planetanews Posted June 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 25, 2010 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 70% სტიქიის საშიშროების არეალში იმყოფება, მათ შორის, 3000-მდე დასახლებული პუნქტი. 2010 წლის მაისში, უხვნალექობის გამო, სტიქიამ სვანეთი, რაჭა და კახეთი დააზარალა. რეგიონების გუბერნატორების განცხადებით, ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა. ზარალი არც კურორტ ტურბაზის დირექტორს ვანო ბაღაშვილს დაუთვლია. მას საკურორტო ბიზნესი რაჭაში ჰქონდა. 19 ივნისს მდინარე ბდღვიორას სათავიდან მოვარდნილმა ლაფმა მისი შვიდი კოტეჯიდან ორი სრულიად გაანადგურა, დანარჩენი კი დააზიანა. კოტეჯები ასამდე დამსვენებელს იტევდა. ბაღაშვილი ამბობს, რომ მისი ქონების დიდი ნაწილი განადგურებულია. ლაფის მასამ ხიდიც წაიღო, რომელიც სოფლებს გლოლასა და ტურბაზას ერთმანეთთან აკავშირებდა. რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის, დავით გაგოშოძის თქმით, ამჟამად ხიდის პროექტზე სამშენებლო კომპანია მუშაობს. 22 ივნისს რაჭას საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე, რამაზ ნიკოლაიშვილი ესტუმრა და სოფელ გლოლას მოსახლეობას დაპირდა, რომ ხიდი 15 ივლისს აღდგება. რაჭა იმ რეგიონთა რიცხვშია, რომლებიც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული საააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის ყველაზე მოწყვლად ტერიტორიებად ჩაითვალნენ. მოწყვლადი რეგიონების რიცხვში შევიდნენ: იმერეთი, სვანეთი, სამეგრელოს მთისწინეთის ზონა, კახეთი და მცხეთა–მთიანეთის რეგიონები. მონიტორინგის საფუძველზე, გარემოს ეროვნული საააგენტო მდგომარეობის შეფასებას ყოველი წლის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს. იქმნება რუკა, რომელიც მოიცავს მონაცემებს, სად რა ბუნებრივი მოვლენა განვთარდა, რა შედეგი გამოიწვია, როგორია საშიშროება. „ვიძლევით იმ გადაუდებელი ღონისძიებების ნუსხას, რომელიც უნდა გატარდეს“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური მართვის დეპარტამენტის უფროსი, ემილ წერეთელი, – „ამავდროულად, ვაკეთებთ მომავალი წლის პროგნოზს, როგორ განვითარდება ესა თუ ის გეოლოგიური მოვლენა ამა თუ იმ რეგიონში.“ წერეთელი ამბობს, რომ წლევანდელი ბუნებრივი კატასტროფები მათ მიერ გაკეთებულ პროგნოზებს დაემთხვა. 2010 წლისთვის საქართველოში დაფიქისრებულია 50 ათასზე მეტი მეწყერული უბანი, 3 ათასზე მეტი ღვარცოფმაფორმირებელი ზონა, 5 ათასზე მეტი ზვავსაშიში ადგილი, ასევე ეროზიის გარეცხვის სხვადასხვა უბნები და დატბორვის ადგილები. „პროცესები ძალიან გაატქიურდა. საჭიროა სასწრაფოდ ღონისძიებების დაგეგმვა, რომ მოსახლეობისათვის რაც შეიძლება ნაკლები იყოს მოსალოდნელი უბედურება“, – ამბობს წერეთელი. წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები – იმ სტიქიათა ჩამონათვალია, რომლებიც წელს ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ბუნებრივ მოვლენებს გეოლოგი ემილ წერეთელი საქართველოს „რთულ გეოლოგიურ გარემოს“ უკავშირებს. „ეს არის, პირველ რიგში, რთული რელიეფური პირობები, რომელიც უფრო მთიან რეგიონს უკავშირდება. გეოლოგიური ქანები ძალიან სუსტია და მეწყერებისა და ღვარცოფების მიმართ ძალიან მგრძნობიარე“, – განმარტავს იგი. მუდმივის გარდა, არსებობს დამატებითი ფაქტორებიც: უხვი ნალექები, გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბუნებაში ადამიანის ჩარევით გამოწვეული დისბალანსი. წერეთელის თქმით, სააგენტომ დაიანგარიშა ასწლოვანი მონაცმები, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო წლებში კლიმატური ცვლილების მაჩვენებლების აჩქარება მოხდა, რაც დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში შიდა კლიმატურ ცვლილებებს იწვევს. ასე ხდება გლობალური ცვლილებების ლოკალიზება. მაგალითად, თუ თბილისის წლიური კლიმატური ნალექების ნორმა 600 მილიმეტრი იყო, ახლა უფრო მეტი გახდა. „ამან ხელი შეუწყო კატასტროფულ მოვლენებს“, – ამბობს წერეთელი. ადამიანის ჩარევით გამოწვეული მიზეზებია: ტყეების გაჩეხვა, არასწორი ურბანული დაგეგმარება, გზების გაყვანა, წინასწარი შეფასების გარეშე მშენებლობა, ტერიტორიის ეკოლოგიური გადატვირთვა. წერეთელის თქმით, რადგანაც საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 70% ეკოლოგიურად ძალიან მგრძნობიარეა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა მოვლენაზე ღონისძიებების ჩატარება შეუძლებელია. თუმცა, ბუნებრივი კატარსტროფების შედეგად დაზიანებულ ყველაზე მასშტაბურ ადგილებზე საინჟინრო სამუშაოები ტარდება. მისი თქმით, შარშან 30 ასეთი ობიექტი (ხიდები, ჯებირები..) გაკეთდა, მათ შორის, სვანეთში, ლეჩხუმში, სურამსა და ჭიათურაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლოგიური მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ამჟამად რაჭაში იმყოფებიან. ღვარცოფის კერის სანახად, გუშინ ისინი მდინარე ბდღვიორას სათავესთან ავიდნენ. გეოლოგი ომარ აბუთიძე, სხვა გეოლოგებთან ერთად, ზღვის დონიდან 2700 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. მდინარის სათავესთან ე.წ. ინერტული მასალა აღმოაჩინეს, რომელიც სიმაღლით 100, სიგანით 700, სიგრძით კი 500 მეტრია. ინერტული მასალა კლდის ქანების ნაშალს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ეს მასა კლდეებს შორისაა მოქცეული, შეუძლებელია ტექნიკით მისი დაშლა. ერთადერთი, რამაც, აბუთიძის აზრით, შეიძლება ეს მასა დაშალოს, არის მიწისძვრა. მისი აფეთქება კი, ისედაც შესუსტებულ კლდეებთან ახლოს, არაა რეკომენდირებული. ამჟამად სოფლის მუნიციპალიტეტის მიერ მდინარის ხეობის გაწმენდა მიმდინარეობს. აბუთიძის აზრით, შესაძლებელია მდინარის ხეობა ორ ნაწილად გაიყოს და მოხდეს ძირითადი კალაპოტისთვის დამატებითი სათადარიგო კალაპოტის შექმნა, რომ ნალექების მოსვლის შემთხვევაში, ღვარცოფის ალტერნატიულ გამტარ კალაპოტზე გადანაწილება მოხდეს. აბუთიძის თქმით, ნალექიანობის შემთხვევაში, ღვარცოფის მოსვლის შესაძლებლობა რაჭაში კვლავაც არსებობს, თუმცა, ძირითადი მასა მდინარემ უკვე ჩამოიტანა და უახლოეს მომავალში მსგავსი მასშტაბების ღვარცოფს აღარ ელოდებიან. გეოლოგები ამბობენ, რომ ამ ღვარცოფის წინასწარ თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. კვლევები ადატურებენ, რომ გეოლოგიური სტიქიური მოვლენების საშიშროების რისკი წლიდან წლამდე მატულობს. 1995–2008 წლების განმავლობაში მარტო მეწყერული და ღცარცოფული მოვლენებით მიყენებულმა ზარალმა 1,240 მილიონი ლარი შეადგინა და 60 ადამიანი იმსხვერპლა. 2009 წელს სტიქიური პროცესების გააქტიურებამ 12 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ეკონომიკური და მატერიალური ზარალი ათეული მილიონი ლარით განისაზღვრა. 2010 წელს ეკომიგრანტად ქცევის საფრთხის ქვეშ 232 ოჯახი იმყოფება. ზარალის ოდენობა დეტალურად ჯერ არ არის დათვლილი, აცხადებენ ოფიციალური პირები ნეტგაეზთთან საუბარში. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში მოსალოდნელია ექსტრემალური მდგომარეობის გაგრძელება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts