Nukriko Posted July 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 5, 2010 შესავალი: დიადიდან სასაცილომდე ყველა განვითარებული ქვეყანა თავის თვითკმაყოფილებაში ერთმანეთს ჰგავს, ხოლო ყველა განვითარებადი ქვეყანა თავისებურად უკმაყოფილოა საკუთარი ბედით. ყველაფერი აირია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სანამ მთელი დასავლეთი გორბიმანიის ეიფორიაში იმყოფებოდა, პერესტროიკით ინექცირებული საბჭოეთი ისე გაიფცქვნა, ვითარცა კომბოსტოს თავი. არადა რა კარგად მიდიოდა ყველაფერი: სახაროვი გამოუშვეს, ჰონეკერი დაიჭირეს, პინოჩეტი გადადგა, სოლჟენიცინი დაბრუნდა, სტალინი დაიგმო, ბროდსკი დაიბეჭდა, ჩაუშესკუ დაამხეს, ჰაველი აირჩიეს... და ხარობდა სრულიად დასავლეთი: პარიზელი ახალგაზრდობა ტყირპიანი გენსეკის გამოსახულებიანი მაისურებით ბირჟაობდა, ბერლინის კედლის ნანგრევებზე როჯერ უოტერსის “კედელი” ჟღერდა, და იყო სპიჩთაცვეანა – “ახალი მსოფლიო წესრიგი,” “ახალი აზროვნება,” “ერთიანი ევროპა ატლანტიკიდან ურალამდე” და ა. შ... ეჰ, კარგი დრო იყო... რასაკვირველია მათთვის, ვისაც დიადი ილუზიების ფონზე სასაცილოდ არ ჰყოფნიდა რეგიონული მასშტაბის ნაციონალისტთა დინების აღმა ჭყუმპალაობა და სერიოზულად ჯეროდა, რომ ტოტალიტარული იმპერიიდან დემოკრატიულ თანამეგობრობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. საბჭოთა კავშირი კი მაინც დაინგრა და ახლა ვეღარ გაიგებ ვინ მტერია, ვინ მოყვარე. აღმოსავლეთ ევროპა კიდევ ჰო, აი, ამ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში კი ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. კაცი რომ დღეს დიდი რეფორმატორი გგონია, ხვალ ქურდი და მამაძაღლი აღმოჩნდება. თანაც (ბედი არ გინდა?) ყველა ქვეყანაში განსხვავებული ტრადიციებია, კულტურა, რელიგია, და მხოლოდ ოფიციალური პირები გვანან ერთმანეთს თავიანთი სამგანზომილებიანი ორპირობით: ერთს ლაპარაკობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. რაც მთავარია, ყველა უკმაყოფილოა, რადგან ყველა თვლის, რომ დასავლეთი მათ არასაკმარისად ეხმარება. მაინც რა განსაზღვრავს განვითარებული ქვეყნების პოლიტიკას ამ არეულ მონასტერში? რა არის ის ამოსავალი წერტილი, რაზედაც დაფუძნებულია სრულიად დასავლეთის პოლიტიკური აქტივობები ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში? ითვლება, რომ პოლიტიკა სერიოზული საქმეა. შეიძლება ამიტომაც, პოლიტიკაზე ღრმააზროვანი მსჯელობის დროს, ყურადღების მიღმა რჩება ყველაზე მთავარი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს მთავარი ძალიან მარტივია. მას ყველა იცნობს და ამიტომ არავინ ცნობს. ეს ყველასთვის ნაცნობი უცნობი არის სრულიად უმართებულოდ მივიწყებული, მისი უდიდებულესობა ბიუროკრატია, სახელმწიფო ბიუროკრატიის ბუნება. ქვემოთ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ ბიუროკრატია არა მარტო განსაზღვრავს დასავლეთის პოლიტიკას განვითარებადი ქვეყნების მიმართ, არამედ, უფრო მეტიც, სწორედ იგი გვევლინება დასავლური პოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად. მარადისობის კანონი ცნობილია, რომ ბიუროკრატია, როგორც ასეთი, არასდროს არ არის ორიენტირებული შედეგზე. ამის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილა. გავიხსენოთ თუნდაც ცნობილი ბესტსელერები: "პარკინსონის კანონები" და "პიტერის პრინციპი." საერთო აზრით, ბიუროკრატიის ერთადერთი მიზანია სისტემის (საკუთრივ ბიუროკრატიული სისტემის) შეუფერხებელი ფუნქციონირება. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა შედეგი მოაქვს კარგად მომუშავე ბიუროკრატიული მექანიზმს, მთავარია მუშაობდეს. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა შუაშია აქ პოლიტიკა? სწორედ რომ შუაშია. უფრო სწორად, თავშია. ნებისმიერი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო, ანუ ბიუროკრატიული სტრუქტურების მიერ. სხვა მექანიზმი პოლიტიკის გატარებისთვის არ არსებობს. ყოველი ბიუროკრატიული სტრუქტურა, თავის მხრივ, მკაცრად სტრუქტურიზებულია სამმართველოებად, სექტორებად, განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად და ა. შ. სტრუქტურული რგოლები კი დაკომპლექტებულია შესაბამისი საკადრო პერსონალით. სხვანაირად პოლიტიკის განხორციელება არ ხდება. ბიუროკრატიის გარეშე პოლიტიკა ისეთივე მკვდარი არს, როგორც რწმენა თვინიერ საქმეთა. პოლიტიკის სული, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ ბიუროკრატიაშია განსხეულებული. ბიუროკრატია არ ღებულობს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ის შემსრულებელია და არა დამკვეთი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების (ბიუროკრატიის) მიერ შესრულებული მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე. ასე, რომ, ბიუროკრატია არა მარტო შემსრულებელია, არამედ, გარკვეულწილად, დაკვეთის შემომქმედიც. ბიუროკრატიის ფაქტორი სრულიად განსაკუთრებულ როლს თამაშობს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში. ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის ან არის გარკვეული, ისტორიული ურთიერთობები, ანუ არსებობს გარკვეული ტრადიცია (მაგალითად, ინგლისი და საფრანგეთი), ანდა ასეთ ურთიერთობებს მხოლოდ ეპიზოდური ხასიათი აქვს და პრაქტიკულად არავითარი ტრადიცია არ არსებობს (მაგალითად, პერუ და პაკისტანი). ეს ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში აუცილებლად არსებობს ურთიერთობის გამოცდილება შესაბამის ბიუროკრატიული სტრუქტურებს შორის (სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები სხვანაირად წარმოუდგენელია), მეორე შემთხვევაში კი ასეთი გამოცდილება არ არსებობს. ახლა, წარმოიდგინეთ, X ქვეყანა, რომლის შესაბამის უწყებებში არცერთი სტრუქტურულ რგოლი არ მუშაობს Y ქვეყანაზე. როგორი იქნება X-ის პოლიტიკური აქტივობა Y სახელმწიფოში? პასუხი უმარტივესია: არავითარი! არ არის ბიუროკრატია – არ არის პოლიტიკა. ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლა და მომავალშიც ასე იქნება. პოლიტიკისა და ბიუროკრატიის ურთიერთობას მუდმივი, შეიძლება ითქვას, მარადიული ხასიათი აქვს. და დასავლეთის პოლიტიკაც, გნებავთ განვითარებული, გნებავთ განვითარებადი ქვეყნების მიმართ, ამ მარადისობის კანონით წარიმართება. ნაწილი და მთელი როდესაც ლაპარაკია დასავლეთის დამოკიდებულებაზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მიმართ, ბიუროკრატიის ფაქტორი რატომღაც ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება. არადა, სულ ტყუილად. ბევრ ქართველ, უკრაინელ თუ უზბეკ ინტელექტუალს გულწრფელად უკვირს, რომ ამ, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით აშკარად უმნიშვნელოვანეს წერტილებში რატომაა დასავლეთის პოლიტიკა ასეთი ინერტული? მართლაცდა, რას დააკლებს აშშ-ს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების უფრო მკაფიო და ხმამაღალი დაფიქსირება, ვთქვათ, საქართველოში? რა მოხდება, ვთქვათ, თუ იგივე წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს? რა თქმა უნდა, არც არაფერი, ერთბაშად რუსეთმა ომი არ დაუწყოს! მაგრამ შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში შედარებითი სიფრთხილით მხოლოდ იმიტომ იქცევა, რომ იქაური ბიუროკრატია სულა რაღაც ათიოდ წელია, რაც ასეთ ქვეყანას იცნობს. მეორე მაგალითი: რატომაა საფრანგეთის პოლიტიკა ასეთი აქტიური გეოსტრატეგიულად აბსოლუტურად უმნიშვნელო ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში და რატომ “არ ინძრევა” ცენტრალურ აზიაში? იმიტომ რომ ცენტრალურ აფრიკასთან მიმართებაში ფრანგული ბიუროკრატიული სტრუქტურები ასი წელია მუშაობენ, უზბეკეთთან კი საქმე არასდროს ჰქონიათ. მოკლედ, თუკი ზემოთ ნახსენები “მარადისობის კანონიდან” ამოვალთ, აბსოლუტურად ცხადი გახდება, რომ დასავლეთის პოლიტიკა ამ მიმართებით ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები წარმოიქმნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად. მანამდე ისინი სსრკ ფარგლებში ე. წ. მოკავშირე რესპუბლიკებს წარმოადგენდნენ. ახლა დავსვათ კითხვა: დასავლეთის ქვეყნების რომელი უწყებრივი რგოლი მუშაობდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე იმაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარებულიყო ამ მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ? თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მაშინ (სსრკ დაშლამდე) საკითხის ამგვარად დასმაც კი გამორიცხული იქნებოდა. ერთგვარი გამონაკლისი იყო ბალტიისპირეთი, რამდენადაც ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს დასავლეთი არ ცნობდა სსრკ შემადგენლობაში. რაც შეეხება უკრაინას, საქართველოს, უზბეკეთს და სხვა რესპუბლიკებს, ისინი განიხილებოდნენ საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის ორგანულ ნაწილად. ამიტომ ცალკე აღებული პოლიტიკა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო. დასავლეთის პოლიტიკური აქტივობის ობიექტი იყო საბჭოთა კავშირი, როგორც ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო და ამ კონტექსტში (მხოლოდ და მხოლოდ ამ კონტექსტში!) ყოველი მოკავშირე რესპუბლიკისადმი ისეთივე ინტერესები არსებობდა, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის ინტერესები აიოვას შტატის, ან რაინ-ვესტფალიის მიწის მიმართ. ამ პრინციპზე იყო აწყობილი შესაბამისი ბიუროკრატიული სტრუქტურებიც. არცერთი სტრუქტურული რგოლი არ მუშაობდა საკუთრივ საქართველოზე თუ მოლდოვაზე.. როდესაც საქმე გაქვს ადამიანთან, შესაძლებელია გაინტერესებდეს მისი ფსიქოლოგია, მიდრეკილებები, ინტერსები და ა.შ..., მაგრამ სრული უაზრობაა იმსჯელო მისი მარცხენა ხელის ცერა თითის მენტალიტეტზე. სხეულის ნებისმიერი ნაწილი საინტერესო შეიძლება იყოს მხოლოდ “ფიზიკური” თვალსაზრისით. მაგალითად, იმით, თუ როგორ აისახება კბილის ტკივილი ან კოჭის მოტეხილობა შენთვის საინტერესო ადამიანის განწყობაზე... დასავლეთს საქმე საბჭოთა კავშირთან ჰქონდა, ამიტომ მისი სხეულის ნაწილების, მოკავშირე რესპუბლიკების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება ხდებოდა მხოლოდ ერთიანი ანტისაბჭოური (ანუ ანტირუსული) სტრატეგიის ფარგლებში სანამ საბჭოეთი საბჭოეთობდა, ასეთი “ფეხის კოჭის” როლში გამოდიოდა ყველა (მინუს ბალტიისპირეთი) მოკავშირე რესპუბლიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას ნაკლებად აცნობიერებენ. პოსტსაბჭოელ პოლიტოლოგთა უმრავლესობა გულწრფელადაა დარწმუნებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დასავლეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული გეგმის მიხედვით განხორციელდა, მაშინ, როცა არცერთი დასავლელი პოლიტოლოგი ასე არ ფიქრობს და, მით უმეტეს არ ლაპარაკობს. მიზეზი მარტივია: დასავლეთში ძალიან კარგად იციან, რომ არავითარი მსგავსი გეგმა არ არსებობდა. პოსტსაბჭოელმა ანალიტიკოსებმა კი ეტყობა ჯერაც ვერ ამოიგდეს თავიდან ის პროპაგანდისტული კლიშე, როცა საბჭოთა კავშირისთვის ყველაფერი არასასურველი “ამერიკული იმპერიალიზმის ვერაგულ ხრიკებს” მიეწერებოდა. უარყოფილი საძირკველი (არალირიკული გადახვევა) მცირე ხნით გადავუხვიოთ მთავარ თემას და ბიუროკრატიის ფაქტორის საილუსტრაციოდ უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ, თუ რამდენად შესაძლებელია საბჭოთა კავშირის კოლაფსი დასავლური სპეცსამსახურების გამიზნული სტრატეგიის შედეგი ყოფილიყო. დავუშვათ, არსებობდა გეგმა საბჭოთა კავშირის დაშლის თაობაზე. ამ შემთხვევაში “ამერიკულ იმპერიალიზმს” აუცილებლად ექნებოდა სსრკ-ს დაშლის პერსპექტივაზე მომუშავე ბიუროკრატიული სტრუქტურები. სხვანაირად გამორიცხულია, რადგან მიზანი მოითხოვს საშუალებას. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ ყოველ მოკავშირე რესპუბლიკაზე უნდა ემუშავა სპეციალურ განყოფილებას, შეესწავლა მათი ისტორიულ-კულტურულ-ეთნოფსიქოლოგიური სპეციფიკა, დაედგინა ცენტრიდანული ტენდენციების მასტიმულირებელი ფაქტორები და შეემუშავებინა სათანადო რეკომენდაციები. გარდა ამისა, სისტემატურად უნდა განხორციელებულიყო დაგეგმილი პერსპექტივის მუსირება მასმედიაში, პროპაგანდისტული ძალისხმევა მიმართულიყო ნაციონალისტი ლიდერების და არა მარტო უფლებადამცველი დისიდენტების მხარდასაჭერად და ა. შ., და ა.შ... უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოდელირებული მოვლენათა შესაძლო განვითარება სსრკ-ს დაშლის შემდგომი პერიოდისთვის და, ასევე, წინასწარ შერჩეული ყოფილიყო მხარდასაჭერი პოლიტიკური ლიდერები ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის... ვინც გაბედავს და იტყვის, რომ ამდაგვარი აქტივობების მსგავსი რამ მაინც ხორციელდებოდა, პირველი ქვაც იმან ისროლოს... და რახან არ ხორციელდებოდა, მაშასადამე არც იყო. პირიქით, ლამის ქვებიც კი ღაღადებენ, რომ დასავლეთი საბჭოთა კავშირს ერთიან და განუყოფელ მთელად მიიჩნევდა. მარტო ის ფაქტი, რომ 90-იანი წლების დასაწყისისთვის არ არსებობდა ქართული ენის მცოდნე არცერთი დასავლელი პოლიტოლოგი (არათუ სახელმწიფო მოხელე), სრულიად საკმარისია იმისთვის, რათა შესაბამისი დასკვნა გამოიტანო. ლოგიკა აქაც უმარტივესია: თუ იყო საბჭოთა კავშირის დაშლის გეგმა, მაშასადამე რეალურად განიხილებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერსპექტივა; თუკი ასეთი რამ განიხილებოდა, მაშასადამე იყო ხალხი, ვინც ამას განიხილავდა; თუ იყო ასეთი ხალხი, მაშასადამე ისინი სისტემატურად იღებდნენ სათანადო ინფორმაციას უშუალოდ საქართველოდან; თუკი იღებდნენ ინფორმაციას, მაშასადამე იყვნენ საკონტაქტო პირები და სპეციალური ექსპერტები, და თუ იყვნენ ასეთი პირები, იქნებოდნენ ისეთებიც, რომელთაც აუცილებლად ეცოდინებოდათ ქართული. არადა არ იცოდნენ, მაშასადამე არ იყვნენ, მაშასადამე არც გეგმა ყოფილა. საბჭოთა კავშირის დაშლა სრული მოულოდნელობა გამოდგა დასავლეთის პოლიტიკური წრეებისთვის. ამგვარ პერსპექტივაზე იქ მხოლოდ მრავალ სოვეტოლოგთაგან თითო-ოროლა თუ მსჯელობდა და მათი განაზრებებიც თეორიას არ გაცილებია. ფაქტია, რომ როცა საბჭოეთი უკვე აგონიაში იყო, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ჯერ კიდევ პერესტროიკის ბურანით ბოლდებოდა. მათ არ ეგონათ პერესტროიზირებული საბჭოეთი ასე თვალსა და ხელს შუა თუ შემოეკოლაფსებოდათ. და როცა ფაქტის წინაშე დადგნენ, კიდევ დიდხანს ვერ აცნობიერებდნენ მომხდარი ფაქტის მნიშვნელობას. ისინი ჯიუტად აგრძელებდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის ერთ მთლიანობად აღქმას და ალალად მოუწოდებდნენ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს, მოეგვარებინათ ურთიერთობა დემოკრატიის გზაზე დამდგარ რუსეთთან. თბილისში 9 აპრილის ტრაგედიიის შემდეგ გორბაჩოვმა ყოველგვარი გართულების გარეშე მიიღო მშვიდობის ნობელის პრემია. ჯორჯ ბუში უფროსიც სრულიად გულწრფელი იყო, როდესაც 1990 წელს უკრაინელებს მოუწოდებდა არც ეოცნებათ დამოუკიდებლობაზე და თავი დაენებებინათ დინების აღმა ცურვისთვის. მაგრამ მოხდა ისე, რომ სწორედ მშენებლების გადაგდებული ქვა აღმოჩნდა ახალი პოლიტიკური რეალობის საძირკველი. ახალი ღვინო ძველ ტიკებში: ახალი მსოფლიო, ძველი ბიუროკრატია დასავლეთის პერესტროული და, პირველი ხანების პოსტპერესტროული პრორუსულობა, ჩვენებური ლიბერალები გულუბრყვილოდ რომ მიიჩნევდნენ შესაბამისი სპეცსამსახურების ღრმად კონსპირირებულ ანტირუსულ სტრატეგიად, ბიუროკრატიის ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან მარტივად აიხსნება. საქმე ის გახლავთ, რომ პერესტროიკის პოლიტიკა პრაქტიკულად სხვა არაფერი იყო, თუ არა დასავლეთის დეკლარირებული პრეტენზიების დაკმაყოფილება. ბოლოს და ბოლოს რას მოითხოვდა დასავლეთი საბჭოთა კავშირისგან? სულ ორ რაღაცას: ერთის მხრივ, “რევოლუციის ექსპორტზე” უარის თქმას, ანუ მემარცხენე რადიკალური რეჟიმებისა და დაჯგუფებებისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას, და, მეორეს მხრივ, დემოკრატიზაციას, ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გადაწყობას დასავლურ-ლიბერალურ სტანდარტებზე. დასავლეთის ქვეყნების შესაბამისი ბიუროკრატიული სტრუქტურების სამუშაო მექანიზმი მთლიანად ამ ორ ფუნდამენტურ ორიენტირზე იყო აწყობილი. გორბაჩოვის ადმინისტრაციის პოლიტიკური ინიციატივები კი პირდაპირ “ჯდებოდა” დასავლეთის ბიუროკრატიის სამუშაო სქემებში – გერმანიის გაერთიანება, ვარშავის ბლოკის ლიკვიდაცია, დისიდენტების განთავისუფლება, ებრაელების თავისუფალი ემიგრაცია ისრაელში, დასავლური კაპიტალისთვის გზის გახსნა და ა. შ... ეს იყო ის ამოცანები, რაზედაც მრავალრიცხოვან ოფისებში ასეულათასობით ადამიანი მუშაობდა: ადგენდა ანგარიშებს, აღრიცხავდა და ახარისხებდა. ამ თემებს ეძღვნებოდა რადიო და ტელეგადაცემები, ეწყობოდა საქმიანი შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები, იბეჭდებოდა ღია მოწოდებები და გასაიდუმლოებული ბარათები. და ასე გრძელდებოდა ათწლეულობით. იცვლებოდნენ თაობები, გროვდებოდა გამოცდილება, ყალიბდებოდა ტრადიციები, და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახებოდა და თავს იყრიდა ქაღალდებში – წიგნებში, ბროშურებში, ჟურნალ-გაზეთებში, მოხსენებებში, ანგარიშებში, ინსტრუქციებში, ცირკულარებში, და ცნობარებში. მერე მთელი ეს ქაღალდები თავსდებოდა არქივებში, დახარისხებულ-ჩაწიკწიკებული თავისი ბეჭედ-ბლანკებით... და ამ ქაღალდების მოცულობა სულ მატულობდა. შესაბამისად, მატულობდა საქმე, მატულობდა დასაქმებულთა რიცხვი. იყო წარმატებებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ ორიენტირები უცვლელი რჩებოდა. და უცებ მოდის გორბაჩოვი და იწყება დასავლეთის უმთავრესი პრეტენზიების დაკმაყოფილება. ზღაპარი რეალობად იქცევა და კეთილი ჯინი სახელად გორბი, ყველა თხოვნას მართლაც ჯადოსნური სისწრაფით ასრულებს: გერმანიის გაერთიანება? კი ბატონო! ავღანეთიდან ჯარების გაყვანა? ახლავე გავიყვანთ! ვარშავის ბლოკი დავშალოთ? დავშლით, აბა რას ვიზამთ! დისიდენტები გავათავისუფლოთ? ამ წუთში გავუშვებთ! და ა. შ., და ა. შ. ა ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ “სინამდვილეში” რას აპირებდა გორბაჩოვი და რამდენად შეესაბამებოდა მისი პოლიტიკური აქტივობები მისივე განზრახულობებს. მთავარი სხვაა: გამოდიოდა ისე, რომ დასავლეთის ბიუროკრატიული სტრუქტურების მუშაობა იყო არნახულად წარმატული. ბუნებრივია, ეს ვითარება აისახებოდა იმ ანგარიშებში, რომელთაც დასავლეთის ბიუროკრატიული სტრუქტურები ამზადებდნენ თავიანთი პოლიტიკური ლიდერებისთვის. აქედან გამომდინარე, დასავლეთის პოლიტიკური ელიტა შეუძლებელია არ ყოფილიყო პერესტროიკით მოხიბლული. ამ დროს ხდება აგვისტოს ცნობილი პუტჩი და საბჭოთა კავშირი თხუთმეტ სახელმწიფოდ იშლება. იქმნება სრულიად ახალი რეალობა, რომლისთვისაც დასავლური ბიუროკრატია აბსოლუტურად მოუმზადებელია: არ არსებობს არანაირი სამსახური, რომლის ფუნქციებიც ითვალისწინებდეს რაიმე აქტივობას იმ შემთხვევაში, როცა საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდებიან. აქედან გამომდინარე, დასავლეთის პოლიტიკურ ლიდერებს არ გააჩნიათ არანაირი ინსტიტუციონალური დასაყრდენი ახალ რეალიებში გასარკვევად. ამგვარი ინსტიტუციები სახელდახელოდ, პრაქტიკულად, ცარიელ ადგილზე იქმნება. და რა კადრებით უნდა შევსებულიყო ეს ახალი ინსტიტუციები? რასაკვირველია, აქ დასაქმდებოდა (და ასეც მოხდა) ის ხალხი, ვინც ადრე მუშაობდა საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის განხრით. ეს არ იყო უბრალო, მექანიკური გადაადგილებები, როცა შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ლაპარაკია ასეულათასობით ადამიანზე, ძირითადად საშუალო და წვრილი რანგის მოხელეებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიას ყოველთვის რუსეთის ტერიტორიად აღიქვამდნენ. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ (და არც შეიძლება ჰქონოდათ), თუ რით განსხვავდება საქართველო ყირგიზეთისგან ან მოლდოვა ბელორუსიისგან. ის მოვლენები, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარდებოდა ახალ რეალიებზე მომუშავე ძველი ბიუროკრატიული კადრებისთვის უცხო და გაუგებარი იყო, მაგრამ ბიუროკრატიას პრინციპულად არ შეუძლია აღიაროს საკუთარი არაკომპეტენტურობა. ეს მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან არაკომპეტენტურობის აღიარება ნიშნავს, რომ სისტემა არასათანადოდ ფუნქციონირებს და იგი უნდა შეიცვალოს. როგორ უნდა ემუშავა ფორმით ახალ და შინაარსით ძველ ბიუროკრატიას ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში? პასუხი ერთია: ისე, როგორც მანამდე. სხვანაირად მუშაობა ამ ხალხმა უბრალოდ არ იცოდა. ამიტომაც მათი ყურადღების ცენტრში კვლავ “დემოკრატიზირებული რუსეთი” რჩებოდა. მხოლოდ “კარგი გორბი” შეიცვალა “კარგი ბორისით.” ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრეტენზიები და მოთხოვნილებები კი განიხილებოდა პრაქტიკულად ერთადერთი კუთხით: რამდენად სასარგებლო ან საზიანო იყო ეს რუსულ-ელცინური დემოკრატიისთვის. მოკლედ პოსტსაბჭოთა სივრცე კვლავ აღიქმებოდა ერთიან რუსულ ორგანიზმად, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი ამ ერთიანი სხეულის კოორდინაციამოშლილ ნაწილებად. სრულებითაც არ იყო შემთხვევითი, რომ 1992 წელს ბარსელონაში ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ამ სახელმწიფოებს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დამოუკიდებლად მონაწილეობის უფლება არ დართო და ისინი დსთ-ს ეგიდით გამოვიდნენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სხვანაირად არც შეიძლებოდა მომხდარიყო. საერთოდ, ბიუროკრატია მდგრადი სისტემაა და სწრაფ ტრანსფორმირებას არ ექვემდებარება. დასავლური ბიუროკრატია უცებ ვერ გადაეწყობოდა მუშაობის ერთი რეჟიმიდან მეორე, კარდინალურად განსხვავებულ რეჟიმზე. ბოლომდე გადაწყობილი არც ახლაც არ არის და მაშინ მით უმეტეს! ამიტომ პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ ხანებში დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, რომელთა წარმატებები საგარეო პოლიტიკაში დიდწილად იყო გაპირობებული პერესტროიკის ზღაპრული პერიოდით, ლამის უფრო პრორუსულები იყვნენ, ვიდრე თვითონ რუსები. ბედის ირონია, ანუ გაამოთ! მართლაც ბედის ირონიად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრაქტიკულად ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა ვერ მოახერხა დაშლილი იმპერიის ერთგვარი რეინტეგრაცია, იყო ზუსტად ის, რაც განაპირობებდა დასავლეთის პრორუსულობას – ბიუროკრატიის ფაქტორი. საბჭოურ-რუსული სახელმწიფო ბიუროკრატია ტრადიციულად ანტიდასავლური ორიენტაციის გახლდათ. დასავლეთი იყო მტერი №1 და თუკი პერესტროიკის პოლიტიკამ დასავლური ბიუროკრატიის მუშაობა არნახულად წარმატებული გახადა, რუსული ბიუროკრატია სრული კრახის წინაშე აღმოჩნდა. დასავლეთის ბიუროკრატიისთვის ორიენტირი იყო ბერლინის კედლის დანგრევა და ვარშავის ბლოკის დაშლა, რუსული ბიუროკრატია კი პირიქით, კედლის გამაგრებასა და ბლოკის გაძლიერებაზე მუშაობდა. ამიტომ ის, რასაც გორბაჩოვი და მისი გუნდი აკეთებდა, არცერთ სამუშაო სქემაში არ ჯდებოდა. პერესტროიკის პოლიტიკამ ფაქტობრივად დაანგრია საბჭოთა კავშირის ინსტიტუციონალური ბაზისი, რასაც ბუნებრივად მოჰყვა საბჭოთა სახელმწიფოს ნგრევა. პოსტპერესტროულ პერიოდს რუსეთი პრაქტიკულად ფუნქციამოშლილი ბიუროკრატიით შეხვდა. აწყობილი ბიუროკრატიის გარეშე კი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვა მთლიანად ვოლუნტარისტულ და ირაციონალურ ხასიათს იღებს. რუსეთმა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო პოსტსაბჭოთა სივრცეზე კონტროლის დამყარება, რომ მას უბრალოდ არ გააჩნდა მკაფიოდ გამოკვეთილი, მიზანმიმართული სტარტეგია არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკაში. და იმიტომაც არ გააჩნდა, რომ ელემენტარულად არ ფუნქციონირებდნენ შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები, სადაც ამგვარი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება მოხდებოდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, თორემ პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლებას “დემოკრატიული რუსეთის” სახელით მაშინ არც არაფერი უშლიდა ხელს. დასავლეთი, როგორც უკვე ვთქვით, ამ სივრცეს ჯერ კიდევ რუსულ პრიზმაში ჭვრეტდა, ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები კი სახელმწიფოებრიობის ფორმირების სადებიუტო ეტაპზე იმყოფებოდნენ. მათ არ გააჩნდათ არც დამოუკიდებელი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, არც ახალი სტატუსის შესატყვისი ინსტიტუციური სტრუქტურები, სათანადო გამოცდილებით. მმართველ კლასს კვლავ ძველი კომუნისტური ნომენკლატურა წარმოადგენდა, რომელიც მთლიანად პრორუსულ-პროსაბჭოთა მენტალიტეტის გახლდათ და მუდამ მზად იყო “დაკარგულ სამოთხეში” დასაბრუნებლად. რუსეთს თავისუფლად შეეძლო წმინდა ეკონომიკური ბერკეტებით, ელემენტარულად უკან შეესყიდა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, ხოლო სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები გამოეყენებინა რამდენიმე სტრატეგიული ამოცანის უზრუნველსაყოფად: ვთქვათ, დსთ-ს ფარგლებში დემოკრატიის სახელით ერთიანი სამანეთო ზონის, ერთიანი საზღვრების და ერთიანი თავდაცვის სისტემის დაფიქსირებისთვის. ამის წინააღმდეგ არც დასავლეთი წავიდოდა და არც ახალ სახელმწიფოთა მმართველი ელიტა, მაგრამ მაშინ რუსეთი უფრო საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული და პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ უხეში სამხედრო გამოხტომებით მოქმედებდა, ისიც არათანმიმდევრულად და გააზრებული სტრატეგიის გარეშე. ამასობაში კი დრო გავიდა. დასავლურმა ბიუროკრატიამ გარკვეული გამოცდილება დააგროვა ახალ რეალობასთან ადაპტირების პროცესში. რაღაც გამოცდილება დააგროვეს ახალმა სახელმწიფოებმაც, რაც მათ ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებაშიც აისახა. რუსულმა ბიუროკრატიამ კი რეალურად მხოლოდ ახლა, პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო კრიზისიდან გამოსვლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს განსაზღვრავს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას – ურთიერთობებს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის. ქაღალდი, მეტი ქაღალდი! როდესაც საქართველოში ამერიკის საელჩო გაიხსნა, მის პერსონალში იყვნენ რუსული ენის მცოდნეები, მაგრამ ქართული არავინ იცოდა. დღეისათვის ამერიკის საელჩოს რამდენიმე წარმომადგენელმა უკვე სპეციალურად შეისწავლა ქართული ენა და ეს არ მომხდარა ქართული კულტურისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გამო. უბრალოდ ამერიკული ბიუროკრატიის კაბინეტებში საქართველო დაფიქსირდა, როგორც სახელმწიფო. დასავლური ბიუროკრატია უკვე აღარ განიხილავს ბალტიისპირეთგამოკლებულ პოსტსაბჭოთა სივრცეს ერთიან რუსულ ორგანიზმად, თუმცა, ჯერ ვერც თორმეტ დამოუკიდებელ ორგანიზმად აღიქვამს. პირველი შოკის შემდეგ მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცის ოთხ რეგიონად დახარისხება: რუსეთი, განაპირა აღმოსავლეთ ევროპა (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა), სამხრეთ კავკასია (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) და ცენტრალური აზია (ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი). რასაკვირველია, ესეც გამარტივებული აღქმაა და არც მთლად მართებული. ძნელია სერიოზულად ილაპარაკო, მაგალითად, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ან უზბეკეთისა და ტაჯიკეთის საერთო სტრატეგიულ ინტერესებზე, მაგრამ ბიუროკრატია მუდამ მიდრეკილია გამარტივებისკენ: რახან აღარ გამოდის ერთი, ჯობია იყოს ოთხი, ვიდრე თორმეტი. ერთიდან ოთხამდე დათვლას წლები დაჭირდა და სანამ თორმეტამდე დაითვლიან, კიდევ არაერთი წელი ჩაივლის. ახლა დავსვათ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის უაღრესად აქტუალური კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დასავლეთის ინტერესები ამ ქვეყნების მიმართ გაიზარდოს და უფრო მკაფიოდ დაფიქსირდეს? აშშ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს ბიუროკრატიის ბუნების საილუსტრაციოდ ხშირად მოჰყავდა ერთი შემთხვევა: როდესაც ჯარში ვმსახურობდი, მოგვივიდა ბრძანება არქივში გადაცემული დოკუმენტაციის ერთი ნაწილის განადგურებაზე. სულ ცოტა ხანში კი მეორე ბრძანება მოვიდა – სანამ გაანადგურებთ, მანამდე თითოეული დოკუმენტის ასლი გადაიღეთო. ეს ანეგდოტი უაღრესად საგულისხმო მინიშნებას შეიცავს. ბიუროკრატია ყველაფერს ქაღალდზე აფიქსირებს: ყოველივე აღინუსხება, აღინიშნება და აღიწერება. ეს ნიშნავს, რომ რაც მეტია ერთი სახელმწიფოს ინტერესი მეორე სახელმწიფოს მიმართ, მით მეტია ინფორმაციის ნაკადი, და, შესაბამისად, მით მეტი ქაღალდი გროვდება ამ თემაზე. მაგრამ ასევე შეგვიძლია პირიქითაც ვთქვათ: რაც მეტი ქაღალდია დაგროვილი ერთ სახელმწიფოში მეორე სახელმწიფოზე, მით მეტია ინტერესი. ეს არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების “რკინის წესი,” რომლის გამონაკლისი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს დასავლეთის ინტერესების გასაღვივებლად სულ უმარტივესი რამ ჭირდებათ: მათ უნდა უზრუნველყონ დასავლეთის ბიუროკრატიული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით დატვირთვა. აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა იმდენად ინფორმაციის შინაარსს, არამედ რაოდენობას. ყოველი ასეთი ინფორმაცია აუცილებლად აისახება ქაღალდზე და შეინახება რომელიმე თაროზე. რაც მეტი იქნება ქაღალდი, მით მეტ ადგილს დაიჭერს იგი თაროებზე, შესაბამისად, დადგება მომენტი, როცა საჭირო გახდება ამ ქაღალდებით დაკავებული საკადრო პერსონალის გაზრდა, შესაბამისად მოიმატებს იმ ხალხის რაოდენობა, რომელიც ქაღალდებში დაფიქსირებულ სახელმწიფოზე მუშაობს, შესაბამისად გაძლიერდება ურთიერთობების ინტენსივობის ხარისხი ამ სახელმწიფოსთან, და, როგორც ლოგიკური შედეგი, აუცილებლად გაიზრდება ინტერესი ამავე სახელმწიფოს მიმართ. საკითხის ამგვარად დასმა შეიძლება ვინმეს ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სახუმარო. ქაღალდებში განსხეულებული ინფორმაციის სიხშირე უზრუნველყოფს ურთიერთობების სიხშირეს, რაც, თავის მხრივ უზრუნველყოფს გარკვეული ტრადიციის, გარკვეული სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ურთიერთობათა ტრადიცია კი, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, დიდწილად განსაზღვრავს ამ ურთიერთობის ხასიათს. საგულისხმო მაგალითი: დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო საქართველოს ხელისუფლებას გაცილებით მეტად საყვედურობენ, ვიდრე, მოლდოვეთს, უზბეკეთს ან სომხეთს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებში ადამიანის სამოქალაქო უფლებების თვალსაზრისით ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაა. მიზეზი აქაც იგივეა: საქართველოში რეალურად ფუნქციონირებენ დამოუკიდებელი და გავლენიანი უფლებადაცვითი ორგანიზაციები, მათ უკვე რამდენიმე წელია, რაც მუდმივი კონტაქტი აქვთ დასავლურ სტრუქტურებთან. შესაბამისად, უფლებადაცვით სფეროში საქართველოზე გაცილებით მეტი ქაღალდია დაგროვილი, ვიდრე ვთქვათ, თურქმენეთზე, სადაც უფლებადაცვითი ორგანიზაციები საერთოდ არ არსებობენ. რაც მეტია ქვეყანაში უფლებადაცვითი ჯგუფები, მით მეტი დარღვევის ფაქტი აღირიცხება, შესაბამისად, მეტი ინფორმაცია გაედინება საზღვარგარეთ და, შესაბამისად, გროვდება მეტი ქაღალდი... დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკური აქტივობების ინსტიტუციონალური საფუძველი დასავლური ბიუროკრატიაა. ამ თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტის შემდეგაც. რა გეოსტრატეგიული პრიორიტეტების გადასინჯვაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი შესაბამისი ბიუროკრატიული სტრუქტურების მეშვეობით განხორციელდება, ბიუროკრატიას საბოლოო ჯამში ყველაფერი ქაღალდებამდე დაჰყავს. თუმცა, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ თვით ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პოლიტიკურ კურსს პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდეს. სწორედ რომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს! ავიღოთ იგივე საქართველო. ლიბერალური რეფორმები ეკონომიკასა და პოლიტიკაში უზრუნველყოფს დასავლური ინვესტიციებისა და დასავლური ინსტიტუციების ზრდას. შესაბამისად იზრდენა ურთიერთობათა ინტენსივობა, შესაბამისად იზრდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, და, როგორც ლოგიკური შედეგი, იზრდება ქაღალდების რაოდენობა, აქედან გამომდინარე შედეგებით (იხ. ზემოთ). თავის დროზე საქართველო სწორედ რეფორმების ტემპით გამოირჩა დანარჩენი პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან, რაც სათანადო ანგარიშებში (ქაღალდებში) აისახა და დასავლეთის ინტერესიც ამ ქვეყნოს მიმართ გაიზარდა. ხოლო თუ დღეს საქართველოში კვლავ გაგრძელდება ლიბერალური რეფორმების ბლოკირების დღევანდელი კურსი, ეს გამოიწვევს დასავლური ინვესტიციების და ინსტიტუციების გადინებას. იკლებს ურთიერთობათა ინტენსივობა, დაიხურება პროგრამები, შესაბამისად იკლებს ქაღალდების რაოდენობა, აქედან გამომდინარე შედეგებით (იხ. ზემოთ კიდევ ერთხელ). ბოლოთქმა: სანამ დარაჯი კარს დაკეტავს. ის, რაც ითქვა საქართველოს მაგალითზე, შეგვიძლია თავისუფლად განვავრცოთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზეც. ასე, რომ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შემდგომი ბედი მთლიანად მათ ხელშია. ყველაზე დიდი შეცდომა, ამ ქვეყნებში მოქმედი პროდასავლური ძალების მხრიდან იქნება მოლოდინი იმისა, რომ ინიციატივა დასავლეთიდან წამოვა. ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, თუ რაღაც 11 სექტემბრის მაგვარი მოვლენა არ მოხდა, თუმცა, ასეთ საგანგებო შემთხვევაშიც პრიორიტეტთა გადათამაშებას გარკვეული დრო დაჭირდება და ძველის ინერცია კიდევ კარგა ხანს გასტანს. არაფერი ისე ადექვატურად არ წარმოსახავს დასავლეთის დამოკიდებულებას ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების, და, საერთოდ, განვითარებადი ქვეყნების მიმართ, როგორც დარაჯი კანონის კართან – ძლევამოსილი ბიუროკრატიის სიმბოლო ფრანც კაფკას რომანიდან "პროცესი." დასავლური ბიუროკრატია, ეს არის დასავლეთის კარის დარაჯი. მისი ფუნქციაა, ამ კარში უცხო არავინ შეუშვას. თუკი ვინმეს სურს შესვლა და ამისთვის დარაჯის ნებართვას ელოდება, ასეთ ნებართვას ის ისევე ვერ მიიღებს, როგორც კანონის კართან მოლოდინში ჩამომხმარი კაფკასეული პერსონაჟი, მაგრამ თუ შესვლის მსურველი ნებართვას კი არ დაელოდება, არამედ თვითონ გააღებს კარს, დარაჯი მას შეუშვებს. დღეს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები მართლაც კაფკასეული პერსონაჟივით ყურყუტებენ დასავლეთის კარიბჭესთან და უცდიან როდის მოიღებს მათ თავზე მოწყალებას კარის დარაჯი – დასავლური სახელმწიფო ინსტიტუციების ეს პერსონიფიცირებული სუბიექტი. ამაოა მათი ლოდინი. დასავლეთის აქტივობა შეიძლება იყოს მხოლოდ საპასუხო და არა საინიციატივო. ბიუროკრატია და ინიციატივა ურთიერთგამომრიცხავი კატეგორიებია და თუ გავიზიარებთ იმ აზრს, რომ დასავლეთის პოლიტიკა ეფუძნება დასავლურ ბიუროკრატიას (რაც ნამდვილად ასეა), მაშინ პირველ ნაბიჯს დასავლეთიდან არასდროს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ბიუროკრატია ასევე არაფერს არ ტოვებს რეაგირების გარეშე, ამიტომ საპასუხო სვლა ყოველთვის გაკეთდება. ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ რეალური შანსი – კაფკას იმდედგაცრუებული პერსინაჟისგან განსხვავებით შევიდნენ იმ კარში, რომელსაც მრისხანე დარაჯი იცავს. და პირველ რიგში სწორედ ლიბერალური რეფორმების ფორსირებული და თანმიმდევრული კურსი შეიძლება იყოს ის ინიციატივა, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობათა ინტენსივობის ზრდას, შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის მოცულობის ზრდას და ა. შ. და ა. შ.. (იხ. ზემოთ, უკანასკნელად). და ბოლოს, რასაც გულწრფელად ვურჩევდი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც ასევე გულწრფელად სურთ შეაღონ დასავლეთის კარი და იმედით შესციცინებენ თვალებში მის დარაჯს: გადაიკითხეთ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ. კაფკასეული პერსონაჟისგან განსხვავებით შეიძლება ისიც ვერასდროს შეიტყონ, რომ ეს შესასვლელი სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი. http://advocatusdiboli.blogspot.com/2010/07/blog-post_7495.html?spref=fb Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2010 ძალიან საინტერესო სტატიაა... გირჩევთ არ დაიზაროთ და წაიკითხოთ ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აქვთ რეალური შანსი – კაფკას იმდედგაცრუებული პერსინაჟისგან განსხვავებით შევიდნენ იმ კარში, რომელსაც მრისხანე დარაჯი იცავს. და პირველ რიგში სწორედ ლიბერალური რეფორმების ფორსირებული და თანმიმდევრული კურსი შეიძლება იყოს ის ინიციატივა, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობათა ინტენსივობის ზრდას, შესაბამისად უზრუნველყოფს ინფორმაციის მოცულობის ზრდას და ა. შ. და ა. შ.. (იხ. ზემოთ, უკანასკნელად). და ბოლოს, რასაც გულწრფელად ვურჩევდი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომელთაც ასევე გულწრფელად სურთ შეაღონ დასავლეთის კარი და იმედით შესციცინებენ თვალებში მის დარაჯს: გადაიკითხეთ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ. კაფკასეული პერსონაჟისგან განსხვავებით შეიძლება ისიც ვერასდროს შეიტყონ, რომ ეს შესასვლელი სწორედ მათთვის იყო განკუთვნილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2010 ამდენი ჩემმა ტვინმა ვერ გადაამუშავა//// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.