Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge „გადატვირთვის“ გადაფასება საქართველოში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg

 

ბრაიან ვაითმორი

 

თბილისი – ქუჩის კაფეებში წყვილები ღვინოს წრუპავენ, ბავშვები შადრევნებში ონავრობენ – სიცხეში შვებას ეძებენ. მოხუცებული კაცები პარკში მერხებზე ჭადრაკს თამაშობენ და ქუჩის მოვაჭრეები საქონელს ასაღებენ.

 

საქართველოს მოუვლელ, ქაოტურ და მომხიბვლელ დედაქალაქში თვალწინ ზაფხულის ჩვეული  ხმები და სურათები იშლება

 

ყველაფერი ისევ ისეა, ერთის გარდა: პირველად, ამ ბოლო წლების განმავლობაში თბილი ამინდის დადგომას თბილისში ომზე ლაპარაკი აღარ მოჰყოლია.

 

წლევანდელი  უშფოთველი სიწყნარე მკვეთრად განსხვავდება  2008 წლის დახუთული ზაფხულისგან, როდესაც მოვლენების კულმინაციად აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენცია იქცა. ეს ზაფხული შარშანდელი შფოთიანი ატმოსფეროსგანაც განსხვავდება, რადგან შარშან მოსკოვი ისევ აჟღარუნებდა იარაღს და როგორც გაირკვა ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი, არასწორად  ვარაუდობდა რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა ისევ შეიძლება იფეთქოს.

 

2008 წლის კონფლიქტის მიმდინარეობისას, თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლები აშკარად იყვნენ ფრუსტრირებულები აშშ-ს არასაკმაო მხარდაჭერის გამო. არადა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წლების მანძილზე დაჟინებით უწევდა რეკლამას ქვეყანას. დღეს აქ ამბობენ, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია  მეტ ნდობას იმსახურებს, რადგან გასული წლის დაძაბულობის ჩაცხრობა და დღემდე მშვიდი სიტუაციის შენარჩუნება შესძლო.

 

„რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის პირდაპირი საფრთხე, თუ მთლიანად აღმოფხვრილ არა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული აშშ-ს ადმინისტრაციის აქტიური პოზიციის მეშვეობით“ – ამბობს გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი.

 

კონკრეტულად კი ბოკერიას თქმით, ობამამ  2009 წლის ივლისში, მოსკოვში საეტაპო  ვიზიტისას „ძალიან კონცენტრირებული ძალისხმევა გასწია“, რათა ცხადეყო აშშ-ს დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

 

საქართველოს მაღალჩინოსნებმა ”რადიო თავისუფლებას” განუცხადეს, რომ ობამამ კულუარებში მედვედევი და პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა – საქართველოზე თავდასხმას „საშინელი შედეგები“ მოჰყვებოდა და შეერთებული შტატები, რომელიც 2008 წლის ომის დროს მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით იყო დაკავებული, მსგავსი კონფლიქტის გამეორების შემთხვევაში „გვერდზე აღარ გადგებოდა“.

 

თეთრი სახლის სპიკერმა ასეთი გაფრთხილების დადასტურებაზე უარი განაცხადა – „ჩვენ პრივატულ საუბრებზე არ ვლაპარაკობთ“. რაც არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი, ამ აზრმა როგორც სჩანს ფეხი მოიკიდა და ხალხმა თბილისში ეს ყურად იღო.

 

თავდაპირველად იმის გამო, რომ აშშ-რუსეთის დამთბარი ურთიერთობების სამხვერპლოზე მათ ინტერესებს დადებდნენ, აქ შეშფოთებას გამოხატავდნენ, მაგრამ ახლა ქართველებმა, როგორც სჩანს, მოსკოვთან „გადატვირთის“ ობამასეული პოლიტიკის მიღება იწყეს.  აქაური პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ორ სუპერსახელმწიფოს, ორ ყოფილ მეტოქეს შორის ახლო ურთიერთობებმა ვაშინგტონს მოსკოვზე ჩუმი, მაგრამ ეფექტური გავლენის მოხდენის საშუალება მისცა და ამით პროცესში, საქართველოს უსაფრთხოება განამტკიცებინა.

 

„რუსები ბევრს დაკარგავენ, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან“ – ამბობს ანალიტიკოსი გიგა ზედანია, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენეალოგიისა და თანამედროვეობის ინსტიტუტის დირექტორი.

 

„ბუშის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონდა, რადგან (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის) არავითარი თანამშრომლობა არ არსებობდა. მას შემდეგ რაც ის კავშირები ჩამოყალიბდა, რომელიც რუსეთისა და შეერთებული შტატებისთვის ერთნაირად სასარგებლოა, რუსეთს უკვე გაუჩნდა იმის სტიმული, რომ კარგად დაფიქრდეს, სანამ 2008 წლის მსგავს ქმედებებს გაიმეორებს“.

 

ურთიერთკავშირი და ბერკეტი

 

ერთი რამ რაც შეიძლება რუსეთმა დაკარგოს, მთლიანად გამოჩნდა  ამ კვირას პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის პირველი ვიზიტისას თეთრ სახლში ვაშინგტონში.

 

სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების გარდა, მედვედევი მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ამერიკის მხარდაჭერის მოპოვებას  გეგმავს. მედვედევმა მოგზაურობა კალიფორნიაში, Silicon Valley-ში ვიზიტით დაიწყო, სადაც რუსეთის ჰაი-ტექ სექტორის მოდერნიზების ამბიციური გეგმისთვის მან ინვესტორების მოხიბვლა სცადა.

 

მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირები იმასაც ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტის დროს საქართველოზე ერთ-ორი სიტყვის მოსმენასაც უნდა ელოდეს. კონკრეტულად კი ამერიკელები, ალბათ  სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ოკუპირების საკითხზე ილაპარაკებენ და იმაზეც, რომ რუსეთმა არ შეამცირა თავისი სამხედრო ძალები ამ რეგიონებში, რასაც ევროკავშირის შუამავლობით შექმნილი და მედვედევის მიერ ხელმოწერილი საზავო შეთანხმებაც ითხოვდა.

 

10 ივნისს ვაშინგტონში, პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში გამოსვლისას, მაიკლ მაკფოულმა, ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია არ არის კმაყოფილი საქმის ვითარებით და მედვედევის ვიზიტის დროს ამ საკითხების ხაზგასმას გეგმავს.

 

„არის თუ არა საგარეო პოლიტიკური ამოცანა ის, რომ ობამას ადმინისტრაციამ ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულს მშვიდობიანი ფორმით და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ გვაქვს ასეთი მიზანი. მივაღწიეთ რაიმე წარმატებას ამ მიმართულებით? ჩემი პასუხია – არა. ასეთია სიმართლე“ – განაცხადა მაკფოულმა.

 

„ჩვენ გვაქვს მიზანი“ – დასძინა მან – „ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელსაც მივდევთ და ჩვენ მას გავდევთ მაშინაც, როდესაც პრეზიდენტი მედვედევი აქ იქნება“.

 

იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუსვას ხაზი საქართველოსადმი აშშ-ს ერთულებას, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ივლისის დასაწყისში,  სამხრეთ-კავკასიაში მოგზაურობისას, როდესაც ის სომხეთში და აზერბაიჯანშიც ჩავა, თბილისს ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ ზაფხულს თბილისს უკვე ეწვია.

 

უნდა ითქვას, რომ ქართველებს ახლა მაინც ისეთი განცდა აქვთ, რომ  ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ დაკარგეს შეერთებული შტატების კეთილგანწყობა. ნატო-ში გაწევრიანების შანსები, რომელიც სულ ორიოდე წლის წინ მაცდუნებლად ახლოს ჩანდა, ახლ გაურკვეველი დროით გადაიდო  და ყურადღება რომლითაც  ჯორჯ ბუში (აქ მისი სახელობის ქუჩაც კი არსებობს) ოდესღაც უხვად აჯილდოვებდა საქართველოს, წარსულში დარჩა, რადგან ობამას ადმინისტრაცია უფრო მწვავე საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის იბრძვის, ისეთებისთვის როგორიცაა ავღანეთი და ირანი.

 

მაგრამ ამასთანავე, ცივი ომის ტიპის კონფლიქტის ატმოსფერო, რომელშიც საქართველო  საბრძოლო ველის როლს თამაშობდა,  წარსულს ბარდება.

 

„მე მტკიცედ მჯერა, რომ თუ აშშ-რუსეთის ურთიერთობები გაფართოვდება და უფრო დაახლოვდება, ეს საქართველოსთვის მხოლოდ სასარგებლო იქნება” – ამბობს ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და დღეს ოპოზიციის ლიდერი.

 

ის „საქართველოს უსაფრთხოების უზარმაზარ პრობლემებზე“ ლაპარაკობს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს  რუსეთთან ელვისებური ომი ჰქონდა. ალასანია ამბობს, რომ „თბილისი ამ პრობლემებს მარტო ვერ მოერევა“.

„ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის პროვოცირება არ მოვახდინოთ  და სიმშვიდე შევინარჩუნოთ“ – ამბობს ალასანია – „მაგრამ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ომმა ვერ გადაწყვიტა, ჩვენ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობებისთვის,   სტრატეგიულ პარტნიორის მხარდაჭერა გვჭირდება“.

 

ჯერ რუსეთი?

 

თუმცა აშშ-ს თანამშრომლობას რუსეთთან კრიტიკოსებიც ჰყავს.

 

გასული წლის ივლისში, აღმოსავლეთ-ევროპის გავლენიან ინტელექტუალთა  და ყოფილი ოფიციალური პირების ჯგუფმა, რომელთა შორის იყვნენ ჩეხეთისა და  პოლონეთის პრეზიდენტები ვაცლავ ჰაველი და ლეხ ვალენსა, ობამას ადმინისტრაციისთვის გამიზნული  ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებას შეიძლება ისეთი პატარა ქვეყნების ინტერესები შეეწიროს, როგორიც საქართველოა.

 

მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს თავიდან წარუდგინა ე.წ. 123 ბირთვული  თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ბუშმა რუსულ-ქართული ომის შემდეგ უკან გამოითხოვა და რომელიც აქამდე გაურკვევლობაში იყო დარჩენილი, უმალ იჩინა თავი მრისხანე  ბრალდებებმა ღალატის შესახებ.

 

15 მაისს  „The Washington Post”- ში გამოქვეყნებულ წერილში, დევიდ კრამერი, რომელიც ბუშის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო  ევროპისა და ევრაზიის საქმეებში, ობამას ადმინისტრაციას იმაში სდებდა ბრალს, რომ მიდგომა „ჯერ რუსეთი“ ისეთი მიდგომით შეიცვალა, რომელიც „მხოლოდ რუსეთს“ აღიარებდა.

 

”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ამასწინანდელ ინტერვიუში, კრამერი ამბობდა, რომ 123 შეთანხმების წარდგენა კონგრესისთვის ობამას ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, კითხვებს აჩენს.

 

„ჩემის აზრით, პრობლემა ასეთია – ადმინისტრაცია იმდენადაა ფოკუსირებული რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვით, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები თითქმის მთლიანად გამორიცხა“ – განაცხადა კრამერმა.

 

„მე ვფიქრობ, რომ ეს აშფოთებს ამ ქვეყნებს, ეს შემაშფოთებელია ევროპისთვისაც და შეერთებული შტატებისთვისაც“.

 

თავის გამოსვლაში პეტერსონის ინსტიტუტში, მაკფოულმა ძალიან შეუტია ასეთ ბრალდებებს და განაცხადა, რომ „ადმინისტრაცია გამიზნულად არ ითხოვდა საქართველოს ოკუპაციის დასრულებას 123 შეთანხმების წარდგენისას“.

 

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს უგულვებელვყოფთ. ჩვენ ამ საქმეს პარალელურად ვაკეთებთ, ჩვენ მათ არ ვაკავშირებთ“ – განაცხადა მაკფოულმა.

 

„და პირიქით, ჩვენ ჩვენს რუს კოლეგებს არ ვაკავშირებინებთ ერთმანეთთან ისეთ საკითხებს, რომელთა დაკავშირებაც მათ სურთ. ჩვენ არ დაგვისრულებია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, არ მოგვისროლია საქართველო ავტობუსის ბორბლებქვეშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სანაცვლოდ. ეს ის ვარაუდია, რომელიც დიდი ხნის წინ მოგვაკერეს, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასეთ თამაშს არ ვაპირებთ“.

 

მაღალი რანგის დასავლელი დიპლომატი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით გველაპარაკა, ამბობს რომ განსხვავებები საქართველოსადმი ბუშისა და ობამას ადმინისტრაციებს შორის ძირითადად კოსმეტიკურია და ძალიანაა გაზვიადებული.

 

„აქ უფრო ცოტა რამ შეიცვალა, ვიდრე საზოგადოებამ შეიძლება ივარაუდოს“ – განაცხადა დიპლომატმა – „ურთიერთობები არც წარსული ადმინისტრაციის პირობებში იყო უპირობო და არც დღევანდელი ადმინისტრაციის მმართველობისას შეიცვალა ისე, როგორც ზოგიერთს უნდა რომ იფიქროს. არც ერთი ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპი არ შეცვლილა.  თუ რამე შეიცვალა, ეს სამეზობლოში შექმნილი მდგომარეობაა“.

 

ბოკერია ამას ეთანხმება და ამბობს, რომ არც ერთ ეტაპზე ობამასეულ გადატვირთვას რუსეთთან საქართველოს ინტერესები არ შეწირვია.

 

„ადმინისტრაციის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა“ – ამბობს ბოკერია.

 

„ჩვენ ვიცით ისინი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას ატარებენ და მათ რუსეთთან სერიოზული პრობლემები აქვთ განსახილველი, მაგრამ არ ყოფილა (ამ პროცესში) არც ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომ როდესაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლეოდა,  საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ხაზი არ გაესვათ“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...