planetanews Posted June 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 15, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/sp_image-370103571-1236156014.pjpeg”მას დაღვინება არ აცალეს…” 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას (მაშინ გაერთიანებულად წოდებულს) ასე მიმართა : თქვენ ამბობთ, რომ არ გეშინიათ, მე გეუბნებით – ნუ გეშინიათ… „არ გვეშინია“ – თეთრყელსახვევიანთა სლოგანი იყო, „ნუ გეშინიათ“ კი მათი, ვისიც ოპოზიციას არ ეშინოდა. არ ეშინოდა? სულაც არ მინდა ცინიკოსი ვიყო, მაგრამ რუსთაველს ვერ გავექცევი, გრძნობათა ექსპერტი საინტერესოდ წერდა შიშისა და სიყვარულის შესახებ. მთელი ეს ისტორია კი ავღანეთში საქართველოს ჯარის მონაწილეობის შესახებ დასავლურ პრესაში ატეხილმა აჟიოტაჟმა გამახსენა. ამერიკული და ევროპული მედიის უდიდესი ნაწილი ამტკიცებს, რომ „დახმარებას ვალდებულება ახლავს“, რომ დიდია „შეცდომების გამეორების რისკი“ (The Washington Times): „მაშინ როცა შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნისთვის ემზადება, ობამას ადმინისტრაცია თავისი წინამორბედის შეცდომას იმეორებს, როდესაც ბუშმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის, ჯარისკაცები მიიღო. ობამას მთავრობა, აშშ–ს ოპერაციის მხარდასაჭერად ავღანეთში, დახმარებას კვლავ საქართველოსგან იღებს“. Radio Liberty–ის აინტერესებს : დაუფასდება თუ არა საქართველოს ავღანური „ტალღა”? – „ბოლო წლის განმავლობაში, საქართველო სასოწარკვეთილი ცდილობდა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას თეთრი სახლის ყურადღების მიპყრობას. შესაძლოა, საბოლოოდ მიზანი მიღწეულია“. Telegraph–ს ეჭვიც არ ეპარება, რომ ავღანეთის საქმეში მასშტაბური წვლილის შეტანით საქართველო რუსეთზე ფიქრობს: „ავღანეთში 1000-მდე სამხედროს გაგზავნით, საქართველო საკუთარ უსაფრთხოებაში სერიოზულ ინვესტიციას ახორციელებს, მისი დიდი მეზობლის და ყოფილი მმართველის რუსეთის წინააღმდეგ“. The Wall Street Journal-ის სტატიის მთავარი გმირი სააკაშვილია, სტატიის სათაური კი ”დიდი იმედების ნგრევა”. ლოურენს ბარჩელას საქართველოს პრეზიდენტის პრეზიდენტობის შესაფასებლად არავის დამოწმება არ სჭირდება: ”ბატონ სააკაშვილს თავდაპირველად დიდ იმედებს უკავშირებდნენ, დასავლურმა ქვეყნებმა ათობით მილიონი დოლარი დახარჯეს მის მხარდასაჭერად. არ არის გასაკვირი, რომ სააკაშვილის პიარ-მანქანა დასავლური პრესის მიმართულებით მუშაობს, რომელიც მისი ქვეყნისგან განსხვავებით ღია და თავისუფალია. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი ავღანეთში და ერაყში ჯარების გაგზავნით ცდილობს დასავლეთს ასიამოვნოს და ჰყოფნის თავხედობა თქვას, რომ მისი პოლიციის ძალების რეფორმა ”ნოუ-ჰაუ” ავღანელებს დაეხმარება, როდესაც მის საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის ეშინიათ. ავღანეთს უდაოდ სჭირდება დახმარება, მაგრამ არა თანამედროვე პოტიომკინისგან, რომელიც იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ მისი საკუთარი სოფელი კარგად გამოიყურებოდეს”. დასავლური მედია ზედმეტად მიკერძოებული და რაციონალურია, რითაც საქართველოს ხელისუფლების იდეალისტურ ზრახვებს აუფასურებს (ვისაც რომელი სიტყვა გსურთ, ის ჩასვით ბრჭყალებში. დარწმუნებული ვარ, ამგვარად წამკითხველებიც გამოჩნდებიან – ჯ.კ). Telegraph–ი მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტი სკეპტიკოსებს ეუბნება – ნუ გეშინიათ… „შესაძლოა ზოგიერთებმა გაიკვირვონ, რომ ქვეყანა რომელიც ჯერ ნატო-ს წევრი არ არის და მისი ტერიტორიის ნაწილი მტრის 10 000-იან არმიას აქვს ოკუპირებული, ესოდენ დიდ ვალდებულებას იღებს ქვეყნის გარეთ მიმდინარე სამოკავშირეო მისიაში. ნება მომეცით ავხსნა ის, თუ რატომ არის სწორედაც რომ პირიქით, ეს ნაბიჯი განსაკუთრებულად მიზანშეწონილი. მიგვაჩნია, რომ აშშ-ს და ტრანს-ატლანტიკური თანამეგობრობის ფასეულობებთან და მიზნებთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული, მაგრამ ეს მხოლოდ რიტორიკა ან ცარიელი მიკუთვნებულობა ვერ იქნება. როდესაც ამგვარი თანამეგობრობის ნაწილი ვართ, თუნდაც როგორც პატარა ქვეყანა, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს ვალდებულებას და პატივად მიგვაჩნია წვლილის შეტანა საერთო უსაფრთხოების საქმეში.“ მხოლოდ უგულო და უთვისტომო ადამიანი თუ შეიტანს ეჭვს ამ სიტყვების ავტორის გულწრფელობაში. ეჭვიანებს რა გამოლევს. პატარა ქვეყნის დაუდგრომელი პრეზიდენტი კი არა, ჟურნალისტებმა ერაყიდან (უკვე მცირე საფრთხიდან) ავღანეთისკენ (უფრო დიდი საფრთხიკენ) მომზირალი ობამაც არ დაინდეს. The New York Times-მა სარედაქციო წერილი ოსლოში, ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვას მიუძღვნა. გაზეთის შეფასებით, ეს იყო სიტყვა, რომელიც პრეზიდენტს არ უნდა წარმოეთქვა: ”ყველაზე მეტად ჩვენ იმან გაგვაოცა, თუ როგორ გამოიყენა ობამამ ავღანეთის ომი საკუთარი შეხედულებების დასაცავად. მან განაცხადა, რომ მართალია, შეერთებული შტატები ებრძვის ბოროტ მტერს, რომელიც არანაირ წესებს არ მისდევს, თუმცა მისი ქვეყანა უნდა დარჩეს ლიდერად ომის კანონების დაცვის საქმეში. ის, თუ რომელი ომი უფრო სამართლიანია და რომელი არა, ეს განსჯისთვის ფილოსოფოსებს მივანდოთ… ჩვენ ვიცით, რომ მასში გამარჯვების მოპოვების არანაირი შანსი არ გვექნება, ასევე ვერ გავიმარჯვებთ ზოგადად ომში ტერორიზმთან თუკი შეერთებული შტატები საერთაშორისო სტანდარტებს და საკუთარ იდეალებს არ დაიცავს”. პატრიოტული სულის ამაღლება ნამდვილად არ აწყენდათ ამერიკელებს. ეს კი სხვადასხვაგვარად შეიძლება, მათ შორის ქართულ პატრიოტთა ბანაკებში, სადაც ლიდერი ყოველთვის მართალია, სადაც არასოდეს იხილება საკითხი – რომელი ომი უფრო სამართლიანია, სადაც სიმართლე ყოველთვის ერთია, პატრიოტულ თემებზე ფილოსოფოსობა კი – დანაშაული. ”სამართლიანი ომის” თემას და ბარაკ ობამას ოსლოში გამოსვლას აფასებს Le Temps. ლუის ლემა მოხიბლულია პრეზიდენტის ორატორული ნიჭით და გაოცებულია ნობელის კომიტეტის წევრების გაოცებითაც, თუმცა ”მიუხედავად ამ ბრწყინვალე გამოსვლისა, დემოკრატმა პრეზიდენტმა ვერ შეძლო იმ უხერხულობების გაფანტვა, რომელიც ამ ცერემონიას თან სდევდა. მან თავადვე აღიარა, რომ გადაწყვეტილება სადაო იყო და კომიტეტი სულ რაღაც ერთი წლის წინ არჩეულ პრეზიდენტს (რომელსაც არაფერი ღირსშესანიშნავი არ გაუკეთებია) აჯილდოვებდა, რითაც მას ისეთი გიგანტების გვედით აყენებდა, როგორებიც მარტინ ლუთერ კინგი და ნელსონ მანდელა იყვნენ. მეტიც, როგორც ეს ”ვაშინგტონ პოსტი”-ს კომენტატორმა რიჩარდ კოენმა აღნიშნა, რაც უფრო ცდილობდა იგი ამ სახელების გარემოცვაში საკუთარი თავის მოქცევას, მით უფრო პატარა ჩანდა და იმის მიუხედავად, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბარაკ ობამა ამ ჯილდოს ღირსი შეიძლება მართლაც გახდეს, ვერაფერი გაფანტავს იმ შეგრძნებას, რომ ეს ძალიან ადრე მოხდა. ისევ კოენი – ეს ბრწყინვალე გამოსვლა იყო, მაგრამ როგორც ძვირფას ღვინოს, მას დაღვინება არ აცალეს”. ძალიან მაინტერესებს რა დაწერა ბატონმა კოენმა მაშინ, როცა ობამას წინამორბედმა პოსტ-რევოლუციურ საქართველოს დემოკრატიის შუქურა უწოდა, ამ ქვეყნის ლიდერი კი არანაკლებ ბრწყინვალე ეპითეტებით შეამკო. მას დაღვინება არ აცალეს… მედია-პარალელები: აპელბაუმი და ქუთაისის ტრაგედია წლების წინ ”ასავალ-დასავალი” და ”ალია” ერთმანეთს მტრობდნენ. დეტალები, საბედნიეროდ, არ მახსოვს, ქართული პრესის ტირაჟული ფლაგმანების წაკიდება კი The Times-ისა და The Washington Post-ის გადაძახილმა მომაგონა. The Times-მა ამერიკელი ჟურნალისტის ენ აპელბაუმის ავტომობილის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ჟურნალისტმა როჯერ ბოისმა კოლეგაზე დაწერა, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციამ იგი მკაცრი დაცვის ქვეშ აიყვანა. ბოისს არც იმის გახსენება დაავიწყდა, რომ 45 წლის აპელბაუმი, რომელმაც პულიცერის პრემია საბჭოთა გულაგის ისტორიაზე დაწერილი წიგნის გამო მიიღო, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის მეუღლეა. ”ჩემი ავტომობილი არ აფეთქებულა”, ასე აპელბაუმი გადაჭარბებულ ცნობას ლამის გარდაცვალების შესახებ The Washington Post-დან გამოეხმაურა: ”შეიძლება, ბევრ თქვენგანს გულიც დაწყდეს როდესაც ამას გაიგებს, მაგრამ დასაწყისისთვის, ნება მომეცით ჩემი ყველა მკითხველი დავაწყნარო: არა, გასულ შაბათს ჩემი ავტომობილი არ აფეთქებულა. ვშიშობ, ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მე რუსული მაფია დამდევს, უბრალოდ სიცრუეა. ვიცი, რომ ასე უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიღაცეებს ეს გაახარებდათ კიდეც, მაგრამ რას იზამ, ჩემზე არანაირი თავდასხმა არ მომხდარა”. სტილი თითქოს მსგავსია – გადაუმოწმებელი ინფორმაცია, არცთუ მთლად შემთხვევითი მინიშნებები ჟურნალისტის ოჯახურ სტატუსზე, თემის ხელოვნურად გასკანდალურების მცდელობა და ა. შ., მაგრამ მარტო ამ შემთხვევიდანაც მარტივად შეიძლება დავასკვნათ, რომ განმასხვავებელი გაცილებით მეტია, თუნდაც – დახვეწილი ენა და მსუბუქი ირონია, ასევე უაზრო კითხვის ნიშნების არარსებობა … ქართულ და უცხოურ მედიას შორის პარალელის გავლებისკენ კიდევ ერთმა თემამ მიბიძგა. ქუთაისის მემორიალის აფეთქებასა და ამ აფეთქებით გამოწვეულ მსხერპლზე დასავლური და აღმოსავლური პრესა ერთმნიშვნელოვნად ბრალმდებლის როლში გამოდის. აქცენტები ზოგ შემთხვევაში უფრო მეტადაც სწორხაზოვანია, ვიდრე ეს, სააკაშვილის შეფასებით nasty (საძაგელ, საზიზღარ, საშინელ, საზარელ, შემზარავ, შემაძრწუნებელ, უხამს, ბილწ, თავნება, ჟინიან და საშიშ) ქართულ მედიას ახასიათებს. Frankfurter Allgemeine უაზრო პროვოკაციაზე საუბრობს :”არგუმენტი, რომ მონუმენტის ადგილზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, არადამაჯერებლია. ძეგლის დანგრევა მოსკოვის წაქეზების ბავშვურ მცდელობას ჰგავს, რომელიც ასეთ შემთხვევებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სიამოვნებით იყენებს”. გამოიყენა კიდეც, Radio Liberty : ”ქართული დიდების დანგრეული მემორიალის ისტორია ტრაგედიით დაიწყო, მაგრამ ფარსით სრულდება. მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ვლადიმერ პუტინის ცბიერი წინადადება აიტაცა, რომ ის ქუთაისში მდებარე საბჭოთა პერიოდის მონუმენტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ააფეთქეს და რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა, უფრო მადლიერ ქალაქში განათავსებს. მაგალითად, მოსკოვში!” და კიდევ ერთი სტატია, ამჯერად უფრო მკაცრ, აღმოსავლურ სტილში: ”საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ორი ადამიანი მოკლა და რუსეთი განარისხა, როდესაც პროვინციულ ქალაქ ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობისათვის სივრცის გასათავისუფლებლად მეორე მსოფლიო ომის მემორიალი ააფეთქა” (The Irish Times). ”მოვიფიქრებ” და ”ვერ ეღირსებით” კვლავ არჩევნები. ამჯერად აფხაზეთის, სადაც ხმა STATUS-QUO-ს მისცეს (Eurasianet.org). მოქმედმა პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელსაც Christian Science Monitor პრო-რუსს უწოდებს (მისი კონკურენტების პრო-მიმართულებებზე კი არაფერია ნათქვამი), პირველ ტურშივე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ხმების 59.4% მიიღო. ფრედ უეირს არ ავიწყდება ბაღაფშის ოპონენტების შეხედულების ტირაჟირება შედეგების ფალსიფიცირების შესახებ და იმაზე მინიშნებაც, რომ არჩევნები ძალიან სადაო და წინააღმდეგობრივი იყო. მიზეზები მარტივია – ოფიციალური დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში თითქმის არავინ ცნობს. მარტივი მიზეზები უინტერესოა ბაღაფშისთვის, რომელმაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა:”ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ, მოსწონს ეს ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს თუ არა. აფხაზეთი არასდროს აღარ იქნება საქართველოს ნაწილი”. საგულისხმოა, რომ ბაღაფშმა პოსტ-საარჩევნო განცხადებები ოფიციალური შედეგების (და არა ეგზიტ-პოლების მონაცემების შემდეგ) გააკეთა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ სოხუმის და გაგრის კორპუსების ამხანაგობათა თავმჯდომარეები საარჩევნო უბნებთან სიებით ხელში არავის შეუნიშნავს. ეს ისე, მარტივი მიზეზების კონტექსტში… არჩევნებს არ აღიარებენ, თორემ პატარა ერების გულშემატკივარი დასავლეთი აფხაზეთის ეთნო-გადარჩენაზე გამუდმებით ზრუნავს. Telegraph დარდობს, რომ ”პატარა აფხაზეთი რუსეთის მომხუთველ მკლავებში იძირება”, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რესპუბლიკის ლიდერის დაჟინებული მტკიცების მიუხედავად, რეგიონმა ქართული კონტროლი უბრალოდ გაცვალა რუსეთის დომინირებაზე. აფხაზეთში რუსეთის გავლენის ზრდაზე წერს The Wall Street Journal: “აფხაზეთის ოფიციალური პირები კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ რეგიონს რომელიც სუბტროპიკული კლიმატის და შესანიშნავი პლიაჟების გამო საბჭოთა ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო, რუსეთი იპყრობს. რუსეთი ასევე ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ავტონომიას პატივს სცემს. მეორეს მხრივ, არც რუსეთი და არც აფხაზეთი უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელი პირველის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გარეშე ვერ იარსებებს.” ისევე როგორც არავის სჯერა რუსეთისა და აფხაზეთის თანასწორი პარტნიორობის, ეჭვგარეშედ ცხადდება მოტივი, რის გამოც ნაურუმ საქართველოს ამბოხებული რეგიონების დამოუკიდებლობა სცნო. “ამბობენ, რომ წყნარი ოკეანის პატარა სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება კრემლს 50 მილიონი დოლარი დაუჯდა” (Los Angeles Times). ”ამბობენ” , თუმცა გაშარჟება მაინც შეიძლება, მყიდველისაც და გამყიდველისაც: ”ნაურუს – წყნარ ოკეანეში პატარა კუნძულზე მდებარე სახელმწიფოს, რომელსაც ფოსფატების გამოცლილი მარაგის გარდა არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, გასაყიდად ერთადერთი რამ, საერთაშორისო რეპუტაცია დარჩა, რომელსაც რუსეთის სახით მომენტალურად გამოუჩნდა მყიდველი”. ”ბატონი პუტინი მარადიულია?” – ეს The New York Times-ის სარედაქციო წერილის სათაურია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავატირაჟიანი (და ამავდროულად ავტორიტეტული ) გამოცემისთვის ცხადია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ვლადიმერ პუტინი უმაღლეს ხელისუფლებასაა მონატრებული, მაგრამ გაზეთისვე დასკვნით, ამის მიუხედავად, ბევრი მაინც შოკირებული დარჩა, როდესაც რუსეთის პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ შეიძლება კვლავ მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთი შესაძლებლობა გამომდინარეობს პასუხიდან ”მოვიფიქრებ”. ესაა მისი პასუხი კითხვაზე – მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. ”ვერ ეღირსებით” , ეს კი სხვა პასუხია სხვა კითხვაზე – ხომ არ სურს მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურის შემდეგ დასვენება. პრინციპები, კომპრომისები და უფლებები ვაცლავ ჰაველი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, ვინც თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა. წავიდა პრეზიდენტობიდან და აქტიური პოლიტიკიდანაც. იგი თეორიაში იდეალ-პოლიტიკის მიმდევარი იყო და პრაქტიკაშიც ასეთად დარჩა. ამის მიუხედავად ჩამოაყალიბა შეხედულებები, რომელიც არც რეალ-პოლიტიკისგანაა შორს. ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი Foreign Policy-თან პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნებზე საუბრობს: ”პოლიტიკაში გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა და ერთ ბოროტსა და მეორე ბოროტს შორის არჩევანის გაკეთება ყოველდღიურად გიწევს. ყოველდღიურად გიხდება ასევე იმის განსაზღვრაც, მათ შორის რომელია უფრო დიდი და რომელი მცირე, მაგრამ ზოგჯერ ეს კომპრომისები ძალიან საშიშია, რადგან ისინი შეიძლება იმ გზის დასაწყისად იქცეს, რომელზეც შემდეგ სხვა კომპრომისებზე წასვლა მოგიხდება… ვფიქრობ, აუცილებელია გრძნობდე, რომელი კომპრომისია შესაძლებელი და რომელი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სახიფათო ათი წლის შემდეგ”. ჰაველი საკუთარ მაგალითზე ყვება, მრჩევლების გაფრთხილების მიუხედავად, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა როგორ გადაწყვიტა პრაღაში დალაი-ლამას მიწვევა. საყოველთაო შეშფოთება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტით დასრულდა, რომელმაც ჰაველს ტიბეტზე ზრუნვის დასტურად ”შეთითხნილი, პროპაგანდისტული” წიგნები უსახსოვრა. ”ამის დაჯერება წარმოუდგენელია! რატომ სურდათ მათ საკუთარი პოზიციის ახსნა ასეთი პატარა ქვეყნის ლიდერისთვის? რადგან ისინი პატივს სცემენ როდესაც სხვები სიმტკიცეს ავლენენ და მათი არ ეშინიათ, მაგრამ თუკი დროზე ადრე შეგეშინდება, ამის გამო შენს მიმართ მეტი პატივისცემით არ განეწყობიან”. ასეთია ჰაველის დასკვნა, რომლის მიმართაც ქართველ ერი კიდევ დიდხანს შურით იქნება აღვსილი. ექს-პრეზიდენტი იყო პრეზიდენტი, რომელმაც პრინციპების ფასიც იცოდა და კომპრომისებისაც. და იგი გადადგა მაშინ, როცა მისი ნდობის რეიტინგი აღარ იყო 90 პროცენტზე მეტი, თუმცა არც 50 პროცენტზე ნაკლები იყო. თითქოს უნდა შემრცხვეს, რადგან გამახსენდა, რომ ”შური არს წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა”, მაგრამ არც იმდენად, რადგან ჩეხი ერის მიმართ ბოროტი ზრახვა გულში არ გამივლია. ეს არ არის კლასიკური შური, ეს არის წუხილი საკუთარ ავსა ზედა. ეს წუხილი სხვისთვის მხოლოდ იუმორის საგანია. ალექს ვან ოსს ვარდების რევოლუციამ ფიროსმანი გაახსენა. კიდევ კარგი, პუგაჩოვას შესახებ, ალბათ, არაფერი სმენია: ”1905 წელს, თბილისელმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანმა თითქოს მილიონი ვარდი უყიდა ქალაქში გასტროლებზე მყოფ ფრანგ მოცეკვავე ქალს, რომლითაც ის აღფრთოვანებული იყო. ერთი საუკუნის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი სხვა ყვავილოვანი ჟესტის მოწმე გახდა, როდესაც ათასობით მშვიდობიანმა დემონსტრანტმა ვარდებით ხელში, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლებიდან გაისტუმრა”(Eurasianet.org). რევოლუციის იმპროვიზატორში გამოცემა ხელოვნურობის კვალს ხედავს. სააკაშვილი შეერთებული შტატებიდან ახალი თაობის ლიდერების კულტივაციის ნაყოფია. ვაშინგტონმა ყვავილოვან გადაწყვეტილებაზე თურმე მას შემდეგ შეაჩერა არჩევანი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს შორის ლოიალური ოპოზიციის შექმნის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ”წარმატებული პროექტი” წარმატებულის იმიჯზე ზრუნავს. Le Monde მსუბუქად გაოცებულია სააკაშვილის მთავრობისა და სააგენტო “მაგნუმ”-ის ურთიერთობით. საქართველოს კულტურის სამინისტრომ სააგენტოს ფოტო-ალბომის ”საქართველოს გაზაფხული”-ს დამზადება შეუკვეთა, გაკოტრების პირას მყოფმა სააგენტომ ამოისუნთქა. გაზეთის ინფორმაციით, ”მაგნუმი”-ს კორპორატიული ტარიფები საკმაოდ ძვირია – ფოტოგრაფის ორკვირიანი სამუშაო მივლინება 50 ათას ევროდ ფასობს, ქართულ პროექტზე კი ათი ფოტოგრაფი მუშაობდა. ევროპულ მედიას რუსეთ-საქართველოს საინფორმაციო ომის მზარდი მასშტაბებიც არ ეპარება მხედველობიდან (der tagesspiegel). მორიც გატმანი კავკასიურ წრეზე საუბრობს და კრემლის პოლიტოლოგებზე დაყრდნობით ”პირველი კავკასიური არხი”-ს შეფასებას ცდილობს. კითხვა რიტორიკულია – რა სახის ინფორმაციას გადასცემს ტელევიზია ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში… მაშინ ეს კითხვა აქტუალური იყო, დღეს კი (პირველ რიგში, ალბათ, სწორედ იმის გამო, რომ ამ კითხვას ერთსახოვანი პასუხი ჰქონდა) ”პირველი კავკასიური” აღარც ჩრდილოეთ კავკასიაში მაუწყებლობს და აღარც სამხრეთ აფრიკაში (ფეხბურთის გავლენას აქაც ვერ გავექეცი). თუ ”პირველი კავკასიური” (მრავალთა შეფასებით) ფრანგ კონფორმისტებს შეეწირა, ქართველ ნონ-კონფორმისტებზე აკეთებს გათვლას ”მაესტრო”: ”ეროსი კიწმარიშვილი, ადამიანი, რომელმაც ქართული ტელევიზია შეცვალა და 2003 წლის რევოლუციის განხორციელებას შეუწყო ხელი, რითაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ახლა ამბობს, რომ თბილისის პატარა სატელევიზიო არხის დახმარებით, ის სააკაშვილს ხელისუფლებიდან გაუშვებს. ”მოვაწყობ თუ არა რევოლუციას? ხალხს შეუძლია რევოლუციის მოწყობა, თუკი ამის სურვილი აქვს. ეს მათი უფლებაა… მე გავაკეთებ სატელევიზიო არხს, რომელიც გააშუქებს ყველაფერს რაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ხდება და თუკი ეს ღია ინფორმაცია ხალხს აჯანყების სურვილს გაუჩენს, იმ უსამართლობის საფუძველზე რასაც ისინი ნახავენ, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა” – განუცხადა კიწმარიშვილმა Eurasianet.org-ს. ბოლო კონსტიტუციური უფლება, რაც ქართველმა ხალხმა გამოიყენა (ბევრმა არც გამოიყენა), არჩევნებში მონაწილეობა იყო. ახლა ერი ფეხბურთის ყურების უფლებით სარგებლობს (ვეჭვობ, გაცილებით მეტი), შემდეგი დასვენების უფლება იქნება (ეს ყველას უნდა, თუმცა სურვილების და შესაძლებლობების სფეროა), შემდეგ … ჯონი კალანდაძე, ჟურნალისტი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts