Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) როი – ვიკინგი


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01409/roy-hodgson_1409643c.jpgგაიცანით როი ჰოჯსონი…

 

“არ ვიცი, რომელი ფეხბურთია უკეთესი, უბრალოდ კარგი ფეხბურთი მიყვარს”.

 

“გაცილებით იოლია ფეხბურთელს ტაქტიკა და ინდივიდუალური ოსტატობა შეასწავლო, ვიდრე მათი ხასიათი გამოაწრთო და მებრძოლი თვისებები შესძინო”.

 

“დემოკრატიით მწვრთნელი ბევრს ვერაფერს მიაღწევს. ფეხბურთელების აზრი ნაკლებად მაინტერესებს, მხოლოდ რამდენიმე გამოცდილ მოთამაშეს თუ მოვუსმენ”.

 

როი ჰოჯსონი განსაკუთრებული სპეციალისტია. მან ევროპული ფეხბურთისგან ყველაფერი საუკეთესო აითვისა, მაგრამ ამავდროულად, პირწმინდა ბრიტანელ მწვრთნელადაც რჩება – მისი გუნდიც ასეთია. 62 წლის ასაკში ჰოჯსონს “ყველაზე პერსპექტიული” ბრიტანელი მწვრთნელი შეგვიძლია ვუწოდოთ. იგი “ლივერპულში” რაფა ბენიტესით შეცვალეს. ინგლისის ნაკრებში კი ფაბიო კაპელოს შემცვლელად მიიჩნევდნენ. საოცარია, მაგრამ ინგლისში ჰოჯსონის ტალანტი მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში, “ფულემის” ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ აღიარეს, არადა კონტინენტზე 2 ათეულ წელზე მეტია მაღალი დონის მწვრთნელად მიიჩნევენ.

 

ჰოჯსონს არ სწამს საფეხბურთო ინოვაციებისა და ახალი იდეების. მისი მტკიცებით, “ქრეივენ კოტეჯზე” პრაქტიკის გასასვლელად ჩასულ მწვრთნელებს უფრო საორგანიზაციო საკითხი აინტერესებთ, ვიდრე ვარჯიშის სამეცნიერო მეთოდები ან ტაქტიკური თეორიები. მისივე ღრმა რწმენით, სწორედ საორგანიზაციო საკითხებია საფეხბურთო წარმატების ალფა და ომეგა, ჰოჯსონის სამწვრთნელო კარიერა კი თეორემის აქსიომად გადაქცევის ნათელი მაგალითია. მისი გუნდები ყოველთვის “კარგ ფეხბურთს” თამაშობენ. ჰოჯსონისეული გაგებით ეს მინდორზე ბოლომდე დახარჯვას და სხვისი თამაშის ჩაშლას კი არა, საკუთარი თამაშის წარმოჩენას ნიშნავს. ამიტომაც თავისი გუნდის ფეხბურთელებისგან ბურთის კონტროლს, დაცვაში მარტივ და ტაქტიკურად გამართულ თამაშს, ხოლო ფორვარდებისგან აქტიურ, ენერგიულ მოქმედებას მოითხოვს. ჰოჯსონის გუნდებში ვერ შეხვდებით ვარსკვლავებს, სამაგიეროდ იგი გუნდ-ვარსკვლავს აყალიბებს. სწორედ ასეთ კოლექტივს თუ შეეძლო ევროპის ლიგაში ტურინის “იუვენტუსთან” განმეორებით მერვედფინალურ მატჩში სამბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა და შეხვედრის მიწურულს გადამწყვეტი, მეოთხე გოლის გატანა. მკაცრი დისციპლინის მომხრე როი ჰოჯსონი არ მალავს, სამუშაო პროცესში დიქტატორი რომაა. ტექნიკურ, მაგრამ “არასაიმედო” და ჭირვეული ხასიათის ფეხბურთელებს ის იოლად ელევა და აქცენტს “ჭეშმარიტ პროფესიონალებზე” აკეთებს. მოთამაშეებთან საქმიანი ურთიერთობისას ყოველთვის დისტანციას იჭერს, არასდროს ჰქონია რომელიმე მათგანთან გაუგებრობა და ყველა აღიარებს, რომ როი ჰოჯსონი და სკანდალი ანტონიმებია. “ფულემის” აწ უკვე ყოფილ დამრიგებელს ისეთ ფეხბურთელებთან მოსწონს მუშაობა, რომლებიც მის მითითებას მყისიერად, ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ. ამიტომაც მას განსაკუთრებით სკანდინავიელი და საერთოდ, ჩრდილოელი ფეხბურთელები უყვარს. ჰოჯსონს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც უმუშავია, თუმცა, მისი კარიერის ძირითადი და წარმატებული ნაწილი სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და შვეიცარიას უკავშირდება. ფინეთის ნაკრების ისტორიაში ხომ მხოლოდ მან შეძლო ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც დიდი ტურნირის დასკვნით ეტაპზე მოხვედრის შანსი ჰქონდა. ამის მიუხედავად, დიდი ხნის განმავლობაში სამშობლოში ჰოჯსონის კვალიფიკაციას ეჭვის თვალით უმზერდნენ, არადა ის ყოველთვის ინგლისში მუშაობაზე ოცნებობდა. იგი ჯიუტად ელოდა საკუთარ შანსს, არასდროს დაუკარგავს რწმენა, შთაგონებას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას კი დიდწილად წიგნებიდან იძენდა – თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს იგი დღემდე კითხვაში ატარებს.

 

როი ჰოჯსონს თვითრეკლამა არასდროს უცდია და შესაძლოა ამიტომაც ვერ აფასებდნენ მას სამშობლოში ჯეროვნად. დღეს კი ინგლისელი ჟურნალისტები მას განძს ადარებენ (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე).

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...