Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ATსაქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის აპრილი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg

ტიტები ვარდებზე ადრე დაჭკნა

 

ის, რომ ყირგიზეთის რესპულიკაში რაღაც დალპა, თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ჰამლეტის დრიონდელ დანიის სამეფოში, ცხადი ჯერ კიდევ გადატრიალებამდე შეიქმნა. თუმცა ცოტა ვინმე თუ მოელოდა შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების ასეთ სწრაფ ესკალაციას, რომელიც ქვეყნიდან პრეზიდენტის გაძევებით დაგვირგვინდა.

 

ყურმანბეკ ბაკიევის რეჟიმი, რომელიც ,,ხელისუფლებაში ე.წ. ,,ტიტების რევოლუციის” წყალობით მოვიდა, ისეთივე არაკომპეტენტური, კორუმპირებული და გამყიდველი აღმოჩნდა, როგორც მისი წინამორბედი” (The Times) არადა, რა რომანტიულად იწყებოდა ყველაფერი 2005-ში: ,,ტიტების რევოლუცია”, დასავლეთის დიდი იმედები და გივი თარგამაძე ყირგიზულ ქუდში იქაური აქსაკალების და საქსაულების ფონზე.

 

მოვლენეთა სწრაფი განვითარება და დამანგრეველი შედეგები, სტიქიურ უბედურებას მოაგონებდა, თუმცა საერთო სურათის ანალიზი აჯანყებულთა მოქმედების მიღმა საკმაოდ მწყობრი ლოგიკისა და გააზრებული სცენარის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ,,რეჟიმი დაამხეს. ტემპს, რომლითაც ეს მოხდა, მოჰყვა ხმები იმის თაობაზე, რომ პროცესში უფროსი ძმის ხელი ურევია და პირველ რიგში ეჭვი რუსეთზე მიიტანეს” (The New York Times) ისე, ხელოვნებათმცოდნეებს ხშირად უწევთ ხელმოუწერელი ფერწერული ტილოების შესწავლა და სახასიათო შტრიხების მიხედვით მათი გამოცხადება ამა თუ იმ ცნობილი მხატვრის ნამუშევრად; დაახლოებით იგივე შემთხვევაა – სახასიათო ხელწერა სახეზეა, თუმცა ხელმოწერა არ ჩანს.

 

რეჟიმის ზოგად თავაშვებულობასთან ერთად უკმაყოფილებას სხვა მიზეზებიც ჰქონდა. ყირგიზეთში, ,,მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მათი შემოსავლის სასიცოცხლო წყარო უცხოეთში მომუშავე ყირგიზების ფულადი გადმორიცხვებია” (Foreign Policy) რაღაც ნაცნობი კი არის სიტუაციის ამგვარ დახასიათებაში, იგი რაღაცას ბუნდოვნად მოაგონებს, თუმცა მთავარი სხვა რამეა: არეულობის დაწყებისთვის საკმარისზე მეტი წინაპირობა არსებობდა.

 

მოსკოვმა ძალიან სწრაფად დაამყარა კონტაქტი გამარჯვებულ ოპოზიციასთან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონშიც არავის გასჩენია განსაკუთრებული სურვილი ბაკიევის კლანს გამოსარჩლებოდა. როგორც ჩანს აწ განსვენებულმა რეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ ორივე დაინტერესებული მოთამაშისთვის მომაბეზრებელ პრობლემად იქცა. ხოლო ევროპის პოზიცია, ყირგიზეთში და რეგიონის სხვა ქვეყნებში შექმნილი ვითარების მიმართ, ალბათ, შეიძლება განისაზღვროს ფორმულით ,,სიმშვიდე ნებისმიერ ფასად”, თუნდაც სტაბილურობის შენარჩუნების მეთოდებს ,,ტიტების რევოლუციის” მაღალფარდოვან ლოზუნგებთან საერთო არაფერი ჰქონდეს. იგი ,,იძულებულია ამ ტიპის სტაბილურობას შეეგუოს. ევროპა ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით რეგიონზე გამორჩეულადაა დამოკიდებული” (Der Standard) ცხადია, ასეთი მიდგომა კრიტიკისგან დაცული ვერ იქნება: ,,ამგვარ რეჟიმებზე დამოკიდებულება ეთიკური თვალსაზრისით უზნეობაა და სტრატეგიული თვალსაზრისით კი წამგებიანი” (The New York Times)   

 

სულ რაღაც ერთ კვარტალში ვითარება პოსტ-საბჭოთა სივრცეში რადიკალურად შეიცვალა. ,, როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩვენ უკვე შევეჩვიეთ რევოლუციების ჭკნობას იქნება ეს ,,ნარინჯისფერი რევოლუცია” უკრაინაში, ,,ვარდების რევოლუცია” საქართველოში და ახლა ,,ტიტების რევოლუცია” ყირგიზეთში” (The New York Times). საგულისხმოა ამ ჩამონათვალში საქართველოს მოხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ხელისუფლება არ შეცვლილა. თუმცა საუბარი, ალბათ იმაზეა, რომ საქართველოშიც, დანიის სამეფოსი არ იყოს, რაღაც ნამდვილად დაჭკნა.

 

ბუფეტში, ობამას მოლოდინში

 

ალბათ ძნელია იყო უკანასკნელი მოჰიკანი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩინგაჩგუკი არ ხარ. თუმცა, ვერაფერს ვიზამთ, საქართველოს ხელისუფლება და მისი ხელმძღვანელი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ,,ფერადი რევოლუციების” ეპოქის ერთგვარ რელიქტად იქცნენ. რა გახდა ამის მიზეზი? ,,რუსეთი საკუთარი გავლენის სფეროებს იბრუნებს, აშშ-ს საწინააღმდეგო არაფერი აქვს” TIME-ის ამ ფრაზამ, ერთ ფორმულაში მოაქცია ყველა ეჭვი და ვარაუდი, რომელიც ბოლოდროინდელ პროცესებთან დაკავშირებით გამოითქვა.

 

აპრილში მიხეილ სააკაშვილს დასავლური აუდიტორიის წინაშე გამოსვლა წინა თვეებისგან განსხვავებით უჩვეულოდ ხშირად უხდებოდა. ყველა ამ გამოსვლაში სააკაშვილი ცდილობდა მთავარი აქცენტი დასავლურ ღირებულებებზე გადაეტანა, რომელთა ერთგულება, მისი მტკიცებით, დღევანდელ საქართველოს ახასიათებს. მისი ჩანაფიქრი, სავარაუდოდ, შემდეგში მდგომარეობდა: უკრაინასა და ყირგიზეთში მომხდარ მოვლენებზე მსჯელობის დროს, დასავლური მედია და შესაბამისად, საზოგადოება ერთობ გადაიტვირთა საუკუნის წინანდელი ,,დიდი თამაშისთვის” დამახასიათებელი გეოპოლიტიკური სქემებითა და ტერმინებით, რომელთა მიმართ გარკვეულ რეფლექსიას განიცდის. მიუხედავად იმისა, ასახავს თუ არა რეალობას საუბარი ,,გავლენის სფეროებზე”, გაღიზიანება პრობლემის მსგავს ტერმინებში ფორმულირების გამო დასავლეთში უდაოდ გაჩნდა. ალბათ, სწორედ ამ განწყობის გამოყენებას ცდილობდა საქართველოს ლიდერი, როდესაც საერთო დემოკრატიულ იდეალებზე საუბრობდა და ცდილობდა გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ფაქტორები ერთ ჩარჩოში მოექცია: ,, ჩვენი დემოკრატია უსაფრთხოების გარეშე ვერ განვითარდება, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვუზრუნველყოფთ საკუთარ უსაფრთხოებას დემოკრატიის გარეშე”, – წერდა სააკაშვილი Christian Science Monitor-ის ფურცლებზე: ,,საქართველო შეიძლება დემოკრატიული იმედების აღმოსავლურ სიმბოლოდ იქცეს”.

 

სააკაშვილის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა, რადგან დასავლეთის მისდამი სიმპატიის განელებას, სავარაუდოდ, არა მხოლოდ გეოპოლიტიკური პრაგმატიზმი, არამედ სხვა გარემოებებიც განაპირობებდნენ. ,,აღმოჩნდა, რომ ,,ჩვენი” კარგი ბიჭები – მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ვიქტორ იუშჩენკო და იულია ტიმოშენკო უკრაინაში, ყურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთში ან აჰმედ ჩალაბი ერაყში ისეთივე ძალაუფლების მოყვარე და ისეთივე ხარბები აღმოჩნდნენ, როგორც მათი წინამორბედები, ძალაუფლების შესანარჩუნებლად არაფრად აგდებდნენ დემოკრატიულ პრინციპებს” (The Huffington Post) სააკაშვილის ვიზიტს შეერთებულ შტატებში ერთგვარი ინდიკატორის როლი უნდა შეესრულებინა და წარმოეჩინა რამდენად დიდია დასავლეთის, უპირველესად კი აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა შესაძლო მოლაპარაკებებს ბარაკ ობამასთან, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ეს შეხვედრა არ შედგებოდა. ,,ვის არ ეძლევა ობამასთან პირისპირ შეხვედრის დრო? ერთი დადასტურებული ვერსიით ეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც პრეზიდენტ ობამასგან დამამშვიდებელი სატელეფონო ზარი რამდენიმე საათის წინ მიიღო, – წერდა Foreign Policy, და იქვე ვარაუდობდა ,,იქნებ ისინი ერთმანეთს ბუფეტში შეხვდნენ”, თუმცა, ბუფეტამდე საქმე, როგორც ცნობილია არ მივიდა.

 

,,გასაოცარია, ის რომ სააკაშვილთან შეხვედრისთვის სიაში ადგილი არ აღმოჩნდა, იმ ფონზე თუ როგორ გულწრფელად უჭერს ის მხარს ამერიკის ინტერესებს, მაგალითად ომებში ერაყსა და ავღანეთში” (The Washington Post). თუმცა პასუხის ძიება კითხვაზე ,,რატომ არ შეხვდა ობამა სააკაშვილს?” ალბათ არა ორმხრივ ურთიერთობებში, არამედ ბერმუდის სამკუთხედში ვაშინგტონი-თბილისი-მოსკოვი მოგვიწევს.

 

,,ადმინისტრაცია ნელ-ნელა ემიჯნება ირაციონალურ, ანტირუსულ პოზიციას , რომელიც მას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა. სინამდვილეში საქართველოსთვის ეს სასარგებლოა, რადგან მას იმის გაგებას აიძულებს, რომ კონფრონტაციის პოლიტიკა ჩიხურია და დროა მან რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს” (The American Conservative). სათქმელად იოლია, თუმცა განსახორციელებლად საკმაოდ რთულია, რადგან ურთიერთობები თბილისსა და მოსკოვს შორის უფრო ცივი ჩანს, ვიდრე ყინული ჩრდილოეთ პოლუსზე. ,,არსებული ატმოსფერო ორ ქვეყანას შორის მშვიდობიან თანამშრომლობას ნამდვილად არ უწყობს ხელს” (Le Monde)

 

შეთქმულების თეორია

 

აპრილი, როგორც ნებისმიერი სხვა თვე საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში, დაიწყო ავისმოასწავებელი განცხადებებით მოსკოვიდან, ამჯერად ავანსცენაზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ნიკოლაი პატრუშევი გამოვიდა: ,,,ჩვენ გაგვაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპეც-სამსახურების ცალკეულ თანამშრომლებს კავშირი ჰქონდათ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ჩვენ მოსკოვის ტერაქტებთან მიმართებაში, ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ” წარსულში, მოსკოვმა უკვე დაადანაშაულა საქართველო ,,ალ-ქაიდა”-ს ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემასა და ჩეჩენ მებრძოლებთან თანამშრომლობაში” (Washington Times) ასე რომ, თუ ხვალ ნიკოლაი პატრუშევი ანტარკტიდაში პინგვინების წამებასა და ამოხოცვაში დაგვადანაშაულებს ეს, პრინციპში არც უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს; პატრუშევის ვერსიამ არცთუ სასურველი გამოძახილი დასავლურ მედიაშიც ჰპოვა.

 

,,2009 წლის დეკემბერში თბილისში, საქართველოში აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაში ერთი შეუმჩნეველი შეხვედრა შედგა. მაშინ საქართველომ ჯიჰადისტურ კონფერენციას უმასპინძლა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ,,ოპერაციები” დაეგეგმა” (Political Mavens). წერილის ავტორი ძირითად წყაროდ აშშ-ს საგარეო უწყების ყოფილი ჩინოვნიკის ჯეიმს ჯატრასის წერილს იყენებს, რომელიც Washington Times-ში გამოაქვეყნა (როგორც ფასიანი რეკლამა). საინტერესოა, რომ მარტის ბოლოს ჯატრასი ისევ გააქტიურდა და იმავე გამოცემის მეშვეობით ობამას ადმინისტრაციას სთხოვა, აპრილში სააკაშვილი არ მიეღო.

 

რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი განცხადებები? პირველი მათგანი, თითქოსდა ზედაპირზე დევს: რუსეთის ,, მიზანი სააკაშვილის მოშორება და საქართველოზე კონტროლის მოპოვებაა, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო” (Frontpage Magazine) თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება საქმე მოსკოვის მხრიდან კიდევ ერთი, თანმდევი ამოცანის გადაწყვეტასთან გვქონდეს. შესაძლოა, მას სურს მისი წარუმატებელი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელმაც ბოლო ვერ მოუღო სისხლიან ტერაქტებს რუსეთის ტერიტორიაზე, მსჯელობის მთავარ თემად არ იქცეს. მისი გადაფარვისთვის კი შეიძლება ხელი შეუწყოს კონსპიროლოგიური ვერსიების გავრცელებას ,,საქართველოს კვალზე” და ,,გლობალურ შეთქმულებაზე რუსეთის წინააღმდეგ”.

 

,,რუსეთის მოსახლეობას კვებავდნენ ზღაპრებით იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში სეპარატისტულ მოძრაობებთან დაკავშირებულმა კრემლის ბრუტალურმა ტაქტიკამ გაამართლა და რეგიონი კრემლიდან დანიშნული ადგილობრივი მმართველების პირობებში მეტ-ნაკლებად დამშვიდდა” (Indipendent) საქმე შესაძლოა, იმ შემთხვევასთან გვაქვს როდესაც პროპაგანდა რეალურ პოლიტიკასთან ტრაგიკულ წინააღმდეგობაში შევიდა. 29 მარტის ტერაქტებმა მოსკოვის მეტროში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ყალიბდებოდა, ხელის ვერც ერთი და ალბათ, ვერც ორი მოსმით ვერ გადაწყდება. მოსკოვი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს, მისი ,,განსაკუთრებული შიში იმას უკავშირდება, რომ კავკასიის ხალხებმა, პირველ რიგში კი ჩეჩნებმა ტერორისტული მეთოდებით, რომლებიც სეპარატისტული მიზნების რეალიზაციისკენაა მიმართული, შეიძლება წარმატებას მიაღწიონ” (Frankfurter Allgemeine)

 

მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერაქტების შემდეგ რეპრესიების სავარაუდო გაძლიერება ჩრდილოეთ კავკასიაში და მისგან გამომდინარე ძალადობის ესკალაცია საქართველოს საზღვრების სიახლოვეს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების მნიშვნელოვან ზრდას დაუკავშირდება.

 

თურქული გამბიტი

 

თუ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გავიხედავთ, დამამშვიდებელ სურათს ვერც ამ მიმართულებით ვიხილავთ. ვითარება ირანის გარშემო უკიდურესად დაძაბული რჩება, და ამასთანავე, აქტიურდება თურქეთი, რომლის საგარეო პოლიტიკა ეჭვებს თუ არა, გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამ პოლიტიკას, როგორც ჩანს, ორი მთავარი ასპექტი აქვს: რეგიონული ლიდერის პოზიციის შემომტკიცება და მუსლიმანურ სამყაროში წამყვანი პოზიციების დაკავება. ,,ადრე გაერო-ში აზრს არავინ გვეკითხებოდა, თავიდანვე ყველას მიაჩნდა, რომ ჩვენ დასავლეთის კურსს ვატარებდით, – ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სელიმ ენელი: ახლა გვეკითხებიან”. მაგრამ თურქეთის ასეთი დამოუკიდებლობა გარკვეულ დაძაბულობას იწვევს როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში სადაც ზოგიერთი ლიდერი ნოსტალგიით იხსენებს ,,ცივი ომის” ეპოქას, როდესაც ანკარა დასავლეთის ბლოკის მიმართ უპირობო ერთგულებას ავლენდა” (Foreign Policy).

 

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ურთიერთობებს თურქეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა, რადგან ის, რეგიონული, მათ შორის სამხრეთ-კავკასიური სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარ ელემენტად მიაჩნდა, უთანხმოებას თურქეთსა და აშშ-ს შორის ადგილი სულ უფრო ხშირად აქვს, ხოლო რუსეთსა და თურქეთს შორის პირიქით. ,,დასავლეთი მწუხარებით იწყებს იმ ფაქტის გაცნობიერებას, რომ რუსეთი გაცილებით დამაჯერებელია თურქეთთან მიმართებაში ვიდრე დასავლეთი, რადგან თურქეთი მოსკოვის აბსოლუტურ სტრატეგიულ ტყვეობაში იმყოფება” (OilPrice) ისე, საინტერესოა, როგორ ჟღერს ,,ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე” თურქულად?  

 

ამ დაძაბული მდგომარეობის პროექცია, შეგვიძლია დავინახოთ აშშ-ს ურთიერთობებში აზერბაიჯანთან, რომელიც თურქეთის ტრადიციული მოკავშირეა. ,,ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ს ურთიერთობა მის საკვანძო სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანთან, ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება. მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვაშინგტონი ბაქოს ხან გაურკვეველ, ხან კი საკმაოდ მკაფიო სიგნალებს უგზავნიდა, აზერბაიჯანულ მედიაში ანტი-ამერიკული პუბლიკაციების ტალღა აგორდა” (ISN ETH Zurich). ილჰამ ალიევი, მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე არ დაპატიჟეს. ოფიციალური ბაქო განსაკუთრებით ეჭვიანი მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაში დათბობა დაიწყო, რომელსაც მხარს თეთრი სახლი უჭერდა, სწორედ მაშინ გაისმა ბაქოში განცხადებები შტატების პრო-სომხური პოზიციის შესახებ ყარაბახის კონფლიქტში. მართალია, წინსვლა ამ მიმართულებით შეფერხდა, თუმცა განაწყენების კვალი აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკას დღემდე ეტყობა. ჩვენ კი, ზემოთ განხილულ თურქეთის მაგალითზე, ვნახეთ, რომ მოსკოვი მუდმივ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ვაშინგტონზე ,,განაწყენებულებს” მყისიერად ,,თანადგომა” შესთავაზოს. გამონაკლისი ალბათ არც აზერბაიჯანი იქნება.

 

იმის დასადგენად, რომ აშშ-სთან ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობების შემდგომი გაუარესება საქართველოსთვის კარგს არაფერს მოასწავებს, რუკაზე ერთი დახედვაც კმარა. თუმცა ამას ალბათ ისევ სარკეში ჩახედვა და საკუთარ პრობლემებში ჩაღრმავება ჯობს; შიდა-პოლიტიკურმა ბრძოლის გამწვავებამ, შეიძლება ხელი ქვეყნის ისეთ დესტაბილიზაციას  შეუწყოს, რომლის მსგავსსაც ვერანაირი გარე იმპულსი ვერ გამოიწვევს.

 

ფინანსები უპირველეს ყოვლისა

 

ადრე ბავშვებს კოსმონავტობა უნდოდათ, ახლა კი პრეზიდენტობა სურთ, – ვერაფერს გავხდებით, დრო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით, როგორც ეს ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა აღნიშნეს, შესაძლოა მაშინ, როდესაც შეამჩნიეს, რომ მათ შვილებს აღარ იზადავს ლეგიონერის მახვილი და მწიგნობრის სტილოსი, არამედ მხოლოდ სენატორობა და კონსულობა სწყურიათ. რომი, სხვათა შორის, დაემხო, თუმცა საუბარი სხვა თემაზე გვაქვს, მაღალ თანამდებობებზე მოხვედრის მსურველთა რაოდენობა საქართველოში უზომოდ დიდი ჩანს, ზოგის ამბიცია დეპუტატის სავარძლით შემოიფარგლება, ზოგისთვის კი, ჯეიმს ბონდის თქმის არ იყოს ,,მთელი სამყარო არ კმარა”.Radio Liberty აქვეყნებს. ასეთი ვარაუდის გამოთქმისაკენ, მას, როგორც ჩანს, უბიძგა ერთობ გაწელილმა პაუზამ და ერთგვარმა გაურკვევლობამ 30 მაისის არჩევნებში ხელისუფლების მთავარი კანდიდატის დასახელების წინ: ,,თბილისის მერის არჩევნებამდე ორი თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მერაბიშვილი ბლოკავს სააკაშვილის ახლო პარტნიორის, მოქმედი მერის გიგი უგულავას ოფიციალურ კანდიდატად წარდგენას. დედაქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 30% ცხოვრობს და ანალიტიკოსებს სჯერათ, მას ვისაც მერად აირჩევენ, კარგი შანსი ეძლევა ეს გამარჯვება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის გამოიყენოს”.

 

,,შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტობისკენ მიილტვის?”, – მასალას ამ სათაურით

 

რაიმე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა ამ ვარაუდთან დაკავშირებით შეუძლებელია: დამადასტურებელი ფაქტები ჯერაც არ არსებობს, თანაც არჩევნებამდე საკმაო დრო რჩება, ძალთა გადაჯგუფება ოპოზიციაშიც არ დასრულებულა, და როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნითაც. თუმცა, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, მას სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება მოუწევს, რომელიც ქვეყნის სავარაუდო ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირდება. ჩვენ, სულით ხორცამდე პოლიტიზებულ საზოგადოებაში მათ რატომღაც ნაკლები ყურადღებას აქცევენ; არადა ვითარება საგანგაშო ჩანს.

 

,,საქართველო ეკონომიკური გაკოტრების (დეფოლტის) ზღვარზეა, რაც 2013 წლისთვის შეიძლება რეალობად იქცეს (ამ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა იწურება), ამტკიცებს რუსული გაზეთი ,,ვზგლიადი”. ქართველი ეკონომისტი დავით ნარმანია აზუსტებს, რომ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვალმა მშპ-ს 80.3%-ს, ანუ 8,6 მილიარდ დოლარს მიაღწია და პროცენტულად ვალების გადახდას წელიწადში 800 მილიონი დოლარი დასჭრირდება. მისი თქმით, ,,საქართველოს ასეთი ფული არ აქვს და მას ასეთ თანხას არც არავინ მისცემს”. მართლაც სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების არ არსებობის პირობებში თბილისმა, როგორც სჩანს სესხის აღების უნარი ამოწურა” (Courrier International) ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემო იქნება, ვალი გადაულახავ პრობლემად არ გადაიქცევა, თუმცა დღეს ის ისეთივე ჯანსაღი ჩანს, როგორც წიწილა, რომელსაც ბულდოზერმა გადაუარა.    

 

შარშანდელი ვარდნის მიზეზად ხელისუფლებამ გარე აგრესიის ფაქტორი და ოპოზიციის ხანგრძლივი აქციები დაასახელა. ერთიც და მეორეც ინვესტორების მოზიდვასა და, ზოგადად, ბიზნესის კეთებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობდა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მთავრობა (ალბათ, თანდაყოლილი სიმორცხვის გამო არაფერს) ამბობს- ბიზნესს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს: ,,შესაძლოა ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში სულაც არ არის ისეთი იოლი, როგორც დღევანდელი მთავრობა პოტენციურ ინვესტორებს არწმუნებს”, – წერს bne და თავის პუბლიკაციაში Elit Electronics-ის დამფუძნებლისა და ყოფილი დირექტორის ანზორ ქოქოლაძის სევდიან ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საგადასახადო სამსახურთან ფრიად უთანასწორო დავაში ჩაება; რაც მისთვის, საბოლოოდ, ბიზნესის ფაქტობრივი დაკარგვით დასრულდა.

 

დეფოლტის საფრთხე ძალიან სერიოზული პრობლემაა და ერთადერთი დამაიმედებელი გარემოება ისაა, რომ დრო მასთან გამკლავებისთვის ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ბევრი ისეთი რამ ხდება, რასაც წინასწარ ვერასდროს წარმოიდგენ და რისთვისაც უბრალოდ ვერ მოემზადები.

 

საბედისწერო რეისი

 

აპრილის მთავარი მოვლენა მოკლე ეპილოგისთვის განგებ დავტოვე, რადგან მისი მოქცევა სხვა პოლიტიკური მოვლენების კალეიდოსკოპში, ალბათ არასწორი იქნებოდა. იმ ათასობით პუბლიკაციის ციტირება, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასროფას მოყვა ფიზიკურად შეუძლებელია, ასე რომ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით და მცირე ამონარიდებით შემოვიფარგლოთ.

 

ერთ დღეში ელიტის ამდენი წარმომადგენლის დაკარგვას კაცობრიობის უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. გამოძიება დასრულებული ჯერაც არ არის, თუმცა უკვე დღეს ჩანს, რომ ერთ მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში უამრავი, ერთის შეხედვით უმნიშვნელო, ნეგატიური ფაქტორი შეიკრა, რაც, ჯამში პოლონეთის ისტორიაში უდიდესი კატასტროფით დაგვირგვინდა.

 

თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს მომხდარი პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობებზე ორად გაიყო: ,,ამერიკელმა სოვიეტოლოგმა რიჩარდ ფაიფსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ტრაგიკული დაღუპვა კიდევ უფრო გაართულებს ისედაც მძიმე რუსულ-პოლონურ ურთიერთობებს” (The Wall Street Journal). ,,პუტინის გამონათქვამებში მე ცვლილებების მტკიცე მზადყოფნა ვიგრძენი”, – განაცხადა რადიოსადგურ TOK FM–ის ეთერში ადამ როტფელდმა (პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი). მისი აზრით, გუშინდელმა ტრაგედიამ შეიძლება პარადოქსული გავლენა მოახდინოს რუსულ-პოლონური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე” (Gazeta.pl). სხვა ექსპერტების მოსაზრებები  ამ ორ პოზიციას შორის დაახლოებით თანაბრად განაწილდა.

 

საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარი განსაკუთრებით მძაფრად აღიქვა. აშშ-ს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილმა კრაკოვში კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩასვლა მაინც მოახერხა, ,,რაც ამ ორ ადამიანს შორის არსებული მეგობრობის დასტური გახლდათ. კაჩინსკის დაღუპვამ საქართველოს დიპლომატიურ ფრონტზე სერიოზული დარტყმა მიაყენა” (Le Monde), თუმცა სათუოა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ისეთივე ძლიერი დარჩეს, როგორიც კაჩინსკის დროს იყო. ქვეყნის საჭესთან ფრთხილი და პრაგმატული ადამიანები, დონალდ ტუსკი და ბრონისლავ კომაროვსკი დარჩნენ. ამასთანავე, მომდევნო თვეებში პოლონეთი სავარაუდოდ თავს შეიკავებს აქტიური ქმედებებისგან საერთაშორისო არენაზე, და გარკვეულ წილად ,,საკუთარ თავში ჩაიკეტება”; მას ჭრილობის მოშუშებისთვის გარკვეული დრო დასჭირდება.

 

ილია ფარჯიანი,

 

ხელოვნებათმცოდნე 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...