planetanews Posted June 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 20, 2010 ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტს ეკონომიკის ექსპერტები ბუნდოვნად მიიჩნევენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, ახალი კოდექსი ”რევოლუციური იქნება.” ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძემ ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ახალ საგადასახადო კოდექსის განხილვაზე განაცხადა, რომ კოდექსის მიზნები ბიზნესის ლეგალიზაციის ხელშეწყობა, საგადასახადო დებულებების გამარტივება, სტაბილური საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბება და ევროპის დირექტივებთან თავსებადობაა. ირაკლი სირაძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ახალ საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესს შეეხება: ”შემოდის მიკრო და მცირე ბიზნესის ცნებები. მიკრო ბიზნესი- იქნებიან პირები, რომლებსაც 30 ათას ლარამდე ბრუნვა აქვთ წლის განმავლობაში. ეს პირები გათავისუფლებული იქნებიან ყოველგვარი გადასახადისგან... ბუღალტერიის და დოკუმენტების წარმოება-შენახვის ვალდებულებისგან ამ პირებს ვათავისუფლებთ.” ირაკლი სირაძე აცხადებს, რომ მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირების კონტროლი შესუსტდება. რაც შეეხება, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებს, მათი ბიზნესის წლიური ბრუნვა 200 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მხოლოდ ერთი გადასახადით დაიბეგრებიან და არც მათ მოეთხოვებათ საერთაშორისო სტანდარტების ბუღალტერიის წარმოება-აღროცხვა და დოკუმენტაცია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მცირე ბიზნესს წლიურ ბრუნვაზე გადასახდელი ექნება 3 ან 5 %. 5% ბრუნვის გადასახადის შემთხვევაში მათ ”გამარტივებული ყიდვა-გაყიდვის ჟურნალი და სალარო აპარატი უნდა ჰქონდეთ. 3% გადასახადის შემთხვევაში მეწარმეს მოუწევს ბრუნვის 60%–ზე მეტი აღრიცხოს სტანდარტული სააღრიცხვო დოკუმენტით.” მცირე ბიზნესს დამატებითი ღირებულების გადასახადის დაფარვა არა თვიურად, არამედ კვარტლურად მოუწევს. ბიზნესის ინეტერესების დასაცავად ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო ომბუდსმენის პოსტი და დავების განხილვების საბჭო შეიქმნება. კოდექსში ჩაიდება ცნება ”პატიოსნება,” რომლითაც იხელმღვანელებს დავების საბჭო სამართალდარღვევების განხილვისას. თუ დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის ქმედება გამოწყვეული იყო შეცდომით ან არცოდნით, მაშინ დავების საბჭომ მას შეიძლება სანქციები მოუხსნას. საგადასახადო ომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და მისი მოვალეობა გადამხდელების ინტერესების დაცვა იქნება. დავების საბჭოსთან ერთად შეიქმნება აუდიტორთა უმაღლესი საბჭო. იგი თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრთან ერთად ხუთი წევრით დაკომპლექტდება. ირაკლი სირაძის განცხადებით, ”საბჭოს მთავარი მიზანი სტაბილური და თანმიმდევრული საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.” ირაკლი შავიშვილი, I&N Audit-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ კოდექსის შინაარსი, მისი კონცეფცია, მისი სხვადასხვა პარამეტრები პრაქტიკულად არ იცვლება. მას მიაჩნია, რომ ახალი კოდექსით სახელმწიფო და კერძო პირი არათანაბარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი: ”როდესაც საგადასახადო ორგანო, აღიარებული დავალიანების ფარგლებში, ჩემი ანგარიშიდან ფულს უკითხავად სხნის, ან ყადაღას ადებს ჩემს ქონებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოდის, როგორც პრივილეგირებული კრედიტორი.” შავიშვილის განცხადებით, კოდექსი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება: ”შეიქმნება საგადასახადო ორგანოების ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, (რომელსაც) კანონის განმარტების უფლებები (აქვს). (საბჭოს გადაწყვეტილებები) შედმეგ ნორმატიულ სახეს იძენს და რადგან ეს ნორმატიული აქტის ხასიათს იძენს, სასამართლომ ეს განმარტება უნდა მიიღოს მხედველობაში და არა საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს... კანონის ინტერპრეტაციის უფლება არავის აქვს, გარდა მოსამართლისა”. ეკონიმისტი ამბობს, რომ, როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, იგი არაფრით აგებს პასუხს. გადასახადის გადამხდელი კი თავის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელია და მის მიმართ ყველანაირი ზომა შეიძლება გატარდეს საურავიდან დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნით დამთავრებული. ”დარღვეულია ამა თუ იმ ცნების ეკონომიკური შინაარსი. შემოდის დამატებითი ღირებულების გადასახადი მიღებულ ავანსებზე. დამატებითი ღირებულების გადასახადი ამ გადასახადს იმიტომ ჰქვია, რომ ამ გადასახადით იბეგრება დამატებული ღირებულება, რომელიც უკვე შექმნილია და რომელიც გადაეცემა სხვა პირს. მიღებული ავანსის შემთხვევაში რა დამატებითი ღირებულებაა შექმნილი?”. ირაკლი შავიშვილს მიაჩნია, რომ ომბუდსმენს აღმასრულებელი ხელისუფლება არ უნდა ნიშნავდეს: ”ომბუსდმენი არის პირი, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას საგადასახადო სფეროში. ამ ომბუდსმენს ნიშნავს და მისი საქმიანობის წესს ადგენს აღმასრულებელი ხელისუფალი. ომბუდსმენი უნდა შეეწინააღმდეგოს მთავრობას და მთავრობა ნიშნავს ომბუდსმენს.” საგადახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტი ფინანსთა სამინისტროს პარლამენტისთვის ჯერ არ გაუაგზავნია. ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით პრემიერ მინისტრის მრჩეველთან შექმნილ სამუშაო ჯგუფს დაინტერესებული პირების შენიშვნები გადაეგზავნება. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts