლობის თითქმის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე კი ძალაუფლების კონსტიტუციური გზით გადაბარება ჯერ არ მომხდარა. რა იქნება ამჯერად? ყურადღებას იპყრობს კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომლის გარშემო დისკუსია მიმდინარეობს – ეს უკანასკნელი აქამდე არსებული ძლიერი საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. ბუნებრივია, რომ რუსეთის მაგალითი (ნეგატიურ კონტექსტში) ბევრს ახსენდება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ 2013-ის შემდგომი საქართველო, რომელსაც კვლავ სააკაშვილი მართავს, ამჯერად უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. თუ ეს ასე მოხდება, ის კიდევ უფრო განამტკიცებს თავის „ხისტ რეჟიმს“ და მაშინ ირანის ასეთივე ხისტ რეჟიმთან ურთიერთობა, რომელიც დღეს ბევრის გაკვირვებას იწვევს, არც ისე გასაოცარი იქნება(The Faster Times) . დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ცხადი არაფერია.

 

 

 

ბურგერები და მსოფლიო პოლიტიკა

 

 

ივნისის ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს უმასპინძლა. მზიანი დღე პრეზიდენტებმა მხიარულად გაატარეს: პარკში გაისეირნეს, ტვიტერზე ისაუბრეს და ბურგერებიც მიირთვეს, რომლთაც, თურმე, მედვედევს „ამერიკის სული“  შეაგრძნობინეს – ჯანმრთელობისთვის მავნებელმა, მაგრამ გემრიელმა ბურგერებმა ის ამერიკას აზიარეს.

 

დასავლურ პრესაში წერენ, რომ მსგავსი იდილია სიმბოლური იყო: არანაირი საუბარი ბირთვულ უსაფრთხოებაზე, სასაუბრო თემები ვაჭრობას, ტექნოლოგიების განვითარებასა და სპორტს შეეხებოდა. ერთი შეთანხმებაც გაფორმდა – ქათმების ექსპორტის შესახებ. „იცით, ძალიან უცნაურია როდესაც შენ და შენი რუსი კოლეგა ისტორიულ შეხვედრაზე სხედხართ და ქათმებზე საუბრობთ“ – განაცხადა ობამამ.

 

იდილიის მიღმა არსებულ დისონანსურ საკითხებზე მხოლოდ გადაკვრით ითქვა. „ჩვენ  უთანხმოებები გულწრფელად განვიხილეთ“ – თქვა შტატების პრეზიდენტმა და მედვედევიც დაეთანხმა. არსებითი უთანხმოება, სხვათაშორის, საქართველოა (Associated Press). თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში „გადატვირთვის“სტატისტიკა“, ნათქვამია, რომ რუსეთთან საქართველოს გამო უთანხმოება კვლავ ძალაშია და რომ ობამას ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსკოვს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების „ოკუპაცია“. „ოკუპაცია“ ის ტერმინია, რომელიც თბილისში ყველაზე სასიამოვნოდ მოგვხვდა ყურს. „შესაძლოა ობამას ესმის, რომ მის მიერ ჩაფიქრებული „გადატვირთვა“ ვერასდროს გახდება მისთვის წარმატებული, ვიდრე რუსეთის არმია განაგრძობს მეზობლების ოკუპაციას“ – ეს ობამას უკანასკნელ ხანებში მიღწეული „ხუთი გამარჯვებიდან“ ერთერთია (The Washington Post).

 

საქართველო ბევრს გაახსენდა მაშინაც, როცა საქმე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაზე მიდგა. მოსკოვისგან ცხადი მესიჯები ისმის ეკონომიკის მოდერნიზაციის შესახებ. მას WTO ჭირდება, ხოლო  ბელორუსიასა და ყაზახეთთან ჩამოყალიბებული საბაჟო კავშირის სახით წევრობის გეგმა წარსულს ჩაბარდა. ოფიციალური თბილისი ამტკიცებს, რომ რუსეთის WTO-ში გაწევრიანების საკითხზე პოზიცია არ შეუცვლია. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აშშ საქართველოზე ზეწოლას არ მოახდენს, ამ ეტაპზე მაინც. თუმცა „საბოლოოდ მიღების პროცესში არსებული გასაძრომები საქართველოს უარის მიუხედავად, რუსეთს WTO-ში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. WTO-ს წევრებმა უნდა მიაღწიონ გენერალურ შეთანხმებას, ან „კონსესუსს“ პოტენციური წევრის შესახებ, რაც ტექნიკურად ერთხმად არ უდრის ხმის მიცემას.“მაგრამ WTO-ს სპიკერის თქმით, აპლიკანტი ქვეყანა ვერ გახდება WTO-ს გენერალური განხილვის საგანი მანამ, სანამ დავა ინდივიდუალურ წევრებს შორის არ გადაწყდება (Radio Liberty).

 

ორი პრეზიდენტის მეგობრულ შეხვედრას ურთიერთობის პოზიტიურ ფაზაში გადასვლის მომასწავებელს უწოდებს TIME-ის კომენტატორი. პოზიტიურს იმ გაგებით, რომ, მისი აზრით, დასრულდა უკიდურესობებში ვარდა, რაც ამერიკის პოლიტიკას ტრადიციულად ახასიათებდა – რუსეთთან ზედმეტი ჩახუტება ან მისი მტრად შერაცხვა. თავის მხრივ, მოსკოვშიც დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ მოძველებული საბჭოთა ინფრასტრუქტურის აღდგენის მეტად რთულ საქმეს გარე სამყაროსთან ღიაობა და შესაბამისი უცხოური ინვესტიციები ჭირდება.  დამატებით ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ ობამას ადმინისტრაციის გარკვეული კონკურენცია პარიზთან, რომელსაც, თავის მხრივ, „ფლირტი“ აქვს მოსკოვთან. “ვაშინგტონში გაჟღერებული ობამას პირობა, რომ ის დაეხმარება მოსკოვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საქმეში ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ აშშ-ს სურს რუსეთში ბიზნესი უფრო აქტიურად აწარმოოს, რაც იმავდროულად გაზრდის საერთაშორისო წესების მიმართ ამ ქვეყნის ანგარიშვალდებულებას” – ხოლო, მეორეს მხრივ, სარკოზის სურს, გერმანიას „დაეწიოს“, გახდეს რუსეთის მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი ევროპაში“ (Time). გერმანიას, რომელიც დნესტრისპირეთის „გაყინული“ კონფლიქტის საკითხზე ევროკავშირის რუსეთთან თანამშრობლობის ინიციატორია. ეს თანამშროლობა კი ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის გამოცდად უნდა იქცეს (Le monde).

 

შესაძლოა, ერთი შეხედვით პარადოქსულად ჟღედეს, მაგრამ აშშ-რუსეთის თანამშრომლობის საუკეთესო ხელშემწყობად მიიჩნევს დევიდ იგნატიუსი ყირგიზეთის კრიზისსაც (The Washington Post): რუსეთს და ამერიკას საერთო მტერი ყავთ: ისლამისტ მებრძოლთა დაჯგუფებები, რომლებიც რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან „ამერიკის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ის ყირგიზეთის და იქ კონფრონტაციის თავიდან აცილების აუცილებლობის საკითხს, დიმიტრი მედვედევთან თითქმის ყველა შეხვედრის დროს განიხილავდა.“  ბუნებრივია, ამ მოსაზრებას კრიტიკოსებიც გამოუჩნდა. თუ საკითხს სხვაგვარად შევხედავთ, ყირგიზეთის გარკვეულწილად „დათმობით“ აშშ-მ  რუსეთის ზრახვებს გასაქანი მისცა, „თანამშრომლობის ხელშეწყობის“ მიღმა კი შესაძლოა, გვერდითი შედეგებიც დადგეს: „უახლოეს მომავალში, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო შეერთებული შტატები შეიძლება ისეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს ”მანასი” სხვა ბაზაზე გადაიტანოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ-ს ორმხრივ ურთიერთობებს ევრაზიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების  განვითარებას, ასევე პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო მმართველობას ვერაფერი შეცვლის.“ სტატიის ავტორი თვლის, რომ ადმინისტრაციამ „რეალობის იგნორირება მოახდინა“, რეალობისა, რომელიც შემდეგია: ევრაზიული გეოპოლიტიკა დაუსრულებელიდიდი თამაშია(the Heritage Foundation).

 

 

იმისგან დამოუკიდებლად, ობამას „გამარჯვებას“ მივაწერს „გადატვირთვის“ ამ ეტაპზე არსებულ შედეგებს, თუ „მარცხს“, ამასობაში რუსეთი „ახლო საზღვარგარეთში“ თავისი „ლეგიტიმური“ საქმეებით არის დაკავებული. საქართველოში ირწმუნებიან, რომ რუსეთი ახალი ომისათვის ემზადება(the Gazette). სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციას საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს (Eurasianet).

 

 

ასე მივდივართ „ავტობუსის“ საჭირბოროტო მეტაფორასთან.

 

 

 

არსებობს თუ არა ავტობუსი?

 

 

წარმოიდგინეთ ავტობუსი, რომლის საჭესთანაც აშშ-სგან შეგულიანებული პუტინი ზის და გაღიმებული ერთმანეთის მიყოლებით თელვას სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, პრეზიდენტისა და მაღალჩინოსნების სხეულებს. ცოტა კარიკატურული სურათია, ცოტა – შემზარავი.

 

ამ „ავტობუსზე“ ბევრს საუბრობენ. ყველაზე შეშფოთებულები „გადატვირთვის“ მოწინააღმდეგეები არიან. მათი აზრით, აშშ-ს ადმინისტრაციამ კრემლისგან გარკვეული დათმობების სანაცვლოდ „დაივიწყა და ბედის ანაბარად დატოვა სხვა ქვეყნები“. ამ სავარაუდო ღალატისგან ობამას მიერ მიღებულ შედეგებსაც სკეპტიკურად აფასებენ და ირანის წინააღმდეგ რუსეთის ესოდენ რეკლამირებულ ხმას „ძველ ფარდაგს“ ადარებენ.

 

სკეპტიკური დამოკიდებულების სიმცირეს არ ოფიციალური თბილისი უჩივის. „საქართველო: არასაიმედო დასაყრდენი შეერთებული შტატებისთვის“ – ასე ქვია მარტინ სიფის სტატიას (the Globalist): „შეერთებული შტატები ამჟამად ახლო-აღმოსავლეთში ორ ძალიან ძვირადღირებულ ომშია ჩართული. გაუძლებს კი ის საქართველოს ტერიტორიის გამო რუსეთთან იმავეს, თუ საქმე აქამდე მივიდა?’’ მარტინ სიფი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ობამამ ისტორიის გაკვეთილები ყურად უნდა იღოს და საქართველოს მიმართ გადააფასოს მისი პოლიტიკა“. მისი თქმით, ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოსთვის, როგორიც აშშ-ა, საფუძველშივე მცდარ პოლიტიკას წარმოადგენს ბედის დაკავშირება პატარა, არასტაბილურ ქვეყანასთან. შესაძლოა, ის სტრატეგიულად მეტად მიმზიდველია, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამ მიმზიდველობას პეწს უკარგავს –  ისევ და ისევ რუსეთის ინტერესები. მოსკოვს ისევე აღაშფოთებს აშშ-ს ინტერესი თავისი გავლენის „ლეგიტიმური სფეროსადმი“, როგორც ვაშინგტონს აღაშფოთებდა რუსეთის დაინტერესება, ვთქვათ, ვენესუელათი. მოკლედ, თუ ჩავთვლით, რომ კონფლიქტის რისკი არსებობს და სტატიის ავტორი თვლის, რომ საქართველოს „არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი“ ნამდვილად ქმნის ამის რისკს, აშშ მაქსიმალურად უნდა მოერიდოს დიდი სახელმწიფოების ისტორიული შეცდომების განმეორებას – პატარა სახელმწიფოების დაცვის საბაბით დიდი ომებისა და ნგრევის წამოწყებას.

 

შესაძლოა, ამ დიდსულოვან რჩევას აზრიც აღარ აქვს, რადგან, ზოგიერთის აზრით, აშშ-მ უკვე „მსხვერპლად“ მიიტანა საქართველო რუსეთთან ურთიერთობების გადახალისების სამსხვერპლოზე.  „ძველი მეგობრები, რომლებიც ერთ დროს საქართველოს მტრის საზღვართან სტრატეგიულ თავდაცვით ადგილად განიხილავდნენ, ახლა მას უფრო ხელისშემშლელად აღიქვამენ – ისინი მოსკოვს უგზავნიან სიგნალს იმისას, რომ დიპლომატიური გარიგებები ურჩევნიათ რუსეთის სამეზობლოში კონფლიქტებში გახვევას“ (Newsweek). აშშ აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ოფიციალური რიტორიკის მიღმა, ისევ გვახსოვს ობამას ადმინისტრაციის განცხადება,  რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია  „აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად“ რუსეთთან გარკვეული შეთანხმებების მიღწევის პროცესში.  მოსკოვი მსგავს მესიჯებს თავის ენაზე თარგმნის, აკი სერგეი ლავროვმაც დუმას განუცხადა, რომ რომ 2009 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ”აშშ-ს წარსული პოლიტიკის რელიქტია”.

 

გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უხდება – „ძველი ფარდაგია“, თუ ახალი, მას ძალიან ჭირდება რუსეთის მხარდაჭერა გაერო-ში ირანის სანქციებთან დაკავშირებით. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ „სანაცვლოდ რუსეთი იღებს ყველაფერს, რაც მოესურვება“ – იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალის დახუჭვა, ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, უკრაინაში განთავსებული გემები, მეგობრული მთავრობა ყირგიზეთში თუ სხვა. თავად კრემლისთვის ამ ეტაპზე ეს „ოქროს კვერცხების მდებელი ბატები“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ირანის ბირთვული მისწრაფებები(fox News).

 

დათმობები ვახსენეთ ასე დავუბრუნდით სასიკვდილო ავტობუსის თემას.

 

„ჩვენ საქართველო ავტობუსის ქვეშ არ შეგვიგდია“ - ამტკიცებს თეთრი სახლი (Foreign Policy). აშშ-ს სურს, რომ ისეთი პრობლემები, როგორიცაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, განსხვავებულ კონტექსტებში განიხილოს. ამ საკითხებზე პარალელური მუშაობა მიმდინარეობს, უბრალოდ საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა ვერ გახდებოდა რუსეთთან ბურთვული შეთანხმების მიღწევის წინაპირობა -  ეს იმ მოსაზრების არსია, რომელიც გამოთქვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა, პეტერსონის უნივერსიტეტში ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის დაცვის დროს. მისი მტკიცებით, ამერიკას დიახაც, სურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ამ მხრივ პროგრესი არ შეიმჩნევა. მეორეს მხრივ, ვაშინგტონი არც იმას აპირებს, რუსეთთან ივაჭროს საქართველოს თემით, ვთქვათ, ირანის წინააღდეგ სანქციების შემოღების თემის გარშემო. „ჩვენ ირანის სანქციებზე გაერო-ს რეზოლუციის გამო საქართველოს ავტობუსის ქვეშ არ ვაგდებთ. ეს იყო საკითხი, რომელზეც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით“ – ამბობს  მაკფოლი. ექსპერტები მსგავს დამოკიდებულებას პრაგმატულად ნათლავენ. ხოლო ის, რომ აშშ-ს მოკავშირე არ გაუწირავს, საქართველოს ჰილარი კლინტონის ვიზიტმა უნდა დაუმტკიცოს (რომელიც უკვე მომავალ თვეში შედგა) – მისი ფიგურა იმის გარანტიაა, რომ საქართველო გარკვეულ ამბიციებს დაიკმაყოფილებს, კლინტონს კი ურჩევენ, მოემზადოს სააკაშვილის მხრიდან მკვეთრათ ანტირუსული რიტორიკის მოსასმენად.

 

ბრალდებები იმის შესახებ, თითქოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთანგადატვირთვისპროცესში თავის მოკავშირეებს უღალატა, უბრალოდ სიცრუეა“ – სემუელ ჩარაპი ღრმადაა დარწმუნებული, რომ ავტობუსის ქვეშ არავინაც არ არის (Foreign Policy).  აშშ-ს კრიტიკის ქარცეცხლში ძირითად იმისთვის ექცევა, რომ ის მწვანე შუქს უნთებს პუტინს იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების გზაზე და ამით ურთულეს მდგომარეობაში აყენებს ქვეყნებს, რომლებიც ასეთ მოპყრობას არ იმსახურებენ. შფოთს ხელი ობამას გარკვეულმა „არასწორმა“ მესიჯებმაც შეუწყო, მაგრამ რა ხდება რეალურად? სემუელ ჩარაპი მიიჩნევს, რომ ისეც არ წვიმს, როგორც ქუხს: შეერთებულ შტატებსა და მოსკოვს რეალურად ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები არ გაუფორმებიათ, რომლებიც ამ ქვეყნების ბედზე იმოქმედებდა. აშშ-მ პოლონეთში უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვის მქონე საქმე, პოლონეთის ტერიტორიაზე „პეტრიოტის“ სარაკეტო ბატარეების პერიოდული განთავსება დაიწყო – რუსეთისგან წამოსული „რიტუარული ღმუილი“ კი იგნორირებული დარჩა, ესტონეთში ნატოს წვრთნები ჩატარდა, გარდა ამისა, ბალტიისპირეთის სახელწმიფოებმა ნატო-სგან უსაფრთხოების შესახებ ფაქტობრივად ყველაზე კონკრეტული ვალდებულება მიიღეს. რაც შეეხება საქართველოს, რომლის მისამართითაც ყველაზე ხშირად იყენებენ სიტყვას „ღალატი“, ადმინისტრაციამ  ამერიკული შეიარაღების გაყიდვაზე ფაქტობრივი ემბარგო გაუხანგრძლივა, სამაგიეროდ, თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე 2008 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტს ახარჯავს. მოკლედ, რომ ვთქვათ, თუ „ცივი ომის“ გადმონაშთებისგან გავთავისუფლებით, არანაირი ავტობუსი არ არსებობს.

 

დენიელ ლარისონი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ თუ „გადატვირთვით“ ვინმე იმედგაცრუებული უნდა იყოს, პირველ რიგში, ეს მოსკოვია (The American Conservative). ცდებიან ისინი, ვინც ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთადერთ სწორ მიმართულებად კონფრონტაცია და სტრატეტიგიულად მნიშვნელოვანი დიდი სახელმწიფოების იგნორირება მიაჩნიათ: „თუკი „გადატვირთვა“ წარმატებული იქნება და არ განხორციელდება მოკავშირეების უსაფრთხოების ხარჯზე, მათ უუნარო ანტი-რუსულ პოზიციას სრული დისკრედიტაცია ელის.“

 

 

რას ფიქრობენ საქართველოში? მიმდინარეობს თუ არა “გადატვირთვის“ გადაფასება, თუნდაც ადაპტირება ახალ რეალობასთან? ბრაიან ვაითმორი (RadioLiberty) თვლის, რომ – დიახ, ქართველებმა ობამასეული „გადატვირთვის“ მიღება დაიწყეს. „ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონდა, რადგან (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის) არავითარი თანამშრომლობა არ არსებობდა. მას შემდეგ რაც ის კავშირები ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის ერთნაირად სასარგებლოა, რუსეთს უკვე გაუჩნდა იმის სტიმული, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ 2008 წლის მსგავს ქმედებებს გაიმეორებს“ – ამბობს გიგა ზედანია. შექმნილ რეალობას საქართველოსთვის სასარგებლოს უწოდებს ირაკლი ალასანიაც: „მე მტკიცედ მჯერა, რომ თუ აშშ-რუსეთის ურთიერთობები გაფართოვდება და უფრო დაახლოვდება, ეს საქართველოსთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება”. გიგა ბოკერიაც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკაში რეალურად არაფერი შეცვლილა. გამოდის, რომ „გადატვირთვა“ საქართველოსთვის სასარგებლოც კია, ყოველშემთხვევაში, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ამას პანიკური ვარაუდები მოასწავებენ.

 

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ არსებობს „მიტოვებულობის“ განცდა, თბილისი რეალობას ეგუება, ოფიციალურად მაინც.

 

„შენც, ბრუტუს?“

 

 

ზემოთ „მიტოვებულობის“ განცდა ვახსენეთ. ამჯერად თბილისში შფოთის საგანი უახლოესი ცნობები გახდა ევროკავშირიდან.

 

ბლოკი დიპლომატიური მანქანის ოპტიმიზაციას იწყებს და ამ ოპტიმიზაციის ფარგლებში სამხრეთ-კავკასიასა და მოლდოვაში თავისი დიპლომატიური წარმომადგენლების პოსტების გაუქმებას აპირებს.

 

მაისის ბოლოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კეტრინ ეშტონის თანაშემწემ ბლოკის ელჩებს განუცხადა, რომ მოლდოვასა და სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში ბლოკის სპეციალურ წარმომადგენელთა თანამდებობების გაუქმება იგეგმება. საქართველოსა და მოლდავეთში სერიოზულად შეშფოთდნენ ამ ცნობით. ეს ცვლილებები ოფოციალურად ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის რეორგანიზაციის მცდელობით აიხსნება, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ეშტონის წერილი, რომელიც არანაირ ახსნა-განმარტებას არ შეიცავს, ფრიად არაკორექტულია. მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მხოლოდ ის თანამდებობები უნდა შეინარჩუნოს, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ბუნებრივია, ეს მესიჯი განგაშის საფუძველს იძლევა. ვითარებას დრამატიზმს მატებს ისიც, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ როსტოვ-დონის სამიტის წინ გავრცელდა, სადაც ევროკავშირის ჩინოვნიკები რუს კოლეგებს ხვდებოდნენ. შესაძლებელია ამ ყველაფრის დაკავშირება  გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენციასთანაც.

 

დასავლურ პრესაში ამ საკითხის გარშემო მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ბევრი მიიჩნევს, რომ ბიუროკრატიული აპარატის გამარტივების მცდელობის მიღმა ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების ტენდენცია იკითხება. „ცვლილება სამხრეთ-კავკასიის მიმართ ევროკავშირის ერთიანი მიდგომის დასრულებაზეც მიუთითებს. მოვლენების ამგვარი განვითარება მოსკოვის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელსაც ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ რეგიონში არსებულ დავებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონის დესტაბილიზაციისთვის იყენებს“(RadioLiberty).

 

თბილისში შეშფოთების მიზეზი მიეცათ – ევროკავშირზე დამყარებული იმედები კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით საფრთხის ქვეშ დადგა: „სამხრეთ-კავკასია და მოლდავეთი თავიანთი რთული, ხანგრძლივი სეპარატისტული კოფლიქტებით – როგორც სჩანს საგრძნობლად ნაკლებ წონას იძენს“(EURASIANET). ეშტონის სამსახური ახლა ახალ დოკუმენტს ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყნების მიმართ არ იცვლება და „აღმოსავლეთ პარტნიორობაც“ ძალაში რჩება, თვითონ სემნებიც ირწმუნება, რომ რეგიონის ქვეყნები „მნიშვნელოვანი პარტნიორები“ არიან, თუმცა იმ პოსტის გაუქმებამ, რომელიც რამოდენიმე წლის წინ ხმაურითა და გრძელვადიანი ვალდებულებების გარანტიებით შეიქმნა, ამ ქვეყნების პარტნიორ მთავრობებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეშტონს საპროტესო წერილიც გაუგზავნეს, თუმცა პირად საუბრებში ყველა აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობა მარცხისთვისაა განწირული. მაგრამ ეს შეშფოთება „უმნიშვნელო სჩანს იმ თავზარდაცემასთან შედარებით რომელსაც თბილისში განიცდიდნენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც განსჯიდნენ რას ამოიკითხავდა მოსკოვი ეშტონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში“.

 

დიპლომატიური ფუნქციების ცენტრალიზებასა და ადგილობრივი მთავრობისთვის ისეთი საპატივცემო და სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთულ პირის, როგორიც სემნებია სამხრეთ-კავკასიაში,  ბრიუსელში უფრო დაბალი რანგის დიპლომატებით ჩანაცვლება მძლავრი კრიტიკის საბაბი გახდა.  მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ნადვილად აქვს მნიშვნელობა პერსონალიებს და და „მუდმივ თანამოსაუბრეებს“. დიპლომატების თქმით, სემნების წასვლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა პიერ მორელი გახდება, რომელიც ფრანგია და შესაბამისად, ეჭვს ბადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომლის მეთვალყურეობაც მას ევალება, რუსეთისადმი უფრო ლოიალური იქნება (RadioLiberty).

 

როგორ განსაზღვრავს საბოლოოდ შიდა-პრობლემებით მოცული ევროპა თავის სტრატეგიას აღმოსავლეთისადმი? „აღმოსავლური პარტნიორობა“ – ეს პირველი მცდელობაა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც მოსკოვის კლანჭებიდან თავის დაღწევას ცდილობენ. ის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული მოდელის გავრცელებისკენაა მიმართული, თუმცა პარტნიორობა მთელ რიგი ტექნიკური შეთანხმებების გარდა, მონაწილე სახელმწიფოებს პრაქტიკულად არანაირ პერსპექტივებს, ან მნიშვნელოვან დახმარებას არ სთავაზობს“ (Le Monde).

 

 

ამ რთულ ფონზე საქართველოს ოფიციოზი „მეგობრებისკენ“ ბილიკების გაკვალვას ცდილობს.

 

ელისეის სასახლის კარზე

 

ექვს თვიანი ლოდინის შემდეგ ელისეის სასახლე საქართველოს პრეზიდენტის მიღებას დათანხმდა. სააკაშვილი სარკოზის პუტინის ვიზიტის წინა დღეებში შეხვდა. Le Figaro აღნიშნავს, რომ თბილისშა და პარიზს შორის ურთიერთობების დათბობა შინიშნება – რომლის გაციებაც თავის დროზე ელისეის სასახლის მიერ კრემლთან დაახლოებამ გამოიწვია.

 

ძირითადი სადაო საკითხი საყოველთაოდ ცნობილი „მისტრალია“. თბილისის აზრით, ამ გარიგებამ შესაძლოა, რეგიონში ძალთა ბალანსი შეცვალოს. თვითონ ვლადიმერ პუტინის აზრით, მსგავსი ხომალდების შეძენა რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე სულაც არ მიუთითებს და უბრალოდ ორი ქვეყნის შორის ნდობის გაზრდას უწყობს ხელს(Le monde). მაგრამ, ბუნებრივია, საფუძველს მოკლებული არ არის გაღიზიანება იმის თაობაზე, რომ მომრიგებელი მხარე (საფრანგეთი) ერთ-ერთ „მოსარიგებელ“ მხარეს (რუსეთს) სამხედრო შეიარაღებას სთავაზობს. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ პარიზში რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული უკმაყოფილება მატულობს. „მისტრალის“ საკითხიც ჭიანურდება. ნატოს კარზე კაკუნით დაღლილი საქართველო ცდილობს, ახალი პოლიტიკური ბილიკები გაკვალოს. „თუკი ადრე ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტული ამოცანა ნატო-ში გაწევრიანება იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირთან მიერთება უფრო შორეულ პერსპექტივას წარმოადგენდა, დღეს ჩვენ მიგვაჩნია რომ ნატო-ში გაწევრიანების საუკეთესო საშუალება ევროკავშირთან დაახლოვებაა“ – აცხადებას საკითხის განხილვაში მონაწილე საქართველოს წარმომადგენელი.   თვითონ სააკაშვილი 20minutes.fr-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი „ასამარებს ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას.“ საბოლოოდ, ოფიციალურად მაინც, სააკაშვილი კმაყოფილია საფრანგეთის „უყოყმანო“ მხარდაჭერით, მიუხედავად „მისტრალთან“ დაკავშირებული შეშფოთებისა.

 

„მისტრალის“ გაყიდვას პარიზშიც ყავს მოწინააღმდეგეები. „პუტინის რუსეთის შეიარაღება მე არადროულ და სარისკო ნაბიჯად მიმაჩნია. ამის შესახებ ყველა გვაფრთხილებს, მაგრამ ჩვენ თავს ვიკატუნებთ, ვითომ არაფერი გვესმის, რადგან იარაღის გაყიდვით მიღებული ფული გვჭირდება“ -მიაჩნია ელენ ბლანს, ქსპერტს კრემლის საკითხებში (La Voix Du Nord).

 

ეს ყველაფერი არ არის. საქართველო რეგიონალურ პოლიტიკასაც ააქტიურებს. ოფიციალურად ცნობილი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიღმა თუ გავიხედებით, თბილისის ინტენსიური ურთიერთობები ირანთან და თურქეთთან შესაძლოა, იმას მოასწავებდეს, რომ საქართველო, რომელიც რუსეთის გავლენის დაბალანსების გზების ძიებაშია, რეგიონში უფრო ავტონომიური პოზიციის დაკავებას გეგმავს(World Politics Review) .

 

მსოფლიო ირანის გარშემო

 

 

ვაგრძელებთ თემას: საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც სჩანს გეოპოლიტიკურ თამაშში ახალი მონაწილისირანისშემოყვანა გადაწყვიტა“ – ცოტა ხნის წინ საქრთველოს და ირანის მაღალჩინოსნებმა ინიციატივების მთელი პაკეტის შესახებ განაცხადეს (Eurasianet). ამ ყველაფერმა პრესაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ოფიციალურად ინიციატივები ეკონომიკურ, კულტურულ საკითხებს ეხება. საუბარია ვიზების გაუქმებასა და თეირანსა და თბილისს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

 

 

კითხვა, რომელიც ჩნდება, შემდეგია: როგორ უყურებს აშშ პრო-ამერიკული საქართველოს დაახლოებას ქვეყანასთან, რომელიც შტატების ერთერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს?  თეირანი უკანასკნელ ხანებში აქტიურად იღწვის რეგიონში გავლენის გაფართოებისკენ და ახალ სავაჭრო კავშირებს ამყარებს, რაც, ამერიკას ნამდვილად არ უნდა აღაფრთოვანებდეს. ოფიციალური თბილისი ირწმუნება, რომ ამ საკითხზე თეთრ სახლთან კონსულტაციებს აწარმოებს და ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრთხე არ ემუქრება. „ჩვენ მეზობლებთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ. ირანელების არ უნდა გვეშინოდეს. მე არ მჯერა საქნციების, რომელიც მიმართულია ხალხის წინააღმდეგ და არა მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ.“ – აცხადებს სააკაშვილი, თუმცა პირობას დებს, რომ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირეულ სანქციებს ირანის მიმართ დანარჩენ დასავლურ სამყაროსთან ერთად გაიზიარებს (Berliner Zeitung). ქართველი ანალიტიკოსების თქმის არ იყოს, ვაშინგტონს პრაგმატულ დონეზე უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს რეგიონში კარგი ურთიერთობები ჭირდება,  „ირანი მეზობელია და თქვენ გეოგრაფიის იგნორირებას ვერ შესძლებთ“.

 

რა გასაკვირია, რომ თბილისი-თეირანის ურთიერთობები ზღვაში წვეთია იმ აურზაურთან შედარებით, რაც მსოფლიოში ირანის გარშემოა ატეხილი.

 

აშშ-ს მრავალმხრივი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანთან დაკავშირებით ახალი სანქციების რეზოლუცია მიიღო. ზოგი ამას ობამას ადმინისტრაციის „დიპლომატიურ გამარჯვებად“ ნათლავს, სხვანი მიიჩნევენ, რომ რეზოლუციით გათვალისწინებული სანქციები არც ისე ეფექტური ჩანს და საეჭვოა, რომ მათ ირანს კურსის შეცვლა აიძულონ. მაინც რას მიაღწია აშშ-მ  რუსეთთან, ჩინეთთან, თურქეთთან  და ბრაზილიასთან 16 თვიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ?

 

 

ამერიკის პრეზიდენტი და ოფიციალური პირები სიამაყით უსვამენ ხაზს „თანამეგობრობის მხრიდან ირანის სრულ იზოლაციას“. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ „იზოლაცია“, რომელიც ბირთვულ მისწრაფებებს ვერ ზღუდავს, სასაცილოდ ჟღერს, თანაც ირანის ესოდენი გარიყვა ფაქტი სულაც არ არის: რეზოლუციის მიღებამდე სულ ცოტა ხნით ადრე რუსეთის, თურქეთის და ირანის ხელმძღვანელები სტამბულში უსაფრთხოების სამიტზე შეიკრიბნენ – ძალის დემონსტრირების თუ შტატების გამოცდის მიზნით (The New York Times).

 

ალბათ ისიც გვახსოვს, რომ წინა თვეში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა  თეირანში დემონსტრაციულად მიიღო თურქეთის და ბრაზილიის ლიდერები და ხელიც გულითადად ჩამოართვა. ვიზიტმა ცხადყო ამ ორი ქვეყნის გავლენის ზრდა, რამაც, საბოლოო ჯამში, მიუხედავად გარკვეული ინტერესების თანხვედრისა, შესაძლოა პრობლემა შეუქმნას აშშ-ს, რადგან იგივე თურქეთს, რომელსაც საერთაშორისო არენაზე თამაში სურს, ხელისშემშლელი სტატუს-ქვოს შეცვლა უნდება (Le Monde). თურქეთზე ისედაც ბევრს საუბრობენ გაკვირვებული ტონით: ისრაელთან გაფუჭებული ურთიერთობა, ირანის პრეზიდენტთან ვიზიტები და შედეგად განცვიფრებულ-განრისხებული აშშ, რომელსაც დღის წესრიგში საღერღელ აშლილი თურქეთის „მოთოკვის“ პრობლემა დაუდგა (The New York Times).

 

გამოდის, რომ „დიპლომატიური გამარჯვება“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია: “მზარდი იზოლაცია? მარტო შარშან აჰმადინეჯადს სიხარულით მასპინძლობდნენ ქაბულში, სტამბულში, კოპენჰაგენში, კარაკასში, ბრაზილიაში, ლას-პასეში, სენეგალში, გამბიასა და უგანდაში, ხოლო დღეს ის ჩინეთშია” – უნდობლადაა განწყობილი ჩარლზ კრაუტჰამერი (The Washington Post), რომელიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს თავგამოდებულმა მცდელობებმა, მოეთაფლა რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია და ა.შ. შედეგად მხოლოდ ის გამოიღო, რომ ამ ქვეყნებმა ჩათვალეს: ობამა სუსტია. მისი უგულებელყოფა შესაძლებელია.

 

შედარებით ოპტიმისტურ პროგნოზებსაც შევხვდებით:

 

ეს არანაირად არ არის ის კრიტიკული და „მძიმე“ სანქციები, რომელსაც შარშან სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გვპირდებოდა, თუმცა მათ ვერც სიმბოლურ ზომებს ვერ უწოდებ. თუკი სანქციები ამოქმედდა, ირანს ბირთვული პროგრამის რეალიზაციისთვის „რუტინული“ საქმიანობის  წარმოებაზე ხარჯები გაეზრდება. შედეგად, როგორც ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, ახალ სანქციებს მართლაც ძალუძს ამ მიმართულებით ირანის პროგრესის დამუხრუჭება, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ურანის გამდიდრებაზე ირანული პროგრამის ბოლომდე შეწყვეტა შესძლონ.“ – წერენ World Politics Review-ში. თეირანისთვის, შესაძლოა, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას სანქციებმა ისეთი საკვანძო სავაჭრო პარტნიორებისგან, როგორიც ევროკავშირი და იაპონიაა. ბევრი რამაა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ სტრატეგიას მიმართავს ირანის რეჟიმი: შიდა პოლიტიკურ არენაზე შერყეული პოზიციების გამყარებას არჩევს, თუ სახალხო რისხვის მოთოკვას და სანქციების მიერ მიყენებული ეკონომიკური დარტყმების გადატანას შეძლებს და „ბალახს შეჭამს“ , მაგრამ ატომური იარაღის შექმნაზე უარს არ იტყვის.

 

დასკვის სახით, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან და ირანთან მიღწეული კონკრეტული შედეგები არსებობს, მაგრამ ისინი „მყიფე და მარტივად შექცევადია“.

 

 

 

 

და ბოლოს, „კულტის მხილება“

 

 

- თუ ვინმე წმენდაზე ან უკრაინულ გოლოდომორზე, ან მისი მმართველობის სისასტიკეზე კითხვას დაგისვამთ, შესძლებთ გულწრფელად გასცეთ პასუხი? – შეფიქრიანებული ეკითხება Reason-ის მიმომხილველი გიდს გორში მდებარე სტალინის მუზეუმის თვალიერებისას. გიდს, რომლისთვისაც ეს მხოლოდ შემოსავლის წყაროა.

 

 

უცხო თვალს უვკირს, რომ საქართველოს ანტი-რუსული განწყობებით ცნობილი კულტურის სამინისტრო ამ მუზეუმს ინახავს. რომ აღარაფერი ვთქვათ გორის ცენტრში გამოჭიმულ  უზარმაზარ ნაცრისფერ ძეგლზე, რომელიც ზამთრის პალტოში გამოხვეულ ბელადს გამოსახავს. ეს ქანდაკება 1952 წელს გაიხსნა. ხრუშჩოვის მიერ სტალინის კულტის მხილების შემდეგ, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მოედნიდან და ქუჩიდან ბელადის ფიგურა გაქრა, მაგრამ გორში მას ხელი არ ახლეს – ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილს საბედნიეროდ, ძირითადად – ხანში შესულ ადამიანებს, დღემდე აკავშირებთ მძაფრი სენტიმენტები „პატარა გორელ ბიჭუნასთან“, რომელმაც მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა.  რა არის მონუმენტის არსებობის მთავარი მიზეზი:   „სელექციური მეხსიერება“, ადგილობრივი მოსახლეობის შიში, თუ ტურისტების მოსაზიდი ფანდი?

 

დღეს ამ კითხვებს აქტუალობა დაკარგული აქვთ. სანამ ჯერ კიდევ ბევრს ეგონა, რომ სტალინის ძეგლის აღება უხლოეს გეგმებში არ შედიოდა (Liberation), ერთ მშვენიერ ღამით, წინასწარი გაფრთხილების გარეშე დიდი ბელადის ძეგლი კვარცხლბეკიდან ჩამოაბრძანეს. როგორც ჩანს, გორის მუნიციპალიტეტი (და სხვებიც, იქ, „ზევით“) თვლიდნენ, რომ საზოგადოებისთვის მეტად სენსიტიურ ოპერაციას ახორციელებდნენ – ამიტომ ყველაფერი შუაღამით მოხდა, ხოლო ჟურნალისტების მცდელობა, მოეპოვებინათ  სტალინის ძეგლის და მაშასადამე, დიქატატორის კულტის დამხობის ამსახველი  ისტორიული კადრები, სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა – ჭეშმარიტად დემოკრატიულ, საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლებულ ქვეყანას რომ ეკადრება, ისეთს. ჩვენც, უბრალო მოქალაქეებმა,  ყოვლისშემძლე სოციალური ქსელების მეშვეობით უმალ შევიტყვეთ ეს ამბავი და სულმოუთქმელად ჩავრთეთ გორის ცენტრში დამონტაჟებული კამერა, მაგრამ ის ნაჭერგადაფარებული დაგვხვდა და წილად მხოლოდ ისტორიული ხმების მოსმენა გვერგო.

 

 

რათქმაუნდა, ეს ამბავი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. „ბევრი ქართველისთვის, მათ შორის პრო-დასავლელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის, ბოლო ოცი წლის მანძილზე ეს მონუმენტი მოსკოვის გახანგრძლივებული გავლენის სიმბოლო იყო, მას შემდეგ რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ამ პატარა ერმა დამოუკიდებლობა მოიპოვა” – წერს Telegraph-ი. BBC კი იტყობინება, რომ ეს სწორედ ის ძეგლია, რომელიც ბოლო ხანებში თბილისში ცხარე დებატების საგანს წარმოადგენს.

 

გორის ცენტრს ამიერიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი დაამშვენებს. რა ბედი ეწევა სტალინის ძეგლს? როგორც ამბობენ, მას სტალინის მუზეუმში გადაიტანენ, თუმცა, როგორც საქართველოს კულტურის მინისტრი აცხადებს, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს(The New York Times).

 

 

ასეა თუ ისე, სტალინის ძეგლის ჩამოგდებას მის მშობლიურ მხარეში დიდი ალიაქოთი არ მოჰყოლია, კვარცხლბეკი კი თავისუფალია და ახალ ძეგლს ელის.

 

ნინო მაჭარაშვილი

სოციოლოგი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...