Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - უალტერნატივო სახელმძღვანელოები


Recommended Posts

გამომცემლობები სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ. მათი აღშფოთება, განსაკუთრებით მეხუთე და მერვე კლასში, ერთი სახელძღვანელოს კონკურსში უალტერნატივოდ გამარჯვებამ გამოიწვია. გამომცემლობებმა, - ,,დიოგენე”, ,,კლიო”, ,,პეგასი”, ,,შემეცნება”, ,,ქართული ბიოგრაფიული სახლი”, ,,მერიდიანი” განათლების სამინისტროში საჩივარი 25 მაისს შეიტანეს. საჩივარზე პასუხი სამინისტროსაგან მათ ჯერ არ მიუღიათ.

 

ახალი სასწავლო წლისათვის მე-4, მე-5, მე-8, მე-11 და მე-12 კლასებში სახელძღვანელოთა ნუსხა განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა. კონკურსი სასკოლო სახელმძღვანელოებზე 2010 წლის იანვარში გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა 32 გამომცემლობის 120-მა სახელმძღვანელომ მიიღო. გრიფი* 77 სახელმძღვანელოს მიენიჭა, ხოლო გრიფის გარეშე დარჩა საკონკურსო წიგნების დაახლოებით 40%.

 

გამომცემლები ამბობენ, რომ მათი გაღიზიანება განსაკუთრებით იმ შეფასებებმა გამოიწვიეს, რომლებიც ექსპერტებმა მათ სახელმძღვანეოლოებზე დაწერეს.

 

პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ჩვენმა სახელმძღვანელომ ვერ გაიარა კონკურსი, მაგრამ წლევანდელი ექსპერტების შეფასებები ტენდენციურობის ხარისხით აღმაშფოთებელი და უპრეცენდენტო იყო. სწორედ ეს იყო ჩვენი აღშფოთების მიზეზი”, - ამბობს თამარ ლებანიძე, გამომცემლობა ,,დიოგენეს” დირექტორი.

 

ერთობლივ საჩივარში, რომელშიც ექვსმა გამომცემლობამ ერთიანი პოზიცია დააფიქსირა, წერია:

 

,,ჩვენ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ შექმნილ ვითარებაზე. გამომცემლობებმა და ავტორებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ყველა რეცენზიის სტილი ერთი და იგივეა - უკიდურესად არაკეთილგანწყობილი, ზოგჯერ თავხედობამდე მისული დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონი, სრული უპატივცემლობა სხვისი შრომის მიმართ, ზედაპირული, არაფრისმთქმელი შეფასებები და ზოგადი ფრაზები. როცა კონკრეტული მაგალითები განვიხილეთ, სამწუხარო დასკვნამდე მივედით - სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ექსპერტები წინასწარგანზრახული შეთანხმებით მოქმედებდნენ ერთი კონკრეტული გამომცემლობის სასარგებლოდ”.

 

სასკოლო სახელმძღვანელოებს გრიფს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრი და მოწვეული ექსპერტები ანიჭებენ. ყოველწლიურად გრიფს სხვადასხვა კლასების სახელძღვანელოები იღებენ. სახელმძღვანელოს რომ გრიფი მიენიჭოს, ის გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრმა დებულებით განსაზღვრა.

 

,,ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წელს გრიფის მინიჭების პროცედურების ახალი მიდგომები და პრინციპები შემუშავდა. მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, გაფართოვდა სახელმძღვანელოს შემფასებელთა წრე - სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში ჩაერთვებიან, როგორც საგნობრივი ექსპერტები, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგები,”-წერია განათლების სამინისტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

წლევანდელისაგან განსხვავებით, შარშან გრიფს თითქმის ყველა საკონკურსო სახელმძღვანელო იღებდა. ,,კონკურსში ვერ გადიოდა მხოლოდ ის წიგნი, რომელიც არღვევდა კანონმდებლობას, მაგალითად, შუღლის გამოწვევას ემსახურებოდა”,-ამბობს ,,ნეტგაზეთთან” საუბარში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასებების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, სიმონ ჯანაშია.

 

შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს იმ ექსპერტთა ვინაობაც ანონიმურია, რომლებიც საკონკურსო სახელმძღვანელოებს აფასებენ. ჯანაშია ამბობს, რომ შარშან ცენტრი წინასწარ აქვეყნებდა ექსპერტთა სიას. თუ რომელიმე გამომცემელი ან ავტორი რაიმე ინტერესთა კონფლიქტს ხედავდა რომელიმე ექსპერტზე, მას შეეძლო ამ ექსპერტის აცილების საკითხი დაეყენებინა. საჯარო იყო ინფორმაცია, თუ ვინ შედიოდა ექსპერტთა სიაში, თუმცა გამომცემლებმა არ იცოდნენ, მათ წიგნს კონკრეტულად რომელი ექსპერტი აფასებდა. წელს ანონიმურობა ყველა მხრივ დაცული იყო.

 

ექპერტების სიის სრულმა ანონიმურობამ და მათმა შეფასებებმა თავისთავად დააყენა მათი არაკომპეტენტურობის საკითხი. გამომცემლები თვლიან, რომ მათი მხრიდან თვალშისაცემია, როგორც სტანდარტისა და მეთოდიკის, ისე რეალური სასწავლო პროცესისა და მოქმედი სახელმღვანელოების უცოდინრობა. ,,ამ თვალსაზრისით, ბევრი შეფასება სრულიად მიუღებელი და არაკომპეტენტურია”,-წერია საჩივარში.

 

ასევე საჩივარიდან ირკვევა, რომ ყველა დაწუნებულ სახელმძღვანელოს უკიდურესად დაბალი ჯამური შეფასება მიეცა. V კლასის პილოტირებულ სახელმძღვანელოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დადებითად ფასდებოდა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტების მხრიდან და გაიარა გამოცდა საქართველოს 100 სკოლაში, გრიფირების დროს მხოლოდ 26 ქულა მიენიჭა, მაშინ, როცა გამსვლელი ქულა 70-ია.

 

 

 

საჩივარში წერია, რომ ექსპერტთა შეფასებები, როგორც შინაარსობრივი, ისე ქულობრივი, წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია. მაგალითად, კრიტერიუმი - სახელმძღვანელო ხელს უწყობს მოცემული კლასის/საფეხურის სტანდარტის ყველა მიმართულებით განსაზღვრული შედეგების მიღწევას - ერთ-ერთი წიგნის შემთხვევაში ერთმა ექსპერტმა შეაფასა მინიმალური ”0” ქულით, მეორე ექსპერტმა კი მაქსიმალური ”3” ქულით. ასეთი შემთხვევები, როგორც ავტორებმა და გამომცემლებმა აღნიშნეს, ხშირია ყველა სახელმძღვანელოს შემთხვევაში.

 

ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ექსპერტები ყველა, 46-ვე შეფასებაში ნულოვან შეფასებას წერენ. განსაკუთრებით გასაკვირი ფაქტი ,,მერიდიანისთვის” გამომცემლობის პილოტირებული სახელმძღვანელოს შემთხვევაში აღმოჩნდა.,,გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ანონიმურ რეჟიმში მუშაობამ ხელი შეუწყო ექსპერტების ტენდენციურობას და გამოიწვია აღმაშფოთებლად სუბიექტური და უპასუხისმგებლო შეფასებები,”_ნათქვამია საჩივარში.

 

გამომცემლები თანხმდებიან იმის თაობაზე, რომ ექსპერტთა ჯგუფის ანონიმურობა აჩენს გარკვეულ შეკითხვებს, ამიტომ ეთანხმებიან აზრს, რომ სრული ანონიმურობა არ არის სწორი.

 

,,ქართული ბიოგრაფიული სახლის” დირექტორი, ხათუნა მიქაბერიძე ამბობს, რომ მათთვის ცნობილი უნდა იყოს, თუ რა პროფესიის ადამიანებით არის დაკომპლექტებული ეს კომისია. თამარ ლებანიძის აზრით ,კი, კომისიის არაანონიმურობა მათ საშუალებას მისცემდა, გარკვეული დავის შემთხვევაში, მათთან დისკუსიაში შესულიყვნენ.

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს გამომცემლობა ,,ლოგოს პრესის” დირექტორს, ლაშა ბერაიას. ამ გამომცემლობის სახელმძღვანელოები ერთადერთი აღმოჩნდნენ მე-5 და მე-8 კლასში, რომელთაც გრიფი მიიღეს.

 

ბერაიას მიაჩნია, რომ ,,ანონიმურობა არის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ გამოირიცხოს კორუფცია. ყველა ხელისუფლება ცდილობს, შექმნას თანაბარი პირობები ტენდერში მონაწილე მხარეთათვის და ამავე დროს მოიწვიოს ისეთი ხალხი, რომელიც ხარისხიანად შეამოწმებს ამ ყველაფერს. ამიტომ მგონი შეუძლებელია, რაღაც დასწამო ვიღაცას, მაგალითად, ის, რომ განათლების სამინისტროს სურვილი არ ჰქონდა რაღაც ხარისხიანი მიეღო. მე, პირადად, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს კომისიის შემადგენლობა. ამაზე ყურადღება იმ გამომცემლობებმა გაამახვილეს, რომელთა წიგნებმაც ვერ გაიარეს კონკურსი”.

 

გამომცემლობების ერთიან საჩივარს არ შეუერთდა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, რომლის მეხუთე კლასის სახელმძღვანელომაც ასევე ვერ მიიღო გრიფი. სულაკაური ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც სჩივარს არ შეუერთდა, ასეთი იყო:

 

,,ჩემთვის მიუღებელია პრინციპი, რომლითაც წელს სახელმძღვანელოები შეფასდა. ამიტომ ვთვლი, რომ ერთიანი საჩივარი არა რომელიმე კონკრეტულ სახელმძღვანელოზე უნდა გაგვეკეთებინა, არამედ ზოგადად ამ სისტემის შესახებ”.

 

ბაკურ სულაკაური ამბობს, რომ არცერთ საგანში კომისია არ შეიძლება ყოფილიყო კომპეტენტური, რადგან ექსპერტები, რომლებიც ცენტრმა მოიწვიეს, მისი ინფორმაციით, არასოდეს შეხება არ ჰქონიათ სკოლასთან, შესაბამისად, ისინი ვერ გამოდგებიან სახელძღვანელოების ექსპერტებად. ასევე, მისი აზრით, დაუშვებელია, ექსპერტთა სია იყოს ანონიმური, მას შემდეგ მაინც, რაც სახელმძღვანელოები კონკურსს გაივლიან.

 

,,როცა აპელაციაზე შევიტანე განაცხადი, არ უნდა მცოდნოდა, ვინ განიხილა? იქნებ ისევ იმ ადამიანებმა განიხილეს, რომლებმაც სუბიექტურად შეაფასეს წიგნი კონკურსში”.

 

გამომცემლები განათლების მინისტრს თავისივე სიტყვებს ახსენებენ. საჩივარში წერია: ,,ჩვენთან შეხვედრაზე თქვენ სრულიად სამართლიანად აღნიშნეთ, რომ მიზანშეუწონლად მიგაჩნიათ რომელიმე საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს არსებობა”. მიუხედავად ამისა, მეხუთე და მერვე კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სახელმძღვანელო ალტერნატივის გარეშე დარჩა.

 

2006-2009 წლებში გამომცემლობა ,,ლოგოს პრესს” უკვე ჰქონდა მონოპოლისტის პოზიცია ბაზარზე, მეშვიდე კლასის ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებს მხოლოდ ,,ლოგოს პრესი” გამოსცემდა. ახალი სასწავლო წლიდან მას ეს სტატუსი კვლავ შეუნარჩუნდება. პედაგოგებს მეხუთე და მერვე კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სახელმძღვანელოების არჩევის საშუალება არ ექნებათ. გამომცემლების აზრით, ამან შეიძლება ფასების ხელოვნური ზრდა გამოიწვიოს.

 

,,როდესაც მეორეჯერ ხდება ასეთი შემთხვევა ერთი და იმავე სახელმძღვანელოზე, ეს, რა თქმა უნდა, ამყარებს ვარაუდს მონოპოლიზაციასთან დაკავშირებით, თუმცა საკითხი საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი”, - განაცხადაა ,,ნეტგაზეთთან” საუბარში დავით ნარმანიამ, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში.

 

31 -ე საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, ეკა ბარნაბიშვილი ამბობს, რომ კარგია, თუ ყოველ საგანში ერთი სახელძღვანელო იქნება, რადგან რამდენიმე ალტერნატივის არსებობა მასწავლებლებში არეულობას იწვევს და საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება ჭირს. თუმცა ბარნაბიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს სახელმძღვანელო დახვეწილი უნდა იყოს და სრულად ერგებოდეს სასაწავლო პროცესის შინაარსს. პედაგოგი 2006-2009 წლებს იხსენებს და ამბობს, რომ ისტორიის წიგნში (,,ლოგოს პრესის”), რომელიც უალტერნატივო იყო იმ წლებში, საკმაოდ არეულად იყო მოცემული მასალა.

 

,,ეგვიპტედან შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებზე გადმოსულიყავი, მერე აქედან მონობას უბრუნდებოდი, მერე შუა საუკუნეებს, ისტორია იყო არეული, რაც ძალიან რთული აღსაქმელია პატარა ბავშვისათვის. მან ჯერ ისტორიის პერიოდიზაცია უნდა ისწავლოს. თუ ამ სახელმძღვანელოში ეს პრობლემა არ მოიხსნება, რასაკვირველია, უკეთესი იქნება მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს არსებობა”.

 

ლაშა ბერაია, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესის” დირექტორი, თავიანთი წიგნის წარმატების მიზეზად სწორად გააზრებულ კონცეფციას ასახელებს. წელს პირველი შემთხვევაა, როცა მეხუთე კლასში საზოგადოებრივი მეცნიერებების ინტეგრირებული სახელმძღვანელო ,,ჩემი საქართველო” შედის. წიგნში, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება, გამომცემლობა ,,ლოგოს პრესსმა” პრიორიტეტად გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება აირჩია. ლაშა ბერაია ამის მიზეზსაც განმარტავს:

 

,,მეხუთე კლასში საგნობრივი პროგრამით დროის ხაზის შემოღება აკრძალულია. ეს ნიშნავს, რომ ვერ იტყვი, ეს მოხდა ძველი წელთაღღიცხვით ამა და ამ წელს და ეს მოხდა ახალი წელთაღრიცხვით ამ წელს. ამ ასაკის ბავშვები ამას ვერ გაიგებენ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ისტორიის გაკვეთილების შემცირება, რადგან ისტორიის სწავლება წლების გარეშე არ შეიძლება. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს კონცეპტუალური პრინციპი მხოლოდ ჩვენს სახელმძღვანელოში იყო”.

 

გარდა საერთო საჩივარისა, ყველა გამომცემლობამ ცალ-ცალკე, საკუთარ სახელმძღვანელოზე შეიტანა საჩივარი განათლების სამინისტროში. გამომცემლები ამბობენ, რომ არცერთის აპელაცია არ დაკმაყოფილდა. ნეტგაზეთის მცდელობა, მიეღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან რაიმე ინფორმაცია ან კომენტარი, უშედეგოდ დასრულდა.

 

* გრიფი - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო გამოცემის რეკვიზიტების ელემენტი, რომლითაც ნებადართულია ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოს გამოცემის გამოყენება სასწავლო პროცესში;

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...