Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ბაქო გაბრაზებულია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg

 

თომას გოლცი

 

ობამას არა აქვს უფლება ეს ენერგეტიკული მოკავშირე დაკარგოს

 

 

 

სამწუხაროა, რომ ჟურნალისტად აღარ ვმუშაობ, თორემ როგორ სენსაციას გავხეთქავდი გასულ შაბათს, როდესაც აზერბაიჯანში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის რობერტ გეითსის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ მანამ გავიგე, ვიდრე ამის თაობაზე ოფიციალურად ითქმებოდა. გეითსის ამოცანა როგორც სჩანს, ვაშინგტონისა და ბაქოს სულ უფრო გართულებულ ურთიერთობებში გადატვირთვის ღილაკზე ხელის დაჭერა გახლდათ (ბოლო დროს ბევრი ასეთი ღილაკი გამოჩნდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში).

 

ამ მოულოდნელი ვიზიტის შესახებ მაშინ გავიგე, როდესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ იცის იმის შესახებ რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში ვარ და მის ყოფილ შეფს, ამერიკული სპეც-სამსახურების ოფიცერს სურს ლუდით გამიმასპინძლდეს და ყავაზე მკითხაობით ჩემს ძველ გატაცებაზე მესაუბროს.

 

„ამერიკის დროებით ნდობით აღჭურვილმა პირმა თქვენთან საუბრის ნება არ დამრთო, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტში იგი მუშაობს და არა მე“ – მითხრა ამ ადამიანმა ყოველგვარი ოფიციალური ქათინაურების გარეშე (მე მის სიტყვებს მხოლოდ მეხსიერებით გადმოგცემთ და არა ტექსტის სიზუსტით) – „აქ გეითსის ხვალინდელი ვიზიტის მოსამზადებლად ჩამოვედი. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ აზერბაიჯანელების მიმართ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ, ვიდრე საქმე ცუდად არ წარმართულა“ და უცნაური ირონიით დასძინა – „მართალი რომ გითხრა, აქ საქმე არც ადამიანის უფლებებს ან დემოკრატიის მშენებლობას ეხება და არც ისრაელს, არც თურქეთს, არც მთიან-ყარაბახში მშვიდობას ან საქართველოს და არც აზერბაიჯანულ ნავთობს. ერთადერთი რაც ჩვენთვის ახლა რეალურად მნიშვნელოვანია, ეს ავღანეთია“.

 

არ გამკვირვებია, მაგრამ ჩავეკითხე – „ავღანეთი“ – სთქვა მან და შემდეგ ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

 

ავღანეთი

 

ამ ომში აზერბაიჯანის როლი კარგადაა ცნობილი: ქვეყანამ ავღანური კამპანიისთვის 90 კაციანი (ჯერ-ჯერობით ყველა ცოცხალია) სიმბოლური რაზმი გამოყო და შეერთებულ შტატებს საკუთარი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციას აწვდის, თუმცა აზერბაიჯანის ძირითად წვლილს ავღანეთის ომში ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს. ეს კავკასიური რესპუბლიკა ევროპის, ახლო-აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს და ბაქო უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტს: მან ნატო-ს საკუთარი საჰაერო სივრცე გაუხსნა,  საზღვაო პორტები და სარკინოგზო ხაზები დაუთმო.

 

ჯერ-ჯერობით აზერბაიჯანული დერეფნის გადაკეტვაზე ან მისით სარგებლობის შეზღუდვაზე არავის სიტყვა არ დასცდენია, მაგრამ ასეთი შესაძლებლობის თეორიული შანსიც კი, როგორც სჩანს პენტაგონის სტრატეგებს ისე აწუხებთ, რომ გადაწყვიტეს ბაქოს მიმართ საკუთარი პატივისცემა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისადმი პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირადი წერილის სახით გამოეხატათ. სწორედ ამ წერილის გადაცემა გახდა გეითსის ვიზიტის მიზანი და ცნობა ამ საოცარ მივლინებაზე საკმარისად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ Associated Press-ის და სააგენტო Reuters-ს ტიპური ცნობები ვიზიტის და წერილის გადაცემის შესახებ საერთაშორისო და ფაქტობრივად ყველა ამერიკული გაზეთის პირველ გვერდზე აღმოჩენილიყო, ისეთი უმნიშვნელო გაზეთის პირველ გვერდზეც კი, როგორიცაა ადგილობრივი გაზეთი ჩემს სამშობლოში ბოზემანში (მონტანას შტატი).

 

ჩვეულებრივი სალონური საუბრის შემდეგ აზერბაიჯანის მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ენერგეტიკულ პრობლემებსა და მთიან-ყარაბახზე სომხეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიების აუცილებლობაზე (მამა ალიევის მიმართ აუცილებელი პატივისცემის გამოხატვით), ობამა საუბრის არსზე გადადის – „მესმის რომ ჩვენს ურთიერთობებში სერიოზული პრობლემებია“ – წერს იგი – „მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათ დარეგულირებას შევძლებთ“, აბა რა.

 

თუმცა უშველის კი ეს წერილი სახელმწიფოებს შორის შექმნილი სულ უფრო მყიფე ურთიერთობების განმტკიცებას? – კითხვა ღიად რჩება, მით უფრო რომ აზერბაიჯანელ ლიდერებს ძალიან კარგად ესმით, რომ აშშ-ს ინტერესი მათი ქვეყნის მიმართ სრულად განისაზღვრება ქაბულში არსებული უსიამოვნო სიტუაციით.

 

ის რაც (როგორც მე მეჩვენება) ამერიკელ პოლიტიკოსებს არ ესმით არის ის, რომ დღევანდელ აზერბაიჯანს მსოფლიოში აბსოლუტურად სხვა ადგილი უკავია ვიდრე ძველს, ომისგან დასუსტებულსა და ქაოსში ჩაფლულ ნახევრად ჩამოშლილ სახელმწიფოს, რომელთანაც აშშ-ს ამ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ჰქონდა საქმე. მაშინ კრახის პირას მდგარი აზერბაიჯანი უფროსმა ალიევმა, ჰეიდარმა გადაარჩინა, საბჭოთა ეპოქის ავტორიტეტულმა ლიდერმა, რომელიც 1993 წელს კვლავ ხელისუფლებაში მოხვდა. მაშინ აზერბაიჯანს თითქმის არ ჰყავდა მეგობრები, გარდა საერთაშორისო ნავთობკომპანიებისა, რომლებიც მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, როგორ ეხეირათ მის ბუნებრივ სიმდიდრეებზე და ამაყი ჰეიდარ ალიევი, იძულებული იყო გადარჩენისთვის უპატივცემულობის ყველანაირი გამოვლინებები აეტანა.

 

თუმცა სახელმწიფო, რომელიც ილჰამმა ჰეიდარის სიკვდილის შემდეგ 2003 წელს „მემკვიდრეობით“ ჩაიბარა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც 1990-იან წლებში ჰეიდარი მართავდა. ნავთობითა და გაზით მიღებული ფულის მცირე ნაკადი მას შემდეგ მტკიცედ გარდაიქმნება ფინანსურ ნაკადებში (მაგალითად, 2006 წელს მშპ-ს წლიურმა ნამატმა 36%-ს გადააჭარბა), და ახლა პატარა კავკასიური ქვეყანა, სადაც 8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ისეთი ღია პირფერობის ობიექტი ხდება, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრები, ყოველ შემთხვევაში ისინი ვისაც მოვლენებზე საღი შეხედულებები ჯერ არ დაუკარგავთ, იმაზე ნერვიულობენ ხომ არ ჩათვლის ბაქო, რომ ახლა ამერიკას აზერბაიჯანი უფრო სჭირდება, ვიდრე პირიქით.

 

„ჩვენი პოზიციაა, რომ ვაშინგტონმა თავი უნდა დაანებოს აზერბაიჯანზე ფიქრს გამორჩეულად ავღანეთის კუთხით და   იფიქროს უშუალოდ აზერბაჯანზე“ – მითხრა ჩემმა დიდი ხნის  მეგობარმა არაზ აზიმოვმა, რომელიც ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. „პრეზიდენტმა ჩვენი ოფიციალური პოზიცია გამოხატა: „ჩვენ პატივისცემას ვითხოვთ““.

 

ასე რომ არაფერი გასაკვირი არ იყო იმ ხმებში, რომლებიც სახელისუფლო დერეფნებში გავრცელდა, რომ ალიევი სულაც არ მოხიბლულა ობამას წერილით, როგორც ამის შესახებ შეიძლება გეითსის ანგარიშებიდან იფიქრო და ურთიერთობებში დაღმა სვლა გაგრძელდება. ალიევი მართლაც ემზადებოდა ევრაზიული სამიტისთვის, რომელიც მეორე დღეს სტამბულში უნდა გამართულიყო და მაინც ის რომ მან გეითსი პრეზიდენტთან სადილზე არ მიიწვია და მასპინძლის ვალდებულება აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს გადაულოცა, ძალიან ნიშანდობლივია. თავის მხრივ, გეითსმა უარი სთქვა მიწვევაზე, რითაც კვლავ ისეთი სიტუაცია შექმნა, როდესაც ამერიკელები კავკასიურ ტრადიციებს არად აგდებენ.

 

აზერბაიჯანის აზით, ამერიკელების მხრიდან შეურაცხყოფათა სია გრძელია და ეს სია დღესაც იზრდება.

 

მათგან ყველაზე შეურაცხმყოფელი იყო და დღემდე ასეთად რჩება სომხური დიასპორის მიერ ლობირებული 907-ე შესწორება „თავისუფლების მხარდაჭერის კანონში“ (Freedom Support Act), რომელიც აშშ-ს კონგრესმა 1992 წელს მიიღო. ეს შესწორება ზღუდავს ამერიკის მხრიდან ბაქოს სახელმწიფოთაშორის დახმარებას მანამ, ვიდრე აზერბაიჯანი კაპიტულაციას არ დათანხმდება სომხეთთან ომში მთიანი-ყარაბახისთვის (სადაო ტერიტორია, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთის მიერაა ოკუპირებული).

 

ამ ტერიტორიის დაკარგვა (ის კი აზერბაიჯანის მთელი ტერიტორიის 15%-ს შეადგენს) ბაქოს საშინლად აშფოთებს და გასული წლების განმავლობაში აზერბაიჯანის და ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტებს შორის მრავალრიცხოვანი შეხვედრების მიუხედავად, ამ საკითხში რეალური პროგრესი არ დაფიქსირებულა. აზერბაიჯანელები სულ უფრო ხშირად (და ხმამაღლა) საუბრობენ იმაზე, რომ შეერთებული შტატები შუამავლის როლში გულწრფელი არ არის. მათ ამის საფუძველი აქვთ: 907-ე შესწორება არავის გაუუქმებია და დოკუმენტებში აზერბაიჯანი კვლავ აგრესორად მოსჩანს. მართალია ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს 907-ე შესწორება შეამოკლეს, ხოლო ჯორჯ ბუშის დროს, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მისი მოქმედება შეაჩერეს, თუმცა ოფიციალურად კანონში შესწორება არ გაუქმებულა და აზერბაიჯანი ამ ჩანაწერის მიხედვით, ერთგვარი გარიყული სახელმწიფოა.

 

ამის დაგვირგვინება იყო ის, რომ შარშან ობამას ადმინისტრაცია აზერბაიჯანის ხარჯზე თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების განახლების ინიციატივით გამოვიდა და მათი შერიგება თურქულ-სომხური საზღვრის გახსნით გადაწყვიტა (საზღვარი 1993 წელს აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად დაიკეტა) ისე, რომ არ დაელოდა სომხების მხრიდან მთიანი-ყარაბახის ტერიტორიის ნაწილის დატოვებასაც კი. არ ჩაუღრმავდებით ე.წ. „თურქულ-სომხური პროტოკოლების“ დიპლომატიურ დეტალებს, რომლებიც მართლაც ბიზანტიური ცბიერებით გამოირჩევა, ვიტყვით მხოლოდ რომ ბაქომ აიძულა თურქეთი ღიად განეცხადებინა, რომ ყარაბახი აუცილებელი პირობაა. ამას თავის მხრივ სომხეთის საჯარო პროტესტი მოჰყვა და ობამას მიერ ინიცირებული შეთანხმება ჩავარდა.

 

თურქულ-აზერბაიჯანული კავშირის (რომელიც ლაკონურად გამოიხატება სლოგანით „ორი ქვეყანა, ერთი ერი“) აღდგენა და კვლავინდებურად დახურული თურქულ-სომხური საზღვარი, ფაქტობრივად ბაქოს ეგზისტენციალურ დიპლომატიურ გამარჯვებად და იმის დადასტურებად იქცა, რომ პატარა სახელმწიფოს საერთაშორისო არენაზე დამკვიდრების უნარი გააჩნია.

 

თუმცა დიპლომატიური ჩხვლეტები არ დასრულებულა. 2008 წლის ივლისის შემდეგ ბაქოში აშშ-ს ელჩი არ გაუგზავნია, რაც ვაშიგტონის მხრიდან უდიერ ან არაკეთილმეგობრულ დამოკიდებულებად შეფასდა. გასულ თვეში ამ პოსტზე როგორც იქნა დაინიშნა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა. არადა სწორედ ბრაიზა ხელმძღვანელობდა ამერიკის მხარეს ყარაბახზე მოლაპარაკებებში, მისი სახელი მოლაპარაკებების მიმართ ამერიკის უყურადღებო დამოკიდებულებას უკავშირდება, რის გამოც იგი არაპოპულარული გახდა როგორც აზერბაიჯანელებში, ასევე განსაკუთრებით სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შორის, მასში ვერც ერთი მხარე  ვერ ხედავს ნდობით აღჭურვილ არბიტრს, რომელსაც კონფლიქტში პოზიტიური როლის თამაში შეუძლია.

 

აზერბაიჯანმა კიდევ ერთი დამცირება გადაიტანა, როდესაც ალიევი ბირთვული უსაფრთხოების 47 ქვეყნის სამიტზე არ დაპატიჟეს. შეხვედრაში ყველა მეზობელი სახელმწიფოს ხელმძღვანელი მონაწილეობდა ირანის გარდა, იმის მიუხედავად რომ აზერბაიჯანი როგორც ფრონტისპირა სახელმწიფო და აშშს მოკავშირე, თეირანის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი აქციის განხორციელების შემთხვევაში მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებოდა (ერთ-ერთმა ამერიკელმა დიპლომატმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, აზერბაიჯანულ სააგენტო „ტურან“-ს განუცხადა, რომ „ეს ილჰამ ალიევის პერსონალური არჩევანი იყო“ არ მიეღო კონფერენციაში მონაწილეობა. იყო თუ არა ალიევი მიწვეული ამის დაზუსტება დიპლომატს გამორჩა) და ბაქოს მიმართ უკვე პირდაპირი გამოხტომა იყო გაზეთ Washington Post-ის მარტის ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელიც პროვოკაციულად იუწყებოდა, რომ ალიევის 11 წლის ვაჟი დუბაიში მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონების მფლობელია. ერთი ჩემი მეგობარი აზერბაიჯანელი დიპლომატი მიყვებოდა, რომ ამ წერილმა ალიევი ისე განარისხა, რომ ის ბრაზისგან კინაღამ მართლა არ დაიხრჩო. „როგორც პოლიტიკოსს ალიევს მსგავსი დარტყმების გადატანა შეუძლია“ – მითხრა ჩემმა მეგობარმა – „მაგრამ ისინი მის ოჯახს შეეხნენ“. ამ მეგობრის თქმით, პრეზიდენტი დარწმუნებული იყო რომ ამ ზღაპრებით გაზეთი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამარაგა, რომელიც შეეცადა კანონისადმი მისი დამოკიდებულებისთვის ჩრდილი მიეყენებინა.

 

სიტუაცია შეიძლება გაუარესდეს და როგორც სჩანს ერთხელ ეს მართლაც მოხდება. აზერბაიჯანელებს შესანიშნავად ესმით ზემოთხსენებული სპეც-სამსახურების თანამშრომლის დიპლომატიური გათვლა, ესმით რომ სიტუაცია არაერთგვაროვანია. ვაშინგტონი ბაქოს მხოლოდ ქაბულის გზაზე გაჩერებად აღიქვამს, მაგრამ ეს აუცილებელი გაჩერებაა და თუ ალიევი მოისურვებს, ძალიან გაურთულებს ცხოვრებას ამერიკელ სამხედროებს. ბაქოში ამბობენ რომ იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, მათთან  ვიზიტით ჩამოსვლას ჩქარობს ჰილარი კლინტონი და იგი მათი მისამართით მეტ პატივისცემას გამოავლენს.

 

მაგრამ მეორეს მხრივ, აზერბაიჯანი ყოველთვის იბრძოდა ადგილისთვის მსოფლიო არენაზე. ამ წლის დასაწყისში ლონდონში ვიზიტის დროს მე აზერბაიჯანის ელჩთან სადილზე მოვხვდი, რომელმაც მოგვიანებით საელჩოს შენობაში თავის პირად კაბინეტში ჩაის დასალევად დამპატიჟა. კაბინეტის კედლები მოფენილი იყო მისი პროფესიონალური კარიერის ფოტოებით: აი ისიც, ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი, თავზე დიდი თმით, ჰეიდარ ალიევს ახლავს 1998 წელს კლინტონთან ვიზიტის დროს თეთრ სახლში, მეორეგან იგი კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთადაა ოტავაში ელჩთან შეხვედრაზე, აი იგი მეუღლესთან ერთად დახვეწილ ეტლში, ისინი ინგლისის დედოფალს ნდობის სიგელს გადასცემენ.

 

ხოლო იქვე კიდევ ერთი ფოტოა, სადაც ელჩი ფართოდ გაღიმებული სახით ჯერ კიდევ მხნე ჰეიდარ ალიევის გვერდით დგას, რომელიც იოსებ სტალინის და უინსტონ ჩერჩილის კამპანიაშია.

 

„მადამ ტიუსო“ – მიხსნის ელჩი – „სამწუხაროა, რომ ეს დროებითი ექსპოზიცია იყო“.

 

თომას გოლცი – წიგნის Azerbaijan Diary-ის (”აზებრაიჯანული დღიური“ და სხვ.) ავტორი; ბოზემანში, მონტანას შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი.

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...