Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - კრება მდუმარე სვანეთში


Recommended Posts

7 ივლისის სპეცოპერაციის შემდეგ, მესტიის ცენტრში მოსახლეობა პირველად 11 ივლისს შეიკრიბა. შეკრებაზე ერთ-ერთი დაკავებულის, ნელი ნავერიანის თანასოფლელები სოფელ მულახიდან ჩამოვიდნენ. სვანეთის მოსახლეობამ იმ დღეს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა მესტიის გამგებელს, მათ შორის იყო დაკავებულთა გათავისუფლება და მიწების დაკანონების საკითხები. კრებაზე მესტიელებთან შესახვედრად მისულმა გამგებელმა, გოჩა ჭელიძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ დაკავებულების განთავისუფლებას თავს შეაკლავს.

 

 

 

კრება მესტიაში

 

 

Mestia by netgazetiბიძაშვილების შოთა, ტარიელ, დავით ჯაფარიძეებისა და მათი ბიცოლას, ნელი ნავერიანის დაკავებას სვანეთში დიდი აურზაური მოჰყვა. ერთი, რომ მოსახლეობა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც, მათი აზრით, სრულიად უკანონოდ არიან ციხეში და მეორე, სათიბი მიწების დაკანონება მათთვის, ამ დრომდე, გადაუჭრელ პრობლემად იქცა.

 

11 ივლისს მესტიის ცენტრში მოსახლეობა პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბა. შეკრებაზე მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე მივიდა, რომელსაც თან ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ახლდა.

 

მოსახლეობა განსკუთრებით ნელი ნავერიანის დაკავებას ეწინაღმდეგება და შეკრებაზეც ამას ხშირად აღნიშნავდა. სვანები სამი შვილის დედას უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

 

,,ნავერიანი ის ქალია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და ეს ქალი აღმოჩნდა ბორკილებით ხელში. რატომ აღმოჩნდა? იმიტომ, რომ მას სხვა ვერაფერი უპოვეს”.

 

ხალხი გამგებელისგან გარანტიებს ითხოვდა. კრებაზე გაირკვა, რომ დაკავებულ ჯაფარიძეებს სამართალდამცავები საპროცესო გარიგებას ერთი პირობით სთავაზობდნენ. ჯაფარიძეებს გაათავისუფლებდნენ, თუ ისინი მთელ ბრალეულობას ნელი ნავერიანს დააკისრებდნენ. მესტიელები გამგებლისგან პასუხს ითხოვდნენ, თუ რატომ წაუყენეს სამართალდამცავებმა ჯაფარიძეებს ასეთი პირობები.

 

გოჩა ჭელიძემ მესტიელებს ხმამაღლა განუმარტა, რომ სპეცოპერაციის შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

 

,,რაც შეეხება იმას, ვიცოდი თუ არა ამ სპეცოპერაციის შესახებ, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ არა, ვისაც ეჭვი ეპარება, გამოვიდეს ხატზე, ასეთ ოპერაციას წინასწარ არავინ არავის არ უთანხმებს... თავს შევაკლავ, რომ ეს ხალხი გარეთ გამოვიდეს”, - განაცხადა ჭელიძემ.

 

მეორე საკითხი, რომელიც სვანებმა კრებაზე განიხილეს, მიწების დაკანონებას ეხებოდა. სვანები მთელ პასუხისმგებლობას გამგებელს აკისრებენ და აცხადებენ, რომ მათთვის სათიბები ერთადერთ საარსებო საშუალებას წარმოადგენს. გამგებელმა კი მათ განუცხადა:

 

,,დავაყენე საკითხი, რომ ეს გაუფორმებელი, მაგრამ მამა-პაპისეული მიწაა-მეთქი, თითოეულ მიწის ნაკვეთზე მინიმუმ ორი კაცია მოკლული-მეთქი და, ალბათ, დიდი ტყულიც არ გამომივიდა. ხალხი ამ მიწას ვერ დათმობს, იმიტომ, რომ ვერ მოთიბავენ უშბაზე ან სვანეთის ქედზე –მეთქი. ესენი ამით ცხოვრობენ– მეთქი...”

 

სვანები გამგებლისგან იმის ახსნასაც ითხოვდნენ, თუ რატომ გაუქმდა ქონების მართვის სამსახური მესტიაში. ჭელიძემ მათ აუხსნა, რომ მიწები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა, მთლიანად მესტიის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამიტომ ქონების მართვის სამსახურის ყოფნა მესტიაში საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

 

მესტიელები იმაზეც წუხან, რომ მესტიაში აღარც საგადასახადო სამსახური მუშაობს (ფოთში გადაიტანეს) და მალე არქივის გადატანაც ზუგდიდში იგეგმება. მესტიიდან ზუგდიდამდე ტრანსპოტის ფასი 15 ლარია. მოსახლეობა ამბობს, რომ ზუგდიდში სიარულს ვერავინ მოახერხებს.

 

გამგებელს კრებაზე რამდენჯერმე მოუწია იმის გამეორება, რომ, მისი გამგებლობის პერიოდში, სვანეთში მიწა არ გაყიუდულა და მუნიციპალიტეტი არც არაფრის გაყიდვას არ აპირებს.

 

სვანები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ამ საქმით ორი კურდღელი დაიჭირა. ერთი, რომ მოაშორეს საკრებულოს, როგორც თავად სვანები ამბობენ, „მართალი“ სიტყვა, ნელი ნავერიანის სახით (მაცხოვრებლების თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ზაზა გოროზიას არაერთხელ გაუჟღერებია, რომ სვანეთის საკრებულოში კითხვის დამსმელი არ სჭირდება) და მეორე, მოსახლეობას შიში გაუჩნდა იმისა, რომ დაუკანონებელი მიწების შენარჩუნება შესაძლებელია მათ თავიანთი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეთ.

 

კრების ბოლოსკენ ხალხმა გამგებელს საქმის სამართლიანი გამოძიება სთხოვა. მესტიელებმა ორი კვირის ვადა მისცეს გამგებელს. ,,ორ კვირაში გამოჩნდება ყველაფერი, ორი კვირის შემდეგ სხვანაირ მსვლელობას მივცემთ ამ ყველაფერს...”, ,,თუ მიწები გაიყიდა, მოხდება სისხლისღვრა”, _ ამბობდნენ სვანები.

 

მესტია დუმს

 

სპეცოპერაციის შემდეგ მესტია დუმს. ჟურნალისტებთან საუბარს უმრავლესობა თავს არიდებს. ისინი კი, ვინც რამეს ამბობს, სახელისა და გვარის დასახელებას და კამერის წინ საუბარს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ჯაფარიძეებისა და ნავერიანების ისტორია ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, თუმცა სვანები ფიქრობენ, რომ თავიანთი ვინაობის გამხელით, შესაძლოა მათ და თავიანთ ოჯახებს საფრთხე შეექმნათ. სვანეთში იმაზეც საუბრობენ, რომ ჯაფარიძეების ოჯახის წევრებმა კარდაკარ დაიარეს მეზობლები თხოვნით, რომ ჟურნალისტებთან საუბრისგან თავი შეიკავონ. ჯაფარიძეები მეზობლებს უხსნიან, რომ ამის გაკეთებას თავად ნელი ნავერიანი ითხოვს.

 

როგორც მესტიაში ამბობენ, სათიბი მიწები სვანეთში ყველა ოჯახს ოდითგანვე მამა-პაპისგან ერგო წილად. სვანეთში ყველამ კარგად იცის თავისი ისტორიული ტერიტორიების საზღვარი. მესტიაში ხშირად იმეორებენ, რომ სვანურ ადათ-წესებს აქ დიდ პატივს სცემს ყოველი ადამიანი. ამიტომ, სათიბი ტერიტოტირიების გამო, მათ არასოდეს ჰქონიათ დავა. სვანებს თავიანთი კანონები აქვთ, რომლებსაც გულმოდგინედ იცავენ.

 

 

 

ჯაფრიძეებს სადავო მიწები, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ 1903 წლიდან აქვთ.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომუნისტებმა მიწები სხვაგვარად გადაანაწილეს. ჯაფარიძეებს საკუთარი მამული ჩამოერთვათ და სანაცვლოდ სხვა სათიბები მიიღეს, ისევე, როგორც ბევრმა სვნურმა ოჯახმა იმ პერიოდში. კომუნისტმა მმართველებმა ჯაფარიძეების მიწაზე ტურისტული კომპლექსი ააშენეს, რომლის ნანგრევები დღესაც იქ დგას. დაახლოებით ოცი წლის წინათ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, სვანეთში ძველი სათიბი ყველამ დაიბრუნა. ჯაფარიძეებმაც საბჭოთა ხელისუფლებისგან მიღებული მიწები თავიანთ ძველ მეპატრონეს დაუბრუნეს და მეურნეობა ძირძველ მიწაზე გააგრძელეს. ასე მოხვდა კვლავ ჯაფარიძეების ხელში მამა-პაპისეული სათიბი ზედ აღმართული ტურისტული ნაგებობით. რადგან სვანეთში სხვა კანონებით ცხოვრობენ, ხალხმა მიწების დაბრუნებისას ოფიციალური, იურიდიული დოკუმენტების გაფორმება საჭიროდ აღარ მიიჩნია. შედეგად მოხდა ის, რომ დღემდე ბევრ სვანს საკუთარი მიწა დაუკანონებელი დარჩა. მესტიაში ამბობენ, რომ სათიბი მიწები მოსახლეობის 20%-ზე მეტს დაკანონებული არ აქვს.

 

მესტიელები ამბობენ, რომ ჯაფარიძეების მიწა ჯერ კიდევ სამი წლის წინათ, მათ დაუკითხავად, უცხოელ ინვესტორზე გაიყიდა, თუმცა მაშინ ინვესტორს ეს მიწა არ გამოუყენებია. ამიტომ ამ ამბავმა მაშინ წყნარად ჩაიარა. წელს კვლავ გამოჩნდა ახალი ინვესტორი და მიწა ისევ გაიყიდა, ჯაფარიძეებს ამჯერადაც არავინ არაფერი აუხსნა. ოჯახმა მიწა არ დათმო და ამიტომ მათთან მოსალაპარაკებლად კანადელი ინვესტორის წარმომადგენელმა დაიწყო სიარული, რომელიც, მიწის სანაცვლოდ, სხვა მიწას ან ფულს სთავაზობდა.

 

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ნელი ნავერიანი, ჯაფარიძეების ბიცოლა, ბიჭებს აფრთხილებდა, რომ იურიდიული ფორმალობის გარეშე არაფერზე დათანხმებულიყვნენ. 7 ივლისს ინვესტორის წარმომადგენელმა ძმებ ჯაფარიძეებს შეხვედრა მესამედ შესთავაზა. ნავერიანმა ჯაფარიძეებს სასტუმრო ,,მესტიაში” მისვლა არ ურჩია და თავადაც სახლში დარჩა, თუმცა ჯაფარიძეები სასტუმრო ,,მესტიაში” მაინც მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწის სანაცვლოდ მესტიელებს ფული შესთავაზეს. სამართალდამცავებმა საქმე ფულის გამოძალვის მუხლით (სსკ 181-ე მუხლი)აღძრეს და ვიდეო ჩანაწერი გაავრცელეს, ჯაფარიძეების მიერ ფულის გამოძალვის ფაქტის დასტურად. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიში ამბობენ, რომ ჩანაწერი დაჭრილია, ამიტომ მასში არ ჩანს ჯაფარიძეების მხრიდან ინვესტორის წარმომადგენლის დაშინების ფაქტი ან მის მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც სსკ 181-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. თვითმხილველების განცხადებით, მოლაპარაკებაზე მისული სამივე პირი სასტუმროდან ნაცემი გამოიყვანეს. მოგვიანებით, ნელი ნავერიანი სპეცრაზმმა საკუთარ სახლში აიყვანა, რადგან, იმ დროისათვის, მესტიელებმა გზა გადაკეტეს.

 

მესტიის ცენტრში მოსახლეობა გამოვიდა. ისინი ცდილობდნენ, რომ ძალოვანი სტრუქტურებისათვის ხელი შეეშალათ. ამიტომ სპეცრაზმი რამდენიმე მოსახლეს თავად გაუსწორდა. მესტიელების თქმით, სპეცრაზმმა იარაღიც კი გამოიყენა. რეზინის ტყვია მუცელში გოგა ჯაფარიძეს მოხვდა. ასევე ტრავმები მიიღეს გელა და მზიური ჯაფარიძეებმა და ინგა მარგიანმა.

 

მესტიელები ამბობენ, რომ ნელი ნავერიანის დაკავება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. ნელი ნავერიანმა ადგილობრივი თვითმმართევლობის არჩევნებზე კენჭი ,,ალიანსიდან” იყარა და საკრებულოშიც მოხვდა. მას შემდეგ მან სახელმწიფოს მიერ მესტიისათვის გამოყოფილი თნხების აღრიცხვა და გაკონტროლება დაიწყო. მესტიელები ფიქრობენ, რომ სწორედ მისი ქმედებები გახდა მიზეზი მისი პატიმრობისა. ასევე ნავერიანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გაახმაურა 3 მაისს მესტიაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია სპეცრაზმთან ერთად მესტიაში ღამის 11 საათზე ჩავიდა და, როგორც ნავერიანი და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუქარით და ზეწოლით მათგან კანდიდატურების მოხსნა მოითხოვა.

 

სათიბების დაკარგვის შიში სვანეთში

 

მესტიაში ამბობენ, რომ მიწების დაკანონება დაახლოებით წელიწადნახევარია შეწყვეტილია, თუმცა ამის მიზეზი მათთვის არავის განუმარტავს. ვინც აქამდე სათიბების დაკანონება ვერ მოასწრო, ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება ახლა უფრო გაუჭიერდებათ. სვანები შიშობენ, რომ მესტიის ტურისტული ზონის გამართვა მათი სათიბების ხარჯზე მოხდება. ატეხილ აურზაურსაც მესტილები ამ საკითხს უკავშირებენ. სვანები აცხადებენ, რომ მიწა მათთვის ყველაფერია და მის შესანარჩუნებლად ყველფერს გააკეთებენ.

 

მესტიაში ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვა თავად საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. საქართველოს შეასახებ რეკლამები, რომლებიც საერთაშორისო არხებზე უკვე გადის, საქართველოში ტურისტოლი პოტენციალის გაზრდას ემსახურება. რეკლამები უცხოელ ტურისტებს საქართველო სხვადასხვა კუთხეებში ეპატიჟება, მათ შორის სვანეთშიც. ამიტომ მესტიაში ნაგებობების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის გამართვა დაიწყო. ტურიზმის განვითარება მესტიაში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებასაც ისახავს მიზნად.

 

"მთელს ევროპაში ახლა თოვლის საკითხი დადგა... . მესტიაში გაკეთდება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი. ბეტონის გზები გვაქვს გასაყვანი, უცხოეთში საბაგიროებს ვყიდულობთ და რეკლამას ვაკეთებთ. წელს ტურიზმს ცოტათი დაეტყო გაუმჯობესება. მომავალ წელს 5-6-ჯერ მეტი ტურისტი გვეყოლება. სვანეთში იმდენი უცხოელი უნდა ჩამოვიდეს, რომ ადგილები არ გეყოთ. ახალი გზის გაკეთების შემდეგ ზუგდიდიდან 45 წუთში ამოხვალთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მესტიელებთან სტუმრობისას.

 

მესტიელებმა კარგად იციან ის ადგილი, სადაც სათხილამურო გზის გამართვაა დაგეგმილი. აწვალი, რომელიც ამ გზისათვის შეარჩიეს, მესტიელების თქმით, ასევე მოსახლეობის სათიბ ტერიტორიას წარმოადგენს. ხალხი შიშობს, რომ შესაძლოა ამ სათიბებზეც იგივე განმეორდეს, რაც უკვე მოხდა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 12 years later...

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს  მიწის აზომვა რის შემდეგაც ძალიან გაადვილდება მიწების დაკანონება რაც მნიშვნელოვანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...