planetanews Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_post.jpg დევიდ კრამერი ამ კვირაში, დიმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტამდე, პრესაში რუსეთის საგარეო პოლიტიკური დოკუმენტის მასალებმა „გაჟონა“, რომლებიც რუსეთის ზოგიერთ სპეციალისტში კითხვას ბადებს: მართლაც ხომ არ მიჰყავს პრეზიდენტს მისი ქვეყანა ახალი, უფრო პოზიტიური და უფრო პროდასავლური პოზიციებისკენ. თუკი ამ 18 000 სიტყვიან დოკუმენტს ყურადღებით წავიკითხავთ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ვარაუდი სურვილის რეალობად გასაღების მცდელობაა. რუსულმა Newsweek–მა ეს დოკუმენტი მაისში გამოაქვეყნა. დოკუმენტს თან ახლდა მედვედევისადმი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიწერილი 10 თებერვლით დათარიღებული წერილი. მართალია საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტის ნამდვილობაზე არ დაობს, თუმცა არც მას და არც კრემლს ის ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ, რაც ამ დოკუმენტს სერიოზულად განასხვავებს რუსეთის სამხედრო დოქტრინისგან, რომელიც თებერვალში ოფიციალურად გამოქვეყნდა. საგარეო პოლიტიკური დოკუმენტისგან განსხვავებით, დასავლეთი სამხედრო დოქტრინას სიხარულით არ შეხვედრია, რადგან იმასში ანტიდასავლური ტონი აშკარად იგრძნობოდა. როგორც დოქტრინაშია ნათქვამი, მთავარი საფრთხე რუსეთისთვის ნატოს გაფართოება და ალიანსისი მცდელობებია საკუთარ თავზე აიღოს „გლობალური ფუნქციები, რომლებსაც ის საერთაშორისო ნორმების დარღვევის წინააღმდეგ ასრულებს“. დანარჩენ საფრთხეებს განეკუთვნება რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოებში უცხოური (კერძოდ, ამერიკული) ჯარების განთავსება და სტრატეგიული ანტისარაკეტო თავდაცვა, რომელიც „გლობალურ სტაბილურობას არყევს და არღვევს სარაკეტო–ბირთვულ სფეროში ჩამოყალიბებულ ძალთა თანაფარდობას“. დოქტრინისგან განსხვავებით, საგარეო პოლიტიკური დოკუმენტი უფრო დახვეწილი, ეკონომიკაზე კონცენტრირებული მასალაა, რომელიც ძირითადად (მაგრამ არა სრულად) თავისუფალია მეომრული რიტორიკისგან. მაგრამ თუკი მას ყურადღებით წავიკითხავთ, ცხადი ხდება, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანები ძალიან ახლოსაა იმ მიზნებთან, რომლებიც სამხედრო დოქტრინაშია ჩამოყალიბებული. მაგალითად, საგარეო პოლიტიკურ დოკუმენტში დასახულია ამოცანა „მიღწეულ იქნას აშშ–ს მხრიდან ცალმხრივ ქმედებებზე უარის თქმა ევროპაში ანტისარაკეტო ფარის გლობალური ელემენტების განთავსებაზე, რომლებმაც დაინტერესებული სახელმწიფოების „რაკეტსაწინააღმდეგო გაერთიანების“ ჩამოყალიბების სასარგებლოდ შეიძლება შეარყიონ რუსეთის შეკავების პოტენციალი“. დოკუმენტში აქცენტი კეთდება შარშან მედვედევის მიერ შემოთავაზებული ევროპული უსაფრთხოების დამღუპველი ხელშეკრულების აღორძინებაზე, რომელიც ნატოს და ეუთოს შემცვლელი ორგანიზაციის შექმნას გულისხმობს და „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექსპანსიონისტური საქმიანობის შეკავებისკენაა“ მიმართული. მასში ასევე ხაზგასმულია „რუსეთისადმი ევროკავშირის პოზიტიურად განწყობილ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში კი გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ესპანეთთან“ თანამშრომლობის აუცილებლობა, ევროკავშირის ახალი, აღმოსავლელი წევრების საპირწონედ. მთლიანობაში, ამ საგარეოპოლიტიკურ დოკუმენტში გამოთქმულია მკაფიო მხარდაჭერა რუსეთის გავლენის სფეროს შექმნის იდეის მიმართ, ხაზგასმულია „დსთ–ს სივრცის კონსოლიდაციის“ აუცილებლობა და „აქტიური წინააღმდეგობის გაწევა არარეგიონალური ძალების მცდელობებისთვის „დააშორონ“ ჩვენი ქვეყნები“. დოკუმენტში ისმის მოწოდება საქართველოს სეპრატისტულ რეგიონში, აფხაზეთში „მაღალტექნოლოგიური წარმოების“ შექმნისთვის ენერგიული ხელშეწყობის შესახებ, მაგრამ იმავდროულად საქართველო ნახსენები არ არის. ესეც თქვენ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის გეგმებმა ბალტიისპირულ რეგიონში მისი ეკონომიკური გავლენის გაფართოებაზე „ევროკავშირის ქვეყნებისთვის მათი საინვესტიციო მიმზიდველობის მკვეთრი ვარდნისა და ეროვნული აქტივების სერიოზული გაუფასურების გათვალისწინებით“, განსაკუთრებით უნდა შეაშფოთოს ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. თუკი ამ ქვეყნების აქტივები ევროკავშირის ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მიზანია ამ ქვეყნებზე კონტროლი ეკონომიკური საშუალებებით აღადგინოს. სინამდვილეში, ამ დოკუმენტის არსი სხვა ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივების შესაძენად რუსული ფულის გამოყენებაა. დოკუმენტი მიზნად ისახავს „რუმინული ეკონომიკის სტრატეგიულ სფეროებში რუსული ბიზნესის დამკვიდრების ხელშეწყობას“ და გაისმის მოწოდება „რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის ორბიტაზე უკრაინის აქტიურად მოზიდვის“ შესახებ. მასში მოთხოვნილია უკრაინის გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარების და მართვის კონსორციუმის შექმნა და „რუსი ინვესტორების მიერ მსხვილი უკრაინული საწარმოების აქციათა საკონტროლო პაკეტების შეძენა“. აშშ–სგან დოკუმენტი მოითხოვს მშვიდობიანი ატომური ენერგიის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმების რატიფიკაციას, რომელიც ობამამ ახლახანს კონგრესს წარუდგინა. მასში დასახულია ამოცანა გაუქმდეს რუსული საწარმოების მიმართ აშშ–ს მიერ შემოღებული ცალმხრივი სანქცები, გაისმის მოწოდება ორმხრივი ინვესტიციების გაზრდის, „ცივი ომის“ ჯექსონ–ვენიკის შესწორების გაუქმების უზრუნველყოფისა და რუსეთისთვის უფრო სასარგებლო რეჟიმით აღჭურვის შესახებ. სანაცვლოდ დოკუმენტი არაფერს გვთავაზობს. მასში ძალიან პოზიტიურადაა შეფასებული ობამას დაინტერესება „მულტილატერალიზმით“, მაგრამ გაისმის გაფრთხილება, რომ აშშ–ში მისი პოლიტიკური „შესუსტება“ დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება გზა გაუხსნას მათ, ვისაც „დროის უკან დაბრუნება“ სურს და სავარაუდოდ, მოსკოვის მიმართ ნაკლებად მეგობრული მიდგომების მომხრეა. იმავდროულად, დოკუმენტში გამოთქმულია მოსაზრება ირანთან „საკითხების ფართო სპექტრზე“, მათ შორის ატომური ენეგრეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების, ასევე ბირმის ხუნტასთან თანამშრომლობისა და ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზის ქვეყნებში შეიარაღების მიწოდების გაზრდის შესახებ. ეს საგარეოპოლიტიკური დოკუმენტი პროდასავლური სულაც არ არის. ოფიციალურად გამოქვეყნებული სამხედრო დოქტრინა შესაძლოა რუსეთის ზრახვების უფრო უხეში გამოხატულებაა, მაგრამ საგარეო პოლიტიკის შესახებ უფრო დახვეწილი და არაოფიციალური დოკუმენტი შინაარსით მისგან ცოტა რამით თუ განსხვავდება. მედვედევის ვიზიტის დროს არავინ არ უნდა შეცდეს და ჩათვალოს, რომ ეს დოკუმენტი რუსეთის ახალ უფრო კეთილ პოლიტიკას ასახავს. მედვედევის რუსეთი ის ქვეყანაა, რომელთანაც გარკვეულ სფეროებში ჩვენ გარკვეული შედეგების მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ ინტერესებსა და ღირებულებებში ჩვენს შორის კვლავ უზარმაზარი სხვაობები რჩება. და მათი უგულებელყოფა დაუშვებელია. დევიდ კრამერი – მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. წარსულში, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე. სტატიაში მისი პირადი შეხედულებებია გამოთქმული. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts