Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - გადასახადები გადასახადებისათვის


Recommended Posts

საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ახდენს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების ინიცირებას, შეიძლება ითქვას, თითქმის სრულად იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსი. ხშირია დისკუსია აღნიშნული თემის ირგვლივ, თუმცა იგი ხშირ შემთხვევაში არ სცილდება მარტივ პოლემიკას და არავინ ცდილობს, ისაუბროს გადასახადების მნიშვნელობაზე უფრო სიღრმისეულად, ვიდრე ეს ტექნიკური ციფრებით მანიპულირებაა.

 

“ცხოვრებაში არაფერია უეჭველი სიკვდილისა და გადასახადების გარდა” – აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორის ბენჟამინ ფრანკლინის ეს უკვდავი ფრაზა საოცრად ლაკონურად და ზუსტად განმარტავს გადასახადების მნიშვნელობას.

 

ყოველთვის აქტუალურია საკითხი, თუ რატომ, ვინ და როგორ აწესებს გადასახადებს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს შიგნით გადასახადების ექსკლუზიური შემომღები არის თვითონ სახელმწიფო. სწორედ სახელმწიფო განსაზღვრავს გადასახადების ოდენობას, გადახდის წესს და ა.შ. სახელმწიფოს გადასახადები, როგორც მინიმუმ, ესაჭიროება იმისათვის, რომ მან უზრუნველყოს მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელება: სახელმწიფო თავდაცვა, რიგი სოციალური, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, გადასახადები არის ის თანხა, რომლის საშუალებითაც მნიშვნლოვნად ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი, რათა შემდგომში სახელმწიფომ განახორციელოს სხვადასხვა პროექტები. ამასთან, გადასახადი შეიძლება კანონიერად ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს შესაბამისი კანონით დადგენილია საგადასახადო ვალდებულებების კონკრეტული ელემენტები.

 

გადასახადების გადამხდელებად გვევლინებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, ანუ ქვეყნის ყოველი მოქალაქე მეტ-ნაკლები დოზით იღებს მონაწილეობას სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტების დაფინანსებაში გადასახადების გადახდის სახით. ბუნებრივია, ფიზიკური პირების მიერ გადახდილი გადასახადები, ძირითად შემთხვევებში, მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან იურიდიული პირების (მათ შორის, ძირითადად, სხვადასხვა ბიზნეს-სუბიექტების) მიერ გადახდილ გადასახადებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადასახადი განიმარტება, როგორც ბიუჯეტებში (სახელმწიფო, ავტონომიურ, ადგილობრივ) სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. გადასახადის აღნიშნული განმარტება ხშირად არის კამათის საგანი, ვინაიდან ფრაზა განმარტებაში “არაეკვივალენტური და უსასყიდლო” ეკონომისტთა დიდ ნაწილს მაინცდამაინც სწორ განმარტებად არ მიაჩნია. მართალია, გადასახადი, ერთის მხრივ, ნიშნავს გადამხდელის საკუთრების (ფულადი საკუთრების) უპირობოდ გადასვლას სახელმწიფოს საკუთრებაში, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, სწორედ გადასახადების საშუალებით მიღებული თანხების გამოყენებით ახორციელებს სახელმწიფო მის ძირითად ფუნქციებს, რომლებიც აუცილებლად თანაბრად შეეხებიან გადასახადის ყველა გადამხდელს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვიხდით გადასახადებს, სანაცვლოდ ვიღებთ უსაფრთხოებას, მოწესრიგებულ ინფრასრუქტურას და ა.შ. თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადები წარმოადგენენ ერთგვარ აბსტრაქტულ შენატანებს, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვიხდით გადასახადებს, მათ ჩვენი გადმოსახედიდან კონკრეტული დანიშნულება არ აქვთ, ანუ ჩვენ ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ, თუ კონკრეტულად რა მიმართულებით გამოიყენებს სახელმწიფო უშუალოდ ჩვენს მიერ გადახდილ თანხას, ჩვენ გარკვეულწილად განვსაზღვრავთ გადასახადის ზოგად დანიშნულებას და არცერთ შემთხვევაში ბიუჯეტის კონკრეტულ ხარჯვით მუხლებს.

 

თუმცა, არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ გადასახადი მხოლოდ ბიუჯეტში ფულად შენატანს ნიშნავს და მისი დანიშნულება ამით ამოიწურება. სინამდვილეში, გადასახადი წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულებათა საკმაოდ რთულ სისტემას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ელემენტებს.

 

მუდმივი კამათი არსებობს გადასახადებთან დაკავშირებული ორი თემის გარშემო. საკითხი შეეხება სახელმწიფოში არსებული გადასახადების ეფექტიანობასა და სამართლიანობას.

 

საგადასახადო სისტემების შედარებისას, ის საგადასახადო სისტემა ითვლება ეფექტიანად, რომელშიც გადასახადების გადამხდელთა დანახარჯები ნაკლებია, ანუ ერთი მხრივ, მსუბუქია ადმინისტრაციული ზეწოლა, ხოლო მეორე მხრივ, ნაკლებია გადასახადებით გამოწვეული დანაკარგები.

 

სამართლიანად ითვლება ის საგადასახადო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა გადამხდელის აქტიურ ჩართულობას სახელმწიფო ხარჯების დაფინანსებაში საკუთარი შემოსავლებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, თუმცა, სარგებლიანობის შესაბამისად.

 

სასურველი იქნებოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსი თანაბრად პასუხობდეს სამართლიანობის და ეფექტიანობის პრინციპებს, ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, სამართლიანობა და ეფექტიანობა თანაბრად სარგებლიანი იყოს სახელმწიფო სტრუქტურებისათვის და გადასახადების გადამხდელისათვის. თუმცა საგადასახადო კოდექსში გადასახადების განმარტებისას არსებული ფრაზა "უსასყიდლო", ვფიქრობთ, გადასახადის გადამხდელთა ინტერესების ერთგვარ იგნორირებას წარმოადგენს.

 

შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო გარემოს კუთხით, იგულისხმება უპირატესად ე.წ. "გადასახადების ზომა". საქართველოში ბევრ ქვეყანასთან შედარებით საკმაოდ ლიბერალური გარემო არსებობს, თუმცა, მეორე მხრივ, ხშირად ვაწყდებით პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო სამსახურების ზემოქმედებასთან გადასახადის გადამხდელებზე. არცთუ იშვიათია საუბრები თუ სამართლებრივი დავა გადასახადების გადამხდელებსა და სახელმწიფოს შორის. სამართლებრივი დავა ამ შემთხვევაში სავსებით ნორმალური იქნებოდა, თუ აღნიშნული დავის დასაწყისში აბსოლუტური უპირატესობა უკვე სახელმწიფოს არ ექნებოდა. აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ მტკიცების ტვირთი არის გადასახადის გადამხდელზე და არა სახელმწოფოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ბრალეულობა დააკისროს გადასახადის გადამხდელს სასამართლოს გარეშე, ხოლო უდანაშაულობის მტკიცების ტვირთი მთლიანად გადამხდელს ეკისრებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს უკვე სახელმწიფოსა და გადასახადის გადამხდელის საფუძველშივე არათანაბარ პოზიციაში ჩაყენებაა.

 

ამჟამად საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, სამწუხაროდ, ზემოთაღნიშნული პრობლემური საკითხები კვლავ მოუგვარებელი რჩება. მიუხედავად ამისა, ცვლილებათა პროექტში მრავლად არის ისეთი დეტალები, რომლებიც ნამდვილად სასარგებლოა ბიზნესის განსავითარებლად.

 

ზოგადად, დილეტანტობაა გადასახადებზე მსჯელობისას მხოლოდ პროცენტებზე დაყრდნობით გაკეთდეს დასკვნები, ვინაიდან სხვა ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს, რომელთა გათვალისწინება და ანალიზი მნიშვნელოვანია.

 

ცალსახად დადებითი მოვლენაა საშემოსავლო გადასახადის შემცირების ტენდენცია 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე. თუმცა არის ტენდენცია, რომ ერთგვარად უარესდება იმ ფიზიკური პირების მდგომარეობა, რომლებიც, შესაძლებელია, სრულებით არ ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა აპირებდნენ, ვთქვათ, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად, თუ პირმა იყიდა ბინა და 2 წლის შემდგომ გადაწყვიტა მისი გაყიდვა, მას მოუწევს საშემოსავლო გადასახადის გადახდა იმ თანხაზე, რა თანხასაც დაამატებს ყიდვის პერიოდში დაფიქსირებულ ფასს. აღნიშნული ფასის დანამატი კი შეიძლება იყოს არა იმიტომ, რომ ეს პირი ბინების ყიდვა-გაყიდვას ეწევა კომერციული საქმიანობის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ფასი უბრალოდ გაძვირდა. უძრავი ქონების გაძვირების ტენდენცია კი ეკონოიმიკის ნორმალურად ფუნქციონირების პირობებში სრულიად ნორმალურია.

 

საინტერესო ნოვაციაა კოდექსში ე.წ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც ვრცელდება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ და მეწარმე ფიზიკურ პირებზე.

 

საკმაოდ დადებითი მოვლენაა ის, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს, თუ მისი შემოსავალი წლის განმავლობაში 30000 ლარს არ აღემატება. თუმცა საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს მიკრო ბიზნესის (ისევე როგორც მცირე ბიზნესის) სტატუსის მქონე პირის მიერ ცალკეული საქმიანობის განხორციელება. ამასთან, ასეთი ტიპის საქმიანობის კონკრეტული, ან თუნდაც მიახლოებული ჩამონათვალი კოდექსში მოცემული არ არის, რაც აღნიშნულ იდეას მნიშვნელოვნად ბუნდოვან ელფერს აძლევს.

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის შემოტანის არგუმენტი უფრო მეტად არის მცდელობა ბიზნესის იმ მცირე წილის ლეგალურ ჩარჩოში მოსაქცევად და მინიმუმ სტატისტიკური აღრიცხვიანობის უზურნველსაყოფად, რომელიც ამ დრომდეც ერთგვარ "ჩრდილში" იმყოფება. შესაძელებელია ამ კონტექსტში იგულისხმებოდეს მცირე მაღაზიები, რომლებიც არიან სოფლებში და რომლებიც არც რეგისტრირებულნი არიან და არც 30000 ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

 

მცირე ბიზნესისასთვის 3-5 პროცენტიანი დაბეგვრა ასევე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, 200000 ლარიანი ზღვარი ძალიან ცოტაა მცირე ბიზნესის სტატუსისათვის.

 

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის ზღვარის 100000 ლარიდან 200000 ლარამდე გაზრდა ასევე დადებითი ტენდენციაა, თუმცა ამავე გადასახადით უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრა რომ სწავლის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის, საკამათო არაა. 4-5 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით, სწავლის საფასური საქართველოს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში მნიშვნელოვნადაა გაძვირებული და ამ ტენდენციის გაგრძლება საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება ბევრი ქართველი ახალგაზრდისათვის.

 

ძნელია, იყო უფრო მეტად კონკრეტული საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვისას მაშინ, როდესაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ რამოდენიმე საკითხზე (მაგალითად, პრესის დაბეგვრის) გამოკვეთილი პოზიცია პროექტის ავტორებსაც არ აქვთ, თუმცა პროექტის წაკითხვა სამი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: რიგ შემთხვევებში გადასახადების საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად არის შემცირებული; გაზრდილია დასაბეგრი ბაზა; არ არის მნიშვნელოვნად შეცვლილი (ცხადია გამარტივების კუთხით) გადასახადების ადმინისტრირების წესი და მიდგომა. ამ უკანასკნელის სიმარტივე და მოწესრიგება კი, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე პირობითი დასაბეგრი პროცენტების განსაზღვრა.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...