planetanews Posted June 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 21, 2010 ნაციონალური მოძრაობის 13 512 888.8 ლარისა და 30 მაისის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიების მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდებში გადარიცხული ფულის წარმომავლობა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, 2011 წლის 1 თებერვალს უნდა გაირკვეს. პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების საარჩევნო ფონდებში თანხის ჩარიცხვა, სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების გარდა, თავად პარტიებსაც შეუძლიათ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის საკუთარ საარჩევნო ფონდში, სხვა სუბიექტებთან შედარებით, ყველაზე მეტი – 13 512 888.8 ლარი გადარიცხა. ყველა დანარჩენი პარტიის მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდებში გადარიცხული თანხის ოდენობა ერთად, დაახლოებით 1 მლნ. ლარია. კანონი პოლიტიკურ პარტიებს არ ავალდებულებს, ანგარიშში მიუთითონ პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის წარმომავლობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია ნაციონალური მოძრაობის მიერ დახარჯული მილიონების წყარო. ეს ინფორმაცია, კანონის მიხედვით, საჯარო 2011 წლის 1 თებერვალს უნდა გახდეს. პარტიები ვალდებულნი არიან, ყოველი წლის 1 თებერვლამდე ბეჭდურ გამოცემაში გამოაქვეყნონ წინა წლის ფინანსური დეკლარაციები (საქართველოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მუხლი 32. 16.12.2005 N 2260), შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ფინანსური მონიტორინგის განყოფილებას წარუდგინონ. ამჟამად ცესკო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც პარტიები წლიურ და არჩევნებში დახარჯული ფინანსების ანგარიშებს წარუდგენენ. აუდიტის დასკვნას, რომელსაც პარტიები ფინანსურ ანგარიშებთან ერთად ცესკოს აბარებენ, იმ აუდიტორულ კომპანიებს აკეთებინებენ, ვინც მათთვის მისაღებია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტიისა თუ გაერთიანების აუდიტორულ დოკუმენტში იდენტური ტექსტია– „ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები დამაჯერებლად ასახავენ ფონდის საქმიანობის ყველა ასპექტს“, ან „გვჯერა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული აუდიტი დასაბუთებულ საფუძველს გვაძლევს დასკვნის შესაბამისად“. ცესკოს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ანგარიშების მიხედვით, ირკვევა, რომ 2009 წელს მმართველი პარტიის შემოსავლის მთავარი წყარო სახელმწიფო იყო - ამ პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 827 186 ლარი მიიღო. პარტიის 2009 წლის მთლიანი შემოსავალი კი –2 მილიონ 41 ათას 267 ლარია. 2010 წლის 30 მაისის არჩევნებისთვის მარტო პარტიის მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდში გადარიცხული ფული, დაახლოებით 13 მილიონი ლარია. გამოდის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 4–5 თვეში ეს ფული მხოლოდ შემოწირულობების სახით მიიღო. 2008 წელსაც, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იყო, ნაციონალური მოძრაობის წლიური ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, პარტიის მხოლოდ ფულადმა შემოწირულობამ 12 479 332 ლარი შეადგინა. ამავე დეკლარაციის მიხედვით, ეს ფული პარტიას 508 შპს-მ, სააქციო საზოგადოებამ და 52-მა ფიზიკურმა პირმა ჩაურიცხა. საარჩევნო კამპანიის ფონდში, 2008 წელს ანგარიშის მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ 8, 506 მილიონი ლარი ჩარიცხა. 2011 წლის 1 თებერვალს სწორედ 2010 წლის არჩევნებში დახარჯული ფულის წარმომავლობა გახდება ცნობილი, როცა პარტია ცესკოს 2010 წლის ფინანსურ ანგარიშს წარუდგენს. რაც შეეხება ამ დეკლარაციების სისწორეს, ნეტგაზეთმა ცესკოს ფინანსური მონიტორინგის ჯგუფს მიმართა კითხვით, თუ რა მექანიზმებით ამოწმებს ცესკო დეკალარაციების სისწორეს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, რა ზომებს მიმართავს. ცესკოს პასუხი იყო: „მათი შემოწმება ხდება აუდიტორის მიერ და ასახულია პარტიების მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში“. რაც შეეხება სანქციების დადებას, ცესკოს მონიტორინგის ჯგუფის იურიდიული განყოფილების მიხედვით, სანქციები დადგენილია 173 (10) და 173 ( 11) მუხლების მიხედვით. ამ მუხლების დარღვევის შემთხვევაში კი ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირები– საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ხათუნა იოსავამ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ პარტიების ფინანსური საკითხების გარკვევა იუსტიციის სამინისტრო პრეროგატივა არ არის. შესამაბისად, აუდიტორული კომპანიები, რომლებსაც პარტიები საქართველოს კანონმდებლობის შესამაბისად საკუთარი სურვილით ირჩევენ, ერთადერთი უწყებაა, რომელიც პარტიის ფინანსურ მონიტორინგს ახორციელებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, ამ პარტიას აუდიტს, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ერთი აუდიტორული კომპანია, „ბიზნეს კონსალტინგი“ აკეთებს. კანონი პარტიის მიერ შემოწირულობის მიღებას მხოლოდ სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მოძრაობებისგან, სახელმწიფო ორგანოსა და იმ საწარმოებებისგან კრძალავს, რომელშიც სახელმწიფო წილი 10%–ია. იკრძალება, ასევე, შემოწირულობების მიღება მოქალაქეობის არმქონე პირებისგან და ანონიმური ფორმით. კანონით აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან/და შემოწირულობის თაობაზე ინფორმაციის დამალვა. თუ შემოწირულობის თანხა არ აღემატება 5000 ლარს, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, თუ შემოწირულობის თანხა აღემატება 5000 ლარს, – გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი აკრძალვა – პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მოცულობა წელიწადში ფიზიკური პირისგან 30 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან 100 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალური დასაშვები ნორმა 100 000 ლარი, ნაციონალური მოძრაობისთვის რამდენიმე იურიდიულ პირს აქვს შეწირული, –მაგალითად, 2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, 100 000 ლარი პარტიას ს.ს „რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ“, ს.ს „მადნეულმა“, ს.ს “ენერჯი ინვესტმა“, ს.ს „თბილავიამშენმა“, შპს „ბლოკჯორჯიამ“ და სხვა იურიდიულმა პირებმა გადაურიცხეს. საქართველოში პარტიების დაფინანსების წყაროებზე საკნონმდებლო რეგულირება ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია. მაგალითად, გერმანიაში კანონი „არჩევნების შესახებ’ აქტივებზე ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის ორწლიან პატიმრობას ითვალიწინებს. შემოწირულობის შესახებ ინფორმაციის დამალვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და აშშ–ში. საჯარიმო სანქციებია აშშ–ში, სადაც უოტერგეიტის სკანდალმა, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარულ შემოწირულობებს უკავშირდებოდა, კანონმდებლობის რეფორმა გამოიწვია. 2002 წლის მაკკეინის ფაინგოლდის კანონი საარჩევნო კამპანიების დაფინანსების შესახებ მსხვილი, არარეგულირებადი, კოლექტიური და ინდივიდუალურობის შემოწირულობების აკრძალვას ეხება. ასეთ შემოწირულობებს „რბილ ფულს“ soft money donations უწოდებენ. საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობაზე ევროპის საბჭომ რეკომენდაციები ჯერ კიდევ 2003 წელს შეიმუშავა, რომლის უმნიშვნელოვანესი დებულები იყო, ”არ მიიღონ პარტიებმა ფულადი სახსრები, რომელთა წარმოშობაც საეჭვოა, ან არჩევნების შემდეგ მაკომპრომეტირებელი აღმოჩნდება”. ამასთან, ევროპის საბჭომ კორუფციის შემდეგი ტიპებიც დაადგინა, რომელიც პარტიების ფინანსების გაუმჭვირვალობას ახლავს თან – სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, მათ შორის, ხმების ყიდვის, სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირების მიერ შენატანის გაკეთების იძულება. თუმცა კანონი, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში ამ საკითხებს არეგულირებს, ვერ უზრუნვეყოფს იმის მონიტორინგს, სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირები აიძულებენ თუ არა, ვთქვათ, ამა თუ იმ ბიზნესს შენატანების გაკეთებას. მაგალითად, გაუგებარია, როგორ და ვინ უნდა დაადგინოს იმ უამრავი ბიზნესკომპანიიდან, რომლებმაც თანხები მმართველ პარტიას შესწირეს, გააკეთეს თუ არა ეს იძულებით. მთავრობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხების დახვეწასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას უკვე მიმდინარე წლიდან გეგმავს. ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც პრეზიდენტმა 3 ივნისს დაამტკიცა, პოლიტიკურ პარტიების დაფინანსების და ხარჯების განხორციელების საკითხებს, კერძოდ, მათი დაფინანსების და ხარჯების განხორციელების ადეკვატურ და მკაფიო წესების დადგენასაც მოიცავს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ახალი სტრატეგიის მიზანი საქართველოში გამჭვირვალე და ლიბერალური დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიტიკური გარემოს შექმნა და არსებული პოლიტიკური სუბიექტების პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ხათუნა იოსავამ ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებულ ხარვეზების აღმოფხვრა დინამიკური პროცესია, რომელიც გრძელდება მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. „აღნიშნული სტრატეგიის მიღება კი არ ნიშნავს იმას, რომ ახლა პარტიათა დაფინანსების საკითხები გაუმჭვირვალეა. სისტემა ყოველთვის დახვეწას საჭიროებს“. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts