planetanews Posted July 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 1, 2010 ბოლო 18 თვის განმავლობაში აჭარის ხელისუფლებამ 24 ძვირადღირებული მანქანა იყიდა. ავტონომიურ რესპუბლიკას ხუთი მანქანა კერძო პირებმაც აჩუქეს. გარდა ამისა, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი მანქანებითაც სარგებლობენ, რომელთა შესახებ ფინანსთა სამინისტროში დოკუმენტაცია არ მოიპოვება. “ქამრების შემოჭერის” ფონზე ძვირადღირებული მანქანების ყიდვა-გაყიდვა-ჩუქების ფაქტები “ბათუმელების” ჟურნალისტურ გამოძიებაში: წინასაარჩევნო პერიოდში შავი ფერის `მიცუბიში აუტლანდერები“ ბათუმში, “ნაცმოძრაობის” მთავარ ოფისთან, ადვილი შესამჩნევი იყო. ეს მანქანები ერთმანეთისგან მხოლოდ სახელმწიფო ნომრებით განსხვავდებოდა: შKA 007 ან შKA 111. სანამ საჭესთან უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დავინახავდით, სერიის მიხედვითაც ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ მანქანები უმაღლეს საბჭოს ეკუთვნოდა (უმაღლესი საბჭოს ვებგვერდის მისამართია: სკა.გოვ.გე) უმაღლესმა საბჭომ ავტოპარკინგის განახლებისთვის 400 ათასამდე ლარი 2010 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა. პირველი ტენდერი ჩაიშალა, რადგან ეს თანხა ზუსტად ერთნაირი რვა მანქანის შესაძენად საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე ტენდერში კი შპს `აუტოლენდიმ“ უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და საკანონმდებლო ორგანოს რვა მსუბუქი ავტომანქანა _ `მიცუბიში აუტლანდი“ 389 200 ლარად, თითოეული 48 650 ლარად მიჰყიდა. გაზეთ "ბათუმელებს" ზუსტად ერთნაირი რვა ავტომანქანის შეძენის მოტივად ის დაუსახელეს, რომ განსხვავებული ფასის მანქანების შეძენა დეპუტატების უკმაყოფილებას გამოიწვევდა. რვიდან ორი ავტომანქანით ოპოზიციის წარმომადგენლები _ ნიაზ ზოსიძე (როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე) და ნუგზარ ფუტკარაძე (ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე) გადაადგილდებიან. დანარჩენი მანქანები გელა დეკანაძის (ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე) და კომისიის თავმჯდომარეების _ მიხეილ მჟავანაძის, ასმათ დიასამიძის, პეტრე ზამბახიძის, ვაჟა ბოლქვაძისა და გელა ცხომელიძის განკარგულებაშია. ნიაზ ზოსიძე აცხადებს, რომ გაუმართლებლად მიაჩნდა ამ ფასის ავტომანქანების შეძენა. ბიუროს სხდომას, რომელზედაც აჭარის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი დეტალურად განიხილეს, ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან. უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან აზრი გამოითქვა, თუმცა მუხლი, რომლითაც მანქანების შესყიდვა იყო გათვალისწინებული, სადავო არ გამხდარა. 18-წევრიანი უმაღლესი საბჭოს ბალანსზე დღეს 13 ავტომანქანაა (საბჭოში 12 მძღოლია დასაქმებული). აქედან ორი მძღოლი და ორი ავტომანქანა: "ტოიოტა პრადო" (IUI 885) და "ტოიოტა კამრი" (QVQ 989) უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ემსახურება. "ტოიოტა პრადო", რომელშიც 61 175 ლარია გადახდილი, როგორც "ბათუმელებმა" გაარკვია, ე.წ. ხოფის ბაზრობის კაპიტალით არის ნაყიდი. ამ საჩუქარს წინ უსწრებდა გახმაურებული სასამართლო პროცესები _ 2009 წლის ივლისში ბაზრობა კერძო მესაკუთრეს ჩამოერთვა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. საკუთრების ჩამორთმევიდან ერთ თვეში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ვაჟა ბოლქვაძის #622 ბრძანებით, შპს "სავაჭრო ცენტრი 2009"-ის კაპიტალიდან გამოტანილ იქნა 61 175 ლარი, რითაც "ტოიოტა პრადო" იყიდეს. ეს მანქანა უმაღლეს საბჭოს 2009 წლის 16 ოქტომბერს გადაეცა. რაც შეეხება მეორე ავტომანქანას, "ტოიტა კამრს", რომელიც ასევე მიხეილ მახარაძის განკარგვაშია, 2009 წლის ნოემბრამდე უმაღლესი საბჭოს დოკუმენტაციაში არ ფიგურირებდა. 2010 წლის 7 მაისიდან ეს ავტომანქანა საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზეა, თუმცა დოკუმენტაციითვე ირკვევა, რომ ის უმაღლეს საბჭოს თავისი ბიუჯეტით არ უყიდია. უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის, ლევან ხოზრევანიძის განცხადებით, ეს ავტომანქანა უმაღლეს საბჭოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა. "ბათუმელებმა" ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მთავრობის აპარატისთვის, უმაღლესი საბჭოსა და სამინისტროებისთვის 2005 წლიდან დღემდე გადაცემული ავტომანქანების სრული ჩამონათვალი გამოითხოვა. სამინისტროს დოკუმენტაციაში ავტომანქანა "ტოიტა კამრი" არ ფიგურირებს. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა _ აბესალომ გურგენიძემ პირად საუბარში განაცხადა, რომ ამ მანქანის არსებობის შესახებ იცის, თუმცა რატომ არ არის ოფიციალურ ჩამონათვალში შეტანილი, გასარკვევია. გასარკვევია კიდევ 16 ავტომანქანის ბედი, რომელიც უმაღლესმა საბჭომ ახალი მანქანების ყიდვის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. სამინისტროდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში არც ეს ავტომანქანები ფიგურირებს. უმაღლესმა საბჭომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემდგომი სარგებლობისა თუ აუქციონზე გასაყიდად 2005 წლიდან დღემდე სულ 29 ავტომანქანა გადასცა. ფინანსთა მინისტრის განკარგულებით, ამ მანქანებიდან სამი ავტომანქანა გადაეცა სხვა უწყებებს, აუქციონზე კი მხოლოდ 10 ავტომანქანა გაიყიდა. სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე მანქანის გადაცემის დოკუმენტაცია ახლა მზადდება, თუმცა უმაღლესი საბჭოდან გადაცემული ამ მანქანების კონკრეტული ადგილსამყოფელი არ მიგვითითეს. სამინისტროს ვარაუდით, შესაძლოა ეს მანქანები ისევ უმაღლესი საბჭოს ავტოპარკინგის ტერიტორიაზე იყოს გაჩერებული. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სამსახურის უფროსმა _ ბადრი ცეცხლაძემ ეს ინფორმაცია უარყო. სამინისტრომ ყველაზე იაფად _ 236 ლარად 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანა "გაზ-31 _ 029" გაყიდა, ყველაზე ძვირად _ 6 105 ლარად კი "მიცუბიში მონტერო", სახელმწიფო ნომრით: VIG 500. ამ მანქანით, რომელშიც თავის დროზე 20 000 ლარი გადაიხადეს ბიუჯეტიდან, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე სამი წლის განმავლობაში გადაადგილდებოდა. გაყიდვამდე ამ მანქანის გასარემონტებლად ბიუჯეტიდან 1889 ლარი დაიხარჯა. მანქანა აუქციონზე მიხეილ მახარაძის მძღოლმა, შოთა მახარაძემ იყიდა. ნაჩუქარი ავტომანქანები უმაღლეს საბჭოს ავტოპარკინგის განახლება დაახლოებით ერთი წლით დაასწრო აჭარის მთავრობამ. ახალი ავტომანქანები, ძირითადად, ბიუჯეტის ფულით შეიძინეს, თუმცა ძვირადღირებული ხუთი ავტომანქანა, რომლებითაც მთავრობის აპარატის თანამშრომლები გადაადგილდებიან, აჭარის მთავრობას უსასყიდლოდ კერძო პირებმა გადასცეს. მათ შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. ავტონომიის მთავრობას ავტომანქანები აჩუქეს: მოქალაქე ნოდარ გელაშვილმა _ 2009 წელს გამოშვებული 80 000-ლარიანი "ჰონდა ლეგენდი", სულეიმან ბაკურიძემ _ 31 866 ლარად ღირებული "ტოიოტა კოროლა", ხოლო ამავე ღირებულებისა და მარკის ავტომანქანა _ რამინ შავაძემ. ბოლო ორი მანქანაც 2009 წელს არის გამოშვებული და ორივე მინისტრ ვაჟა ბოლქვაძის 2009 წლის 17 ნოემბრის #794 ბრძანებით გახდა სახელმწიფოს საკუთრება. 35 000 ლარის ღირებულების "ტოიტა ლენდკრუიზერი" (XთX 079) მთავრობას თურქეთის მოქალაქე დილალ ალქიმ ქაიამ აჩუქა. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქაია ამჟამად თბილისში ცხოვრობს. 43 274 ლარად ღირებული ავტომანქანა "ტოიტა კამრი" (სახ. ნომ. BDB 225) აჭარის მთავრობას ასევე თურქეთის მოქალაქემ ხირმასი ჯამალმა აჩუქა. აჭარის ფინანსთა სამინისტროში პირის იურიდიულ მისამართად მითითებულია ქალაქი ზესტაფონი. საჯარო რეესტრის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, მოქალაქე ნოდარ გელაშვილს, რომელმაც აჭარის ხელისუფლებას 80 000 ლარის ღირებულების "ჰონდა ლეგენდი" უსახსოვრა _ ლერმონტოვის ქუჩის #94-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი იპოთეკით აქვს დატვირთული. ბინა ჯერ "სილ ქროუდ ბანკში" დაიტვირთა იპოთეკით, შემდეგ კი _ "საქართველოს ბანკში". ნოდარ გელაშვილმა 80-ათასიანი ავტომანქანა აჭარის მთავრობას 2009 წლის 10 ნოემბერს აჩუქა. ჩუქებიდან ორ დღეში, 2009 წლის 12 ნოემბერს, ნოდარ გელაშვილი, როგორც "ნეოკლინიკის" წარმომადგენელი, ხელს აწერს ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ "ნეოკლინიკას" საკუთრებაში გადასცა ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მდებარე ქალაქის პოლიციის ყოფილი შენობა (ძეგლის სტატუსის მქონე) საერთო ფართობით _ 1608,99 კვ/მ. როგორც "ნეოკლინიკის" ხელმძღვანელმა განაცხადა, ეს შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ "ნეოკლინიკას" პირდაპირი მიყიდვის წესით, გარკვეული პირობებით, 444 000 ლარად მიყიდა. ანუ, 1 კვ/მეტრი 276 ლარად გაასხვისეს, მაშინ, როცა ქალაქის ამ ნაწილში 1 კვ/მ საცხოვრებელი ფართობის საბაზრო ფასი, საშუალოდ _ 1000, კომერციულისა კი _ 2000 აშშ დოლარია. "ნეოკლინიკის" ხელმძღვანელმა _ გენადი გადელიამ "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ ნოდარ გელაშვილი "ნეოკლინიკის" წარმომადგენელია. "ბათუმელებს" ნოდარ გელაშვილმაც განუმარტა, რომ გარდა "ნეოკლინიკისა" სხვაგან არ მუშაობს, შემდეგ კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხა (შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა _ რა იყო "ქველმოქმედების" მოტივი?). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ნოდარ გელაშვილი 2008 წლის 20 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ურეხის ჩაის ფაბრიკის ერთპიროვნული მფლობელი გახდა. 2009 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 16 ერთეული "ნისან-ნავარა" იყიდა, რაშიც 598 300 ლარი გადაიხადა ბიუჯეტიდან. 2008 წელს გამოშვებულ ზუსტად ერთნაირ მანქანებში სხვადასხვა ოდენობის თანხაა გადახდილი. ექვსი მანქანა გზების დეპარტამენტს გადაეცა _ თითოეული 37 800 ლარად შეძენილი; 37 800 ლარია გადახდილი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთვის გადაცემულ ავტომანქანებშიც (ორი მანქანა); აჭარის განათლების სამინისტროსთვის გადაცემულ მანქანაში კი 37000 ლარია გადახდილი; იმ სამი ავტომანქანიდან, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სამსახურსა და აჭარის კურორტების დეპარტამენტს გადაეცათ, თითოეულში 35 900 ლარია გადახდილი. ოთხი "ნისან ნავარა" კი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ქობულეთის გამგეობებს გადაეცათ. გამონაკლისია ხულოს გამგეობა, რომელსაც ბრძანებით ერთი მანქანა გადაეცა, თუმცა შემდეგ ეს ბრძანება გაუქმდა. ახალი მანქანების ყიდვამდე აჭარის მთავრობამ მის საკუთრებაში არსებული ქონება (მანქანები) შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს გადასცა. პირველს 106 822 ლარად ღირებული "ნისან პატროლი?, ხოლო მეორეს 16 440 ლარად ნაყიდი "მერსედეს ბენცი" ათხოვა. 2009 და 2010 წლებში ავტოპარკინგის განახლებაზე აჭარის ბიუჯეტიდან მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა ამ თანხაში არ შედის "ხოფის ბაზრობის" კაპიტალიდან ნაყიდი ძვირადღირებული მანქანა. გარდა ამისა, მთავრობა სარგებლობს სამი ძვირადღირებული ავტომანქანით, რომელთა წარმომავლობაც გაურკვეველია ("ტოიოტა კამრი"_ OQO 070 (58 975 ლარი), "ტოიოტა კამრი" _ MMA 747 (30 000 ლარი), "ტოიოტა კამრი" _ JOO 558 (43 272 ლარი). აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ამ ავტომანქანების შეძენის ფინანსური წყარო მითითებული არ არის. მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების NED და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს "გაზეთ ბათუმელებს". ინფორმაციის გამოყენებისას გაზეთ "ბათუმელების" მითითება აუცილებელია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts