planetanews Posted June 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 30, 2010 გასულ კვირას დაბა ხულოში, საკრებულოს შენობის წინ, ასეულობით მუსლიმანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას მათი რელიგიური უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებენ. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ კერძო მესაკუთრეებს ის შენობები ჩამოართვა, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ს ჰქონდა ნაქირავები. ”მადლი 2005”-ს აჭარაში ოთხი სკოლა ჰქონდა გახსნილი, სადაც მსურველებს მუსლიმანურ რელიგიას ასწავლიდნენ. საპროტესტო აქცია ხულოს გამგებლის ლევან აბაშიძის ინფორმაციით, აქციაზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები კი ირწმუნებიან, რომ ხულოს ცენტრში პროტესტი 33 სოფლიდან ორი ათასამდე ადამიანმა გამოხატა. აქციის მონაწილეები მუსლიმანი და ქრისტიანი ქართველების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, რომ შეწყვიტონ მათი რელიგიური ნიშნით შეზღუდვა. საქმე იმაშია, რომ ხულოს მკვიდრ ჯუმბერ კახაძეს ხელვაჩაურის სასამართლომ საკუთარი სახლი ჩამოართვა (ეს სახლი მან 2003 წელს იყიდა). სასამართლო პროცესებისა და, შესაბამისად, საკუთარი ქონების ჩამორთმევის შესახებ ჯუმბერ კახაძე ინფორმირებული არ იყო. ჯუმბერ კახაძე: `გამგებელმა, ლევან აბაშიძემ ერთი კვირის წინ მითხრა, რომ სახლი უნდა დამეცალა, თორემ პოლიციის ძალით დამაცლევინებდნენ. სახლი `მადლ 2005~-ს 2005 წელს მივაქირავე. იმ სახლში ფონდმა საქველმოქმედო სკოლა გახსნა, სადაც ახლა 52 ბავშვი ცხოვრობს და სწავლობს~. ჯუმბერ კახაძეს ინფორმაციით, მათ გამგებელმა, ლევან აბაშიძემ უთხრა, რომ მისი სახლი, სადაც ახლა მუსლიმანური სასწავლებელია, საქართველოს საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. გამგებელი ამ ინფორმაციას უარყოფს. ჯუმბერ კახაძე, რომელიც სოფელ ბეღლეთში ცხოვრობს, ფიქრობს, რომ ეს ფაქტი როგორც მისი, ისე მუსლიმანთა უფლებების შელახვაა და ხელისუფლება ”ერთეულებს ებრძვის”. ჯუმბერ კახაძე საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებს, ”სტრასბურგამდე ჩავალ”, - ამბობს ის ”ბათუმელებთან”. აქციის მონაწილეებმა მუსლიმანთა უფლებების დაცვა, კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრისთვის უკან დაბრუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვეს. ლევან აბაშიძე ხელისუფლების პოზიციას ”ბათუმელებთან” ასე აყალიბებს: `მადლი 2005~-ს ჰქონდა ფინანსური დარღვევა. ადამიანებმა აქცია იმიტომ მოაწყვეს, რომ, მათი აზრით, ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. სინამდვილეში ეს კანონიერია, რადგან ასე დაადგინა სასამართლომ. დაპირებით არავის არაფერს დავპირებივართ. არავითარ ზეწოლას არავისზე არ ვახდენთ. აქციის გამართვის უფლება აქვთ და შეუძლიათ კიდევ გამართონ~. ზეწოლისა და მოქალაქეთა დაშინებაზე `ბათუმელებთან~ აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს. აქციის მონაწილე რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია დაბა ხულოს ცენტრში პარასკევს იგეგმება. მათი მთავარი მოთხოვნა საკუთრების დაბრუნება და ფონდის შენარჩუნება იქნება. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ საქველმოქმედო ფონდი `მადლი 2005~ სოციალურად დაუცველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოყალიბდა, რომელსაც ფილიალები ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჰქონდა. ყველა ფილიალი კერძო პირისაგან ნაქირავებ სახლში იყო განთავსებული. რამაზ კაკალაძის ინფორმაციით, `მადლი 2005-ში~ სკოლის 250 მოსწავლე და სტუდენტი სასულიერო განათლებას იღებდა. ”ბათუმელებმა” ამ ფაქტის შეფასება აჭარის ყოფილ მუფთს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის რელიგიურ საკითხებში ამჟამინდელ მრჩეველს სთხოვა. ბექირ (ბეჟან) ბოლქვაძემ კომენტარზე უარი განაცხადა და მოქმედ მუფტთან გადაგვამისამართა. ხულოში გამართული აქციის შეფასება ”ბათუმელებთან” არც აჭარის მოქმედმა მუფტმა, ქემალ ცეცხლაძემ ისურვა. სამართლებრივი მხარე საქველმოქმედო ფონდ `მადლი 2005~-ის მიერ იჯარით აღებული საცხოვრებელი სახლები საგადასახადო ინსპექციამ 2007 წელს დააყადაღა. შემდეგ ინსპექციამ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, დაედგინა იჯარით გაცემული სახლების მეპატრონეებისა და საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005”-ის ცრუმაგიერობა (ცრუმაგიერი მფლობელობა, ანუ თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს). ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ საქველმოქმედო ფონდ ”მადლი 2005-ის” დირექტორი შოთა გაბაიძე გადასახადებისთვის თავის არიდების გამო დააპატიმრეს. აჭარის პროკურატურის პროკურორის გელა კუჭაშვილის ინიციატივით, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობები ასეთი იყო: პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სანაცვლოდ იგი დააჯარიმეს ხუთი ათასი ლარით, ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა იჯარით აღებული ქონება. ეს შეთანხმება შედგა სახელმწიფოსა და გაბაიძეს, როგორც საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, შორის. ქონება - ოთხი ორსართულიანი სახლი ინვენტარით, რომელიც სახელმწიფომ მიისაკუთრა, სასამართლო პროცესების დროს საჯარო რეესტრში კერძო პირებზე იყო რეგისტრირებული. თუმცა პროკურატურა მიიჩნევდა და მოსამართლემ გამოძიების ვერსია დაადასტურა, რომ სახლები, რომლებიც ოფიციალურად ”მადლი 2005”-ს ნაქირავები ჰქონდა, ამ ფონდის იყო, ანუ ფონდი კერძო პირების ცრუმაგიერია. სწორედ ამ მოტივით ჩამოართვა მოსამართლემ ქონება კერძო მესაკუთრეებს. ”სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება დამტკიცებული უნდა იქნეს. მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია”, -წერია განაჩენში. ხელს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი აწერს. ”მადლი 2005”-ის ადვოკატი ლევან მამულაძე ”ბათუმელებთან” ამბობს, რომ მას სასამართლომ არ მიაწოდა განაჩენი, რის საფუძველზეც კერძო პირებს ქონება ჩამოართვეს: ”ამ გარიგების უფლება ფონდის დირექტორს არ ჰქონდა. თვითონ რომ ყოფილიყო ამ შეთანხმების მომხრე, მოსამართლეს არ უნდა დაემტკიცებინა საპროცესო შეთანხმება ამ ფორმით, რადგან ეს უკანონობაა. ფონდი ”მადლი” შვიდ ადამიანს აქვს დაფუძნებული. ფონდი კოლეგიური ორგანოა. გაბაიძე გამგეობის ერთ-ერთი წევრია. ეს ქონება ამ ფონდის რომც ყოფილიყო, მას ამ ქონების გასხვისების უფლება, სხვა წევრების თანხმობის გარეშე, არ ჰქონდა. თუმცა ეს ქონება ნამდვილად არ ყოფილა ”მადლი 2005”-ის. ის კერძო პირების საკუთრებაა”. საჯარო რეესტრის მონაცემები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემების მიხედვით, ხელვაჩაურის სასამართლოს მიერ ჩამორთმეული ქონების მესაკუთრეებად მიმდინარე წლის დასაწყისში სხვადასხვა ფიზიკური პირები არიან რეგისტრირებულნი. საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1500 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეები ზურაბ ბოლქვაძე, ქემალ აბულაძე და შოთა გაბაიძე არიან (”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრები). საჯარო რეესტრის ასევე 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერის მიხედვით, სოფელ ანგისაში ჩამორთმეული უძრავი ქონების (1000 კვ/მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ზია იაკობაძეა (ასევე ”მადლი 2005”-ის გამგეობის წევრი). ხულოში ჩამორთმეულ ქონებასთან დაკავშირებით (მისამართი: დაბა ხულო, თამარ მეფის ქუჩა #2), საჯარო რეესტრმა, მიმდინარე წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით (#882010487430-03) დაადასტურა, რომ ”აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება რეგისტრირებულია ჯუმბერ კახაძის სახელზე. ქონება 10-წლიანი იჯარით გაცემულია ”მადლი 2005”-ის სახელზე (თავმჯდომარე შ. გაბაიძე)”. ამის საფუძველზე საჯარო რეესტრმა უარი თქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე უძრავი ნივთის იძულებით აღსრულებასა და ამონაწერს საჯარო რეესტრიდან კი აჭარის სააღსრულებლო ბიურო ითხოვდა. საჯარო რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი თქვა და ამ მისამართზე ამონაწერი არ გასცა. მიუხედავად ზემოთქმულისა, 2010 წლის 10 ივნისს, საჯარო რეესტრმა დაბა ხულოში, მისამართზე - თამარ მეფის ქუჩა #2 ამონაწერი მაინც გასცა. ამ ამონაწერის მიხედვით კი, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მესაკუთრე ჯუმბერ კახაძის ნაცვლად ამჯერად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. უფლების დამადასტურებელ მთავარ იურიდიულ დოკუმენტად კი საჯარო რეესტრის მიერ მითითებულია ”საქართველოს მთავრობის 24.04.2010 წლის დადგენილება #495”. მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობას #495 დადგენილება, როგორც რეესტრის ამონაწერშია მითითებული, არ მიუღია. მთავრობას მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით მხოლოდ 165 დადგენილება აქვს მიღებული. დაბა ხულოში, თამარ მეფის ქ. #2-ში მდებარე 277,46 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობა და 1189 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი კი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში მთავრობის არა დადგენილებით, არამედ განკარგულებით გადაეცა. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts